ას-526-836-09 22 სექტემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძესხდომის მდივანი _ ლ.სანიკიძე
კასატორი _ ა. უ-ძე (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ ვ.ლ-ია
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. დ-ძე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ თ.ი-ძე, ლ.ვ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულებასა და საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. დ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. და თ. უ-ძეების, ჟ. ხ-ის, ქ.ბათუმის ნოტარიუსების _ ლ. ჭ-ძესა და ხ. კ-შვილის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებებსა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: გ. დ-ძემ 1996 წლის 12 სექტემბერს, სანოტარო წესით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შეიძინა ფირმა ,,შ.-საგან” ქ.ბათუმში, ... ქ¹16-ში მდებარე 24 კვ.მ ფართის მაღაზია, რომელიც შეადგენდა ამავე მისამართზე არსებული 910 კვ.მ მიწაზე განლაგებული შენობა-ნაგებობის 1/12 ნაწილს. ხსენებული ყიდვა-გაყიდვის გარიგების საფუძველზე მოსარჩელის საკუთრებაში გადავიდა ასევე თანასაკუთრებაში არსებული 910 კვ.მ მიწის 1/12 ნაწილი _ 75 კვ.მ. იმ დროს მოქმედი კანონის შესაბამისად, უძრავ ნივთზე წარმოშობილი საკუთრების უფლება გ.დ-ძემ აღრიცხა ქ.ბათუმის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურში. 1995 წლის სექტემბერში ქ.ბათუმის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათების თანახმად, ქ.ბათუმში, ... ქ¹16-ში არსებული თანასაკუთრების 3/11 ნაწილს ფლობდა ა. კ-ია, ამდენივეს _ ხ. კ-ია, ხოლო 5/11 ნაწილს _ ჟ. ხ-ი. 1999 წლის 23 აპრილს ა. უ-ძემ ხ. კ-იასაგან შეიძინა თანასაკუთრებაში არსებული ქონებიდან ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული წილი, ხოლო თ. უ-ძემ _ ა. კ-იას მემკვიდრე თ. გ-ორისაგან მამკვიდრებლის კუთვნილი წილი.
ხ. კ-იას სახელზე 1999 წლის 23 აპრილს გაცემულ ცნობა-დახასიათებაში თანასაკუთრების წილობრივ მონაცემებში გ.დ-ძის საკუთრებად მითითებულია სახლთმფლობელობის 3/11, ხ.კ-იას საკუთრებად _ 3/11, ხოლო ჟ.ხ-ის _ 7/11 ნაწილი. ა.უ-ძესა და ხ.კ-იას შორის დადებულ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში 910 კვ.მ მიწის ნაცვლად, მითითებულია 608 კვ. მეტრი. თ.უ-ძის მიერ 2003 წლის პირველ დეკემბერს თ.გ-ორისაგან სახლთმფლობელობის 3/11 წილის შეძენის შესახებ გარიგებაში თ.გ-ორის საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია ¹3058 სარეგისტრაციო მოწმობა და ა. კ-იას მიერ ქ.ბათუმში, ... ქ¹18-ში უკანონოდ აშენებული სახლისა და მისი ნაკვეთის რეგისტრაციაში გატარების შესახებ ქ.ბათუმის მერიის 1997 წლის 11 აპრილის ¹148 გადაწყვეტილება, სადაც თ.გ-ორის საკუთრებად მითითებულია 302 კვ.მ მიწა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 3 ივლისს გაცემული პასუხის თანახმად, ქ.ბათუმის მერიის კაბინეტის 1997 წლის 11 აპრილის ¹148 გადაწყვეტილებით რეგისტრირებულ იქნა ა.კ-იას მიერ ქ.ბათუმში, ... ქ¹18-ში მდებარე 302 კვ.მ მიწის ნაკვეთზე უკანონოდ აშენებული სახლი და მას მიენიჭა მისამართი _ ... ქ¹18ა, ამასთან, ქ.