Facebook Twitter

ას-531-499-2010 19 ივლისი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. კვანტალიანი, ვ.ლ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ შპს ბიზნეს ცენტრი სასტუმრო “რ-ი” (სს ბიზნეს ცენტრი სასტუმრო “რ-ის” უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ფ. ა-იანი (მ. ლ-იანის საპროცესო უფლებამონაცვლე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 13 სექტემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სს ბიზნეს ცენტრი სასტუმრო “რ-მა” მოპასუხე მ. ლ-იანის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისაგან ზიანის ანაზღაურება 130 667 ლარის ოდენობით, რომელშიც შედიოდა: ა. საზოგადოების სალაროდან გატანილი კრედიტის თანხა 17 917.13 ლარი; ბ. საზოგადოების ყოველთვიური შემოსავლების (საიჯარო შემოსავლების გარდა) თანხა _ 27 000 ლარი; გ. ოთხ საიჯარო ფართზე იჯარის თანხა 85 750 ლარი.

მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მოპასუხე მ. ლ-იანის, როგორც საზოგადოების ყოფილი დირექტორის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბანკო კრედიტით აღებული თანხის მითვისებას, მის მიერ დირექტორის უფლება-მოვალეობათა არაჯეროვნად და არაკეთილსინდისიერად შესრულებას, სააქციო საზოგადოების შემოსავლების შემცირებას (ტომი I, ს.ფ. 5-7).

2007 წლის 21 მაისს იმავე სასამართლოში წარდგენილი განცხადებით სს ბიზნეს ცენტრი სასტუმრო “რ-მა” სარჩელის მოთხოვნის ოდენობა გაზარდა. მან დამატებით მოითხოვა მოპასუხე მ. ლ-იანისათვის საზოგადოების სასარგებლოდ დამატებით 3 000 აშშ დოლარის დაკისრება (ტომი I, ს.ფ. 128-129).

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 10 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, საქმის განხილვისას მოპასუხე მ. ლ-იანის გარდაცვალების გამო, მის საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ფ. ა-იანი (ტომი I, ს.ფ. 257).

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით სს ბიზნეს ცენტრი სასტუმრო “რ-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე:

მ. ლ-იანი 1999 წლიდან 2006 წლის 10 აპრილამდე დანიშნული იყო სს ბიზნეს ცენტრი სასტუმრო “რ-ის” დირექტორად;

მ. ლ-იანის დირექტორად მუშაობის პერიოდში, 2006 წლის 14 თებერვალს, სს ბიზნეს ცენტრი სასტუმრო “რ-მა” სს “თ-ი” ბანკთან გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება თანხით 23 000 აშშ დოლარი (კრედიტის მიზნობრიობა: სარემონტო სამუშაოების წარმოება _ 20 000 აშშ დოლარი; არსებული სესხის რეფინანსირება _ 3 000 აშშ დოლარი). საზოგადოებამ ნაღდ ანგარიშზე მიიღო 19 813 აშშ დოლარი. ეს თანხა ეროვნულ ვალუტაში წარმოადგენდა 35 861.53 ლარს. თანხა გატანილ იქნა საზოგადოების ბუღალტერ ა. ზ-ძის მიერ;

ზემოაღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში არსებული დავალიანება გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის დაფარული იყო სს ბიზნეს ცენტრი სასტუმრო “რ-ის” მიერ;

მ. ლ-იანის დირექტორად მუშაობის პერიოდში სს ბიზნეს ცენტრი სასტუმრო “რ-ი” აქირავებდა სასტუმრო ოთახებს და სასტუმროში არსებულ ფართებს გასცემდა იჯარით;

2006 წლის 15 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოში დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე სს ბიზნეს ცენტრი სასტუმრო “რ-ის” ხელმძღვანელობის მიერ სხვისი ქონების მითვისების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 2008 წლის 26 მარტის დადგენილებით უარი ითქვა მ. ლ-იანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე და შეწყდა წინასწარი გამოძიება ამ უკანასკნელის გარდაცვალების გამო. მ. ლ-იანი საქმეზე ეჭვმიტანილად ან/და ბრალდებულად არ ყოფილა ცნობილი.

