Facebook Twitter

ას-5-4-10 15 აპრილი, 2010 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ. ჩ-ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ფ-ია (მოსარჩელე)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

2009 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. ფ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ჩ-იას წინააღმდეგ თანხის დაკისრების შესახებ.

ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. ფ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. ფ-იამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ფ-იას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: კაპიტალური რემონტის ჩატარებამდე ფართში არ იყო იატაკი, კარ-ფანჯრები. ჭერი და კედლები საჭიროებდა აუცილებელ რემონტს, რაც წარმოადგენდა აუცილებელ ხარჯებს. მოწინააღმდეგე მხარემ არც წერილობით და არც სიტყვიერად არ შეატყობინა მას ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ. აპელანტი სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებს აღნიშნულ ფართს და პრეტენზია მის მიმართ მოწინააღმდეგე მხარეს არ წამოუყენებია.

ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო სავაჭრო ობიექტის თვითნებურად ჩაკეტვიდან აპელანტისათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 3000 ლარს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. ჩ-იამ. მან აღნიშნა, რომ დამქირავებელს საიჯარო ფართის სარემონტო სამუშაოებზე ნებართვა მიღებული ჰქონდა 2005 წლის 1 იანვარს, საიჯარო ხელშეკრულება მხარეებს შორის კი გაფორმდა 2006 წლის 1 აპრილს. ამდენად, თუ დამქირავებელს სურდა იჯარის ობიექტზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება, მას უნდა მოეთხოვა გამქირავებლისაგან ამ თანხის წინასწარ ან შემდეგ გადახდა, ან მოეთხოვა, რომ მის მიერ ობიექტის კეთილმოწყობაზე გაწეული ხარჯები ჩათვლილიყო საიჯარო ქირაში, მაგრამ დამქირავებელს აღნიშნული არ მოუთხოვია, მან გამქირავებლისაგან აიღო მხოლოდ რემონტის ჩატარების ნებართვა და გააფორმა საიჯარო ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში იგი მოქმედებდა საკუთარი ნებით. საიჯარო ხელშეკრულების დარღვევის მიზეზი გახდა დამქირავებლის მიერ საიჯარო ქირის გადაუხდელობა 3 თვის განმავლობაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 თებერვლის განჩინებით თ. ჩ-იას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 – დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ჩ-იას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას თ. ჩ-იას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ჩ-იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. თ. ჩ-იას დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (350 ლარის) 70% - 245 ლარი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.