საქმე №ას-524-492-2010 19 ივლისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ს. გ-იანი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ღ-შვილი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. გ-იანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ღ-შვილის მიმართ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელემ ნება დართო მოპასუხეს, შვილებთან ერთად დროებით ეცხოვრა ს. გ-იანის კუთვნილ ბინაში. მოგვიანებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული ბინის სანაცვლოდ, ნ. ღ-შვილი მოუვლიდა მოსარჩელეს. ნ. ღ-შვილმა მოატყუა ს. გ-იანი და განუმარტა, რომ, ჩუქების გაფორმებისათვის გათვალისწინებული მაღალი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავის აცილების მიზნით, მხარეთა შორის გაფორმდებოდა ისეთი ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელის ინტერესები არ დაირღვეოდა და მოტყუებით მოაწერინა ხელი ნასყიდობის ხელშეკრულებაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი მოტივებით: მხარეები შეთანხმდენენ, რომ ნ. ღ-შვილი 15 000 ლარად იყიდიდა სადავო ბინას და გარკვეული პერიოდის მანძილზე ნებას დართავდა ს. გ-იანს, ეცხოვრა ბინის ერთ ოთახში. ამდენად, ნასყიდობის გარიგება კანონიერია და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით ს. გ-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ს. გ-იანმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 მარტის განჩინებით ს. გ-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია, შეეძლო თუ არა ნ. ღ-შვილს ბინის ღირებულების – 15000 ლარის გადახდა და საერთოდ გადაუხადა თუ არა აღნიშნული თანხა ს. გ-იანს.
პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობა. სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, მოტყუება ცდომილებაში განზრახ შეყვანაა, რომლის დროსაც უნდა არსებობდეს ნების გამოვლენის ნაკლი. მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს უნდა წარმოადგენდეს ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომლითაც დადგინდება ერთი პირის მოტყუების ფაქტი გარიგების დადების მიზნით. სასამართლოს მოსაზრებით, მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი არ შეიძლება გახდეს იმ გარემოებაზე მითითება, რომ გარიგების მხარეს ბინის ნასყიდობის თანხის გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონდა ან აღნიშნული თანხა ბინის გამყიდველს საერთოდ არ გადასცემია. სასამართლომ ჩათვალა, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულების მიუღებლობის შემთხვევაში ს. გ-იანს უფლება აქვს, იდავოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მის მიერ გაყიდული სახლთმფლობელობის 1\24 წილის ნახევარი იმყოფება ს. გ-იანის გერის საკუთრებაში და დაადგინა, რომ 2007 წლის სექტემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას საფუძვლად დაედო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2007 წლის 4 სექტემბერს გაცემული ამონაწერი, რომლის თანახმად ნასყიდობის საგანი საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა გამყიდველ ს. გ-იანს. ასევე, საქმეში არსებული 2007 წლის 29 იანვრის საჯარო რეესტრის ამონაწერით, .... დასახლების №3-ში მდებარე უძრავი ქონების 1\24 ნაწილის მესაკუთრეს წარმოადგენდა ს. გ-იანი და დასახელებულ მტკიცებულებათა საწინააღმდეგო დოკუმენტი აპელანტს არ წარმოუდგენია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლისა და 102-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე პალატა არ დაეთანხმა აპელანტის არგუმენტს, რომ მას ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების ნება არ გამოუხატავს, ხელშეკრულების მხოლოდ ერთ ეგზემპლარს მოაწერა ხელი, სხვა ეგზემპლარებზე კი ხელმოწერები მას არ ეკუთვნის და აპელანტს ბინის გაყიდვის სურვილი არასოდეს ჰქონია.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა ს. გ-იანის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას ნების გამოხატვის ნაწილში და მიუთითა მხარეთა შორის 2007 წლის 4 სექტემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტზე, რომ ნოტარიუსმა შეადგინა ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტი, წაუკითხა იგი მხარეებს და მათ გამოთქვეს ხელშეკრულების დადების სურვილი სწორედ იმ პირობებით, რაც მითითებულია წინამდებარე ხელშეკრულებაში, შემდეგ მხარეებმა წაიკითხეს ხელშეკრულება და მისი თანდასწრებით ხელი მოაწერეს მას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ს. გ-იანს ხელშეკრულება მოტყუებით არ დაუდია, ვინაიდან მან ჯერ კიდევ 2007 წლის 4 სექტემბერს იცოდა, რომ, ჩუქების ხელშეკრულების ნაცვლად, მოპასუხესთან აფორმებდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ნოტარიუსის მიერ მხარეთათვის ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტის გაცნობისას იგი სადავო ხელშეკრულების მიუღებელი პირობებით დადებაზე თანხმობას არ განაცხადებდა და არც ხელს არ მოაწერდა. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ ასევე მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ მას ნოტარიუსი არ უნახავს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ 2007 წლის 4 სექტემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულ იქნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ დებულების მოთხოვნათა გათვალისწინებით, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთის რეალიზება კი აპელანტის მხრიდან არ მომხდარა. პალატის მოსაზრებით, ს. გ-იანის აღიარება მის მიერ ხელშეკრულების მხოლოდ ერთ ეგზემპლარზე ხელის მოწერის შესახებ გულისხმობს, რომ მხარეებმა გამოხატეს ნამდვილი ნება ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას და ნების გამოვლენის ისეთი ნაკლი, რომელიც გარიგების მოტყუებით დადებულად მიჩნევის საფუძველი გახდებოდა, არ არსებობდა. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, ასეთი ორმხრივი ნება მხარეების მიერ გამოხატულ იქნა, თუნდაც ხელშეკრულების ერთ ეგზემპლარზე ხელმოწერით. რაც შეეხება ხელშეკრულების დანარჩენ ეგზემპლარებზე არსებული ხელმოწერების სიყალბის საკითხს, პალატამ აღნიშნა, რომ აღნიშნული გარემოების დადასტურება მოსარჩელემ საპროცესო კანონმდებლობით რეგლამენტირებული წესით ვერ შესძლო.
სასამართლომ ქ.თბილისის სანოტარო ბიუროს ნოტარიუს მ. ბ-შვილის 2009 წლის 10 ივლისის მიწერილობით გამოარკვია, რომ სასამართლოს გაეგზავნა 2007 წლის 4 სექტემბერს დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საქმე, ხოლო სანოტარო სარეგისტრაციო წიგნი წაღებული იყო ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სამმართველოს მიერ. პალატამ მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო ჟურნალის აღნიშნული მიზეზით წარმოუდგენლობა და მასში არსებული ჩანაწერის შეუმოწმებლობა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულების ეგზემპლარზე ხელის მოწერის ფაქტი აღიარა თავად მოსარჩელემ, რაც ცხადად მეტყველებს ს. გ-იანის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ნამდვილი ნების გამოვლენაზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ს. გ-იანის წარმომადგენელმა ა. ბ-ულმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ უკანონოდ არ დააკმაყოფილა კასატორის შუამდგომლობები სასამართლო-გრაფიკული ექსპერტიზის დანიშვნასა და ჩატარებასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატამ არასწორად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ კასატორმა 2007 წლის 4 სექტემბრამდე იცოდა მის კუთვნილ ბინაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რადგან ასეთ შემთხვევაში უძრავ ქონებას 15 000 ლარზე მნიშვნელოვად უფრო ძვირად გაასხვისებდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ივნისის განჩინებით ს. გ-იანის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ს. გ-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს. გ-იანის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. კვანტალიანი
მოსამართლეები: ლ. ლაზარაშვილი
პ. ქათამაძე