მ. ლ-იანის მიერ კრედიტის სახით მიღებული თანხის დაუბრუნებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ნაწილში საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 14 თებერვალს კრედიტის სახით აღებული 35 861.53 ლარი იმავე დღეს შეტანილ იქნა სააქციო საზოგადოების შემოსავალში. 2006 წლის 14 თებერვალს სალაროს გასავლის ორდერით ¹1 აღნიშნული თანხა გაიცა საზოგადოების იმდროინდელ დირექტორ მ. ლ-იანზე.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს ბანკიდან მიღებული კრედიტის ხარჯვის შესახებ არსებული მასალების შესწავლის შედეგად დგინდებოდა, რომ მიღებული სესხიდან შეძენილი იყო 17 944.4 ლარის სხვადასხვა სახის სარემონტო მასალები, ხოლო დარჩენილი 17 917.13 ლარის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ არსებობდა. 17 944.4 ლარის სარემონტო სამუშაოები შეძენილი იყო 2006 წლის ივნის-აგვისტოში, თუმცა უშუალოდ საზოგადოების რომელი თანამშრომლის მიერ, არ დგინდებოდა. ამ მტკიცებულებებს შორის იყო საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებლის _ რ. მ-შვილის მიერ ხელმოწერილი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა მ. ლ-იანი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა 2006 წლის 14 თებერვალს.

