ას-533-506-2011 23 მაისი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ კ. თ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ზ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი _ თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 19 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ნ. ზ-მა მოპასუხე კ. თ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხესთან ქორწინების შეწყვეტა, აგრეთვე, თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფა, კერძოდ, თბილისში, ... ქ.¹5-ში მდებარე მოპასუხის სახელზე რიცხული სახლისა და მიწის ნაკვეთის 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობა (ტომი 2, ს.ფ. 1-12).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყდა ნ. ზ-სა და კ. თ-ეს შორის 1982 წლის 23 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება სააქტო ჩანაწერი ¹356, ნ. ზ-ი ცნობილ იქნა მოპასუხის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, კერძოდ, ქ.თბილისში, ... ქ.¹5-ში მდებარე ¹38 ბინის 1/2 წილის მესაკუთრედ. ამავე გადაწყვეტილებით კ. თ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 827 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელე ნ. ზ-ი 1982 წლის 23 იანვრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე კ. თ-ესთან;
მხარეთა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, 1992 წელს, სამშენებლო კომპანია ,,... ...სა» და კ. თ-ეს შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მენარდემ იკისრა შემკვეთისათვის საცხოვრებელი სახლის აშენება თბილისში, ჩიქოვანის ქუჩის ¹30-ში. 1992 წელს შემკვეთის მიერ გადახდილ იქნა კონტრაქტის ღირებულება 3 400 000 მანეთი;
ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულებაზე შემკვეთ კ. თ-ესა და შპს ,,... ...ს» შორის მიმდინარეობდა სასამართლო დავა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის გადაწყვეტილებით კ. თ-ეს საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება _ ბინა ¹19, რომელიც მდებარეობდა ჩიქოვანის ქუჩის ¹30-ში, მე-2 კორპუსის მე-2 სადარბაზოს მე-2 სართულზე;
გაცვლის ხელშეკრულების თანახმად, კ. თ-ემ ჩიქოვანის საცხოვრებელი ბინა შპს ,,... ...ს» გაუცვალა თბილისში, ... ¹5-ში მე-2 სადარბაზოს პირველ სართულზე მდებარე ¹38 ბინაში, ფართით 62 კვ.მ;
სადავო ქონება _ ქ.თბილისში, ... ¹5-ში მე-2 სადარბაზოს პირველ სართულზე მდებარე 38 ბინა, ფართით 62კვ.მ, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია კ. თ-ის საკუთრებად;
მხარეთა შორის საქორწინო საოჯახო ურთიერთობა შეწყვეტილი იყო 1993 წლიდან, ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ და საოჯახო ურთიერთობის აღდგენა მათ შორის შეუძლებელი იყო, მოპასუხეს შექმნილი ჰქონდა მეორე ოჯახი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება გულისხმობს ქორწინების პერიოდში შეძენილ ყოველგვარ ქონებას (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით. მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებას განეკუთვნება ხელფასი და სხვა ფულადი შემოსავლები, მიუხედავად იმისა, თუ ვის სახელზეა რიცხული. მეუღლეებს თანაბარი უფლებები აქვთ ქონებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. ამდენად, მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებისადმი ამა თუ იმ ქონების მიკუთვნებისათვის მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ ქონება შეძენილი უნდა იყოს მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში ერთობლივი შრომითა და საერთო სახსრებით.
საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა. ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ. ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკივდრეობით ან ჩუქებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ბინის ღირებულება გადახდილი იყო მხარეთა რეგისტრირებული ქორწინების დროს, მაშინ როდესაც ისინი ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ და საერთო მეურნეობას ეწეოდნენ. ის გარემოება, რომ მოპასუხისათვის ბინის შესაძენი თანხა შპს ,,... ...მ» გადაურიცხა შპს «... ...ს», ვერ შეცვლიდა ამგვარი თანხით შეძენილი ქონების სამართლებრივ რეჟიმს.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საჯარო რეესტრი წარმოადგენს საჯარო-სამართლებრივ ინსტიტუტს, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძოსამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, სახელდობრ, როგორიცაა უძრავ ნივთებზე საკუთრება და სხვა სანივთო უფლებები. საჯარო რეესტრის ძირითადი დანიშნულება მდგომარეობს იმაში, რომ იგი ასრულებს მოწესრიგებული სამოქალაქო ბრუნვის გარანტის ფუნქციას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ფაქტიური საოჯახო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, სადავო ქონების საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების აღრიცხვით, ეს ქონება ვერ ჩაითვლება ინდივიდუალურ საკუთრებად, თუ იგი შეძენილი იყო მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში ერთობლივი შრომითა და საერთო სახსრებით.
