ას-536-509-2011 15 აპრილი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ ინდ. მეწარმე მ. ტ-ში, რ. კ-შვილი, გ. ლ-ძეე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს «ტბ-ი» (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 აინვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული დავალიანების ანაზღაურება, მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს «ტბ-მა» სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდ. მეწარმე მ. ტ-შის, რ. კ-შვილისა და გ. ლ-ძეის მიმართ და მოითხოვა სს «ტბ-ის» სასარგებლოდ მ. ტ-შისათვის 63 445,36 აშშ დოლარის (ძირი – 27 559,28 აშშ დოლარი, პროცენტი – 9 925,08 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 25 961 აშშ დოლარი), რ. კ-შვილისა და გ. ლ-ძეისათვის მ. ტ-შთან ერთად სოლიდარულად თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული მაქსიმალური თანხის – 39 331 აშშ დოლარის დაკისრება, გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ანაზღაურება კი ქ.თბილისში, ...ის დასახლების III მიკრორაიონის მე-5 კვარტლის მე-10 კორპუსში, მესამე სადარბაზოს მე-5 სართულზე მდებარე 54.00 კვ.მ გ. ლ-ძეის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული ¹61 ბინის აუქციონზე რელიზაციის გზით მოითხოვა.
წერილობითი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ სარჩელში არასწორად იყო განსაზღვრული დავალიანების ოდენობა 63 445,36 აშშ დოლარი, ვინაიდან მ. ტ-შის მიერ, ძირითადი თანხის გათვალისწინებით, გადახდილი იყო 15 000 დოლარზე მეტი, არასწორად იყო განსაზღვრული პროცენტისა და პირგასამტეხლოს ოდენობაც. მსესხებლის მიერ თანხის გადაუხდელობით, მოსარჩელეს ზიანი არ მიდგომია, მათ შორის, მიუღებელი შემოსავლის სახით და ამგვარი ვერ იქნება ის პროცენტი, რაც საკრედიტო ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. ამასთან, მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ მოსარჩელეს მ. ტ-ში უნდა გაეთავისუფლებინა ზედმეტად გადასახდელი პროცენტისა და ჯარიმის თანხის 80%-ის გადახდისაგან.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე რ. კ-შვილმა და გ. ლ-ძეემ განმარტეს, რომ სარჩელს ცნობდნენ 35 000 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში, საიდანაც ძირითადი თანხა 27 559,28 აშშ დოლარია, ხოლო 7 440,72 აშშ დოლარი _ სარგებელი (პროცენტი) და პირაგსამტეხლო ერთად აღებული. გ. ლ-ძეემ კი სარჩელი არ ცნო იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს «ტბ-ის» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე მ. ტ-შს სს «ტბ-ის» სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 2008 წლის 29 ივლისის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან (¹ვზ 0169) და დამატებითი საკრედიტო ხელშეკრულებიდან (¹ვზ 0169) გამომდინარე დავალიანება: ძირითადი თანხა _ 27 559,28 აშშ დოლარი, პროცენტი _ 9 925,08 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო _ 5 000 აშშ დოლარი, სულ _ 42 484,36 აშშ დოლარი, მოპასუხეებს: რ. კ-შვილსა და გ. ლ-ძეეს სს «ტბ-ის» სასარგებლოდ მ. ტ-შთან ერთად სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 39 331 აშშ დოლარი, გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდევინება განხორციელდა სს «ტბ-ის» სასარგებლოდ ქ.თბილისში, ...ის დასახლების მე-3 მიკრორაიონის მე-5 კვარტლის მე-10 კორპუსის მე-3 სადარბაზოს მე-5 სართულზე მდებარე, იპოთეკით დატვირთული 54.00 კვ.მ ფართის ¹61 ბინის (საკადასტრო კოდი ¹....) აუქციონზე რეალიზაციის გზით, ამავე გადაწყვეტილებით სს «ტბ-ს» უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს _ 20 961 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით ინდ. მეწარმე მ. ტ-შის, რ. კ-შვილისა და გ. ლ-ძეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს ,,ტბ-ის» სარჩელი ძირითადი თანხისა და პროცენტის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე მ. ტ-შს სს «ტბ-ის» სასარგებლოდ 2008 წლის 29 ივლისის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან (¹ვზ 0169) და დამატებითი საკრედიტო ხელშეკრულებიდან (¹ვზ 0169) გამომდინარე ძირითადი თანხისა და პროცენტის სახით დაეკისრა 35 379,91 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 25 454,83 აშშ დოლარი, პროცენტი _ 9 925,08 აშშ დოლარი, პირგასამტეხლოს სახით _ 5 000 აშშ დოლარი, სულ _ 40 379,91 აშშ დოლარი, ასევე განისაზღვრა სასამართლო ხარჯები.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ინდ. მეწარმე მ. ტ-შის, რ. კ-შვილისა და გ. ლ-ძეის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ამავე კოდექსის 397-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამდენად, მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, კანონმდებელი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის იმპერატიულად ადგენს ერთთვიან ვადას. აღნიშნული ვადის დენა იწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების მოდავე მხარეთათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გადაცემის დღიდან და მისი გაგრძელების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
მოცემული საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება აპელანტთაგან გაეგზავნა გ. ლ-ძეეს მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე და 2011 წლის 25 თებერვალს აღნიშნულ მისამართზე სასამართლო შეტყობინება ჩაბარდა მ. ტ-შს (იხ.ტ.II, ს.ფ.88).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინება ეგზავნება უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს და კანონმდებელი მითითებულ პირთაგან ერთ-ერთისათვის კორესპოდენციის ჩაბარებას განიხილავს კანონმდებლობით დადგენილი ან სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დენის დასაწყისად.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემული დავის საგანი ვალდებულების სოლიდარულად შესრულებაა, ამდენად ერთ მხარეს მოდავე პირთაგან ერთ-ერთისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ამ მხარეს მონაწილე ყველა მხარისათვის ჩაბარებად უნდა იქნას მიჩნეული. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრებისათვის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი ერთთვიანი ვადის დენა ამავე კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაიწყო 2011 წლის 25 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 25 მარტს.
საქმეში წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე დასმული შტამპის თანახმად, ინდ. მეწარმე მ. ტ-შმა, რ. კ-შვილმა და გ. ლ-ძეემ სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართა 2011 წლის 1 აპრილს (აღნიშნული ასევე დასტურდება საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღით), სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევით.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოცემული საკასაციო საჩივარი შეტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საპროცესო ვადის დარღვევით, არ არსებობს მისი წარმოებაში მიღების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ინდ. მეწარმე მ. ტ-შის, რ. კ-შვილისა და გ. ლ-ძეის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 იანვრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.