Facebook Twitter

ას-541-512-2011 30 მაისი, 2011 წელი

¹ ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ მ. ტ-იანი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «...ს» დირექტორი ზ. პ-ია (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება, 2010 წლის 17 და 28 დეკემბრის საოქმო განჩინებები

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი _ მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ტ-იანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «...ს» მიმართ მოპასუხის ქმედებით გამოწვეული მატერიალური ზიანის _ 6905 ლარისა და მორალური ზიანის _ 1000 ლარის, ასევე სასამართლოს ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელე ცხოვრობს ქ.ბათუმში, ... ... ქ¹113-115-ში მდებარე ¹55 ბინაში. 2008 წლის ივლისში სამშენებლო კომპანია «...მა» დაიწყო სამშენებლო სამუშაოების წარმოება ამავე სახლის მე-5 სართულის სხვენზე. მშენებლობის წარმოებისას ჩამოსულმა წყალმა მნიშვნელოვნად დააზარალა მოსარჩელე, რის შედეგადაც მიადგა მორალური და მატერიალური ზიანი. მოპასუხე, მართალია, დაპირდა მ.ტ-იანს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, თუმცა მას ვალდებულება არ შეუსრულებია.

წყლის ჩამოდინებამ გამოიწვია ასევე ამ სახლში მცხოვრები მ.ტ-იანის ბებიის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რაც დასტურდება სამშენებლო სამუშაოების წარმოების პერიოდში სასწრაფო დახმარების არაერთი გამოძახებით. წყლის ჩამოდინების შედეგად დანესტიანდა და დაზიანდა ასევე საცხოვრებელი სახლი. მ.ტ-იანი მე-3 ჯგუფის ინვალიდია, დაავადებულია ოსტეოქონდროზით და მისთვის ამ პირობებში ცხოვრება რთულია.

მოსარჩელემ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტა, რომ მას უფლება აქვს, ქონებრივი ზიანისაგან დამოუკიდებლად მოითხოვის არაქონებრივი ზიანის მიყენებისათვის კომპენსაცია, ამასთან ბრალეულად ან ბრალის გარეშე მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედება ასევე ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა.

მოსარჩელის განმარტებით, სამშენებლო კომპანია «...ს» ადმინისტრაციამ იკისრა ამავე სახლის მე-5 სართულზე მცხოვრები გ.მერკვილაძისათვის წყლის ჩამოდინებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, ხოლო მოსარჩელეს აღნიშნულზე ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ ზიანი უნდა აანაზღაუროს მის ზემოთ მცხოვრებმა მეზობელმა და არა სამშენებლო კომპანიამ, რაც, მოსარჩელის განმარტებით, კანონის მოთხოვნას არ შეესაბამება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

ქ.ბათუმში, ... ... ქ¹113-115-ში მცხოვრებთა თხოვნის შპს «...მა» დაიწყო სამშენებლო სამუშაოების წარმოება, რა დროსაც შეიცვალა სახურავი, ახალი გადახურვის გაკეთებამდე წვიმამ დააზარალა მე-5 სართულზე მცხოვრები ოჯახები, რომელთაც გადაეცათ კომპენსაცია 2000 ლარის ოდენობით.

მოსარჩელის მიერ მითითებული თანხა აღემატება მათ ზემოთ მცხოვრებთათვის კომპენსაციის სახით გადაცემულ თანხას. მ.ტ-იანს არ წარმოუდგენია მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, არ დაუდასტურებია უშუალოდ წვიმით გამოწვეული ზიანის ოდენობა. მ.ტ-იანის მიერ წარმოდგენილი დასკვნით ზოგადად დგინდება ზიანის ფაქტი.

მოპასუხემ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია მორალური ზიანის ანაზრაურების მოთხოვნა, ამასთან განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ბებიის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი გარემოება მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი არ არის, ამასთან მოცემულ დავაში მხარე მ.ტ-იანია და არა მისი ბებია.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ტ-იანის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს «...ს» მ. ტ-იანის სასარგებლოდ დაეკისრა 1496 ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ტ-იანმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ტ-იანის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ტ-იანის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს «...ს» მ. ტ-იანის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა 795 ლარისა და 75 თეთრის გადახდა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ტ-იანი ქ.ბათუმში, ... ქ¹113/115-ში მდებარე ¹55 ბინის მესაკუთრეა. აღნიშნული ბინა მდებარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულზე. ქ.ბათუმში, ..... ქ¹113/115-ში შპს «...ს» მიერ 2008 წლის ზაფხულში, ამავე მისამართზე მცხოვრები პირების მოთხოვნის საფუძველზე სახლის მეხუთე სართულის ზემოთ დაიწყო სამშენებლო სამუშაოები, გამოიცვალა სახურავი, სამუშაოების მიმდინარეობისას გაწვიმდა, რის გამოც წვიმის წყალი ჩავიდა ბინებში, წვიმამ დააზიანა მე-5 სართულზე მცხოვრები ოჯახები, რომლებსაც კომპენსაციის გადაცემის გზით, შპს «...ს» მიერ აუნაზღაურდათ მიყენებული მატერიალური ზიანი. მოპასუხე სადავოდ არ ხდის 2008 წლის ივლისში წვიმების შედეგად მ. ტ-იანის საკუთრებაში არსებული ბინის დაზიანების ფაქტს. იგი სადავოდ ხდის მხოლოდ მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობას რომლის დადგენის მიზნითაც პირველი ინსტანციის სასამართლოში იშუამდგომლა ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე. მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში მოპასუხემ სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის თანახმად, მ. ტ-იანის სარჩელი მორალურის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი. იგი მხარის მიერ არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში.

