ას-543-511-2010 14 დეკემბერი, 2010 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი, თ. თოდრია
სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე
კასატორი _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
წარმომადგენელი – მ. ბ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “კ.”, მ. ბ-ოვა, დ. გ-ძე, ც. დ-შვილი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2002 წლის 20 ივნისს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წყალეკოლოგიის ინსტიტუტმა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის იურიდიულმა სამსახურმა მოპასუხეების - თბილისის მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის, შპს “კ.-ს”, მ. ბ-ოვის, დ. გ-ძისა ასევე ც. დ-შვილის, მესამე პირის _ ნოტარიუს ე. მ-ძის წინააღმდეგ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს თბილისში, ... გამზ. ¹60-ში მდებარე 55 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გაცემული სარეგისტრაციო მოწმობისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება, აგრეთვე 2001 წლის 28 დეკემბერს შპს “კ.-ს”, მ. ბ-ოვას, დ. გ-ძეს, ც. დ-შვილს შორის თბილისში, ... გამზირის ¹60-ში არსებული მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების (საერთო ფართით 45.7კვ.მ) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
თბილისის ვაკე საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წყალეკოლოგიის ინსტიტუტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის იურიდიული სამსახურის სარჩელი დარჩა განუხილველად.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წყალეკოლოგიის ინსტიტუტმა 2003 წლის 31 იანვარს ახალი სარჩელით მიმართეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: თბილისის მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის, შპს “კ.-ს”, მ. ბ-ოვის, დ. გ-ძის, ასევე ც. დ-შვილის წინააღმდეგ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს თბილისში ... გამზ. ¹60-ში მდებარე 55 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გაცემული სარეგისტრაციო მოწმობისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება, აგრეთვე 2001 წლის 28 დეკემბერს შპს “კ.-ს”, მ. ბ-ოვას, დ. გ-ძეს, ც. დ-შვილს შორის თბილისში, ... გამზ. ¹60-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების (საერთო ფართით 45.7კვ.მ) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ასევე სსიპ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წყალთა მეურნეობისა და საინჟინრო ეკოლოგიის ინსტიტუტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წყალთა მეურნეობისა და საინჟინრო ეკოლოგიის ინსტიტუტმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აპრილის განჩინებით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წყალთა მეურნეობისა და საინჟინრო ეკოლოგიის ინსტიტუტი შეიცვალა სსიპ წყალთა მეურნეობის ინტიტუტით. ამავე სასამართლოს 2007 წლის 3 ივლისის განჩინებით საქმეზე მესამე პირად ჩაერთო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 დეკემბრის განჩინებით სსიპ წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სააპელაციო საჩივარი თბილისში ... გამზ. ¹60-ში მდებარე 55 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გაცემული სარეგისტრაციო მოწმობისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე გამოიყო ცალკე წარმოებად; შპს “კ.-სა და მ. ბ-ოვას, დ. გ-ძეს, ც. დ-შვილის შორის მიწის ნაკვეთის ასევე შენობა-ნაგებობის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში სსიპ წყალთა მეურნების ინსტიტუტის სააპელაციო საჩივრის საქმის წარმოება შეჩერდა პირველ პუნქტში დასახელებული მოთხოვნის თაობაზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; დადგინდა წარმოების განახლების შემდეგ შეჩერებული საქმის განსჯადობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის გადაცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით იქნა მიღებული ახალი გადაწყვეტილება, სსიპ წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ჩანაწერი თბილისში ... გამზ. ¹60-ში მდებარე 55 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით შპს “კ.-ს” სახელზე რეგისტრაციის თაობაზე და შესაბამისი სარეგისტრაციო მოწმობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 სექტემბრის განჩინებით სსიპ წყალთამეურნეობის ინსტიტუტის სააპელაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება.
