ას-541-509-10 15 სექტემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა. თ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ი. ო-ია, ა. მ-ძე (მოპასუხეები)
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
2010 წლის 14 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2007 წლის 7 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ა. თ-ძემ მოპასუხეების _ ა. მ-ძის და ი. ო-იას მიმართ და მოითხოვა, რომ მოპასუხეებს მოეხდინათ ქ. ბათუმში, ... ქ. ¹22-ში, უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟი, შეეწყვიტათ უკანონო მშენებლობა-რეკონსტრუქცია და მოექციათ მშენებლობა პირვანდელი პროექტის ფარგლებში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით, ა. თ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ა. თ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 25 მარტის განჩინებით ა. თ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. თ-ძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 25 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 14 აპრილის განჩინებით ა. თ-ძის სააპელაციო სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ცხოვრობს ქ. ბათუმში, ... ქუჩა ¹22-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, ხოლო მოპასუხეებს დაკავებული აქვთ აღნიშნული საცხოვრებელი სახლის მეორე და მესამე სართულები.
ქ. ბათუმის ქალაქგეგმარების და სივრცითი სამსახურის მიერ, მოპასუხეთა განცხადების საფუძველზე გაიცა სანებართვო მოწმობა ¹123/5, რომლის თანახმადაც მოპასუხე ი. ო-იას, ე. და ი. მ-ძეებთან ერთად ნება დაერთო, არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად ეწარმოებინათ მათ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელ სახლზე მანსარდის მშენებლობა.
საქმეზე წარმოდგენილი ხელწერილით ირკვევა, რომ აღნიშნული მშენებლობის ნებართვის და წარმოებული მშენებლობის თაობაზე ცნობილი იყო ა. თ-ძისათვის. ... ქუჩა ¹22-ში მცხოვრებ სხვა მეზობლებს, მშენებლობის წარმოებასთან დაკავშირებით, ო-იასა და მ-ძის მიმართ, არანაირი პრეტენზია არ გააჩნდათ.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციამ, მოპასუხეთა მიერ დარღვევები გამოავლინა მანამ, ვიდრე გაცემული იქნებოდა მშენებლობის ნებართვა, აღნიშნულის შემდეგ, მშენებლობის წარმოების შესახებ მოსარჩელემ და სხვა მეზობლებმა განაცხადეს თანხმობა და გაიცა ნებართვა შეთანხმებულ პროექტებზე, რომელიც სადავოდ არავის გაუხდია.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ა. თ-ძემ.
კასატორმა განმარტა, რომ 2005 წლის იანვარში ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მოპასუხეებმა დაიწყეს საცხოვრებელი კორპუსის მეორე და მესამე სართულზე კაპიტალური მშენებლობა, რომლითაც დაირღვა სამეზობლო უფლებები. კასატორის აზრით, მისი უფლებები დაირღვა, რასაც ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, მოპასუხეების მიერ განხორციელებული მშენებლობა, კერძოდ მოწყობილი მანსარდი არ შეესაბამებობა 2005 წლის 6 სექტემბრის მშენებლობის ნებართვაში მითითებულ პროექტს, რასაც სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცა და იქვე მიუთითა, რომ არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციამ, მოპასუხეთა მიერ დარღვევები გამოავლინა მანამ, ვიდრე გაცემული იქნებოდა მშენებლობის ნებართვა. აღნიშნულის შემდეგ მშენებლობის წარმოების შესახებ მოსარჩელემ და სხვა მეზობლებმა განაცხადეს თანხმობა და გაიცა ნებართვა შეთანხმებულ პროექტზე, რომელსაც სადავოდ არავინ არ ხდიდა. კასატორის განცხადებით მეზობლებმა თანხმობა განაცხადეს პირვანდელ პროექტზე და არა იმ მშენებლობაზე, რომელსაც აწარმოებდნენ მოპასუხე მხარეები.
კასატორის მიერ გაცემული თანხმობის შემდგომ მოპასუხეებმა დაარღვიეს პროექტი და დაიწყეს უკანონო მშენებლობები, რასაც მოწმობს ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული მიწერილობა უკანონო მშენებლობის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არ შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. თ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ა. თ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. თ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.