ბათუმის მერიის გადაწყვეტილებისა და ექსპლუატაციაში მიღების აქტის საფუძველზე ქ.ბათუმში, ... ქ¹16-ში მდებარე უძრავი ქონება თანამესაკუთრეებზე წილობრივად გადანაწილდა შემდეგნაირად: გ.დ-ძეს _ 1/11, ჟ.ხ-ს _ 7/11, ხოლო ა.უ-ძეს _ 3/11. სახლთმფლობელობის საერთო ფართი შეადგენდა 602 კვ.მ-ს. ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის არქივის მასალების თანახმად, ფირმა ,,შ.-ზე” ირიცხება 243 კვ.მ შენობა-ნაგებობის 1/12, რაც მოსარჩელემ 1996 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული ¹4291 ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა. 1997 წლის 11 აპრილის ქ.ბათუმის მერიის კაბინეტის ¹148 გადაწყვეტილებით რეგისტრირებულ იქნა ა.კ-იას მიერ უკანონოდ აშენებული სახლი, მდებარე ქ.ბათუმში, ... ქ¹18-ში და აღნიშნულმა რეგისტრაციამ გავლენა ვერ უნდა მოახდინოს ამავე ქუჩის ¹16-ში მდებარე მიწის ფართობზე. საარქივო ცნობის თანახმად, ა.კ-იას საკუთრების უფლების წარმოშობის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია 1958 წელს მ.კ-ძის მიერ ქ.ბათუმში, ...... ქ¹18-ში მდებარე 910 კვ.მ მიწის ნაკვეთზე არსებული ხის სახლთმფლობელობის ნაწილის _ 227 კვ.მ მიწის ჩუქება, სადაც ა.კ-იამ უკანონოდ ააშენა ზემოხსენებული სახლი. საჯარო რეესტრის მიერ ჯერ თ.გ-ორისა და შემდეგ თ.უ-ძის საკუთრებად ქ.ბათუმში, ... ქ¹16-ში არსებული 910 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 302 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოცალკევებულად აღრიცხვით დაირღვა ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე და მე-15 მუხლების მოთხოვნები, ასევე გ.დ-ძის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარიგების საგანზე მხარეთა საკუთრების წილობრივი მონაცემები, რადგან, აღნიშნული გარიგების თანახმად, მოსარჩელეს ეკუთვნის ქ.ბათუმში, ... ქ¹16-ში არსებული 910 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე სახლმფლობელობის 1/12 ნაწილი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ.ბათუმის ნოტარიუს ო.ჭ-შვილის მიერ 1999 წლის 23 აპრილს დამოწმებულ ხ.კ-იასა და ა.უ-ძეს შორის დადებულ სახლთმფლობელობის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილება და ქ.ბათუმში, ... ქ¹16-ში საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთის ოდენობად მიეთითა 910 კვ.მ, ხოლო ნოტარიუს ლ.ჭ-ძეს მიერ 2003 წლის პირველ დეკემბერს დამოწმებულ თ.გ-ორსა და თ.უ-ძეს შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში და ქ.ბათუმში, ... ქ¹16-ში თ.გ-ორის საკუთრებად მიეთითა 910 კვ.მ მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ქ.ბათუმში, ... ქ¹16-ში არსებულ საკუთრების მონაცემებში ცვლილებების შეტანა, კერძოდ, გაუქმდა თ. გ-ორის, შემდეგ თ. უ-ძისა საკუთრებაში გამოყოფილი 302 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღრიცხვა და ა. უ-ძის, თ. უ-ძის, ჟ. ხ-ისა და გ. დ-ძის საერთო საკუთრებად მიეთითა 910 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ა. და თ. უ-ძეების წარმომადგენელმა დ. შ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაცული საქმე, ა. და თ. უ-ძეების სააპელაციო საჩივრის გამო, გადაეცა განსჯად სამოქალაქო საქმეთა პალატას. ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით თ. უ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 22 დეკემბრის განჩინებით დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მარტის განჩინებით ა. უ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი ქ.ბათუმის ნოტარიუს ო.ჭ-შვილის მიერ 1999 წლის 23 აპრილს დამოწმებულ ხ.კ-იასა და ა.უ-ძეს შორის დადებულ სახლთმფლობელობის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში და ქ.ბათუმში, ... ქ¹16-ში საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთის ოდენობად მიეთითა 910 კვ.მ მიწა, ასევე მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა შესწორების შეტანა ქ.ბათუმში, ... ქ¹16-ში არსებულ საკუთრების მონაცემებში და თ.უ-ძის, ა.უ-ძის, ჟ.ხ-ისა და გ.დ-ძის საერთო საკუთრებად მიეთითა 910 კვ.მ მიწის ნაკვეთი შემდეგ გარემოებათა გამო:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით თ.უ-ძის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად და კანონიერ ძალაში შევიდა გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შესწორება იქნა შეტანილი ნოტარიუს ლ.ჭ-ძის მიერ 2003 წლის პირველ დეკემბერს დამოწმებულ თ.გ-ორსა და თ.უ-ძეს შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში და ქ.ბათუმში, ... ქ¹16-ში თ.გ-ორის საკუთრებად მიეთითა საერთო საკუთრების ფართის 910 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ასევე მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა შესწორების შეტანა ქ.ბათუმში, ... ქ¹16-ში არსებულ საკუთრების მონაცემებში იმგვარად, რომ აღნიშნულ მისამართზე გაუქმდა ჯერ თ.გ-ორის, ხოლო შემდეგ თ.უ-ძის საკუთრებაში ცალკე გამოყოფილი 302 კვ.მ მიწის ნაკვეთის აღრიცხვა. გ.დ-ძემ ქ.ბათუმში, ... ქ¹16-ში ფირმა ,,შ.-საგან” შეიძინა 24 კვ.მ მიწის ნაკვეთი და აღნიშნული გარიგება გაფორმდა სანოტარო წესით. ბათუმის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის 1996 წლის პასუხის თანახმად, გარიგების დადების დროისათვის, აღნიშნული უძრავი ნივთი მდებარეობდა 910 კვ.მ მიწაზე და მისი 3/11 ნაწილს ფლობდა ა.კ-ია, 3/11-ს _ ხ.კ-ია, ხოლო 5/11 _ ჟ.ხ-ი.
1999 წლის 23 აპრილს ხ.კ-იას კუთვნილი წილი შეიძინა ა.უ-ძემ. ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის 1999 წლის 23 აპრილის ცნობა-დახასიათებაში ნასყიდობის საგნად მითითებულია ... ქ¹16, ხოლო სახლთმფლობელობის მესაკუთრეებად მითითებული არიან გ.დ-ძე, ხ.კ-ია და ჟ.ხ-ი. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში ნასყიდობის საგნის მისამართად მიეთითა ... ქ.¹18, საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთის ოდენობად კი 910 კვ.მ მიწის ნაცვლად 608 კვ.მ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 10 მარტის ¹3857, 2006 წლის 23 მარტის ¹1077 და 2007 წლის 31 ივლისის პასუხებზე დაყრდნობით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 1974-80 წლების მდგომარეობით ქ.ბათუმში, ... ქ¹16-ში 910 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული სახლთმფლობელობის 1/4 ნაწილი აღრიცხული იყო მ. კ-ძის, 1/4 _ ა. კ-იას, ხოლო 1/2 _ ა. შ-ძის სახელზე.