იმ საკითხის დადგენა, თუ როგორ მოხდა კრედიტის თანხიდან მ. ლ-იანის გათავისუფლების შემდეგ სს ბიზნეს ცენტრი სასტუმრო “რ-ის” ერთ-ერთი დამფუძნებლისა და სხვა თანამშრომელთა მიერ სარემონტო მასალების შეძენა, თუ მთლიანად თანხა გატანილი ჰქონდა მ. ლ-იანს, დაევალა წინასწარ გამოძიებას. სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ვერ იქნა დადგენილი. მ. ლ-იანს საზოგადოების ქონების მითვისებასთან დაკავშირებით ბრალი არ წარდგენია. სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმისა და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლომ მოპასუხის ბრალეული ქმედების დასადასტურებლად არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს, გარდა სალაროს შემოსავლის ორდერისა, არ წარუდგენია დამატებითი მტკიცებულებები მოპასუხის მიერ თანხის მითვისებასთან დაკავშირებით.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მოპასუხის მიერ საზოგადოების საქმიანობიდან მცირე რაოდენობის შემოსავლებისა და საიჯარო ხელშეკრულების ფარგლებში ქირის ოდენობის ხელოვნური შემცირებით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით. სასამართლომ განმარტა, რომ შესაძლოა არსებობდეს განსხვავება საზოგადოების შემოსავლებს შორის წლიდან წლამდე, მაგრამ ზიანის მოთხოვნის შესახებ პრეტენზიის არსებობისას უნდა დასტურდებოდეს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა დამდგარ შედეგთან მიმართებით. მოსარჩელის მიერ მტკიცებულებები მ. ლ-იანის ბრალეულობასა და მისი მხრიდან შეგნებულად დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვნად და არაკეთილსინდისიერად შესრულებასთან დაკავშირებით, არ წარდგენილა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ რამდენადაც მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის ბრალეული ქმედებით სს ბიზნეს ცენტრი სასტუმრო “რ-ისათვის” ზიანის მიყენების ფაქტი, შესაბამისად, არ არსებობდა საკმარისი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დასაკისრებლად (ტომი II, ს.ფ. 89-94).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ბიზნეს ცენტრი სასტუმრო “რ-მა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი II, ს.ფ. 100-109).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით შპს ბიზნეს ცენტრი სასტუმრო “რ-ის” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს ბიზნეს ცენტრი სასტუმრო “რ-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ფ. ა-იანს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 17 917.13 ლარის გადახდა, შპს ბიზნეს ცენტრი სასტუმრო “რ-ის” სარჩელი ფ. ა-იანის მიმართ 112 750 ლარისა და 3 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის მე-3 სამმართველომ სს ბიზნეს ცენტრ სასტუმრო “რ-ში” ამავე დეპარტამენტის უფროსის 2007 წლის 21 იანვრის 26 დავალების შესაბამისად ჩაატარა დოკუმენტური რევიზია 2004-2006 წლებში განხორციელებული სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის შემოწმების, ასევე 2006 წელს ბანკიდან მიღებული კრედიტის ხარჯვის სისწორის დადგენის მიზნით. აღნიშნული აქტით დადგენილია, რომ საზოგადოების მიერ 2006 წლის 14 თებერვლის ხელშეკრულებით მიღებული სესხიდან _ 35 861.53 ლარიდან, შეძენილია 17 944.4 ლარის სხვადასხვა სახის სარემონტო მასალა, ხოლო 17 917.13 ლარის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ არსებობს. ამავე აქტში აღნიშნულია, რომ დასახელებული თანხა სალაროს გასავლის ორდერის მიხედვით დებიტორულ დავალიანებად ირიცხება სასტუმროს ყოფილ დირექტორ მ. ლ-იანზე; 2006 წლის 15 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოში დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ¹........ სს ბიზნეს ცენტრი სასტუმრო “რ-ის” ხელმძღვანელობის მიერ სხვისი ქონების მითვისების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით; ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის 2008 წლის 26 მარტის დადგენილებით უარი ითქვა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე და შეწყდა წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე სს ბიზნეს ცენტრი სასტუმრო “რ-ის” ყოფილი დირექტორის მ. ლ-იანის მიმართ მისი გარდაცვალების გამო; 2006 წლის 14 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში არსებული დავალიანება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის დაფარული იყო სს ბიზნეს ცენტრი სასტუმრო “რ-ის” მიერ.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა, რომ მ. ლ-იანის დირექტორად მუშაობის პერიოდში სს ბიზნეს ცენტრი სასტუმრო “რ-ი” აქირავებდა სასტუმრო ოთახებს და სასტუმროში არსებულ ფართებს გასცემდა იჯარით.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ს.ფ. 23-ზე (ტომი I) წარდგენილი 2004 წლის იანვრიდან _ 2006 წლის აპრილამდე და 2006 წლის აპრილიდან 1 სექტემბრამდე პერიოდების, სასტუმროს ნომრების გაქირავებით შემოსული თანხების თაობაზე მონაცემები, აგრეთვე ს.ფ. 24-76-ზე (ტომი I) განთავსებული სასტუმროს ფართობის იჯარით გაქირავების შედეგად სხვადასხვა პერიოდის მონაცემები, არ წარმოადგენდა სასტუმროს ყოფილი დირექტორის _ მ. ლ-იანის მიერ ქირავნობის თანხის შემცირების გზით საწარმოსათვის ზიანის მიყენების დამადასტურებელ მტკიცებულებებს. მოცემული ხელშეკრულებებიდან არ დგინდებოდა ის გარემოება, რომ უშუალოდ მ. ლ-იანის სააქციო საზოგადოების დირექტორად ყოფნის, კერძოდ, 2004 წლის იანვრიდან _ 2006 წლის აპრილამდე (და არა შემდგომ) პერიოდში, შესაძლებელი იყო სასტუმროს ნომრების გაქირავება და ფართობების იჯარით გაცემა სხვა, საწარმოსათვის მნიშვნელოვნად ხელსაყრელ ფასად. ამასთან, სხვადასხვა პერიოდში საზოგადოების შემოსავლებს შორის განსხვავება თავისთავად არ წარმოადგენდა დირექტორის მხრიდან საწარმოსთვის ზიანის მიყენების დამადასტურებელ გარემოებას. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქმის მასალებში წარდგენილ არც ერთ იჯარის ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული, თუ სად იყო განთავსებული და კონკრეტულად რას შეადგენდა იჯარით გასაცემი ფართობი. შესაბამისად, არ დგინდებოდა ის გარემოება, რომ შესადარებლად წარდგენილი სხვადასხვა პერიოდის ხელშეკრულებები ერთსა და იმავე ფართობზე იყო დადებული.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში მ. ლ-იანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმისა და სისხლის სამართლის ¹... საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის თაობაზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის 2008 წლის 26 მარტის დადგენილებას არ შეიძლებოდა მინიჭებოდა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა მოპასუხისათვის 3 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილშიც შემდეგი მოსაზრებით:

მოსარჩელე ამ თანხის მოპასუხისათვის დაკისრებას მოითხოვდა იმ საფუძვლით, რომ 2006 წლის 14 თებერვლის ¹609-949 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული სესხიდან 3 000 აშშ დოლარით განხორციელდა 2005 წლის 3 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე არსებული სესხის რეფინანსირება, ხოლო 2005 წლის 3 აგვისტოს ხელშეკრულებით მიღებული თანხა (5 000 აშშ დოლარი) საზოგადოებას არ გამოუყენებია და იგი მიითვისა მ. ლ-იანმა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2005 წლის 3 აგვისტოს ¹609-797 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით სესხი გაიცა სს ბიზნეს ცენტრ სასტუმრო “რ-ზე”. ის გარემოება, რომ თანხა მიითვისა საზოგადოების დირექტორმა მ. ლ-იანმა, შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა და მხოლოდ მხარის ზეპირი განმარტება არ შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა დასახელებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ სადავო 17 917.13 ლარი საზოგადოების ყოფილი დირექტორის _ მ. ლ-იანის მიერ, დაიხარჯა კრედიტის მიზნიდან გამომდინარე სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად ეკისრებოდა მოპასუხეს. მოპასუხემ აღნიშნული გარემოების დადასტურება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი წესის დაცვით ვერ შეძლო. იგი განმარტავდა, რომ მ. ლ-იანს არ მიუთვისებია საზოგადოებაზე გაცემული კრედიტის ნაწილი, რაც დასადასტურებლადაც იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ სააქციო საზოგადოების მიერ საბანკო კრედიტი სრულად დაიფარა. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საზოგადოების მიერ კრედიტით აღებული თანხის ბანკისათვის დაბრუნებით არ შეიძლებოდა დადასტურებულიყო საზოგადოებაზე გაცემული კრედიტის ნაწილის (17 917.13 ლარი) მიზნობრივად (სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად) გამოყენება. რაც შეეხებოდა სარჩელის დანარჩენ მოთხოვნებს, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია და აღნიშნა, რომ არ არსებობდა ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი (ტომი III, ს.ფ. 100-120).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გასაჩივრდა სს ბიზნეს ცენტრი სასტუმრო “რ-ის” მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოპასუხისათვის სესხის თანხების _ 1 317 ლარისა და 3 000 აშშ დოლარის, აგრეთვე საუნის გაქირავებიდან მიღებული თანხის _ 27 000 ლარის დაკისრების შესახებ.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად დაუსაბუთებელია. კასატორი აღნიშნავს, რომ მას არასდროს დაუყენებია სარჩელი მოპასუხის მიერ ბრალეული მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად იგი მიუთითებს “მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.7 მუხლზე (ძველი რედაქცია), 56.4 მუხლსა და სამოქალაქო კოდექსის შესაბამის დებულებებზე. სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისათვის სავალდებულო არ არის პირი იქცეოდეს დანაშაულებრივად _ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ბრალით. მთავარია, რომ პირის ქმედება იყოს ზიანის მომტანი. ის ფაქტი, რომ მოპასუხის მოქმედებამ გამოიწვია საზოგადოებისათვის ზიანი, უდავოა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტი. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმისა და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის 2008 წლის 26 მარტის დადგენილება წარმოადგენს დასახელებული საპროცესო ნორმით გათვალისწინებულ შემაჯამებელ გადაწყვეტილებას. სავალდებულო არ არის, რომ ამ დადგენილებით დადგენილი იყოს პირის ბრალეულობა. ამგვარი გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები მტკიცებას არ საჭიროებენ, როდესაც სასამართლო იხილავს საქმეს ამ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ (ტომი III, ს.ფ. 131-140).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე ფ. ა-იანმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი III, ს.ფ. 142-147).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის განჩინებით ფ. ა-იანის საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დანიშნულ ვადაში მის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო (ტომი III, ს.ფ. 167-168).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ბიზნეს ცენტრი სასტუმრო “რ-ის” საკასაციო საჩივარი საუნის გაქირავებით მიღებული 27000 ლარის მოთხოვნის ნაწილში დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, ხოლო დანარჩენი მოთხოვნების ნაწილში არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირობებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა მოპასუხისათვის საუნის გაქირავებიდან მიღებული თანხის _ 27 000 ლარის დაკისრების ნაწილში ექვემდებარება განუხილველად დატოვებას, რამდენადაც აღნიშნული მოთხოვნა მას სარჩელში არ მიუთითებია და არც შემდგომ გაუზრდია დავის საგანი ამ მოთხოვნის გათვალისწინებით, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლიდან გამომდინარე, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოში დაუშვებელია.

