ას-544-512-2010 11 ივნისი, 2010 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეL თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ზ. ა-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ს-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 მარტის განჩინება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარი თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ვ. ს-ძემ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს ზ. ა-ძის მიმართ ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით. მოსარჩელემ მიუთითა რომ 2009 წლის 5 ივნისს მასსა და რ. ც-შვილს შორის გაფორმდა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება რომლის თანახმად საკუთრების უფლებით გადაეცა ქ. გორში, ... ქუჩა ¹20-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. 2009 წლის ივნისს მისთვის ცნობილი გახდა რომ აღნიშნულ ბინაში ცხოვრობდა ზ. ა-ძე, რომელმაც უარი განაცხადა ბინის გათავისუფლებაზე. მოსარჩელემ მოითხოვა ზ. ა-ძის გამოსახლება ზემოდ აღნიშნული ბინიდან.
გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ზ. ა-ძე გამოსახლებულ იქნა ქ. გორში, ... ქ. ¹ 20-ში მდებარე საცხოვრებელი ბინიდან.
გორის რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ა-ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 მარტის განჩინებით ზ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ა-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარი თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზ. ა-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მისი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ზ. ა-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შემოტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობის შესახებ მითითებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში. ამ ნორმის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამ ნორმიდან გამომდინარე, განჩინების გადაცემის მომენტად, საიდანაც იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, ითვლება როგორც განჩინების ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში, ასევე ამ განჩინების ასლის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაგზავნის დრო, რაც უნდა დადასტურდეს სათანადო ხელწერილით, ან სხვა ოფიციალური დოკუმენტით ადრესატისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების შესახებ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 მარტის განჩინების ასლი პირადად ჩაჰბარდა ზ. ა-ძეს 2010 წლის 16 აპრილს (ტ.II.ს.ფ.95). აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. ა-ძეს საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 2010 წლის 17 მაისის ჩათვლით. საკასაციო საჩივარი კი მან ფოსტას ჩააბარა 2010 წლის 19 მაისს (ტ.II,ს.ფ.109) ანუ საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის დარღვევით. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზ. ა-ძემ დაარღვია საკასაციო საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული ერთთვიანი ვადა, რის გამოც საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 397-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. ა-ძის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 მარტის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველი;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.