ქ.ბათუმის მერიის 1997 წლის 11 აპრილის ¹148 გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების შედეგად მიღებული აქტის საფუძველზე სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარდა ა.კ-იას მიერ უკანონოდ აშენებული სახლი და მის მემკვიდრე თ.გ-ორს 910 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან გამოეყო 302 კვ.მ, რის გამოც საერთო საკუთრებაში დარჩა 608 კვ. მეტრი. ასევე შეიცვალა მესაკუთრეთა წილობრივი მონაცემები _ გ.დ-ძის საკუთრებად აღირიცხა საერთო ფართის 1/11, ჟ.ხ-ის საკუთრებად _ 7/11, ა.უ-ძის _ 3/11 ნაწილი. სახლთმფლობელობის საერთო ფართმა შეადგინა 216 კვ.მ, რომელიც მდებარეობდა 608 კვ.მ მიწაზე. საქმეში წარმოდგენილი ტექნიკური აღრიცხვის ბარათის თანახმად, ქ.ბათუმში, ... ქ¹16-ში მდებარე 910 კვ.მ მიწაზე განთავსებული სახლთმფლობელობის 1/4 1958 წლის 18 ივნისის სანოტარო წესით შედგენილი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა ა. კ-იას, რაც საარქივო მონაცემებში სწორედ ამ უკანასკნელის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლადაა მითითებული, ამდენად პალატამ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება ა.კ-იას მიერ საკუთრების უფლების წარმოშობის დროსა და სადავო უკანონო მშენებლობის განხორციელებასთან მიმართებაში.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.ბათუმის მერიის კაბინეტის 1997 წლის 11 აპრილის ¹148 გადაწყვეტილებით ქ.ბათუმში, ... ქ¹18-ში რეგისტრირებული ა.კ-იას მიერ უკანონოდ აშენებული სახლი რეალურად ამავე ქუჩის 16 ნომერში მდებარეობს, რაც საქმეში წარმოდგენილი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე დგინდება, ხოლო ... ქ¹18-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ა.კ-იას საკუთრების უფლების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება.
საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ.ბათუმის ნოტარიუს ო.ჭ-შვილის მიერ 1999 წლის 23 აპრილს დამოწმებულ ხ.კ-იასა და ა.უ-ძეს შორის სახლთმფლობელობის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადებისას ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ქ.ბათუმში, ... ქ¹16-ში მდებარე 910 კვ.მ საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე განთავსებული უძრავი ქონება, ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები სადავო მიწის ნაკვეთის ფართობთან დაკავშირებით სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაშია, ამასთან არ იქნა გაზიარებული აპელანტის მოსაზრება საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევასთან დაკავშირებით, რადგანაც სასამართლომ მიიჩნია, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ყველა პირი, ვის მიმართაც იყო აღძრული სარჩელი მითითებულ იქნა მოპასუხედ და იმ პირთა საქმეში ჩაბმა, რომელთა უფლებებსაც შეიძლება შეეხოს გადაწყვეტილება, სასამართლოს ვალდებულებას არ წარმოადგენს, ისინი მხოლოდ მხარის ინიციატივით შეიძლება ჩაებნენ დავაში მესამე პირის სტატუსით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.უ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით გ.დ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ქ.ბათუმის ნოტარიუს ო.ჭ-შვილის მიერ დამოწმებულ 1999 წლის 23 აპრილს ხ.კ-იასა და ა.უ-ძეს შორის დადებულ სახლთმფლობელობის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებასა და ქ.ბათუმში, ... ქ¹16-ში საერთო საკუთრებად 910 კვ.მ მიწის მითითების, ასევე აღნიშნული ცვლილების საჯარო რეესტრში გატარების მოთხოვნის ნაწილში შემდეგი დასაბუთებით: 1999 წლის 23 აპრილს გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით, ხ. კ-იამ, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში, გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული ქონება, რა დროსაც თავისი უფლება ბოროტად არ გამოუყენებია, რადგანაც აღნიშნული გ.დ-ძეს მიაყენებდა ზიანს და იგი ვალდებული იქნებოდა, ემტკიცებინა ზიანის მიყენების ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში კი საქმის მასალებით მითითებული გარემოება არ დგინდება. ა. უ-ძის მიერ უძრავი ქონების შეძენის დროისათვის ხ.კ-იას საკუთრების უფლება ნასყიდობის საგანზე რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში, რის გამოც, სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის საფუძველზე დაცული უნდა ყოფილიყო მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია და, ამავე კოდექსის 187-ე მუხლის თანახმად, ა.უ-ძე, როგორც სადავო ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერი პირი, გახდა სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, ამასთან, გარიგების დადებისათვის კანონით დადგენილი ფორმის დაცვასთან ერთად ამ გარიგების შედეგად წარმოშობილი საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში. სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ.ბათუმის მერიის მიერ 1996 წლის 3 ივნისს გაცემული ტექნიკური პასპორტის თანახმად, ... ქ¹16-ში სახლთმფლობელობა მდებარეობდა საერთო საკუთრების მიწაზე, რადგან საწარმო “შ.-ს” კუთვნილი 1/12 ნაწილი მდებარეობს საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთზე. პალატამ ასევე არასწორად დაადგინა, რომ საწარმო ,,შ.-სგან” გ. დ-ძემ 1996 წლის 12 სექტემბერს შეიძინა 24 კვ.მ ფართის მაღაზია, რომელიც შეადგენდა სადავო მისამართზე არსებული 910 კვ.მ საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე განლაგებულ შენობა-ნაგებობათა 1/12 ნაწილს, რადგანაც აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება.
