ბს-1171-1000-კ-04 13 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: საკუთრების მოწმობაში ცვლილების შეტანა, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარება, სილამაზის სალონის გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისში, ..... მდებარე მუნიციპალური საწარმო “ს-ი” საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეიტანეს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 18 აგვისტოს ¹570 გადაწყვეტილებით. სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველომ 1995წ. 29 მაისს მოამზადა დასკვნა მუნიციპალური საწარმოს პრივატიზებასთან დაკავშირებით, რომლითაც საწარმოს საწყისი ფასი განისაზღვრა 3619,61 აშშ დოლარით, მაგრამ საპრივატიზებო კოეფიციენტის გათვალისწინებით, პრივატიზების ფასმა შეადგინა 3250,93 აშშ დოლარი, არასაცხოვრებელი ფართის იჯარის უფლების ერთჯერადმა გადასახადმა _ 4644 აშშ დოლარი, სულ ობიექტის საპრივატიზებო ფასი განისაზღვრა 7894,93 აშშ დოლარით. მუნიციპალური საწარმო “ს-ის” პრივატიზება საწარმოს თანამშრომლებმა განახორციელეს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, “პრივატიზაციის პროცესში ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოს მუშაკებისათვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ” სახელმწიფო მეთაურის 1994წ. 29 მაისის ¹178 ბრძანებულების საფუძველზე. სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოსა და “ს-ის” შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წარმომადგენელ თ. მ-ეს შორის 1995წ. 27 დეკემბერს დაიდო სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის შესახებ ¹152 ხელშეკრულება, რომლითაც ამხანაგობას საკუთრებაში გადაეცა მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული “ს-ის” მოძრავი ქონება, რაზეც 1996წ. 26 თებერვალს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹....... . 1995წ. 15 ნოემბერს სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოსა და შპს “ს-ს” შორის (დირექტორი დ. ძ-ი) დაიდო ¹554 ხელშეკრულება, ..... მდებარე არასაცხოვრებელი 230 კვ.მ-ის 10 წლით იჯარით აღების შესახებ. 2003წ. 9 ივნისს სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველომ შპს “ს-ის” თანამშრომლებს აცნობა, რომ მათ მიერ დაკავებული არასაცხოვრებელი ფართის იჯარით გაცემაზე ცხადდებოდა კონკურსი, რომელიც უნდა ჩატარებულიყო 2003წ. 1 ივლისს.
2003წ. 15 აგვისტოს შპს “ს-ის” პარტნიორებმა: ჯ. ლ-ემ, დ. ტ-ემ და სხვებმა (სულ 10 მოსარჩელე) სარჩელი აღძრეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეთა მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვეს საწარმოს საპრივატიზებო ფასის დადგენის შესახებ 1995წ. 29 მაისის დასკვნის ბათილად ცნობა, მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს მათ მიერ დაკავებული არასაცხვორებელი ფართის საკუთრებად აღიარება და საკუთრების მოწმობაში შესაბამისი ცვლილების შეტანა:
მოსარჩელეთა მითითებით, სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს 1995წ. 29 მაისის დასკვნით, საპრივატიზებო ობიექტის ფასი განისაზღვრა 3619,61 აშშ დოლარით, ხოლო კოეფიციენტის გათვალისწინებით _ 3378,80 აშშ დოლარი. საპრივატიზებო კომისიის აღნიშნული დასკვნა ეხება საწარმოს ქონების როგორც აქტიურ, ისე პასიურ ნაწილს, ანუ მათ მიერ დაკავებულ ფართს, რომლის გათვალისწინებითაც საპრივატიზებო ობიექტის საბოლოო ღირებულება განისაზღვრა 7894,93 აშშ დოლარით, რაც ამხანაგობამ გადაიხადა და 1996 წელს გაიცა საკუთრების მოწმობა, რომლითაც ამხანაგობას საკუთრებაში გადაეცა მუნიციპალური საწარმო “ს-ის” მთლიანი ქონება, ანუ უძრავ-მოძრავი ქონება, ამიტომ სამმართველოს ზემოაღნიშნული დასკვნა არასწორია. 1995წ. 27 დეკემბრის პრივატიზების ხელშეკრულების 1.1 მუხლის მიხედვით, პრივატიზების საგანს წარმოადგენს სილამაზის სალონის მთლიანი ქონება და ხელშეკრულების არც ერთი პუნქტიდან არ ირკვევა, რომ პრივატიზების დროს გაიყიდა მხოლოდ სალონის მოძრავი ქონება. მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტშიც მითითებულია, რომ ამხანაგობას გადაეცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონება. საკუთრების მოწმობაში კი არ არის მითითებული ამხანაგობის მიერ პრივატიზებული შენობა და მიწის ფართი, ამიტომ მასში შეტანილი უნდა იქნეს ცვლილება, ხოლო 1995წ. 29 მაისის დასკვნა ბათილად იქნეს ცნობილი. მოსარჩელეებმა, გარდა არასაცხოვრებელი 231,29 კვ.მ-ისა საკუთრების უფლების აღიარებისა, ასევე მოითხოვეს შესაბამის მიწის ნაკვეთზეც საკუთრების უფლების აღიარება, რაზეც არასაცხოვრებელი ფართია განთავსებული.