თბილსის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმის მიხედვით სააპელაციო პალატამ ადგილზე თათბირით დაადგინა _ სსიპ “წყალთმეურნეობის ინსტიტუტის” ნაცვლად საქმეში სათანადო მოსარჩელედ ჩაება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეიცვალა თბილისის ვეკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ შპს “კ.” წარმოადგენდა მის საკუთრებაში არსებული შენობის მიერ დაკავებული ქ.თბილისში, ... გამზ. ¹60-ში მდებარე დაახლოებით 45 კვ.მ. მიწის ნაკვეთის კანონიერ მფლობელს და მოსარგებლეს 1998 წლიდან; აღნიშნული გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი ამავე სასამართლოს 2003 წლის 13 მარტის განჩინებით;
2. თბილისში, ... გამზ. ¹60-ში მდებარე 55 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შპს “კ.-ს” სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხა მიწის მართვის დეპარტამანტმა 2001 წლის 21 დეკემბერს და გასცა სარეგისტრაციო მოწმობა;
3. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტმა შპს “კ.-ზე” სადავო უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას სამართლებრივ საფუძვლად დაუდო შემდეგი აქტები: საქართველოს კანონი “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრების გამოცხადების შესახებ”; ვაკის რაიონის გამგეობის 1998 წლის 15 მაისის ¹7.1.71 გადაწყვეტილება; ვაკის რაიონის გამგეობის 1999 წლის 25 ნოემბრის ¹13.14.174 გადაწყვეტილება; თბილისის მერიის ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული საინვენტარიზაციო გეგმა; ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება;
4. 2001 წლის 28 დეკემბერს შპს “კ.-სა” და დ. გ-ძეს, მ. ბ-ოვს, ც. დ-შვილს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ... გამზ. ¹60-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე და შენობა-ნაგებობაზე საერთო ფართით 45,7 კვ.მ;
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ჩანაწერი თბილისში, ... გამზირი ¹60-ში მდებარე 55 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით შპს “კ.-ს” სახელზე რეგისტრაციის თაობაზე და შესაბამისი სარეგისტრაციო მოწმობა. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დგინდებოდა შპს “კ.-ს” პარტნიორებსა და მყიდველებს შორის ნათესაური კავშირის არსებობა. შესაბამისად, აპელანტის განმარტება შემძენის არაკეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, არ უნდა ყოფილიყო გაზიარებული.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, გადაწყვეტილების გაუქმება საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.
კასატორის მტკიცებით, ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებითი გარიგებაა, რადგანაც მხარეები ერთმანეთის ნათესავები არიან და მათთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ხელშეკურლების მიხედვით, გამყიდველები არიან გ. გ-ძე, მ. ბ-ძე, ჯ. ჭ-შვილი, ხოლო მყიდველები – ც. დ-შვილი, დ. გ-ძე, მ. ბ-ოვა. გ. გ-ძე და ც. დ-შვილი რეგისტრირებული არიან ერთსა და იმავე მისამართზე (თბილისი, ..... ქ. ¹15), ისევე როგორც მ. ბ-ძე და მყიდველი დ. გ-ძე (თბილისი, ...... გამზირი ¹75). საზოგადოების დირექტორი მ. ჭ-ია რეგისტრირებულია მეორე გამყიდველის - ჯ. ჭ-შვილის რეგისტრაციის ადგილას (თბილისი, ....... ქ. ¹9). საქმეში წარმოდგენილი სხვა სანოტარო აქტის მიხედვით კი, მ. ჭ-იას რეგისტრაციის ადგილს მყიდველ მ. ბ-ოვას რეგისტრაციის ადგილი წარმოადგენს (თბილისი, ......... ქ. კორპ I, ბ 155).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ შპს “კ.-” წარმოადგენდა მის საკუთრებაში არსებული შენობის მიერ დაკავებული ქ.თბილისში, ... გამზ. ¹60-ში მდებარე დაახლოებით 45 კვ.მ. მიწის ნაკვეთის კანონიერ მფლობელს და მოსარგებლეს 1998 წლიდან; აღნიშნული გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი ამავე სასამართლოს 2003 წლის 13 მარტის განჩინებით;
2. თბილისში, ... გამზ. ¹60-ში მდებარე 55 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შპს “კ.-ს” სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხა მიწის მართვის დეპარტამანტმა 2001 წლის 21 დეკემბერს და გასცა სარეგისტრაციო მოწმობა;
3. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტმა შპს “კ.-ზე” სადავო უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას სამართლებრივ საფუძვლად დაუდო შემდეგი აქტები: საქართველოს კანონი “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრების გამოცხადების შესახებ”; ვაკის რაიონის გამგეობის 1998 წლის 15 მაისის ¹7.1.71 გადაწყვეტილება; ვაკის რაიონის გამგეობის 1999 წლის 25 ნოემბრის ¹13.14.174 გადაწყვეტილება; თბილისის მერიის ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული საინვენტარიზაციო გეგმა; ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება;
4. 2001 წლის 28 დეკემბერს შპს “კ.-სა” და დ. გ-ძეს, მ. ბ-ოვს, ც. დ-შვილს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ... გამზ. ¹60-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე და შენობა-ნაგებობაზე საერთო ფართით 45,7 კვ.მ;
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ჩანაწერი თბილისში, ... გამზირი ¹60-ში მდებარე 55 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით შპს “კ.-ს” სახელზე რეგისტრაციის თაობაზე და შესაბამისი სარეგისტრაციო მოწმობა. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორს ამგვარი პრეტენზია არ წარმოუდგენია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას, რომ მოპასუხეები სადავო უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენები არიან.
სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.
იმავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.
როგორც ვხედავთ, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, პირის კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევისათვის აუცილებელია სუბიექტურ და ობიექტურ ფაქტორთა ერთობლიობა. ობიექტური ფაქტორები მოიცავს შემდეგი გარემოებების კუმულაციას:
1. საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრედ უფლების გამსხვისებელი უნდა იყოს დარეგისტრირებული;
2. რეესტრის ჩანაწერების მიმართ შეტანილი არ უნდა იყოს საჩივარი.
რაც შეეხება სუბიექტურ ფაქტორს, აღნიშნული გულისხმობს შემძენის სუბიექტურ დამოკიდებულებას ნამდვილი მესაკუთრის ვინაობისადმი, ანუ, გარიგების დადების მომენტისათვის, შემძენისათვის უცნობი უნდა იყოს რეესტრის ჩანაწერების უზუსტობის თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადების დროისათვის სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ შპს “კ.-” იყო რეგისტრირებული. იმის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ მოპასუხეებისათვის ნამვილი მესაკუთრის ვინაობა ცნობილი იყო, მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
კასატორის მითითებით, მოპასუხეები არ იყვნენ კეთილსინდისიერი შემძენები, ვინაიდან მათსა და გამსხვისებელს შორის ნათესაური კავშირი არსებობდა, ამასთან ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებითი გარიგება იყო.
საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულ მტკიცებას ვერ გაიზიარებს. მხარეთა ნათესაური კავშირის დასადასტურებლად კასატორი მხოლოდ იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ ხელშეკრულებაში მითითებული შპს “კ.-ს” პარტნიორები და მოპასუხეები ერთსა და იმავე მისამართზე არიან რეგისტრირებულნი, კერძოდ კი, გ. გ-ძე და ც. დ-შვილი რეგისტრირებული არიან ერთსა და იმავე მისამართზე (თბილისი, ..... ქ. ¹15), ისევე როგორც მ. ბ-ძე და მყიდველი დ. გ-ძე (თბილისი, ......... გამზირი ¹75). საზოგადოების დირექტორი მ. ჭ-ია რეგისტრირებულია მეორე გამყიდველის - ჯ. ჭ-შვილის რეგისტრაციის ადგილას (თბილისი, ....... ქ. ¹9). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ერთსა და იმავე მისამართზე რეგისტრაცია, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც მხოლოდ ქუჩა და სახლის ნომერი ემთხვევა ერთმანეთს, მხარეთა შორის ნათესაურ კავშირს არ ადასტურებს, ამასთან, თუნდაც ნივთის შემძენი გამსხვისებლის ნათესავი იყოს, აღნიშნული უპირობოდ მის არაკეთილსინდისიერებაზე არ მიუთითებს. ამ შემთხვევაში ასევე აუცილებელია იმ გარემოების დადასტურება, რომ შემძენისათვის ნამდვილი მესაკუთრის ვინაობა ცნობილი იყო.
რაც შეეხება გარიგების მოჩვენებითობას, სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
ხსენებული ნორმიდან გამომდინარე, სადავო ხელშეკრულების მოჩვენებით გარიგებად მიჩნევისათვის, მხარეს უნდა დაემტკიცებინა, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები არ მოჰყოლია. კასატორი კი, აღნიშნულის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებასა თუ გარემოებაზე ვერ მიუთითებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
საკასაციო პალტა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.