სასამართლომ არასწორად შეაფასა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები, სადაც ქ.ბათუმში, ... ქ¹16-ში მიწის ნაკვეთის ფართის ოდენობად მიეთითა 608 კვ.მ და 1997 წლის 11 აპრილის ქ.ბათუმის მერიის ¹148 გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 302 კვ.მ და მასზე არსებული სახლი თ.გ-ორის საკუთრებად აღირიცხა. პალატამ არ იმსჯელა მხარის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებსა და ტექნიკური აღრიცხვის ბარათზე, სადაც მითითებულია, რომ 608 კვ.მ მიწის ნაკვეთი მდებარეობს ... ქ¹18-ში. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რადგანაც 1996 წლისათვის გ.დ-ძე იყო არა სადავო მიწის მესაკუთრე, არამედ მოსარგებლე და მასზე ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე და მე-15 მუხლების მოთხოვნები ვერ გავრცელდება, რადგან აღნიშნული კანონით რეგლამენტირებულია საერთო საკუთრებაზე მესაკუთრეთა უფლების რეგისტრაციის წესი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. უ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით გ. დ-ძის სარჩელი ა. უ-ძის მიმართ 1999 წლის 23 აპრილის ხ. კ-იასა და ა. უ-ძეს შორის დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
გ.დ-ძემ ქ.ბათუმში, ... ქ¹16-ში ფირმა ,,შ.-საგან” შეიძინა 24 კვ.მ. ფართი, რაც გარიგების დადების დროისათვის, განლაგებული იყო 910 კვ.მ მიწაზე და მისი 3/11 ნაწილს ფლობდა ა. კ-ია, 3/11-ს _ ხ. კ-ია, ხოლო 5/11 ნაწილს ჟ. ხ-ი.
1999 წლის 23 აპრილს ხ.კ-იას კუთვნილი წილი შეიძინა ა.უ-ძემ. ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის 1999 წლის 23 აპრილის ცნობა-დახასიათებაში ნასყიდობის საგნად მითითებულია ... ქ¹16, ხოლო სახლთმფლობელობის მესაკუთრეებად მითითებული არიან გ.დ-ძე, ხ.კ-ია და ჟ.ხ-ი. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში ნასყიდობის საგნის მისამართად მიეთითა ... ქ¹18, საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთის ოდენობად კი 608 კვ.მ 910 კვ.მ მიწის ნაცვლად.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 10 მარტის ¹3857, 2006 წლის 23 მარტის ¹1077, და 2007 წლის 31 ივლისის პასუხებზე დაყრდნობით, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 1974-80 წლების მდგომარეობით ქ.ბათუმში, ... ქ¹16-ში 910 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული სახლთმფლობელობის 1/4 ნაწილი აღრიცხული იყო მ. კ-ძის, 1/4 _ ა. კ-იას, ხოლო 1/2 _ ა. შ-ძის სახელზე. ქ.ბათუმის მერიის 1997 წლის 11 აპრილის ¹148 გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების შედეგად მიღებული აქტის საფუძველზე სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარდა ა.კ-იას მიერ უკანონოდ აშენებული სახლი და მის მემკვიდრე თ.გ-ორს 910 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან გამოეყო 302 კვ.მ, რის გამოც საერთო საკუთრებაში დარჩა 608 კვ. მეტრი. ასევე შეიცვალა მესაკუთრეთა წილობრივი მონაცემები _ გ.დ-ძის საკუთრებად აღირიცხა საერთო ფართის 1/11, ჟ.ხ-ის საკუთრებად _ 7/11, ა.უ-ძის _ 3/11 ნაწილი. სახლთმფლობელობის საერთო ფართმა შეადგინა 216 კვ.მ რომელიც განლაგებული იყო 608 კვ.მ მიწაზე.
