Facebook Twitter

ას-549-519-2011 6 ივნისი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ა. ს-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები _ ლ. ტ-შვილი, დ. ქ-ძე, მ. ხ-შვილი, თ. ჩ-შვილი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ტ-შვილმა, ნ. ო-შვილმა, დ. ქ-ძემ, მ. ხ-შვილმა, თ. ჩ-შვილმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ა. ს-შვილის მიმართ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ შემდეგი დასაბუთებით: 2009 წლის 14 სექტემბერს შპს „ს. პ-ამ“, წარმოებაში მიიღო პრეტენდენტ ა. ს-შვილის საარბიტრაჟო პრეტენზია მოპასუხეების: ლ. ტ-შვილის, ნ. ო-შვილის, მ. ა-ძის, დ. ქ-ძის და მ. ხ-შვილის მიმართ, მოითხოვა 2008 წლის 9 ივლისს ნოტარიუს ლალი რობაქიძის მიერ გაფორმებული „იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და, საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველსაყოფად, თბილისში, ... ¹7-ში მდებარე ¹11 ბინაზე ყადაღის დადება. არბიტრაჟის მიერ დაკმაყოფილდა პრეტენდენტ ა. ს-შვილის განცხადება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და ყადაღა დაედო იპოთეკის საგანს. პრეტენდენტი მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითებდა ნოტარიუსის მიერ მისთვის სანოტარო აქტის წაუკითხავად ხელისმოწერას, მის მიერ იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების არცოდნას, რასაც, მისი განმარტებით, ადასტურებს ხელშეკრულებაში არსებული „გრამატიკული“ და „სხვა სახის“ შეცდომები. პრეტენდენტი საარბიტრაჟო პრეტენზიაში იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვდა სამოქალაქო კოდექსის 84-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად და საარბიტრაჟო პრეტენზიაშივე აღნიშნავდა, რომ მან არ იცოდა რაზე მოაწერა ხელი, ხოლო იმის შესახებ, რომ მან სესხი აიღო, ანუ მოტყუვდა, შეიტყო 2008 წლის 9 სექტემბერს, როდესაც მას დაურეკა ლ. ხ-მა და მოსთხოვა აღებული თანხის პროცენტი. ა. ს-შვილიმა მიუთითა, რომ მან არ იცოდა რა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ნამდვილად მოტყუებით დაადებინეს გარიგება. სამოქალაქო კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად, მას აღარ ჰქონდა თუნდაც მოტყუებით დადებული გარიგების სადავოდ გახდომისა და საარბიტრაჟო პრეტენზიის ან სარჩელის აღძვრის უფლება, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად, ა. ს-შვილმა საარბიტრაჟო პრეტენზიის მიხედვით „მოტყუების შესახებ შეიტყო 2008 წლის 9 სექტემბერს, ხოლო საარბიტრაჟო პრეტენზია „მოტყუებით დადებული გარიგების“ ანუ „იპოთეკის ხელშეკრულების“ ბათილად ცნობის შესახებ მან აღძრა შეცილების ანუ სარჩელისა თუ პრეტენზიის აღძვრის ვადის გასვლის შემდეგ 2009 წლის 14 სექტემბერს, რაც დასტურდება შპს „ს. პ-ის“ 2009 წლის 15 სექტემბრის ¹15/09/091ზ.დ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით „საქმის წარმოებაში მიღებისა და უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელების შესახებ“. ა.ს-შვილს, ხელშეკრულების დადების კანონიერებაზე არ გამოუთქვამს პრეტენზია, არ წარუდგენია საარბიტრაჟო შესაგებელი, საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს „ბ-ის“ მიერ საქმის განხილვისას, გამოცხადდა საარბიტრაჟო სხდომაზე და მოითხოვა ვადა მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისათვის, რაც ადასტურებს, რომ იგი ცნობდა საარბიტრაჟო პრეტენზიას და მის მიერ იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. არბიტრაჟმა, იპოთეკის გაუქმების შესახებ საარბიტრაჟოს გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც ამ ხელშეკრულების საფუძველზე მხარეებს შორის ერთხელ უკვე იქნა მიღებული გადაწყვეტილება და იგი აღსრულდა ამავე ხელშეკრულების თანახმად კი, ხელშეკრულება წყდება იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაციის გზით და არბიტრაჟის „ბ-ის“ მიერ იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ აღსრულების შემდეგ, არბიტრაჟმა მეორედ იმსჯელა იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავაზე იმავე საფუძვლითა და იმავე მხარეებს შორის. ამის გარდა, მან გადაწყვეტილება მიიღო არასათანადო მოპასუხის მ. ა-ძის მიმართ, ხოლო მის მიერ გაუქმებული იპოთეკის ხელშეკრულების მიმღები ორგანო ნოტარიუსი ლ. რ-ძე, საქმეზე მოწვეული ჰყავდა არა მოპასუხედ, არამედ მოწმედ. მხარეებს შორის არ არსებობდა საარბიტრაჟო შეთანხმება დავის იმ საგანზე, რომელიც განიხილა მოპასუხე არბიტრაჟმა.