რამდენადაც კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ბინის ღირებულება გადახდილ იქნა ქორწინების დროს, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბინა წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას და მასზე ვრცელდებოდა მეუღლეთა თანასაკუთრების სამართლებრივი რეჟიმი.
სასამართლომ განმარტა, რომ გაცვლის ხელშეკრულებით მხარეებს ეკისრებათ ქონებაზე საკუთრების უფლების ურთიერთგადაცემა. გაცვლის ხელშეკრულებით ყოველი მხარე ითვლება იმ ქონების მყიდველად რასაც ცვლის და იმის გამყიდველად რასაც სანაცვლოდ იღებს.
სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ ქორწინების განმავლობაში ჩიქოვანის ქუჩაზე შეძენილი უძრავი ქონება გაცვალა ქ.თბილისში, ... ¹5-ში მდებარე ¹38 ბინაზე, რა დროსაც ერთ ნივთზე საკუთრების უფლებას ჩაენაცვლა მეორე ნივთზე საკუთრების უფლება, რომელიც სასამართლოს აზრით ასევე მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებად უნდა მიჩნეულიყო და მასზე უნდა გავრცელებულიყო მეუღლეთა თანასაკუთრების სამართლებრივი რეჟიმი (ტომი 1, ს.ფ. 152-156).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს მიეკუთვნა სადავო უძრავი ქონების 1/2 ნაწილი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. თ-ემ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი 1, ს.ფ. 162-171).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინებით კ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ნ. ზ-ი და კ. თ-ე 1982 წლის 23 იანვრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.
მხარეთა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, 1992 წელს, სამშენებლო კომპანია ,,... ...სა» და კ. თ-ეს შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მენარდემ იკისრა შემკვეთისათვის ქ.თბილისში, ... ქუჩის ¹30-ში საცხოვრებელი სახლის აშენების ვალდებულება;
1992 წლის 1 ოქტომბერს ფირმა ,,... ...მ» კ. თ-ის სასარგებლოდ ფირმა «... ...ს» გადაურიცხა ხელშეკრულების ღირებულება 3 400 000 მანეთი;
ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით შემკვეთ კ. თ-ესა და შპს ,,... ...ს» შორის მიმდინარეობდა სასამართლო დავა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით კ. თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მას საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება _ ბინა ¹19, რომელიც მდებარეობდა ... ქუჩის ¹30-ში, მე-2 კორპუსის მე-2 სადარბაზოს მე-2 სართულზე. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
2009 წლის 17 ივლისს გაფორმებული გაცვლის ხელშეკრულებით კ. თ-ემ შპს «... ...ის» მიმართ მოთხოვნა _ საკუთრებაში მიეღო ქ.თბილისში, ჩიქოვანის ქ.¹30-ში, მე-2 კორპუსში, მე-2 სადარბაზოში, მე-2 სართულზე მდებარე ¹19 საცხოვრებელი ბინა, შპს ,,... ...ს» გაუცვალა ქ.თბილისი, ვ.გ-ის ქ.¹5-ში მდებარე ¹38 ბინაში;
ქ.თბილისში, ... ¹5-ში მდებარე სადავო ქონება, (სადარბაზო 2, სართული 1, ბინა 38 ფართით 62 კვ.მ), საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია კ. თ-ის საკუთრებად;
მხარეები 1993-1994 წლებიდან ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. აღნიშნული დასტურდებოდა კ. თ-ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიცემული ახსნა-განმარტებით;
ფირმა ,,... ...ს» მიერ ფირმა «... ...ისთვის» გადარიცხული ნარდობის ხელშეკრულების ფასი _ 3 400 000 მანეთი წარმოადგენდა კ. თ-ის და ნ. ზ-ის ოჯახისთვის გაკეთებულ საჩუქარს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტ კ. თ-ის მტკიცება, რომ აღნიშნული თანხა პირადად მას აჩუქეს, შემდეგი გარემოებების გამო:
მეუღლეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპიდან (სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლი), საოჯახო საკითხების ერთობლივად გადაწყვეტის უფლებიდან (სამოქალაქო კოდექსის 1155-ე მუხლი), თანასაკუთრებაში არსებული ქონების ურთიერთშეთანხმებით მართვისა და განკარგვის უფლება-მოვალეობებიდან (სამოქალაქო კოდექსის 1159-1160-ე მუხლები) გამომდინარე, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ ძვირად ღირებული საჩუქარი, რომელიც თავისი დანიშნულებით არ წარმოადგენს ინდივიდუალური მოხმარების ნივთს, წარმოადგენს ოჯახისთვის გაკეთებულ საჩუქარს, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლისთვის არის იგი გადაცემული. აღნიშნულის საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელიც სადავოს ხდის ამ გარემოებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ბინის შესაძენად ფირმა «... ...ს» მიერ გადარიცხული თანხა აჩუქეს პირადად კ. თ-ეს, აწევდა აპელანტს, რომელმაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად ვერ დაადასტურა მითითებული ფაქტობრივი გარემოება.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია ასევე იმ გარემოებაზე, რომ თანხა ფირმა ,,... ...ს» მეშვეობით მენარდეს გადაუხადა (გადაურიცხა) კ. თ-ის და ნ. ზ-ის ოჯახის ახლობელმა პირმა, შვილის ნათლიამ. აღნიშნული გარემოება მხარეებს პირველი ინსტანციის სასამართლოში სადავოდ არ გაუხდიათ.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ფირმა ,,... ...ს» მიერ შპს ,,... ...ის» ანგარიშზე საცხოვრებელი სახლის შეძენის მიზნით გადარიცხული თანხა წარმოადგენდა მეუღლეთა დასაჩუქრებით მიღებულ ქონებას, ვინაიდან, აღნიშნული თანხა გადაირიცხა ოჯახის ახლობლის მიერ ოჯახის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად _ საცხოვრებელი ბინის შესაძენად. ამასთან, საცხოვრებელი სახლი ქონების ისეთ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც ოჯახის ყოლის პირობებში ინდივიდუალური მოხმარების დანიშნულება არ გააჩნია.
სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. განსახილველი ნორმის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია, რომ ეს ქონება მეუღლეთა თანსაკუთრებად მივიჩნიოთ.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგინდა, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი, რომელიც საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია კ. თ-ის სახელზე, წარმოადგენდა ნ. ზ-ის და კ. თ-ის რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას, ვინაიდან, ნარდობის ხელშეკრულების დადების ნება კ. თ-ემ გამოავლინა რეგისტრირებული ქორწინების დროს მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში, ამავე პერიოდშივე იქნა გადარიცხული ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხაც, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ქონება მეუღლეთა საერთო ქონებას (თანასაკუთრებას) წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ ქ.თბილისში, ... ქ.¹5-ში მდებარე ¹38 საცხოვრებელი ბინა მან შეიძინა 2009 წელს, მაშინ როდესაც ის და მოწინააღმდეგე მხარე ერთად აღარ ცხოვრობდნენ და შესაბამისად, წარმოადგენდა მხოლოდ მის ინდივიდუალურ საკუთრებას. სასამართლოს მითითებით, რამდენადაც ბინის შეძენა მოხდა მეუღლეთა საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გაცვლის შედეგად, შესაბამისად, შეძენილი ქონებაც მიჩნეული უნდა ყოფილიყო მეუღლეთა თანასაკუთრებად.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მიერ მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ მენარდისათვის ფირმა ,,... ...ს» მიერ გადარიცხული თანხა წარმოადგენდა მის ინდივიდუალურ ქონებას, რადგან აღნიშნული თანხა მან მიიღო ჩუქებით, რაც შემდეგი არგუმენტებით დაასაბუთა:
სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა. ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ. ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით. ამ მუხლის შინა... ...იდან გამომდინარე, ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა მიერ ჩუქებით მიღებული ქონება, წარმოადგენს მათ ინდივიდუალურ საკუთრებას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ფირმა ,,... ...ს» მიერ შპს ,,... ...ის» ანგარიშზე საცხოვრებელი სახლის შეძენის მიზნით გადარიცხული თანხა წარმოადგენდა ოჯახისთვის გაკეთებულ საჩუქ... ..., ვინაიდან, აღნიშნული თანხა გადაირიცხა ოჯახის ახლობლის მიერ ისეთი ნივთის შესაძენად, რომელიც ემსახურება ოჯახის საერთო მიზნებს და მოკლებულია ინდივიდუალური მოხმარების ხიასიათს (ტომი 2, ს.ფ. 56-66).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. თ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.