საქმეში წარმოდგენილი ტექნიკური აღრიცხვის ბარათის თანახმად, ქ.ბათუმში, ... ქ¹16-ში მდებარე 910 კვ.მ მიწაზე განთავსებული სახლთმფლობელობის 1/4, 1958 წლის 18 ივნისის, სანოტარო წესით შედგენილი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრებაში გადაეცა ა. კ-იას. ქ.ბათუმის მერიის კაბინეტის 1997 წლის 11 აპრილის ¹148 გადაწყვეტილებით ქ.ბათუმში, ... ქ¹18-ში რეგისტრირებული ა.კ-იას უკანონოდ აშენებული სახლი და მის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთი სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარდა, როგორც ... ქ.¹18-ში მდებარე უძრავ ქონებად.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ხ. კ-იასა და ა. უ-ძეს შორის 1999 წლის 23 აპრილს შემდგარი ... ქ.¹16-ში მდებარე უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა და ნაცვლად 608 კვ.მ-ისა, 910 კვ.მ ფართის დაფიქსირება. სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დააფუძნა მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ამავე მისამართზე განთავსებული ამავე დავაში მონაწილე თ. უ-ძის საკუთრებაში არსებული 302 კვ.მ მიწის ნაკვეთის მისამართად არასწორად არის აღრიცხული ... ქ.¹18 და იგი რეალურად მდებარეობს ... ქ.¹16-ში.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნა დაუსაბუთებელია, ვინაიდან ამავე სასამართლოს მიერვე დადგენილია, რომ ქ.ბათუმის მერიის კაბინეტის 1997 წლის 11 აპრილის ¹148 გადაწყვეტილებით, თ. უ-ძის საკუთრებაში არსებული ქონების თავდაპირველი მესაკუთრის _ ა. კ-იას კუთვნილი უძრავი ქონების მისამართად განისაზღვრა ქ.ბათუმი, ... ქ.¹18. მითითებული გადაწყვეტილება წარმოადგენს უფლებააღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც ძალაშია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულების სასამართლოს მიერ უარყოფა იმ საფუძვლით, რომ ა. კ-იამ სადავო ქონება მიიღო რა ჩუქების ხელშეკრულებით, ამ ხელშეკრულებაში ქონების მისამართად მითითებულია ... ქ.¹16 და მისი ... ქ.¹18-ად აღრიცხვა არასწორია, ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ 1958 წლის 18 ივნისის ჩუქების ხელშეკრულებაში ნივთის მისამართად ... ქ.¹16 - ად აღრიცხვა ვერ აქარწყლებს ქ. ბათუმის მერიის 1997 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტს, რომ იგივე ნივთი განთავსებულია ... ქ.¹18-ში.
საკასაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებას სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობაზე აფუძნებს შემდეგ გარემოებაზეც:
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის განჩინებით მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეჩერდა გ. დ-ძის სარჩელზე ა. და თ. უ-ძეების, ვაჟა ხიმშიაშვილისა და ზ. რ-ძის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის შესახებ ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული წესით განსახილველ ზემოხსენებულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება არსებით გავლენას ახდენდა მოცემულ დავაზე და სამოქალაქო დავის განხილვა ადმინისტრაციული დავის განხილვამდე საკასაციო სასამართლომ შეუძლებლად მიიჩნია. სასამართლოს ეს დასკვნა ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციული დავა ეხებოდა თ. უ-ძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მისამართად ... ქ.¹16-ის დადგენას, რაც განმსაზღვრელია სამოქალაქო საქმეზე სადავო მიწის ნაკვეთის ფართის ოდენობისათვის, კერძოდ, ადმინისტრაციული სარჩელით გ. დ-ძე ითხოვდა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულებას, რომლითაც თ. უ-ძის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მისამართად მიეთითება ... ქ.¹16, ნაცვლად ... ქ.¹18-სა.