რაც შეეხება საკასაციო საჩივარს დანარჩენი მოთხოვნების ნაწილში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, შპს ბიზნეს ცენტრი სასტუმრო “რ-ის” საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.

საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 23 ივნისის განჩინებით კასატორს _ შპს ბიზნეს ცენტრი სასტუმრო “რ-ს” გადაევადა საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის (415.85 ლარი და 150 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი) გადახდა მოცემული საკასაციო წარმოების დასრულებამდე. აღნიშნული განჩინების გამოტანამდე კასატორმა სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 1 000 ლარი. რამდენადაც საკასაციო საჩივარი მოპასუხისათვის 27 000 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი, დასახელებული მოთხოვნის ნაწილში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 5%-ი (1 350 ლარი), რაც თავდაპირველად გათვალისწინებულ იქნა სახელმწიფო ბაჟის თანხის განსაზღვრისას, უნდა გამოაკლდეს სახელმწიფო ბაჟის სახით დასაკისრებელი თანხის ოდენობას (1415.85–1350=65,85 ლარი). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. განსახილველად დარჩენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნებიდან გამომდინარე (მოპასუხისათვის 1 317 ლარისა და 3 000 აშშ დოლარის დაკისრება) შპს ბიზნეს ცენტრი სასტუმრო “რ-ისათვის” სახელმწიფო ბაჟის სახით დასაკისრებელი თანხა შეადგენს 341,85 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით კასატორს გადახდილი აქვს 1 000 ლარი, ხოლო მის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის თანხა შეადგენს 341,85 ლარს, მას უნდა დაუბრუნდეს 658,15 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი თანხა. გარდა ამისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, მას უნდა დაუბრუნდეს თ. ტ-შვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (341,85 ლარი) 70% _ 239,30 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ბიზნეს ცენტრი სასტუმრო “რ-ის” საკასაციო საჩივარი საუნის გაქირავებით მიღებული 27000 ლარის მოთხოვნის ნაწილში დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. დანარჩენი მოთხოვნების ნაწილში შპს ბიზნეს ცენტრი სასტუმრო “რ-ის” საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

3. შპს ბიზნეს ცენტრი სასტუმრო “რ-ს” დაუბრუნდეს თ. ტ-შვილის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 658,15 ლარი;

4. შპს ბიზნეს ცენტრი სასტუმრო “რ-ს” დაუბრუნდეს თ. ტ-შვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (341,85 ლარი) 70% _ 239,30 ლარი;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.