ას-530-498-2010 26 ივლისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, ვ. როინიშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს ,,ს-ა” (მოპასდუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. და ვ. ნ-ძეები (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საკომპენსაციო თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. და ვ. ნ-ძეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს “ს-ის” მიმართ უძრავი ნივთის გადაცემის თაობაზე საგარანტიო წერილით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ნივთის ღირებულების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1993 წელს მოპასუხე საზოგადოებამ დაანგრია ... .... ქ.¹84-ში მდებარე მოსარჩელეთა კუთვნილი სახლები და მათ სანაცვლოდ გადასცა საგარანტიო წერილები იმავე ადგილას აშენებულ საცხოვრებელ სახლში ფართის გამოყოფის თაობაზე. მშენებლობა დაიწყო, თუმცა შემდეგ განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ მოსარჩელეებმა მათ მიერ საგარანტიო წერილით გათვალისწინებული პირობების შესრულება ვერ დაადასტურეს. ამასთან, სადავო საგარანტიო წერილში მითითებული არ არის, რომ ბინები მოსარჩელეებს გადაეცემოდათ საკუთრების უფლებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით მ. და ვ. ნ-ძეების სარჩელი მოპასუხე შპს “ს-ის” მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, შპს “ს-ას” მოსარჩელე მ. ნ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 110 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, შპს “ს-ას” მოსარჩელე ვ. ნ-ძის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა 60 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “ს-ამ” გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 იანვრის განჩინებით შპს “ს-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი გარემოებანი: მ. და ვ. ნ-ძეები ცხოვრობდნენ ქ.თბილისში, ... .... ქუჩა ¹84-ში მდებარე სახლში. ს-ის დეპარტამენტმა, რომლის უფლებამონაცვლესაც წარმოადგენს შპს “ს-ა”, 1993 წლის 3 ნოემბერს მოსარჩელე ვ. ნ-ძის სახელზე გასცა საგარანტიო წერილი იმის შესახებ, რომ ქ.თბილისში, ... .... ქუჩა ¹84-ში, მრავალბინიანი რკინიგზის საუწყებო სახლის ასაშენებლად აღებული საცხოვრებელი სახლის სანაცვლოდ, პირველ ბლოკში, მეოთხე სართულზე გადასცემდა 29,1 კვ.მ ოთახნახევრიან ბინას. საგარანტიო წერილი გაიცა მოსარჩელე მ. ნ-ძის სახელზეც, რომლითაც იგი ახალაშენებულ სახლში მეოთხე სართულზე მიიღებდა 54,4 კვ.მ ოთხოთახიან ბინას. მითითებული საგარანტიო წერილებით მოსარჩელეები იღებდნენ ვალდებულებას, გაეთავისუფლებინათ მათ მიერ დაკავებული ბინები, რაც მათ შეასრულეს. მხარეები მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების ვადასთან დაკავშირებით არ შეთახმებულან. შპს “ს-ამ” მოსარჩელეთა ბინები დაანგრია და დაიწყო ახალი მრავალბინიანი სახლის მშენებლობა, მაგრამ იგი ვერ დაასრულა.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით, რომლის თანახმადაც ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს საგარანტიო წერილი, რომლითაც ორივე მხარეს წარმოეშვა გარკვეული უფლებები და ვალდებულებები – მოსარჩელეები ვალდებული იყვნენ გამოეთავისუფლებინათ დაკავებული ფართი, ხოლო მოპასუხე კი კისრულობდა ვალდებულებას, მათთვის გადაეცა ბინები ახალაშენებულ საცხოვრებელ სახლში. სამოქალაქო კოდექსის 90-ე და 368-ე მუხლებზე მითითებით, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ვალდებულების წარმოშობა _ მოსარჩელეების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, დამოკიდებულია რაიმე სამომავლო პირობის დადგომაზე, კერძოდ კი, საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულებაზე. საცხოვრებელ სახლის მშენებლობის დასრულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, სამომავლო და უცნობ პირობად, ვინაიდან საგარანტიო წერილით ვალდებულების შესრულება დამოკიდებული არ არის რაიმე სამომავლო პირობის დადგომაზე. პალატამ დაადგინა, რომ მხარეები არ შეთანხმებულან მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების ვადაზე. სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის საფუძველზე პალატამ მიუთითა, რომ შპს “ს-ას” ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია და გაურკვეველია მისი შესრულების დრო, მრავალბინიანი სახლის მშენებლობის დასრულების თარიღი.