მოპასუხე ა. ს-შვილმა სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით: 2009 წლის 30 სექტემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში აღწერილი ვითარება, სადაც ნათლად არის მითითებული, რომ არბიტრს მოქმედი კანონმდებლობის დაცული პროცესუალური ნორმები არ დაურღვევია, კანონონიერად ჩაატარა საარბიტრაჟო სხდომა, სრულყოფილად და ამომწურავად გასცა პასუხები არბიტრის. ლ.ტ-შვილის, ნ. ო-შვილის, ლ. ქ-ძის, მ. ხ-შვილის, თ. ჩ-შვილის წარმომადგენლის ნ.ფ-შვილის მიერ აღძრული სარჩელი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, არასაკმარისია იმისათვის, რომ გამოიკვეთოს 2009 წლის 30 სექტემბერს არბიტრ ზ. დ-ძის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების უკანონობა მოტყუებით დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობის შესახებ. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, განხორციელდა ბევრი უკანონო ქმედებები „ბ-ის“ არბიტრის მხრიდან და შემდგომ არაკანონიერად გამოწერილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

მოპასუხე შპს ,,ს. პ-ის” თავმჯდომარე ზ. დ-ძემ სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით: რაც შეეხება ა. ს-შვილის მხრიდან შეცილების ვადის გასვლას, პრეტენდენტს საარბიტრაჟო პრეტენზია აღძრული ჰქონდა შპს „ა-ში“ 2009 წლის 4 ივნისს, რომელიც 2009 წლის 4 სექტემბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის თანახმად მოთხოვნაზე უარის თქმის გარეშე გამოითხოვა, ხოლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება იმ მომენტში როცა აღიძრა პრეტენზია. არ შეიძლება გაზიარებულ იქნას მოსარჩელეთა მტკიცება, თითქოს არბიტრაჟი არ უნდა დაყრდნობოდა შპს „ა-ის“ თავმჯდომარის 2009 წლის ¹3/47 განკარგულებას ხელმოწერის ნამდვილობის დაუდასტურებლობის გამო, ვინაიდან პრეტენზიის წარმოების მიღებისა და წარმოების შეწყვეტის შესახებ პროცედურას განსაზღვრავს არბიტრაჟის დებულება, ხოლო საქართველოს კანონი „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ არ ავალდებულებს აღნიშნული ტიპის გადაწყვეტილებაზე სანოტარო წესით დამოწმებას. ეს ნორმა ეხება მხოლოდ ძირითად გადაწყვეტილებას ან უზრუნველყოფს ღონისძიების გატარების შესახებ გადაწყვეტილებას. არბიტრაჟი ვალდებული იყო, მიეღო სხვა არბიტრაჟის განკარგულება მტკიცებულებად მით უფრო, როდესაც იგი დამოწმებულია ბეჭდით და ხელს აწერს თავმჯდომარე. არბიტრაჟმა განიხილა გარიგების ბათილობა და არა ხელშეკრულების ბათილობის საკითხი. ვერც ერთი კანონი ვერ აუკრძალავს მხარეს კანონმდებლობით მინიჭებული უფლების განხორციელებას. კანონი „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ განსაზღვრავს მხარეთა შორის დავის შემთხვევაში არბიტრაჟში პრეტენზიის განხილვის წესს და არ განსაზღვრავს იმ „მოტივს“, რაც მოსარჩელეთა მიერ იქნა მოყვანილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ტ-შვილის, ნ. ო-შვილის, დ. ქ-ძის, მ. ხ-შვილისა და თ ჩშვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს “ს. პ-ის” 2009 წლის 30 სექტემბრის ¹15/09/09/-1-გ.