ას-536-504-2010 26 ივლისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძესაქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ი. ე-ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ბ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ შვილთან ურთიერთობის დღეების განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ბ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ე-იას მიმართ შვილის ნახვისათვის ყოველკვირეულად დროის _ პარასკევს, დღის 11.00 საათიდან ორშაბათს დღის 11.00 საათამდე განსაზღვრის, ზაფხულში ერთი თვის განმავლობაში, 15 ივლისიდან 15 აგვისტომდე, ხოლო ზამთარში ერთი კვირით შვილის დასასვენებლად წაყვანის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2006 წლის 18 ივნისს ზ. ბ-ძე დაქორწინდა მოპასუხე ი. ე-იაზე. 2007 წლის 15 თებერვალს მათ შეეძინათ შვილი _ თ. ბ-ძე. 2009 წლის 23 აგვისტოდან მოპასუხე უარს ამბობდა მოსარჩელის მიმართ ბავშვის ნახვის უფლებაზე.
მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და დაეთანხმა მოსარჩელის მიერ შვილის წაყვანას მხოლოდ შაბათობით ღამით დატოვების გარეშე ბავშვის მცირეწლოვნობის გამო, რადგან იგი საჭიროებს დედის მეთვალყურეობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ზ. ბ-ძეს მცირეწლოვან შვილთან _ 2007 წლის 15 თებერვალს დაბადებულ თ. ბ-ძესთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა ყოველკვირეულად სამშაბათს 18.00 საათიდან 21.00 საათამდე და პარასკევს 18.00 საათიდან შაბათის 19.00 საათამდე წაყვანის უფლებით, ასევე ზაფხულის არდადეგების პერიოდში _ 10 დღე, ხოლო ზამთრის არდადეგების პერიოდში _ 5 დღე წაყვანის უფლებით.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ზ. ბ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ზ. ბ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ზ. ბ-ძეს შვილთან, 2007 წლის 15 თებერვალს დაბადებულ თ. ბ-ძესთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა დრო ყოველკვირეულად სამშაბათს 18.00 საათიდან ოთხშაბათის დღის 10.00 საათამდე და პარასკევს 18.00 საათიდან შაბათის 19.00 საათამდე წაყვანის უფლებით, ზაფხულის არდადეგების პერიოდში ყოველი თვის განმავლობაში 7 დღე, ზამთრის არდადეგების პერიოდში _ 5 დღე წაყვანის უფლებით, შემდეგ გარემოებათა გამო: 2006 წლის 18 ივნისს ზ. ბ-ძე და ი. ე-ია დაქორწინდნენ. ერთად ცხოვრების პერიოდში, 2007 წლის 15 თებერვალს შეეძინათ შვილი _ თ. ბ-ძე. ამჟამად მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მცირეწლოვანი თ. ბ-ძე ცხოვრობს დედასთან _ ი. ე-იასთან. 2009 წლის აგვისტოში მცირეწლოვანი თ. ბ-ძე 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდა დასასვენებლად ზღვაზე ზ. ბ-ძის მშობლებთან ერთად. თ. ბ-ძე დადის ბაგა-ბაღში, რომელიც ფუნქციონირებს დილის 9.00 საათიდან საღამოს 18.00 საათამდე. მოსარჩელე ზ. ბ-ძე შვილთან ურთიერთობაში ხასიათდება დადებითად.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, 1199-ე მუხლით, 1202-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, ისანი-სამგორის რაიონის სოციალური მომსახურების ცენტრის, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოს მიერ, არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების დაცვის მიზნით წარდგენილი 2009 წლის 13 ოქტომბრის ¹02/59 დასკვნით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ დროში მოსარჩელისათვის შვილის ნახვის უფლების მიცემით, მოსარჩელეს შეეზღუდა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებები, ვინაიდან დადგენილ დროში შეუძლებელი იქნება მამა-შვილს შორის რაიმე აღმზრდელობითი ურთიერთობის დამყარება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ზ. ბ-ძეს შვილთან, 2007 წლის 15 თებერვალს დაბადებულ თ. ბ-ძესთან ურთიერთობისათვის განესაზღვროს დრო ყოველკვირეულად სამშაბათის 18.00 საათიდან ოთხშაბათს დღის 10.00 საათამდე და პარასკევის 18.00 საათიდან შაბათს 19.00 საათამდე წაყვანის უფლებით, ასევე ზაფხულის არდადეგების პერიოდში ყოველი თვის განმავლობაში 7 დღე, ხოლო ზამთრის არდადეგების პერიოდში _ 5 დღე წაყვანის უფლებით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ი. ე-იამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ გაითვალისწინა ი.ე-იას მითითება მოპასუხის მიერ ალკოჰოლის ხშირი მოხმარების თაობაზე, რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენდა ბავშვის ფსიქიკაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები _ მოწმეთა ჩვენებები, რაც სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა. პალატამ, მართალია, იხელმძღვანელა იმავე სამართლებრივი საფუძვლებით, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ, მაგრამ არასწორად განმარტა კანონი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივნისის განჩინებით ი. ე-იას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია შვილთან ურთიერთობის დღეების განსაზღვრა. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომელიც ემყარება სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მეხუთე ნაწილს, 1199-ე მუხლს, 1202-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ი. ე-იას უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2010 წლის 21 ივნისს მ. ა-ძის მიერ გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. ე-იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ ი. ე-იას დაუბრუნდეს 2010 წლის 21 ივნისს მ. ა-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 % _ 105 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.