¹ას-521-496-2011 13 ივნისი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ვ. ხ-ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს «ბანკი ....» (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება
დავის საგანი _ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს «ბანკმა ...» სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. გ-ძის, ი. გ-ძისა და ვ. ხ-იას მიმართ და მოითხოვა, სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის, 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სს «ბანკ ...» და ზ. გ-ძეს შორის 2007 წლის 11 ივლისს დადებული გენერელური და ამავე წლის 18 ივლისს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, ზ. გ-ძისა და ი. გ-ძისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ¹... საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 32992.16 აშშ დოლარის, ზ. გ-ძისათვის საკრედიტო ბარათის საფუძველზე გაცემული 4147.2 ლარის სოლიდარულად დაკისრება, ასევე, ¹...საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების გადასახდევინებლად ვ. ხ-იას საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული, ქ.ბათუმში, ... ქ¹26-ში მდებარე 61.93 კვ.მ ფართის ¹10 საცხოვრებელი ბინის აუქციონზე იძულებით რეალიზაცია შემდეგი გარემოებების გამო:
2007 წლის 11 ივლისს სს «ბანკ ...» და ზ. გ-ძეს შორის გაფორმდა «კრედიტების, ოვერდრაფტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ» გენერალური ხელშეკრულება, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მსესხებელს უფლება მიენიჭა, ეკისრა ვალდებულება ზღვრული თანხის _ 20000 აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტი კონვერტირებადი ვალუტის ფარგლებში. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უზრუნველყოფის საშუალებებს წარმოადგენდა უძრავი ქონება და ფინანსური თავდებობა. გენერალური ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2010 წლის 11 ივლისამდე. დასახელებული ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს მოსარჩელესა და ვ. ხ-იას შორის გაფორმდა ¹... იპოთეკის ხელშეკრულება და სს «ბანკი ...» სასარგებლოდ დაიტვირთა მესაკუთრის უძრავი ქონება.
გენერალური ხელშეკრულების დადების დღეს ასევე გაფორმდა ხელშეკრულება მოსარჩელესა და ი. გ-ძეს შორის თავდებობის თაობაზე და თავდებმა იკისრა ზ. გ-ძესთან ერთად გენერალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა. 2007 წლის 18 ივლისს სს «ბანკ ...» და ზ. გ-ძეს შორის გაფორმდა ¹... საკრედოტო ხელშეკრულება და გაიცა 20000 აშშ დოლარის ოდენობით კრედიტი 63 თვით _ 2010 წლის 18 ივლისამდე. ხელშეკრულების 2.4 მუხლით განისაზღვრა კრედიტის სარგებელი _ 1.67% და დადგინდა სესხის დაფარვის გრაფიკის შედგენის ვალდებულება.
2008 წლის 24 ივლისს იმავე მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება, რომლითაც საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 4200 ლარით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 5 წლით _ 2010 წლის 24 ივლისამდე, ხოლო სარგებელი, წელიწადში 26% სავაჭრო/მომსახურების ობიექტებსა და ინტერნეტით სარგებლობისას დახარჯული თანხების შემთხვევაში, ხოლო 32% ბანკებსა და ბანკომატების მეშვეობით განაღდებული თანხებისათვის, ასევე განისაზღვრა საკომისიოს გადახდის ვალდებულება. ხელშეკრულების 4.7 და 4.8 მუხლების თანახმად, მსესხებელი საანგარიშო პერიოდში თანხის სრულად დაუფარაობის შემთხვევაში ვალდებული იყო, დავალიანების მინიმალური გადასახადი დაეფარა დაფარვის თარიღის ჩათვლით, ხოლო დაფარვის ვადაში მინიმალური გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში, განისაზღვრა ჯარიმა 20 ლარის ოდენობით, რომელიც უაქცეპტოდ ჩამოეჭრებოდა მსესხებელს ბარათის ანგარიშიდან.