ზ.დ. გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ს-შვილმა და შპს ,,ს. პ-ამ”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 დეკმებრის განჩინებით ანა სადომისაშვილის და შპს ,,ს. პ-ის” სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ბ. ბუჩუკურსა და ა. ს-შვილს შორის არსებობდა სესხისა და იპოთეკის სახელშეკრულებო ვალდებულება. იპოთეკაზე უარის თქმის შესახებ 2008 წლის 9 ივლისის სანოტარო აქტით ბ. ბ-ურმა, რომელიც წარმოადგენდა 2008 წლის 29 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მხარეს, იპოთეკარს, უარი განაცხადა მის სასარგებლოდ არსებულ იპოთეკაზე, მსესხებელ ა. ს-შვილის კუთვნილ უძრავ ქონებაზე ქ. თბილისში, ... , მე-5 სართულზე მდებარე ¹11 ბინაზე, იმ საფუძვლით, რომ ა. ს-შვილმა დაუბრუნა ვალი და, შესაბამისად, ბ. ბ-ურის მიმართ გაუქმდა სესხისა და იპოთეკის ვალდებულება. 2008 წლის 9 ივლისს, ერთი მხრივ, ა. ს-შვილს ხოლო, მეორე მხრივ, ლ. ტ-შვილს, ნ. ო-შვილს, მ. ა-ძეს, დ. ქ-ძესა და მ. ხ-შვილს (იპოთეკარები) შორის წერილობით დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის პირველ მუხლში აღნიშნულია, რომ იპოთეკარების მიერ 3 თვის ვადით, თვეში 5%-ის სარგებლის გადახდით, გაცემული სესხის სანაცვლოდ იპოთეკით იტვირთებოდა ა. ს-შვილის კუთვნილი ქ. თბილისში, ... , მე-5 სართულზე მდებარე ¹11 ბინა. ხელშეკრულების იმავე მუხლში მიეთითა, რომ მსესხებელმა სრულად მიიღო სესხი ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე. ხელშეკრულების დასკვნითი დებულებების თანახმად, ნებისმიერი დავა, მათ შორის დაკავშირებული ხელშეკრულების მოშლასთან, შეწყვეტასთან, ბათილობასთან, უნდა განხილულიყო და გადაწყვეტილიყო პრეტენდენტის მიერ არჩეული მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის მიერ და დავა უნდა განეხილა ამავე არბიტრაჟის მიერ დანიშნულ ერთ არბიტრს. არბიტრაჟის აცილების ვადა კი განისაზღვრა 5 დღით. 2008 წლის 9 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულების ერთ-ერთმა მხარემ _ ნ. ო-შვილმა 2008 წლის 19 სექტემბერს ა. ს-შვილის წინააღმდეგ საარბიტრაჟო პრეტენზიით მიმართა შპს იურიდიულ კომპანია “ბ-ს” და მოითხოვა მას და ა. ს-შვილს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მოშლა, მოპასუხე ანა ს-შვილს დაკისრებოდა სესხის ძირითადი თანხა, სარგებელი და პირგასამტეხლო. ა. ს-შვილის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი ბინის აუქციონზე რეალიზაციის გზით. ა. ს-შვილს 2008 წლის 21 სექტემბერს ჩაჰბარდა ნ. ო-შვილის საარბიტრაჟო პრეტენზია და თანდართული მასალები, არბიტრაჟის დებულება და უწყება. საარბიტრაჟო პრეტენზიაზე ა. ს-შვილს შესაგებელი არ წარუდგენია. არბიტრაჟ “ბ-ის” 2008 წლის 10 ოქტომბრის სხდომის ოქმითა და ხელწერილით დადგენილია, რომ საარბიტრაჟო სხდომაზე გამოცხადდნენ პრეტენდენტი ნ. ო-შვილი და მოპასუხე ანა ს-შვილი. მხარეებს განემარტათ არბიტრის აცილების უფლება, მაგრამ მათ არბიტრის მიმართ აცილება არ განუცხადებიათ და თანხმობა განაცხადეს არბიტრ ნ. ჩ-ძის მიერ საქმის განხილვაზე. პრეტენდენტმა ნ. ო-შვილმა მოითხოვა საარბიტრაჟო პრეტენზიის დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხე ა. ს-შვილმა იშუამდგომლა ვალდებულების შესრულებისათვის ვადის მიცემის თაობაზე, რასაც ნ. ო-შვილი არ დაეთანხმა. მოპასუხე ა. ს-შვილი დასთანხმდა პრეტენდენტ ნ. ო-შვილის მიერ არჩეული მუდმივმოქმედ არბიტრაჟ “ბ-ს” და ამ უკანასკნელის მიერ დანიშნული არბიტრის მიერ დავის განხილვას და, შესაბამისად, არბიტრაჟის კომპეტენცია სადავოდ არ გაუხდია. არბიტრაჟ “ბ-ს” 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ო-შვილის საარბიტრაჟო პრეტენზია დაკმაყოფილდა, რომლითაც ა. ს-შვილს გადასახდელად დაეკისრა სესხის ძირითადი თანხა 8 000 აშშ დოლარი, სამი თვის სარგებელი –1 200 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო _ 24 აშშ დოლარი ყოველდღიურად გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ასევე საარბიტრაჟო მოსაკრებელი _ 211,60 ლარი. გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით დადგინდა ა. ს-შვილის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაცია. მოთხოვნის დათმობის შესახებ 2009 წლის 23 იანვრის ხელშეკრულებით მ. ა-ძემ თ. ჩ-შვილს დაუთმო თავისი მოთხოვნა ა. ს-შვილის მიმართ ნოტარიუს ლ. რ-ძის მიერ დამოწმებული 2008 წლის 9 ივლისს იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კერძოდ, 6 000 აშშ დოლარის და მასზე დარიცხული სარგებლის მოთხოვნის უფლება. ნ. ო-შვილმა 2009 წლის 22 აპრილს განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს, რომელსაც წარუდგინა არბიტრაჟ “ბ-ს” 2008 წლის 17 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი და მოითხოვა ა. ს-შვილის მიმართ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება. 2009 წლის 23 ივლისს ა. ს-შვილმა განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს იმაზე მითითებით, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, მოწინააღმდეგე მხარისათვის მას გადახდილი ჰქონდა 8 670 აშშ დოლარი და ასევე საარბიტრაჟო მოსაკრებელი 200 ლარი. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მან განცხადებას დაურთო ხელწერილი, რომლის თანახმადაც ლ. ხ-ს ა. ს-შვილისაგან მიღებული ჰქონდა ოთხი თვის პროცენტი 8 670 აშშ დოლარი და საარბიტრაჟო მოსაკრებელი. განცხადებაში ა. ს-შვილი მიუთითებდა, რომ სურვილი ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო აუქციონში და შეეძინა აუქციონზე გამოტანილი ქონება. 2009 წლის 6 აგვისტოს ანა ს-შვილმა განცხადებით მიმართა არბიტრაჟ “ბ-ს”, სადაც აღნიშნა, რომ სურდა მონაწილეობა მიეღო ნ. ო-შვილის სასარგებლოდ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დანიშნულ მესამე აუქციონში, შეეძინა აუქციონზე გამოტანილი ქონება და დაეფარა დავალიანება და კანონით გათვალისწინებული 7%, თუმცა არბიტრაჟისაგან მოითხოვდა გარკვევას, რას შეადგენდა დავალიანების თანხა. შპს “ა-ს” 2009 წლის 4 სექტემბრის განკარგულებით დადგენილია, რომ 2009 წლის 4 ივნისს ა. ს-შვილს საარბიტრაჟო პრეტენზია მიმართული