კასატორის ზემოაღნიშნული მოთხოვნის საფუძვლები შემდეგში მდგომარეობს:
ფირმა ,,... ...ს» მიერ ფირმა «... ...ისათვის» გადახდილი ნარდობის ხელშეკრულების ფასი _ 3 400 000 მანეთი წარმოადგენს მოპასუხისათვის გადაცემულ საჩუქარს იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ბინის შესაძენად ფირმა «... ...ს» მიერ გადარიცხული თანხა წარმოადგენდა პირადად კ. თ-ის საჩუქარს. სასამართლომ დააკისრა თავად კ. თ-ეს, რაც კასატორის აზრით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპის უგულებელყოფის შედეგია. საქმეზე წარმოდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით (რომელიც უცვლელად დატოვა უზენაესმა სასამართლომ) უდავოდ დასტურდება, რომ ფირმა «... ...» ფირმა «... ...ში» გადარიცხული 3 400 000 მანეთის გამგებლობის უფლებას ანიჭებს კ. თ-ეს, რომლითაც მან გადაიხადა ნარდობის ხელშეკრულების ღირებულება. სააპელაციო სასამართლომ ვარაუდების საფუძველზე დაასკვნა, რომ თუკი მოპასუხე საწინააღმდეგოს არ დაადასტურებდა, სადავო ბინა წარმოადგენდა ოჯახის საჩუქარს;
სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ 1993 წლიდან მასა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის ფაქტობრივად შეწყდა საოჯახო ურთიერთობა და ისინი ცხოვრობენ ცალ-ცალკე;
სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად, საქმეში არ ჩააბა მისი მეუღლე თ.სიხარულიძე, რომელთან ერთადაც მას აქვს ოჯახი, იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში 2003 წლის 8 აგვისტოდან და მის მიერ შპს «... ...ის» წინააღმდეგ წარმოებული 6-წლიანი სასამართლო დავების შედეგად 2009 წელს მოიპოვა საკუთრების უფლება სადავო ბინაზე;
სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა სააპელაციო შესაგებელში მოწინააღმდეგე მხარის განმარტებას, რომ ფირმა «... ...მ» კომპანია «... ...ში» თანხა გადარიცხა მათი ერთ-ერთი შვილისათვის უძრავი ქონების შეძენის მიზნით. იმის გამო, რომ მეუღლეების შვილი არასრულწლოვანი იყო, ამიტომ კანონიერი წარმომადგენლის სახით ურთიერთობაში გამოვიდა კ. თ-ე.
კასატორი აღნიშნავს, რომ მან მხოლოდ ზემომითითებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და გაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე მოიპოვა საკუთრების უფლება სადავო ბინაზე 2009 წლის ივლისში. საქმის მასალებით აშკარად დასტურდება, რომ ნარდობის ხელშეკრულების გაფორმების, მისი ღირებულების გადახდის, 2003 წლიდან 6-წლიანი სასამართლო დავებისა და სადავო ბინაზე საკუთრების მოპოვების პროცესებში ნ. ზ-ს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, ეს უკანასკნელი რაიმე მტკიცებულებით ვერ დაადასტურებდა საპირისპიროს. მით უფრო, რომ ისინი 1993 წლიდან ერთად აღარ ცხოვრობენ. ამ გარემოებას თავად მოსარჩელეც აღიარებდა სარჩელში. ამდენად, სადავო ბინა კ. თ-ძისა და მისი მეუღლის თ. ს-ძის ქორწინებისა და თანაცხოვრების პერიოდშია შეძენილი, მათი ერთობლივი მოქმედებით და ძალისხმევით არის შექმნილი (ტომი 2, ს.ფ. 68-76).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 აპრილის განჩინებით კ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ. თ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.