Facebook Twitter

ას-54-53-2010 12 აპრილი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე თ. თოდრია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზ. კ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე, ე. ჯ-ძისა და მ. ა-იანის სარჩელის გამო ზ. კ-ძის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.

სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 იანვრის განჩინებით ზ. კ-ძეს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის – 1 195.8 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა;

2010 წლის 23 თებერვალს კასატორმა ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი და საკასაციო პალატას წარმოუდგინა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი, რაც საკასაციო პალატამ არასაკმარისად მიიჩნია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის განჩინებით ზ. კ-ძეს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა და დაევალა მას განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 895 ლარისა და 80 თეთრის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე კასატორს გაეგზავნა 2010 წლის 26 თებერვალს. განჩინების ასლი მას პირადად ჩაჰბარდა 2010 წლის 8 მარტს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს (ს.ფ. 413).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. კ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზ. კ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველი;

ზ. კ-ძეს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.