მოპასუხე სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ სარჩელი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნო და განმარტა, რომ სახელმწიფო მეთაურის 1994წ. ¹178 ბრძანებულების საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის გზით, შრომითი კოლექტივის ამხანაგობამ შეიძინა მხოლოდ სალონის მოძრავი ქონება (ინვენტარი), მათ მიერ დაკავებული არასაცხოვრებელი ფართი პრივატიზების საგანი არ ყოფილა და ამხანაგობას ფართი გადაეცა იჯარით 10 წლის ვადით, რაც დასტურდება ხელშეკრულებებითა და მიღება-ჩაბარების აქტით. მოპასუხემ იმავდროულად შეგებებული სარჩელი აღძრა და მოითხოვა “ს-ის” გამოსახლება დაკავებული ფართიდან.
თანამოპასუხეებმა: შპს “ს-ის” ყოფილმა დირექტორმა დ. ძ-მა და ამხანაგობის წარმომადგენელმა თ. მ-ემ სარჩელი ცნეს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 29 იანვრის გადაწყვეტილებით შპს “ს-ი ¹1-ის” პარტნიორების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სარჩელი სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს 1995წ. 29 მაისის დასკვნის ბათილობის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; მოსარჩელეთა დანარჩენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად; სალონის მიერ დაკავებული არასაცხოვრებელი ფართი აღიარებულ იქნა “ს-ის” საკუთრებად, შესაბამისი ცვლილება შევიდა საკუთრების მოწმობაში, სადაც საკუთრების უფლება მიეთითა ასევე 231,23 კვ.მ მიწის ნაკვეთზე; სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს შეგებებული სარჩელი “ს-ის” დაკავებული ფართიდან გამოსახლებისა და საიჯარო ქირის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოსა და მოსარჩელეების მიერ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი; ნაწილობრივ გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება სილამაზის სალონის მიერ დაკავებული ფართის სალონის საკუთრებად აღიარებისა და 1996 წელს გაცემულ საკუთრების მოწმობაში ცვლილებების შეტანის შესახებ არასაცხოვრებელი 231,27 კვ.მ-ისა და შესაბამისი მიწის ნაკვეთის სალონისათვის მიკუთვნების ნაწილში; ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა სამმართველოს 1995წ. 29 მაისის დასკვნის ბათილად ცნობისა და სალონის გამოსახლების შესახებ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ 1995წ. 27 დეკემბრის ¹152 ხელშეკრულების 1.1 პუნქტის მიხედვით, სილამაზის სალონის შრომითმა კოლექტივმა საკუთრებაში მიიღო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული 21 დასახელების მოძრავი ქონება და ამ ჩამონათვალში არ შედის სალონის შენობა. ამდენად, მოსარჩელეთა მითითება, რომ სხვა ქონებასთან ერთად მათ პრივატიზაციის გზით შეიძინეს სალონის ფართი, დაუსაბუთებელია, რაც ასევე დასტურდება მხარეებს შორის 1995 წელს დადებული იჯარის ხელშეკრულებით, რომლის მიხედვითაც სილამაზის სალონის ამხანაგობამ 10 წლის ვადის იჯარით აიღო მათ მიერ დაკავებული არასაცხოვრებელი ფართიც. ამიტომ სასამართლომ უდავოდ დადასტურებულად ცნო, რომ მოსარჩელეებს პრივატიზაციით არ შეუძენიათ სადავო არასაცხოვრებელი ფართი და სარჩელი უსაფუძვლოა;
2. სააპელაციო პალატის აზრით, სარჩელი ასევე ხანდაზმულობის ვადის დარღვევითაც არის შეტანილი, რადგან პრივატიზაციის ხელშეკრულება მხარეებს შორის დაიდო 1995წ. 27 დეკემბერს, საკუთრების მოწმობა გაიცა 1996წ. 26 თებერვალს, სარჩელი კი სასამართლოში შეტანილია 7წ. შემდეგ, 2003წ. 15 აგვისტოს. ვინაიდან საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოსარჩელე 1996 წლიდან იხდიდა საიჯარო ქირას, ამჟამად მოქმედი სკ-ის 130-ე და ძველი სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-80 მუხლების მიხედვით, მოსარჩელემ დარღვეული უფლების შესახებ შეიტყო 1996 წლიდან, ამიტომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს, როგორც ძველი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე, ისე ახალი სკ-ის 129-ე მუხლებით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და ამ მოტივითაც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