ჰქონდა არბიტრაჟისათვის, რაც გამოიხმო და პრეტენზია დარჩა განუხილველად. ა. ს-შვილი არ დავობს, რომ ხსენებული საარბიტრაჟო პრეტენზია მიმართული იყო ლ. ტ-შვილის, ნ. ო-შვილის და სხვათა მიმართ 9.07.2008 წლის იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. არბიტრაჟ “ბ-ს” მიერ ნ. ო-შვილის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიმდინარეობის პარალელურად, ა. ს-შვილმა საარბიტრაჟო პრეტენზიით მიმართა სხვა არბიტრაჟს ლ. ტ-შვილის, ნ. ო-შვილის და სხვათა მიმართ იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, მისი კუთვნილი იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი ბინის აუქციონზე შეძენისმოთხოვნით, შესაბამისად, ნ. ო-შვილის დავალიანების დაფარვის სურვილსიც გამოთქვა. ა. ს-შვილმა 2009 წლის 14 სექტემბერს საარბიტრაჟო პრეტენზიით მიმართა მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს შპს “ს. პ-ს” მოპასუხე ლ. ტ-შვილის, ნ. ო-შვილის, დ. ქ-ძისა და მ. ხ-შვილის მიმართ 2008 წლის 9 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის შპს “ს. პ-ს” 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით წარმოებაში იქნა მიღებული ა. ს-შვილის საარბიტრაჟო პრეტენზია და, ასევე, ყადაღა დაედო ა. ს-შვილის კუთვნილ ქ. თბილისში, ... , მე-5 სართულზე მდებარე ¹11 ბინას. საარბიტრაჟო სხდომა დაინიშნა 25 სექტემბერს 12 საათზე. დადგენილად იქნა მიჩნული, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2009 წლის 22 სექტემბრის განკარგულებით, არბიტრაჟ “ბ-ს” 15.10.2008 წლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ნ. ო-შვილს ნატურით გადაეცა ა. ს-შვილის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, ხოლო მ. ხ-შვილის, თ ჩშვილის, დ. ქ-ძის, ლ. ტ-შვილის სიტყვიერი შეთანხმების თანახმად, ხსენებული ბინის რეალიზაციის შემდეგ, თანხა განაწილდებოდა იპოთეკარებს შორის. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის შპს “ს. პ-ს” 2009 წლის 30 სექტემბრის (¹15/09/09-1-გ.ზ.დ.). გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. ს-შვილის საარბიტრაჟო პრეტენზია და ბათილად იქნა ცნობილი, ერთი მხრივ, ანა ს-შვილის და, მეორე მხრივ, ლ. ტ-შვილს, ნ. ო-შვილს, მ. ა-ძეს, დ. ქ-ძესა და მ. ხ-შვილს შორის 2008 წლის 9 ივლისს დადებული იპოთეკის ხელშეკრულება. მოპასუხეებმა სადავოდ გახადეს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის შპს “ს. პ-ს” კომპეტენცია განსახილველ დავასთან მიმართებაში, ვინაიდან, სადავო იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს “ბ-მა” ერთხელ უკვე განიხილა და დააკმაყოფილა ნ. ო-შვილის პრეტენზია ა. ს-შვილის მიმართ. შპს “ს. პ-ს” სხდომის ოქმებით დადგენილია, რომ არბიტრაჟის ინიციატივით დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირად საქმეში ჩართულ იქნა თ. ჩ-შვილი, რომლის სახელითაც ნ. ფ-შვილმა წარადგინა საარბიტრაჟო პრეტენზია, რაც არბიტრაჟმა არ მიიღო იმ საფუძვლით, რომ ნ. ფ-შვილს არ გააჩნდა თ. ჩ-შვილის სახელით პრეტენზიის აღძვრის უფლებამოსილება.