ადმინისტრაციულ დავაზე კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. დ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 2008 წლის 25 იანვარს თ. უ-ძემ თავისი ქონება, მდებარე ... ქ.¹18ა-ში მიჰყიდა ვაჟა ხიმშიაშვილს, ხოლო ამ უკანასკნელმა _ ზ. რ-ძეს. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ... ქ.¹16-ში ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობით რეგისტრირებულია მხოლოდ 608 კვ.მ მიწის ნაკვეთი, შესაბამისად, აღნიშნული ნაკვეთის ნაწილზე არის განთავსებული გ.დ-ძის საკუთრებაში არსებული მაღაზიის შენობა და ამ უკანასკნელს მის მეზობლად მდებარე და ამ დროისათვის ... ქ.¹18ა-დ დამისამართებული (ყოფილი მესაკუთრის თ. უ-ძის, ხოლო ამჟამად ზ. რ-ძის) ნაკვეთისა და სახლთმფლობელობის მიმართ რაიმე უფლება არ გააჩნია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს რა ადმინისტრაციულ დავაზე დადგენილ ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებს, განსახილველ სარჩელს უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოცემულ დავასთან მიმართებით პრეიუდიციული ძალა მიანიჭა ამავე დავაზე მიღებულ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც გ.დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და თ. გ-ორსა და თ. უ-ძეს შორის დადებულ 2003 წლის 1 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებაში თ.გ-ორის საკუთრებად მიეთითა ... ქ.¹16, ხოლო მიწის ნაკვეთის ოდენობად _ 910 კვ.მ. მართალია, აღნიშნული გადაწყვეტილების ეს ნაწილი კანონიერ ძალაშია შესული, მაგრამ მას არ შეიძლება პრეიუდიციული ძალა მიენიჭოს განსახილველ დავასთან მიმართებით, კერძოდ:
ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაზე თ.უ-ძის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული და იგი კანონიერ ძალაშია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, პრეიუდიციულად ითვლება ის ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. ამდენად, აღნიშნული ნორმა დადგენილი ფაქტის პრეიუდიციულობას ითვალისწინებს სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისათვის, თუკი ამ საქმეში იგივე მხარეები მონაწილეობენ. მოცემულ შემთხვევაში “სხვა სამოქალაქო საქმე” არ გვაქვს. გ. დ-ძეს სარჩელი წარდგენილი ჰქონდა როგორც თ. უ-ძის, ასევე ა. უ-ძის მიმართ სხვადასხვა ნასყიდობის ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანის მოთხოვნით და იმ იურიდიული ინტერესით, რომ თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართის გაზრდით, გაიზარდოს მისი წილი თანასაკუთრებაში. ამდენად, დავის საგანი _ მთავარი საძიებელი ფაქტი მოცემულ საქმეზე ორივე მოპასუხის მიმართ ერთი და იგივეა _ ქ.ბათუმში, ... ქ.¹16-ში არსებული მიწის ნაკვეთი 910 კვ.მ-ია, თუ 608 კვ.მ. შესაბამისად, ორივე მოპასუხის მიმართ წარდგენილი მოთხოვნების ფაქტობრივი საფუძვლები ერთი და იგივეა და ისინი უარყოფილია ორივე მოპასუხის მიერ, ანუ თ. უ-ძის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტი ასევე სადავოდაა მიჩნეული ა. უ-ძის მიერაც, რაც უდავოდ ნიშნავს იმას, რომ თ. უ-ძის წინააღმდეგ წარდგენილ სარჩელზე მტკიცების საგანში შესული ფაქტები ასევე სამტკიცებელია ა. უ-ძის მიმართ წარდგენილ სარჩელზეც.
ამდენად, თ. უ-ძის მიმართ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტი დამტკიცებულად ვერ ჩაითვლება ა. უ-ძის წინააღმდეგ წარდგენილ სარჩელზე და მას პრეიუდიციული ძალაც ვერ მიენიჭება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით გ.დ-ძეს უარი ეთქვას ხ. კ-იასა და ა. უ-ძეს შორის დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
ა. უ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
გ. დ-ძის სარჩელი ა. უ-ძის მიმართ 1999 წლის 23 აპრილის ხ. კ-იასა და ა. უ-ძეს შორის დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.