¹ ბს-117-110(კ-06) 14 ივნისი, 2006 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ხ. ს-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა; სამუშაოზე აღდგენა; იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 4 ნოემბერს ხ. ს-მ სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004 წლის 1 ოქტომბრის ¹3668-პ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში იმავე თანამდებობაზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004 წლის 1 ოქტომბრის ¹3668 ბრძანებით იგი გაათავისუფლეს მთაწმინდა-კრწანისის ზონალური საგადასახადო ინსპექციის ... განყოფილების ...ის თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. აღნიშნული კანონის 111-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელე (ქალი) არ შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის სამ წლამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე, ატესტაციის შედეგების გამო. მოსარჩელეს ჰყავდა ორი შვილი (ერთი და ორი წლის). საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, ქალებს, რომელთაც ჰყავდათ სამ წლამდე ბავშვი, ჰქონდათ სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ხ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004 წლის 1 ოქტომბრის ¹3668-პ ბრძანება; ხ. ს-ე აღდგენილ იქნა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მთაწმინდა-კრწანისისა და ისანი-სამგორის განყოფილებაში ოპერატორის ტოლფას თანამდებობაზე და მას აუნაზღაურდა ხელფასი სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.
რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლი და განმარტა, რომ მოხელე არ შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან, თუ იგი თანახმა იყო, დაენიშნათ სხვა თანამდებობაზე. მოპასუხემ არ წარადგინა სარჩელზე შესაგებელი, ხოლო საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეს გათავისუფლებამდე ადმინისტრაციამ სხვა თანამდებობაზე დანიშვნა შესთავაზა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ბრძანების გამოცემისას დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა სხვა თანამდებობის შეთავაზების თაობაზე. ამასთან, მოსარჩელე ხ. ს-ე იყო ორი შვილის დედა, რომელთაც არ შესრულებოდათ სამი წელი. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ თანამდებობიდან ხ. ს-ის გათავისუფლებისას მოპასუხემ დაარღვია “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 111-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსარჩელის სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლება.
რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტი და განმარტა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარებოდა სამუშაოზე აღდგენას. ვინაიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს ¹550 ბრძანებით მთაწმინდა-კრწანისის ზონალურმა საგადასახადო ინსპექციამ ფუნქციონირება შეწყვიტა და მისი ფუნქციები გადაეცა საგადასახადო დეპარტამენტის გამგებლობაში არსებულ თბილისის საგადასახადო ინსპექციას, ამდენად, მოსარჩელე აღდგენილი უნდა ყოფილიყო თბილისის საგადასახადო ინსპექციის ისანი-სამგორისა და მთაწინდა-კრწანისის განყოფილებაში ...ის ტოლფას თანამდებობაზე.
2005 წლის 14 იანვარს მოსარჩელე ხ. ს-მ განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2004 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად.
მოპასუხის წარმომადგენელმა 2005 წლის 3 თებერვლის სასამართლო სხდომაზე აღნიშნულ შუამდგომლობას მხარი არ დაუჭირა, იმ მოტივით, რომ საგადასახადო დეპარტამენტი აპირებდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო წესით.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 3 თებერვლის განჩინებით ხ. ს-ის განცხადება-შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
მოცემული საქმე არაერთხელ განიხილა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ.
ბოლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ხ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი აღდგენილ იქნა თბილისის საგადასახადო ინსპექციის ...ის სამმართველოს ისანი-სამგორისა და მთაწინდა-კრწანისის განყოფილებაში ...ის თანამდებობაზე; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; ხ. ს-ის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004 წლის 1 ოქტომბრის ¹3668-პ ბრძანების უკანონოდ ცნობის თაობაზე იმ მოტივით, რომ საგადასახადო დეპარტამენტში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, შტატების შემცირების გამო, მოსარჩელე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, რადგან არ შესთავაზეს სხვა თანამდებობა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი არ ითვალისწინებდა უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობას, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის 2005 წლის 27 დეკემბრის ¹3-10/10483 წერილის მიხედვით, ზონალური საგადასახადო ინსპექციის ... განყოფილების ...ის თანამდებობას ფუნქციონალურად შეესაბამებოდა ... სამმართველოს ...ის თანამდებობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს ¹550 ბრძანებით საგადასახადო სისტემაში განხორციელდა სტრუქტურული ცვლილება რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გზით, რის შედეგადაც შეიქმნა თბილისის საგადასახადო ინსპექცია ტერიტორიული განყოფილებებით, აღნიშნულს კი მოჰყვა საოლქო, ზონალური და რაიონული საგადასახადო ინსპექციების ფუნქციონირების შეწყვეტა. შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლებულ იქნენ საგადასახადო ინსპექციების თანამშრომლები, მათ შორის, ხ. ს-ც. ამასთან, აღნიშნული ბრძანებით დამტკიცდა საგადასახადო ინსპექციების სამოქმედო დებულება, რომელშიც ... განყოფილება გათვალისწინებული არ იყო, ანუ სახეზეა ...ის სადავო საშტატო ერთეულის შემცირება. გარდა ამისა, მოსარჩელე სამუშაოზე აღდგენილ იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ _ მოსარჩელეს არ უმუშავია იმ თანამდებობაზე, რომელზეც აღადგინეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 9 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 9 მარტის განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2006 წლის 26 აპრილამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 26 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა 2006 წლის 14 ივნისს მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ხ. ს-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004 წლის 1 ოქტომბრის ¹3668 ბრძანებით ხ. ს-ე გათავისუფლდა მთაწმინდა-კრწანისის ზონალური საგადასახადო ინსპექციის ... განყოფილების ...ის თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ხ. ს-ის სამუშაოდან დათხოვნის დროს ადმინისტრაციის მიერ დაცული არ ყოფილა სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, მოხელე არ შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან, თუ იგი თანახმა იყო, დანიშნულიყო სხვა თანამდებობაზე. მოცემული საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელისათვის სამსახურიდან გათავისუფლებამდე არ შეუთავაზებიათ სხვა თანამდებობა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. იმ შემთხვევაში, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად (2006 წლის 1 იანვრამდე არსებული რედაქციით), რომელიც იმპერატიულ დანაწესს წარმოადგენდა, არ დაიშვებოდა მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება, თუ იგი სხვა თანამდებობაზე დანიშვნაზე თანხმობას განაცხადებდა. ამასთან, ის გარემოება, რომ რეორგანიზაციას თან შტატების შემცირებაც ახლდა, ადმინისტრაციას მოხელისათვის აღნიშნული კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სხვა თანამდებობის შეთავაზების ვალდებულებისაგან არ ათავისუფლებდა. ამრიგად, დაწესებულების რეორგანიზაცია, რომელსაც თან შტატების შემცირება სდევდა, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლეოდა, თუ მოხელე სხვა შეთავაზებულ თანამდებობაზე თავად იტყოდა უარს.
საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ, მართალია, 2005 წლის 23 დეკემბრის კანონით ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილი (სხვა თანამდებობის შეთავაზების ვალდებულება) გაუქმდა, მაგრამ აღნიშნული მოცემულ სამართალურთიერთობაზე ვერ გავრცელდება, ვინაიდან სადავო ურთიერთობები წარმოიშვა 2005 წლის 23 დეკემბრის კანონის ძალაში შესვლამდე, ანუ 2006 წლის 1 იანვრამდე. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ასეთ მითითებას 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი არ შეიცავს. ამასთან, არ დაიშვება კანონისთვის უკუძალის მინიჭება, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო ბრძანების კანონიერება ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე უნდა დადგინდეს. ამასთან, მოცემული საკითხის სირთულე გამომდინარეობს იმ ფაქტობრივი მდგომარეობიდან, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული (წინანდელი თანამდებობა) ამჟამად აღარ არსებობს.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ხ. ს-ის სარჩელი კომბინირებული ხასიათისაა, რომელიც სამ დამოუკიდებელ და ამასთანავე, ურთიერთდაკავშირებულ მოთხოვნას მოიცავს: 1. მისი გათავისუფლების თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობას; 2. სამუშაოზე აღდგენას; 3. იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით ხ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი აღდგენილ იქნა თბილისის საგადასახადო ინსპექციის ... სამმართველოს ისანი-სამგორისა და მთაწინდა-კრწანისის განყოფილებაში ...ის თანამდებობაზე. ამასთან, კასატორი პირდაპირ მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ოპერატორის სადავო საშტატო ერთეულის შემცირება, ხოლო მოსარჩელე სამუშაოზე აღდგენილ იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ _ მოსარჩელეს არ უმუშავია იმ თანამდებობაზე, რომელზეც აღადგინეს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, მართალია, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი არ ითვალისწინებდა უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობას, მაგრამ ვერ გაიზიარებს მის მოსაზრებას ხ. ს-ის სხვა თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ აღადგინა რა ხ. ს-ე თბილისის საგადასახადო ინსპექციის ... სამმართველოს ისანი-სამგორისა და მთაწმინდა-კრწანისის განყოფილებაში ...ის თანამდებობაზე, ანუ იმ თანამდებობაზე, რომელზეც მას არ უმუშავია, ამ მოქმედებით იგი შეიჭრა ადმინისტრაციული ორგანოს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დისკრეციულ უფლებამოსილებაში.
“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილ და წინანდელ სამუშაოზე აღდგენილ მუშას ან მოსამსახურეს სასამართლოს გადაწყვეტილებით აუნაზღაურდება იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ხ. ს-ს, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნდა აუნაზღაურდეს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი სამსახურიდან გათავისუფლებიდან მისი შრომითი მოწყობის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, ვინაიდან მისი წინანდელი სამუშაო ადგილი აღარ არსებობს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხ. ს-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და წინანდელი თანამდებობის არარსებობის გამო, მოსარჩელის შრომითი მოწყობის საკითხი თვით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა უნდა გადაწყვიტოს, რადგან აღნიშნული საკითხის განხილვა-გადაწყვეტა მის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ხ. ს-ის შრომითი მოწყობის თაობაზე, რომლის დროსაც მან უნდა გამოარკვიოს, რა საშტატო ერთეულებია გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სისტემაში რეორგანიზაციის შედეგად და ხომ არ არის სხვა სამსახური, რომელზეც თანხმობას განაცხადებს მოსარჩელე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ხ. ს-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს დაევალოს, საკასაციო სასამართლოს მოცემული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ხ. ს-ის შრომითი მოწყობის თაობაზე და მასვე ამ აქტის გამოცემამდე აუნაზღაურდეს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ხ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004 წლის 1 ოქტომბრის ¹3668 ბრძანება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს დაევალოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მოცემული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ხ. ს-ის შრომითი მოწყობის თაობაზე;
5. ხ. ს-ს აუნაზღაურდეს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი სამსახურიდან გათავისუფლებიდან მისი შრომითი მოწყობის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.