ას-532-500-10 7 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. ნ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – გ. ქ-ავა (მოსარჩელე)
დავის საგანი – მამობის დადგენა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა გ. ქ-ავამ მოპასუხე ლ. ნ-ძის მიმართ და მოითხოვა მაპასუხის მიმართ მამობის დადგენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ქ-ავას სარჩელი დაკმაყოფილდა, 2008 წლის 30 აგვისტოს გარდაცვლილი კ. ი.-ს ძე ნ-ძე ცნობილ იქნა 1986 წლის 10 მარტს დაბადებული გ. ქ-ავას მამად და გ. ქ-ავას მიენიჭა მშობლების შეერთებული გვარი _ ქ-ავა-ნ-ძე, შეტანილ იქნა ცვლილება გ. ქ-ავას დაბადების სააქტო ჩანაწერში და მოსარჩელის გვარის გრაფაში მიეთითა ქ-ავა-ნ-ძე, მამის გრაფაში _ კ. ნ-ძე.
აღნიშნული სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ნ-ძემ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ლ. ნ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: გ. ქ-ავა დაიბადა 1986 წლის 10 მარტს, დაბადების მოწმობაში მოსარჩელის მამის გრაფაში მითითებულია დედის გვარი _ ქ-ავა, ხოლო მამის სახელი კ. ი.-ს ძე, რაც დასტურდება გ. ქ-ავას დაბადების მოწმობით.
კ. ნ-ძე გარდაიცვალა 2008 წლის 30 აგვისტოს, მოპასუხე ლ. ნ-ძე არის კ. ნ-ძის ძმა.
კ. ნ-ძის მამა _ ი.- ნ-ძე, გარდაიცვალა 2001 წლის 13 სექტემბერს, დედა _ ნ. გ-უა, გარდაიცვალა 2006 წლის 17 იანვარს. კ. ნ-ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში არ ყოფილა და შვილები არ ჰყოლია, რაც დასტურდება მხარეთა ახსნა-განმარტებით.
ლ. გ-შვილის და მ. ნ-ძის ჩვენებებით 1985 წლის 29 ივნისს მოსარჩელის დედა ი. ქ-ავა და კ. ნ-ძე ოჯახის შექმნის მიზნით გაიპარნენ სოხუმში.
სასამართლო ეყრდნობა მოწმეების ლ. გ-უას და მ. ნ-ძის ჩვენებებს, რომლის თანახმადაც, ი. ქ-ავა და კ. ნ-ძე სოხუმიდან დაბრუნების შემდეგ ცხოვრობდნენ კ.ს მამის, ი. ნ-ძის ბიძაშვილის სახლში, შემდეგ საცხოვრებლად გადავიდნენ ნაქირავებ ბინაში.
აღნიშნული დასტურდება მოწმე ნ. კ-ძის ჩვენებით, რომელმაც მიუთითეს, რომ ი. ქ-ავა და კ. ნ-ძე რამდენიმე თვე ცხოვრობდნენ ერთად, მაგრამ არა ნებაყოფლობით, არამედ იძულებით მათი ოჯახების შეთანხმებით, აღნიშნული ასევე დასტურდება მოწმე თ. ს-ძის ჩვენებით.
სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტის მითითებას, რომ საქმეის განმხილველმა სასამართოლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი და უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა მოწმის სახით თ. გ-უას დაკითხვის თაობაზე; საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მითითებული მოწმის დაკითხვის შესახებ მოპასუხეს შუამდგომლობა არ აღუძრავს მის მიერ წარდგენილ შესაგებელში, აღნიშნულის თაობაზე არ განუცხადებია საქმეზე ჩატარებულ 2009 წლის 10 ივლისის მოსამზადებელ სხდომაზე; შესაბამისად, სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის მთავარ სხდომაზე მოწმის სახით თ. გ-უას დაკითხვის შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა და მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს თუ რა შემთხვევაში შეიძლება მიჩნეული შუამდგომლობის დაგვიანებით წარდგენის მიზეზი საპატიოდ, ხოლო მოპასუხემ ვერ დაასაბუთა შუამდგომლობის დაგვიანებით წარდგენის მიზეზები.
აღნიშნული საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ნ-ძემ. კასატორმა განმარტა, რომ კასატორის აზრით მნიშვნელოვანია, რომ კ. ნ-ძის გარდაცვალების მომენტისათვის მოსარჩელე 23 იყო და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ დასმულა საკითხი აწ გარდაცვლილი კ. ნ-ძის მხრიდან, რომ მას ჰყავდა შვილი და რომ ის ამ ფაქტობრივ გარემოებას აღიარებდა და ადასტურებდა.
სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობად მიიჩნია სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის 3-ე ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს ბავშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრებას და საერთო მეურნეობის წარმოებას, აღნიშნულის დადგენისას კი სასამართლომ მხელდველობაში მიიღო მოწმეთა ჩვენება, რომელიც ობიექტურად არ იძლევა საფუძველს ასეთი ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ნ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ლ. ნ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ნ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
ლ. ნ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (300 ლარის) 70% - 210 ლარი;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.