სამოქალაქო კოდექსის 50-ე 316-ე და 317-ე მუხლებისა და “კერძო არბიტრაჟის შესახებ” კანონის პირველი მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2008 წლის 9 ივლისს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დასკვნით დებულებებში გათვალისწინებული ზოგადი დათქმა დავის კერძო არბიტრაჟის მიერ განხილვის თაობაზე არ შეიძლება ჩაითვალოს “კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საარბიტრაჟო შეთანხმებად, ვინაიდან მხარეთა შორის არ არის შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობაზე – კონკრეტულ არბიტრაჟზე, რომლის კომპეტენციასაც აღიარებს ორივე მხარე. საარბიტრაჟო შეთანხმების დადებულად (ნამდვილად) მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ შეთანხმება შეიცავდეს დავის განმხილველი არბიტრაჟის დასახელებას, რათა მხარეთათვის შეთანხმების გაფორმების მომენტშივე იყოს ცნობილი, რომელი არბიტრაჟი განიხილავს შესაძლო დავას, რათა მხარემ გამოხატოს ნება, კონკრეტულ არბიტრაჟზე და არა ზოგადად ნებისმიერ მუდმივმოქმედ არბიტრაჟზე, რამეთუ არბიტრაჟზე შეთანხმება ეს არის მხარეთა მიერ არბიტრაჟის არჩევა და მხარეებმა ურთიერთშეთანხმებით უნდა აირჩიონ დავის განმხილველი კონკრეტული არბიტრაჟი. პალატამ განმარტა, რომ ვინაიდან მოპასუხეებმა სადავოდ გახადეს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის შპს “ს. პ-ს” კომპეტენცია განსახილველ დავასთან მიმართებაში, შესაბამისად, შპს “ს. პ-ა” არ იყო უფლებამოსილი განეხილა დავა, ვინაიდან მხარეები არ შეთანხმებულან კონკრეტულად ამ არბიტრაჟის მიერ დავის განხილვაზე. აღნიშნული გარემოება კი, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 დეკმებრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. ს-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასდაბუთებით: არბიტრაჟ „ბ-ში“ მოსამართლემ კანონის დარღვევით მიიღო იპოთეკარ ნ. ო-შვილის პრეტენზია ა. ს-შვილზე ვალის დაკისრების მოთხოვნით. ა. ს-შვილი და ნ. ო-შვილ წინასწარ არ შეთანხმებულან, რომ დავა კონკრეტულად არბიტრაჟ „ბ-ში“განხილულიყო. არბიტრაჟ „ბ-ში“ საარბიტრაჟო პრეტენზია წარმოებაში ისე იქნა მიღებული, რომ მათ ამის შესახებ თანხმობა არ მიუღიათ. როდესაც „ბ-სგან“ შეტყობინება მიიღო, არბიტრაჟს უკვე საქმე წარმოებაში ჰქონდა მიღებული. ნოტარიუს ლ. რ-ძის სანოტარო ბიუროში დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება 2008 წლის 9 ივლისს, რომელზეც მას, როგორც ბინის მესაკუთრეს მოტყუებით მომაწერინეს ხელი. ეს ფაქტი დადასტურდა და საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ ბრალეულად ცნო ბ. გ-ძე და ნ. ბ-ძე. სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის სარჩელი, იმ მოტივით, რომ თითქოს არბიტრმა ზ. დ-ძემ დაარღვია პროცესუალური ნორმა, წარმოებაში მიიღო ერთხელ უკვე განხილულ დავაზე მეორედ აღძრული საარბიტრაჟო პრეტენზია, რაც არასწორია, ვინაიდან, 2008 წლის 9 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არბიტრაჟ „ბ-ში“ უკანონოდ იქნა განხილული იპოთეკარ ნ. ო-შვილის პრეტენზია, სადაც ის ითხოვდა, მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 8800 აშშ დოლარი მოშლილიყო მხარეებს ნ. ო-შვილსა და მას შორის გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. არბიტრმა ა. ჩ-ძემ იპოთეკარის საარბიტრაჟო პრეტენზია დააკმაყოფილა მთლიანად, რადგანაც სხვა იპოთეკარებთან არ ჰქონია დათქმა კონკრეტულ არბიტრაჟზე, ხოლო მასა და ნ. ო-შვილს შორის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით ხელშეკრულება აღარ არსებობდა, ამიტომაც როგორც პრეტენდენტმა, აირჩია არბიტრაჟთა პალატა, სადაც წარმოაბაში მიიღეს მისი საარბიტრაჟო პრეტენზია. სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი პრეტენზია, რომ არბიტრაჟ ,,ბ-ში” საქმე არ უნდა განხილულიყო, ვინაიდან იპოთეკარი ნ. ო-იშვილი არ დასთანხმებულა საქმის კონკრეტულად არბიტრაჟ ,,ბ-ში” განხილვაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ს-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა)საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

მოცემული დავის საგანია კერძო არბიტრაჟი კომპეტენცია. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. ს-შვილს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2011 წლის 20 აპრილს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ს-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ა. ს-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ 2011 წლის 15 აპრილს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.