3. სააპელაციო პალატამ, უსაფუძვლობის მოტივით, ასევე არ დააკმაყოფილა სახელმწიფო ქონების პრივატიზებისა და აღრიცხვის ქუთაისის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი შეგებებული სარჩელის ნაწილში. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სილამაზის სალონის მოძრავი ქონების პრივატიზებიდან დღემდე, მოსარჩელეები განთავსებული არიან სადავო ფართში იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე და საიჯარო ქირას იხდიან კეთილსინდისიერად. სკ-ის 558-ე მუხლის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულების ვადამდე მოშლა მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს იმ შემთხვევაში, თუ მოიჯარე 3 თვის განმავლობაში არ გადაიხდის საიჯარო ქირას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამასთან, იჯარის შესრულება მხარეებს შორის დადებულია 10 წლის ვადით, 2005წ. 15 ნოემბრამდე და ამდენად, დაკავებული ფართიდან სალონის გამოსახლებაზე შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა “ს-ის” პარტნიორების: ნ. ო-ისა და თ. ნ-ას მიერ, რომლებიც შემდეგი საფუძვლით ითხოვენ გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და ხელახლა განსახილველად საქმის საოლქო სასამართლოში დაბრუნებას:
1. კასატორები სადავოდ ხდიან სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს მიერ საქალაქო სასამართლოში შეტანილი შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებას, რადგან სსკ-ის 189-ე მუხლის მიხედვით, შეგებებული სარჩელი მიმართული უნდა იყოს მოსარჩელის წინააღმდეგ. კონკრეტულ შემთხვევაში შეგებებული სარჩელით სამმართველო მოითხოვდა სადავო ფართიდან შპს “ს-ის” გამოსახლებას, მაშინ, როცა მოსარჩელეები იყვნენ შპს-ს პარტნიორები და არა თავად საზოგადოება, ამიტომ არ არსებობდა შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღების საფუძველი;
2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, სასამართლოს არ დაუდგენია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოება და სათანადო შეფასება არ მიუცია წარმოდგენილი მტკიცებულებებისათვის. თავად მოპასუხემ განმარტა, რომ არ არსებობს შპს “ს-სა” და სამმართველოს შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულება ფართის გადაცემის შესახებ. სასამართლო კი გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ მხარეებს შორის არსებობს 1995წ. ხელშეკრულება სადავო ფართის 10 წლის ვადით იჯარით გაცემის შესახებ და მტკიცებულებად მიიჩნევს ხელშეკრულების ქსეროასლს, რომლის დედანი არც კასატორებს და არც სამმართველოს არ გააჩნია. მხარეს ასევე არ წარმოუდგენია სალონის მიერ საიჯარო ქირის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება;
3. კასატორები არ იზიარებენ სასამართლოს შეფასებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიუთითებენ, რომ მოპასუხეებმა შპს-ს ყოფილმა დირექტორმა დ. ძ-მა და პრივატიზების პროცესში მათმა წარმომადგენელმა თ. მ-ემ შრომით კოლექტივს დაუმალეს არსებული სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ. თავიანთი უფლებების დარღვევის თაობაზე პარტნიორებმა შეიტყვეს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2003წ. 9 ივნისის წერილით ფართზე კონკურსის გამოცხადების შესახებ, ამიტომ სარჩელის ხანდაზმულობაზე მითითება უსაფუძვლოა. ამასთან, მოპასუხეებმა: თ. მ-ემ და დ. ძ-მა სარჩელი ცნეს. თ. მ-ის ჩვენებით, პრივატიზაციის შემდეგ სადავო ფართი ტექინვენტარიზაციის ბიუროშიც აღირიცხა შპს-ს საკუთრებად და როდის მოხდა აღნიშნული რეგისტრაციის გაუქმება მათთვის უცნობია.
საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას კასატორებმა წარმოადგინეს დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, რომლითაც სსკ-ის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სადავოდ გახადეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 17 მაისის განჩინება სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესახებ, რადგან საქმეში წარმოდგენილი გზავნილის მიხედვით ირკვევა, რომ სამმართველოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ხელზე ჩაჰბარდა 2004წ. 12 მარტს და სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა, სსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სამმართველოს ჰქონდა 2004წ. 12 აპრილამდე, აპელაცია მხარემ შეიტანა 2004წ. 19 აპრილს და ამდენად, სამმართველოს გაშვებული აქვს სააპელაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, რომლის აღდგენაც დაუშვებელია, რის გამოც, კასატორთა აზრით, დაუშვებული იყო სამმართველოს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება. კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული საკითხი მათ ვერ დააყენეს, რადგან არ მიეცათ საქმის გაცნობის საშუალება.
კასატორთა მითითებით, დავის არსებითი განხილვისას სასამართლომ ასევე დაარღვია კანონი. კასატორთა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივად სასამართლომ მიუთითა სილამაზის სალონსა და სამმართველოს შორის დადებულ იჯარის ხელშეკრულებაზე მაშინ, როდესაც სამმართველო შეგებებული სარჩელით ითხოვლდა სილამაზის სალონის შენობიდან გამოსახლებას სწორედ იმ მოტივით, რომ სალონი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდა აღნიშნულ შენობას და მასთან რაიმე ხელშეკრულება დადებული არ ყოფილა. საყურადღებოა, რომ არც სასამართლო სხდომის ოქმებში არ არის ასახული საქმეში წარმოდგენილი საიჯარო ხელშეკრულებების სასამართლოსათვის წარდგენის შესახებ და გაურკვეველია მათი წარმომავლობა, რადგან ასეთი ხელშეკრულებები კასატორ მხარეს არ გააჩნია, ხოლო საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულებების ასლები დედნის გარეშე. სასამართლო ასევე დადგენილად ცნობს იმ გარემოებას, რომ სალონი სამმართველოს უხდიდა საიჯარო ქირას, რისი დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის და ვერც იქნება, რადგან შენობა სალონს გამოსყიდული აქვს პრივატიზების გზით და მისი საკუთრებაა.
სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არ გამოიკვლია საწარმოს ბალანსი, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ ბალანსის მეშვეობით დასტურდება სადავო უძრავი ქონების საწარმოს საკუთრებად ასახვა და საპრივატიზებო ფასში მათი გათვალისწინებაც. ამასთან, პრივატიზების ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ საპრივატიზებო ობიექტის ღირებულება შეადგენს 3251 აშშ დოლარს, მიღება-ჩაბარების აქტში ფიქსირებულია, რომ სალონს გადაეცა 1250 აშშ დოლარის ღირებულების მოძრავი ქონება და ამდენად, დანარჩენი შეადგენდა შენობის ღირებულებას და სადავო ფართი კასატორებს გამოსყიდული აქვთ. კასატორის მითითებით, სადავო უძრავი ქონება თავისი ღირებულებით შესულია შპს “ს-ი ¹1-ის” საწესდებო კაპიტალში, რომელიც 1996წ. 21 ივნისის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით არის რეგისტრირებული და წარმოადგენს მის საკუთრებას.
