Facebook Twitter

ას-533-501-2010 12 ივლისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ კ. მ-იანი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ბ-შვილი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტა, ნივთის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. მ-იანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ბ-შვილის მიმართ, მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მხარეთა შორის 2007 წლის 12 აპრილს გაფორმებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტისა და მოსარჩელის კუთვნილი ქ.თბილისში, ... ¹24 კორპუსში მდებარე ¹5 საცხოვრებელი ბინის დაბრუნების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით კ. მ-იანის სარჩელი მოპასუხე ნ. ბ-შვილი მიმართ სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. მ-იანმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 იანვრის განჩინებით კ. მ-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

საპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. მ-იანმა. კასატორმა წარმოადგინა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “მ1” პუნქტის საფუძველზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინებით კ. მ-იანის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რადგანაც სასამართლო ხარჯების განსაზღვრისათვის მხარის მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულ ნორმასთან შედარებით უფრო სპეციალურ კანონს წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ამასთან დასახელებული კოდექსის 46-ე მუხლის (სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლება) პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირის სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გასათავისუფლებლად იმპერატიულად მოითხოვს, რომ პირი განეკუთვნებოდეს საარსებო შემწეობის მიმღებთა კატეგორიას, რაც უნდა დადასტურდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული სათანადო მტკიცებულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ბაჟისაგან გათავისუფლების სუბიექტად ვერ იქნება მიჩნეული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან მოცემული დავის საგანი ხელშეკრულების გაუქმებასთან ერთად არის მისგან წარმოშობილი უძრავი ნივთის დაბრუნება, საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება განისაზღვრა ქონებრივი დავის საგნის ღირებულების შესაბამისად, ამასთან, ამავე კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით სასამართლოს მიერ გაზიარებულ იქნა კასატორის მიერ მითითებული საჩივრის საგნის ღირებულება _ 15000 ლარი და საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად განისაზღვრა 750 ლარით.

ამდენად, 2010 წლის 9 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კ.მ-იანს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულების (საარსებო შემწეობის მიღების დამადასტურებელი ცნობის) ან სახელმწიფო ბაჟის _ 750 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 9 ივნისის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა და ჩაბარდა კასატორს 2010 წლის 19 ივნისს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კ.მ-იანს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კ. მ-იანის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დავის მიმართ დაკარგა ინტერესი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 9 ივნისის განჩინებით კ.მ-იანის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულების (საარსებო შემწეობის მიღების დამადასტურებელი ცნობის) ან სახელმწიფო ბაჟის _ 750 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებაში მითითებული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრა 4 (ოთხი) დღით.

ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 9 ივნისის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა კ. მ-იანს საქმეში მითითებულ მისამართზე და ადრესატს ჩაბარდა 2010 წლის 19 ივნისს (იხ. ტ.II ს.ფ.141).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. დასახელებული ნორმა სასამართლოს უდგენს ალტერნატიულ ვალდებულებას სასამართლოს შეტყობინება საპროცესო მოქმედების შესრულების დროის შესახებ (საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ) აცნობოს ნორმაში მითითებულ სუბიექტთაგან ერთ-ერთს _ მხარეს ან მის წარმომადგენელს და მითითებულთაგან ერთ-ერთისათვის ჩაბარება საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმების თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის დადგენილი ოთხდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 20 ივნისს და ამოიწურა ამავე თვის 23 ივნისს, აღნიშნულ ვადაში მხარეს სასამართლოსათვის შუამდგომლობით არ მოუმართავს და არც ხარვეზი გამოუსწორებია, რაც კ. მ-იანის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კ. მ-იანის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.