ხელშეკრლების 4.3 მუხლის თანახმად კი, ბანკი უფლებამოსი. მსესხებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე ცალმხრივად შეაჩეროს/გააუქმოს ბარათის მოქმედება, შეწყვიტოს საკრედიტო ლიმიტით სარგებლობის უფლება, შეამციროს საკრედიტო ლიმიტი, ასევე მოითხოვოს მსესხებლის მიერ ათვისებული თანხის დაბრუნება დარიცხული პროცენტის, პირგასამტეხლოსა და საკომისიოს ჩათვლით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ივლისის დაუწრებელი გადაწყვეტილებით სს «ს. ბანკის» სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყვეტილად იქნა აღიარებული სს «ბანკ ...» და ზ. გ-ძეს შორის 2007 წლის 11 ივლისს დადებული გენერალური და იმავე წლის 18 ივლისს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებები. მოპასუხე ზ. გ-ძესა და ი. გ-ძეს სს «ბანკ ...» სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 32992,16 აშშ დოლარის გადახდა, ასევე მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 1921,03 ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის _ 3080,53 ლარის გადახდა. დადგინდა თანხის გადახდევინება იპოთეკით დატვირთული, ვ. ხ-იას საკუთრებაში არსებული, ქ.ბათუმში, ... ქ¹26-ში მდებარე ¹10 საცხოვრებელი ბინის (ფართი – 61,93) იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში მოპასუხის მიერ შესაგებლის შეუტანლობის გამო, ამავე სასამართლოს 2010 წლის 15 სექტემბრის განჩინებით კი, ვ. ხ-იას უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საქალაქო სასამარლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ხ-იამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 თებერვლის განჩინებით ვ. ხ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2010 წლის 15 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სს «ბანკმა ...» ზ. გ-ძის, ი. გ-ძისა და ვ. ხ-იას მიმართ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების, მოპასუხეებისათვის თანხის გადახდის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით, 2010 წლის 9 ივლისს სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული და, ამავე განჩინებით, მოპასუხეებს განესაზღვრათ 7 დღის ვადა შესაგებლის წარმოსადგენად, ვერა ხ-იას სამჯერ გაეგზავნა სარჩელი და თანდართული დოკუმენტები, თუმცა აპელანტმა, ჯერ 2010 წლის 11 ივლისს, შემდეგ – 13 ივლისს და ბოლოს 19 ივლისს უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე იმ მოტივით, რომ «სასამართლოში არანაირი საქმე ჰქონდა», ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი შეფასება დადგენილი ფაქტების მიმართ, ასევე გაიზიარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლზე მითითება და ჩათვალა, რომ მართებულად იქნა გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილით და ვ. ხ-იასათვის გზავნილი ჩაბარებულად ჩათვალა 2010 წლის 11 ივლისს. შესაბამისად, აპელანტს ამ დღიდან 7 დღის ვადაში, არა უგვიანეს 2010 წლის 19 ივლისისა, სასამართლოსათვის უნდა წარედგინა შესაგებელი, რაც მას არ განუხორციელებია. სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა გაუშვა შესაგებლის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, რის გამოც საქალაქო სასამართლო უფლებამოსილი იყო გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. საქალაქო სასამართლო უფლებამოსილი იყო, გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესაგებლის წარდგენის საპროცესო ვადის 2010 წლის 19 ივლისიდან, ანუ ბოლო შეტყობინების ჩაბარებაზე უარის თქმის თარიღიდან ათვლის შემთხვევაშიც, ამ შემთხვევაში, სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული საპროცესო ვადა ამოიწურა 2010 წლის 26 ივლისს. ვ. ხ-იას კი შესაგებელი სარჩელზე არ წარუდგენია.
სასამართლომ არ გაიზიარა ვ.ხ-იას მოსაზრება, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის კანონით დადგენილი საფუძვლები, რადგანაც მართალია, ვ.ხ-ია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, მაგრამ, თავისთავად, ეს გარემოება ხელს ვერ შეუშლიდა მას სარჩელზე შესაგებლის წარდგენაში. მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსისა, აპელანტმა მოახერხა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრისა და შემდეგ სააპელაციო საჩივრის წარდგენა, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აპელანტს შესწევს უნარი, განახორციელოს საპროცესო მოქმედებები.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით და განმარტა, რომ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, საიდანაც დადგინდებოდა, რომ აპელანტს არ შეეძლო სარჩელზე შესაგებლის წარდგენა, ვერა ხ-იას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, რის გამოც სასამართლომ ჩათვალა, რომ ვერა ხ-იას მიერ შესაგებლის წარმოუდგენობა გამოწვეული იყო არა მისი ავადმყოფობით, არამედ იმით, რომ მან არასაპატიო მიზეზით არ ჩაიბარა სასამართლოს გზავნილი. პალატის მითითებით, ვ. ხ-იას ავადმყოფობის გამო შესაგებლის წარმოუდგენლობის დადასტურების შემთხვევაშიც კი აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი მაინც ვერ გახდებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტს საქალაქო სასამართლოსათვის, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, არ უცნობებია ავადმყოფობის თაობაზე და აღნიშნული არც საჩივარსა თუ სააპელაციო საჩივარშია მითითებული, რის გამოც აპელანტის ავად ყოფნის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება დაუშვებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად.
სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაირღვა მისი კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება, რადგანაც, პალატის მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი იცავს პირს სახელმწიფოს მხრიდან მის საკუთრებაში დაუსაბუთებელი ჩარევისაგან, თუმცა ეს ნორმა არ უკრძალავს პირებს, სამოქალაქო ბრუნვის ფარგლებში, საკუთრების უფლებრივად დატვირთვას, განკარგვას და ა.შ, ხსენებული ნორმა სწორედ ამ უფლებების დაცვას ემსახურება.