მოწინააღმდეგე მხარემ: შპს “ს-ის” პარტნიორმა თ. მ-ემ, ყოფილი დირექტორის დ ძ-ის წარმომადგენელმა და თანამოსარჩელეებმა მხარი დაუჭირეს დაზუსტებულ საკასაციო საჩივარს, მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება, ხოლო ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს წარმომადგენელი, მიუხედავად არაერთი მოწვევისა, საკასაციო სასამართლოში არ გამოცხადდა და საკასაციო საჩივარი განხილულ იქნა სამმართველოს წარმომადგენლის დასწრების გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დაზუსტებული საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 ივლისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზუსტებული საკასაციო საჩივრით კასატორები სადავოდ ხდიან სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას, რადგან, მათი მითითებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 29 იანვრის გადაწყვეტილება სამმართველოს წარმომადგენელს ჩაჰბარდა 2004წ. 12 მარტს, ხოლო სააპელაციო საჩივარი სამმართველომ შეიტანა 2004წ. 19 აპრილს, სსკ-ის 369-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის დარღვევით, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. საქმის მასალების მიხედვით უტყუარად არ დასტურდება კასატორთა მიერ მითითებული გარემოება სამმართველოს წარმომადგენლისათვის (რომლის თანამდებობა, სახელი და გვარი გაურკვეველია და არ იკითხება) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების 2004წ. 12 მარტს ჩაბარების ფაქტი, რადგან გზავნილზე თარიღი გადასწორებულია. ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოდან გადმოგზავნილი კორესპონდენციის ჟურნალის ქსეროასლის მიხედვით ირკვევა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება “ს-თან” დაკავშირებით სამმართველოს კორესპოდენციის ჟურნალში რეგისტრირებულია 2004წ. 19 მარტს 291-ე ნომრით. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომელიც უდავოდ დაადასტურებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების პრივატიზების სამმართველოსათვის 2004წ. 12 მარტს ჩაბარების ფაქტს, კასატორებს სასამართლოში არ წარმოუდგენიათ. ამიტომ საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 29 იანვრის გადაწყვეტილება სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს ჩაჰბარდა 2004წ. 19 მარტს. სააპელაციო საჩივარი სამმართველოს მიერ სსკ-ის 369-ე მუხლით რეგლამენტირებულ ერთთვიან ვადაში შეტანილია 2004წ. 19 აპრილს და სამმართველოს სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობაზე კასატორთა მითითებას საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის მოტივით ვერ გაიზიარებს.
უსაფუძვლობისა და დაუდასტურებლობის გამო, საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორთა პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის კანონდარღვევით განხილვის შესახებ. სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ წარმოდგენილ მტკიცებულებათა სწორი გამოკვლევა-შეფასებით დადგენილად ცნო ფაქტობრივი გარემოება, რაც სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, კერძოდ, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსა და მუნიციპალურ საწარმო “ს-ის” შრომითი კოლექტივის ამხანაგობას (წარმომადგენელი _ მოპასუხე თ. მ-ე) შორის 1995წ. 27 დეკემბერს დაიდო სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ¹152, რომლითაც “პრივატიზაციის პროცესში ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოების მუშაკებისათვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ” სახელმწიფო მეთაურის 1994წ. ¹178 ბრძანებულების საფუძველზე, შრომითი კოლექტივის ამხანაგობას საკუთრებაში გადაეცა ქუთაისში, ..... მდებარე მუნიციპალური საწარმო “ს-ის” ქონება, თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია. ხელშეკრულების მიხედვით პრივატიზებული ქონების ფასი შეადგენს 3251 აშშ დოლარს, საიდანაც 1631 აშშ დოლარი დაფარულია ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო 1620 აშშ დოლარი _ 54 საპრივატიზებო ბარათით (ვაუჩერით). პრივატიზაციის ხელშეკრულებაში მითითებული მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, “ს-ის” შრომითი კოლექტივის ამხანაგობას პრივატიზაციის შედეგად გადაეცა მუნიციპალური საწარმო “ს-ის” 19 დასახელების მოძრავი ქონება და ფინანსური აქტივები, რაზეც 1996წ. 26 თებერვალს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹...... _ “პ”. ამდენად, პრივატიზაციის შედეგად სადავო 231 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის “ს-ის” შრომითი კოლექტივის ამხანაგობისათვის საკუთრებაში გადაცემის ფაქტი წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. პრივატიზაციის მასალებში ნათლად არის მითითებული, რომ შრომითი კოლექტივის ამხანაგობას პრივატიზაციის შედეგად, პირდაპირი მიყიდვის გზით, საკუთრებაში გადაეცა მუნიციპალური საწარმოს 21 დასახელების მოძრავი ქონება და ფინანსური აქტივები. არასაცხოვრებელი 231 კვ.