შპს «... აუდიტის» მიერ 2009 წლის 17 თებერვალს შედგენილი დასკვნის თანახმად, მ. ტ-იანის საკუთრებაში არსებული ოროთახიანი ბინის შენობაზე, სახურავიდან ჩამოსული წვიმის შედეგად მიყენებული ზიანის შეფასება განისაზღვრა 6905,00 ლარით. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 მაისის განჩინებით, შპს «...ს» წარმომადგენელ თ. ი-ძის შუამდგომლობის საფუძველზე დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. იმის გამო, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზისა და აუდიტორის დასკვნები ეწინააღმდეგებოდნენ ერთმანეთს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, მ. ტ-იანის სააპელაციო საჩივრის განხილვისას, 2010 წლის 9 მარტის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნა განმეორებითი ექსპერტიზა.

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2010 წლის ¹1832/15-2010 დასკვნის თანახმად, ქ.ბათუმში, ... ქ¹113/115 საცხოვრებელ სახლში მდებარე ¹55 ბინა 2008 წლის ივლისში წვიმების შედეგად დაზიანდა, კერძოდ, დაზიანებულია შიდა მოპირკეთების სამუშაოები, ნაწილობრივ კარ-ფანჯარა, იატაკი, ნივთები და ავეჯი. ბინის შიდა მოპირკეთების, დაზიანებული კარ-ფანჯრებისა და იატაკის აღდგენის სამუშაოების ღირებულება შეადგენს 1592,25 ლარს. ასევე დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები _ კარადა საძინებელ ოთახში, სარკე სადგამით, სკამები _ 4 ცალი, საკერავი მანქანის კორპუსი, კარადა ლოჯიაში. მოსარჩელის განცხადებით, ასევე დაზიანებული იყო ხალიჩები, საბნები, ლეიბები და ბალიშები. აღნიშნულის აღდგენა-შეკეთებაზე საჭიროა 700 ლარი. სულ ზარალი შეადგენს 2292,25 ლარს.

სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო ზემოაღნიშნულ დასკვნას და დადგენილად ჩათვალა, რომ მ.ტ-იანს მიადგა 2292,25 ლარის ზიანი.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 317-ე, 408-ე, მე-1000 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მ. ტ-იანის ბინა დაზიანდა შპს «...ს» მიერ ნაწარმოები მშენებლობის დროს წვიმის წყლის ჩამოსვლით, ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლად სწორედ მოპასუხე მიიჩნია. შპს «...ს» ქმედების შედეგად მ. ტ-იანს მიადგა 2292 ლარის მატერიალური ზიანი, რომელთაგან მოსარჩელე მხარეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს 1496 ლარი და მას დამატებით დაეკისრა 795 ლარისა და 75 თეთრის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ტ-იანმა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება, ასევე 2010 წლის 17 და 28 დეკემბრის იმ საოქმო განჩინებების გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობები ადგილზე დათვალიერების ჩატარების, მოწმეებისა და ექსპერტის დაკითხვის თაობაზე შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია კანონი, კერძოდ, მან საქმე განიხილა მ.ტ-იანისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით შეტყობინების გარეშე, სასამართლოს ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა კასატორს გადაეცა მისთვის გაუგებარ ენაზე, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილი, ამასთან, ამავე კოდექსის 170-172-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით, სასამართლომ არ დაკითხა ექსპერტი, რომლის დასკვნაც არასრულია და ეწინააღმდეგება ფაქტობრივ გარემოებებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აპრილის განჩინებით მ. ტ-იანის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. ტ-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ტ-იანის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

კასატორ მ. ტ-იანს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები: ხარჯების გაწევის თაობაზე ქვითრების ასლები 3 ფურცლად, ფოტოსურათები 36 ცალად, ჩD დისკი 1 ცალად (ს.ფ.284-291), რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. აღნიშნული გარემოება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორ მ. ტ-იანს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ტ-იანის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. მ. ტ-იანს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები: ხარჯების გაწევის თაობაზე ქვითრების ასლები 3 ფურცლად, ფოტოსურათები 36 ცალად, ჩD დისკი 1 ცალად (ს.ფ.284-291) საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.