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით და არ დაეთანხმა შპს “ს-ის” მოსაზრებას, რომ ბინა, რომელიც უნდა გადაეცათ მოსარჩელეებისათვის, წარმოადგენდა საქვეუწყებო სადგომს და ის უნდა გადასცემოდათ მათ სარგებლობის უფლებით. გაცემულ საგარანტიო წერილში არსად არის აღნიშნული, რომ მოსარჩელეებს ბინა გადაცემოდათ მხოლოდ სარგებლობის უფლებით, ასეთი გარემოება, არც რაიმე სხვა სახის მტკიცებულებით დასტურდება, მტკიცების ტვირთი კი მოცემულ შემთხვევაში აპელანტს ეკისრება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს “ს-ამ” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ სრულიად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნული სამართლებრივი გარემოებანი, რის საფუძველზეც სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად არასწორად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილზე. ფაქტობრივად რკინიგზას ვალდებულება ხელშეკრულების შესრულებაზე საგარანტიო წერილის გაცემისთანავე არ წარმოშობია, ვინაიდან მოსარჩელეების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება დამოკიდებულია სამომავლო პირობის დადგომაზე. კონკრეტულ შემთხვევაში სამომავლო პირობაა რკინიგზის საუწყებო სახლის აშენება და მხოლოდ მას შემდეგ, რაც საუწყებო სახლის მშენებლობა დამთავრდება, მოსარჩელეებს წარმოეშობათ მოთხოვნის უფლება შპს „ს-ის“ მიმართ საგარანტიო წერილით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. სწორედ ამიტომ საგარანტიო წერილში მითითებული არ არის ვალდებულების შესრულების დრო, საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულებისა და, შესაბამისად, ვალდებულების შესრულების ვადა.
ამასთან, საგარანტიო წერილში ნათლადაა აღნიშნული, რომ მოსარჩელეების სახლის ადგილას აშენდება რკინიგზის საუწყებო სახლი, რომელიც მათ გამოეყოფოდათ სარგებლობის უფლებით, თუმცა საგარანტიო წერილში არ არის აღნიშნული, რომ საცხოვრებელი ფართი მათ გამოეყოფოდათ საკუთრების უფლებით.
სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელეების მიერ საკომპენსაციო თანხის განსაზღვრისას წარმოდგენილი “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს” 2008 წლის 9 დეკემბრის დასკვნაში აღნიშნულია მრავალსართულიანი კორპუსის მე-4 სართულზე მდებარე ოთხოთახიანი ბინის საბაზრო ღირებულების საორიენტაციო ოდენობა _ 110000 აშშ დოლარი, ხოლო ოთახნახევრიანი ბინის საორიენტაციო ღირებულებად მითითებულია 60000 აშშ დოლარი, რაც საგარანტიო წერილებში აღნიშნულ ბინის მოცულობას არ შეესაბამება. მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილ საგარანტიო წერილებში აღნიშნულია არა ზოგადად ოთახნახევრიანი და ოთხოთახიანი ბინის გადაცემა, არამედ ოთახნახევრიანი 29 კვ.მ და ოთხოთახიანი 54.5 კვ.მ ბინება, რაც სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნით გაზიარებული არ არის. ამდენად, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა სადავო გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება არ არის და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სადავო ბინების ღირებულების ამსახველი მტკიცებულება არ წარმოდგენილა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინებით შპს “ს-ის” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს “ს-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია საგარანტიო წერილით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 90-ე, 368-ე, 365-ე მუხლებსა და 361-ე მუხლის მეორე ნაწილს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს “ს-ას” უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 8000 ლარის 70% _ 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ს-ის” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ შპს “ს-ას” დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი _ 5600 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.