Facebook Twitter

ას-534-502-2010 19 ივლისი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. კვანტალიანი, ვ. როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ ე, ც. და ზ. ნ-შვილები

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ჟ. ჯ-ია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 თებერვლის განჩინება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 10 დეკემბერს ჟ. ჯ-იამ სარჩელი აღძრა სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ც, ზ. და ე. ნ-შვილების წინააღმდეგ. მოსარჩელემ მოითხოვა თბილისში, ... I შესახვევის ¹7 კორპუსში მდებარე მისი კუთვნილი ბინის გამოთხოვა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან, მათი გამოსახლება და თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისთვის ბინის ჩაბარება.

სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ ბინა შეიძინა 2007 წლის 26 ოქტომბერს და მას შემდეგ მის საკუთრებას წარმოადგენს, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით. მოპასუხე აღნიშნულ უძრავ ქონებას ფლობს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და უარს აცხადებს ბინის დაბრუნებაზე და ქირის გადახდაზეც, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია (ტომი I, ს.ფ. 4-16).

მოპასუხეეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სადავო ბინის ნასყიდობის შესახებ დადეს ზეპირი შეთანხმება ი. ს-რგასთან, რომელიც იყო უძრავი ქონების მესაკუთრე. მხარეები შეთანხმდნენ რომ თანხის ნახევარს ც. ნ-შვილი გადაიხდიდა მაშინვე, ხოლო მეორე ნახევრს _ ი. ს-რგას საქართველოში დაბრუნების შემდეგ, რომელიც მოსკოვში უნდა წასულიყო, თუმცა ეს უკანასკნელი საქართველოში აღარ დაბრუნებულა. მოპასუხეებმა ასევე სადაოდ მიიჩნიეს ი. ს-რგასა და ჟ. ჯ-იას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. მოპასუხის აზრით მინდობილობა თავის დროზე იქნა გაყალბებული და შესაბამისად მასზე დაყრდნობით დაიდო ნასყიდობა (ტომი I, ს.ფ. 22-30).

სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ჟ. ჯ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა: ჟ. ჯ-იას კუთვნილი უძრავი ქონება _ ქ. თბილისში, ... შესახვევევი I, კორპუსი ¹7, ბინა 4, გამოთხოვილ იქნა ც. ზ. და ე. ნ-შვილების უკანონო მფლობელობიდან და ისინი გამოსახლებულ იქნენ აღნიშნული ბინიდან;

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 19 ოქტომბერს და 26 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე მოსარჩელე ჟ. ჯ-იამ ი. ს-რგასგან შეიძინა სადავო უძრავი ქონება. ი. ს-რგას ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას წარმოადგენდა მისი ნდობით აღჭურვილი პირი თ. შ-ია. მართალია, აღნიშნულ ბინაში ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ცხოვრობდნენ მოპასუხეები, მაგრამ მოსარჩელესთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შემდეგ მათ უძრავი ნივთის ფლობის არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ. მოსარჩელის მხრიდან ბინისა და დამხმარე სათავსის კანონიერად ფლობის დამადასტურებლად სასამართლომ უტყუარ მტკიცებულებად მიიჩნია წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებები და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები _ ამონაწერები საჯარო რეესტრიდან.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლზე, რომლის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია კანონსმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხეებს არ ჰქონდათ სადავო ქონების ფლობის უფლება (ტომი I, ს.ფ. 129)

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე, ზ. და ც. ნ-შვილებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი I, ს.ფ. 134-140).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 თებერვლის განჩინებით ე, ზ. და ც. ნ-შვილების სააპელაციო საჩივარო არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება, რომ მათ გააჩნიათ სადავო უძრავი ქონების ფლობის უფლება და ამასთან დაკავშირებით განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან გამომდინარე, აღნიშნული გარემოება არ დასტურდება, რადგან ჟ. ჯ-იასა და აპელანტებს შორის არ არსებობს რაიმე შეთანხმება სადავო ბინით სარგებლობის შესახებ. ბინის ყოფილი მესაკუთრე ი. ს-რგას მიერ აპელანტების მიმართ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოადგენს სხვა დავის საგანს და არა მოცემული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და ამ მოთხოვნით შესაბამისი სარჩელი სასამართლოში არ ყოფილა აღძრული. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის პრეტენზია იმის შესახებ, რომ სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა ი. ს-რგას მიერ მისი კუთვნილი ქონების გასხვისების უფლებით გაცემულ მინდობილობათა ნამდვილობაზე (ტომი II, ს.ფ. 73-79).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ე, ზ. და ც. ნ-შვილებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად უკან დაბრუნება.

კასატორები აღნიშნავენ, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, როცა მიიჩნია, რომ კასატორებს არ გააჩნიათ უძრავი ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ნ-შვილები აღნიშნულ ბინაში ცხოვრობენ 1993 წლიდან, რასაც საფუძვლად დაედო ი. ს-რგასა და კასატორებს შორის ზეპირი შეთანხმება ბინის ნასყიდობის შესახებ.

კასატორები ასევე სადავოდ ხდიან თ. შ-იას სახელზე გაცემულ მინდობილობას და აღნიშნავენ, რომ მინდობილობა გაყალბებულია (ტომი II, ს.ფ. 88-94).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე, ც. და ზ. ნ-შვილების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ. გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, ე, ც. და ზ. ნ-შვილების საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ე, ც. და ზ. ნ-შვილებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ე. ნ-შვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე, ც. და ზ. ნ-შვილების საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. ე, ც. და ზ. ნ-შვილებს დაუბრუნდეთ ე. ნ-შვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.