სასამართლომ მიუთითა დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ვერა ხ-იამ საკუთარი ნებით განკარგა კუთვნილი უძრავი ქონება და, ამ გარიგებიდან გამომდინარე, ვალდებულებების შესრულების მოთხოვნა არ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების ხელყოფად.
ასევე არ იქნა გაზიარებული ვ. ხ-იას მოსაზრება, რომ სს «ბანკი ...» მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, რადგან იგი არ ეცადა, ჯერ აღსრულება მიექცია ძირითად მოვალეთა ქონებაზე, რადგანაც ნორმები, რომლებსაც ამ პოზიციის დასასაბუთებლად უთითებდა აპელანტი, არეგულირებს თავდებობის ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობას, ვ. ხ-ია კი იყო არა თავდები, არამედ იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრე. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 301-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელთა თანახმადაც კრედიტორი, სს «ბანკი ...» უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით თავისი მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებაზე მიუთითებს.
სასამართლო არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, 2010 წლის 15 სექტემბერს, მის დაუსწრებლად განეხილა საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, იმ საფუძვლით, რომ ამ სხდომის თაობაზე საჩივრის ავტორს პირადად ეცნობა სხდომამდე სამი დღით ადრე, 2010 წლის 12 სექტემბერს, ხოლო ვ.ხ-ია დანიშნულ დროს სასამართლოში არ გამოცხადებულა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილი იყო, მხარის გამოუცხადებლობის მიუხედავად, განეხილა საჩივარი. სასამართლომ საპატიო მიზეზად არ მიიჩნია სააპელაციო საჩივარზე დართული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რადგანაც, აღნიშნულის თანახმად, ვ. ხ-იამ ამბულატორიას მიმართა 2010 წლის 13 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა სასამართლო სხდომის თარიღი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ხ-იამ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
გასაჩივრებული განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით აღაირებულ საკუთრების უფლებას, საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების უცვლელად დატოვებით სასამართლომ არათუ დაიცვა, არამედ ჩამოართვა კასატორს საკუთრების უფლება, მას, როგორც მოპასუხეს, არ მისცემია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო უფლებების რეალიზების საშუალება, ვინაიდან არ მომხდარა საქმის არსებითი განხილვა, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ ვ. ხ-ია 20 წელზე მეტია მძიმე ავადმყოფია, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, რაც გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია, კერძოდ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებად მხარე მიიჩნევს იმას, რომ ამ გადაწყვეტილებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული საკუთრების უფლება, გადაწყვეტილებით დადგენილი ვ. ხ-იას კუთვნილი ბინის აუქციონის გზით რეალიზაცია ასევე არღვევს კასატორის როგორც საბინაო, ისე მისი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებებს, რადგანაც მას სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია.
ვ.ხ-იას არ ჩაბარებია სარჩელი და თანდართული მასალები, ასევე არ მიეცა მისი უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილება ი. და ზ. გ-ძეებისათვის დაკისრებული თანხის გადასახდელად ვ. ხ-იას ქონების რეალიზაციის გზით უკანონოა, რადგანაც მოსარჩელეს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა მოეთხოვა მოთხოვნის მოვალის ქონებიდან თანხის მიღება იმ გარემოების გათვალისწინებითაც, რომ ზ. გ-ძესა და მის თავდებს საკუთრებაში გააჩნიათ ქონებაც და სხვა შემოსავალიც. ასეთ დროს მოსარჩელეს სამოქალაქო კოდექსის 894-ე მუხლის თანახმად, სწორედ ამ პირებისგან უნდა მიეღო თანხა და უკიდურეს შემთხვევაში მოპასუხეებს შორის თანხის გადახდა უნდა დაედგინა სოლიდარულად, სააპელაციო სასამართლომ კი, მითითებული ნორმით არ იხელმძღვანელა.
სასამართლოს არ გამოუკვლევია ის გარემოება, რომ, სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევის გამო, მოსარჩელემ ზ. გ-ძეს არ შეუწყვიტა სესხის ხელშეკრულება, ასევე არ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლით.
კასატორის განმარტებით, მოცემული საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის «ა», «ბ» და «გ» ქვეპუნქტების მოთხოვნებს.
ვ. ხ-იამ დამატებით მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ მოწინააღმდეგე მხარესთან აწარმოებს მოლაპარაკებას მორიგებით დავის დამთავრების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 აპრილის განჩინებით ვ. ხ-იას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «მ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ვ. ხ-ია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ვ. ხ-იას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ვ. ხ-იას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. ხ-იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება