Facebook Twitter

ას-538-506-2010 30 სექტემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – შპს ,,კ.” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს სახელმწიფო, საჯარო სამსახურის, მუნიციპალური დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი მომსახურების მუშაკთა პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირის თავმჯდომარე თ. ხ-ძე (მოპასუხე)

დავის საგანი – სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარება, სხდომის ოქმის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს “კ.-მ” სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო, საჯარო სამსახურის, მუნიციპალური დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი მომსახურების მუშაკთა პროფესიული კავშირისა და კავშირის თავმჯდომარე თ. ხ-ძის მიმართ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარებისა და სხდომის ოქმის ბათილად ცნობის შესახებ.

საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მიერ და ბოლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “კ.-ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს ,,კ.-მ”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 იანვრის განჩინებით შპს ,,კ.-ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სახელმწიფო, საჯარო სამსახურის, მუნიციპალური დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი მომსახურების მუშაკთა პროფესიული კავშირის ცენტრალური საბჭოს გამგეობის 2006 წლის 27 ნოემბრის ¹7-1 სხდომის ბათილად ცნობისა და სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარების მიმართ აპელანტის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს მითითებული ოქმის საფუძველზე საჯარო რეესტრში სადავო ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება და ამ ქონებაზე შპს ,,კ.-ს” საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ვინაიდან, მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში, შპს ,,კ.-ს” სარჩელი სადავო ქონებაზე მესაკუთრედ ცნობისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების განხორციელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ამიტომ არ არსებობს სადავო ოქმის ბათილად ცნობისა და სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის შესახებ შპს ,,კ.-ს” სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

აღნიშნულ გაადწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს ,,კ.-ს” და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების იურიდიულ დასაბუთებაში საერთოდ არ იმსჯელა საქართველოს სახელმწიფო, საჯარო სამსახურის, მუნიციპალური დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი მომსახურების მუშაკთა პროფესიული კავშირის ცენტრალური საბჭოს გამგეობის 2006 წლის 27 ნოემბრის ¹7-1 ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილ კანონიერ საფუძვლებზე და უარი უთხრა კასატორებს იმ მოტივით, რომ მხარეს თითქოსდა არ გააჩნდა სარჩელის გადაწყვეტის ნამდვილი იურიდიული ინტერესი. აღნიშნული არგუმენტი კი იმით დაასაბუთა, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,კ.-ს” დირექტორ ვ. ც-შვილს უარი ეთქვა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობაზე და ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო, საჯარო სამსახურის, მუნიციპალური დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი მომსახურეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ცენტრალური საბჭოს გამგეობის 2006 წლის 27 ნოემბრის ¹7-1 სხდომის ოქმის ბათილად ცნობით იგი ვერ მიიღებს კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს. ასევე, კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. არც ერთ სასამართლოს არ მიუქცევია ყურადღება მხარის არგუმენტაციისათვის, რომ გასაჩივრებული სხდომის ოქმი წარმოადგენს ფორმის დაუცველად, იძულებით ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო დადებულ მართლსაწინააღმდეგო გარიგებას, რაც, სსკ-ის 54-ე, 55-ე, 59-ე, 85-ე, 86-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბათილია მისი დადების მომენტიდან. აღნიშნული სხდომის ოქმი სსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული, ფორმის დაუცველად დადებული გარიგებაა, რადგან, 2006 წლის 27 ნოემბერს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭირო იყო კანონით დადგენილი ფორმის დაცვა, ამავე კოდექსის 69-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, თუ გარიგება მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებას, მაშინ დამოწმება უნდა განახორციელოს ნოტარიუსმა, მოსამართლემ ან კანონით გათვალისწინებულმა სხვა პირმა. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად კი, უძრავი ნივთის შეძენისათვის აუცილებელი იყო სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, იქიდან გამომდინარე, რომ 2001 წლის 1 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულება ,,უძრავი ქონების იჯარით გადაცემის შესახებ გამოსყიდვის უფლებით” არის სანოტარო წესით დადასტურებული რთული წერილობითი ხელშეკრულება მის გასაუქმებლად აუცილებელი იყო შესაბამისი იურიდიული შედეგის წარმომშობი უდავო მტკიცებულებითი ძალის მქონე ამავე სანოტარო წესით დამოწმებული, მხარეთა მიერ ხელმოწერილი შეთანხმება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფო, საჯარო სამსახურის, მუნიციპალური დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი მომსახურების მუშაკთა პროფესიული კავშირის ცენტრალური საბჭოს გამგეობა არ იყო უფლებამოსილი, თავისი დადგენილებით, გაეუქმებინა ხსენებული ხელშეკრულება, მით უმეტეს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის ¹2359 ბრძანებით დამტკიცებული ,,სანოტარო მოქმედებათა წესის შესახებ” ინსტრუქციის 73-ე მუხლის მიხედვით, გარიგება უნდა გაუქმდეს დამოუკიდებელი აქტის შედგენით სანოტარო მოქმედების ზოგადი წესების დაცვით, გარიგება უნდა გაუქმდეს გარიგების დამოწმებისათვის დადგენილი წესების დაცვით. სანოტარო აქტზე, რომლის გაუქმებაც ხდება, უნდა აღინიშნოს გარიგების გაუქმების თაობაზე. წარწერაში მითითებული უნდა იყოს გაუქმების აქტის რეკვიზიტები. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მათი არგუმენტაცია, წარდგენილი მტკიცებულებები და არ გამოიყენა სსკ-ის 85-86-ე მუხლები, რომლის მიხედვითაც, გასაჩივრებული სხდომის ოქმი წარმოადგენს იძულებით დადებულ გარიგებას, რადგან მასზე ხელმოწერის მოთხოვნით შპს ,,კ.-ს” დირექტორ ც. ც-შვილის მიმართ განხორციელდა იძულება, რაც დადასტურებულია მისი ჩვენებითა და მობილური სატელეფონო კომპანიებიდან მიღებული ამონაბეჭდით. სააპელაციო სასამართლომ კი, საკმარისად არ მიიჩნია მხარის მიერ მითითებული მტკიცებულებები ც-შვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის დასადასტურებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “კ.-ს” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას შპს “კ.-ს” საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “კ.-ს” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

ვ. ც-შვილს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (300 ლარის) 70% - 210 ლარი;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.