მ სადავო, სადაც სალონია განთავსებული, პრივატიზების საგანი არ ყოფილა, ამიტომ კასატორთა მოტივს, რომ პრივატიზაციის შედეგად მათ საკუთრებაში გადაეცათ ასევე უძრავი ქონება, საკასაციო პალატა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო ვერ გაიზიარებს, რადგან უძრავი ქონების პრივატიზაციის (გასხვისების) შესახებ ხელშეკრულება “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონისა და იმჟამად მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის (1964წ. რედაქცია) ანალოგიურად, უნდა დადებულიყო რთული წერილობითი ფორმით, ანუ წერილობითი ხელშეკრულება საჭიროებდა სანოტარო წესით დამოწმებას. სადავო არასაცხოვრებელი 231 კვ.მ-ის შრომითი კოლექტივის ამხანაგობისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ასეთი ხელშეკრულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მითითებით კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სადავო არასაცხოვრებელ 231 კვ.მ-თან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილია სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოსა და მუნიციპალურ საწარმო “ს-ის” დირექტორ დ. ძ-ს (ამჟამად მოპასუხე) შორის 1995წ. 15 ნოემბერს დადებული ხელშეკრულება ¹554 “ს-ის” მიერ დაკავებული არასაცხოვრებელი ფართის 10 წლის ვადით იჯარით გადაცემის შესახებ, რაც დამოწმებულია სანოტარო წესით. კასატორები დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში არ ეთანხმებიან წარმოდგენილ ხელშეკრულებას, მაგრამ სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს, სსკ-ის 137-ე მუხლის თანახმად, არ დაუყენებიათ საკითხი სახელმწიფო ქონების პრივატიზებისა და აღრიცხვის სამმართველოს მიერ წარმოდგენილი იჯარის ხელშეკრულების სიყალბის შესახებ და სადავოდ არ გაუხდიათ მისი ნამდვილობა. ამიტომ მუნიციპალური საწარმო “ს-ის” ქონების პრივატიზაციის შესახებ მასალების (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა) და იჯარის ხელშეკრულების შესწავლა-ანალიზის შედეგად საკასაციო პალატას უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ “ს-ის” შრომითი კოლექტივის ამხანაგობას პირდაპირი მიყიდვის გზით, 3251 აშშ დოლარად საკუთრებაში გადაეცა მუნიციპალური საწარმოს მოძრავი ქონება, ხოლო უძრავი ქონების – არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაცია არ მომხდარა და ფართი იჯარით 10 წლის ვადით გადაეცა ამხანაგობას, ამიტომ კასატორთა მოთხოვნა პრივატიზების საფუძველზე, არასაცხოვრებელი ფართის მათ საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ, უკანონოა და სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა.
საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას “ს-ის” საპრივატიზებო ფასის დადგენის შესახებ სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს 1995წ. 29 მაისის დასკვნის ბათილობაზე ხანდაზმულობის მოტივით უარის თქმის შესახებ, ვინაიდან სადავო დასკვნა დამტკიცებულია 1995წ. 29 მაისს, ხოლო სარჩელი მისი ბათილად ცნობის შესახებ აღძრულია 8 წლის შემდეგ, 2003წ. 15 აგვისტოს. რაც შეეხება დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებს, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია საწარმოს ბალანსი და წესდება, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან არც საწარმოს ბალანსი და არც წესდება საქმეში წარდგენილი არ ყოფილა კასატორების მიერ და სასამართლო, ბუნებრივია, მათზე ვერ იმსჯელებდა. ამასთან, საწარმოს ბალანსის და წესდების წარდგენა არც სააპელაციო სასამართლოს მოუთხოვია კასატორებისათვის, რადგან მათ, საკასაციო პალატის აზრით, დავის საგანთან კავშირი არა აქვს, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, უძრავი ქონების (არასაცხოვრებელი ფართის) განკარგვის (გაყიდვის) დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას, “სახელმწიფო ქონების პრივატიზების” შესახებ კანონისა და სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1864წ. რედაქცია) 239-ე მუხლის მიხედვით, წარმოადგენს სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ხელშეკრულება, რაც კასატორებს არ გააჩნიათ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით ვერ გაიზიარებს შპს “ს-ის” პარტნიორთა დაზუსტებულ საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ კასაცია არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 ივლისის გადაწყვეტილება, ვინაიდან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია და სასამართლომ წარმოდგენილ მტკიცებულებათა სწორი შეფასება-დადგენითა და კანონის მართებული გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება კასატორთა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 47-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ს-ის” პარტნიორების: ნ. ო-ისა და თ. ნ-ას დაზუსტებული საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 ივლისის გადაწყვეტილება;
3. კასატორები გათავისუფლდნენ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოა და არ საჩივრდება.