Facebook Twitter

ას-550-518-10 23 სექტემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ზ. ს-ოვა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები _ ბ. მ-შვილი, დ. კ-ია

დავის საგანი – სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ქონების დაბრუნება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს

2010 წლის 1 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ზ. ს-ოვამ ბ. მ-შვილისა და ნოტარიუს დ. კ-იას მიმართ სამისდღეშიო ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. ს-ოვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ზ. ს-ოვამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 აპრილის განჩინებით ზ. ს-ოვას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ზ. ს-ოვამ 2008 წლის 4 იანვარს თავისივე სურვილითა და ინიციატივით ნოტარიუს დ. კ-იას სანოტარო ბიუროში შეადგინა ანდერძი, რომლითაც თავისი უძრავი ქონება უანდერძა მოწინააღმდეგე მხარეს ბ. მ-შვილს. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით დგინდება, რომ 2008 წლის 18 იანვარს ბ. მ-შვილმა და ზ. ს-ოვამ მიმართეს ნოტარიუს დ. კ-იას. ზ. ს-ოვამ, იმის გათვალისწინებით, რომ არ ფლობდა ქართულ ენას, მოითხოვა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების სანოტარო აქტის რუსულ ენაზე შედგენა. ნოტარიუსმა აღნიშნული ხელშეკრულება შეადგინა ქართულ და რუსულ ენებზე. ორივე ენაზე შედგენილი ხელშეკრულება ხელმოწერილია სარჩენის - ზ. ს-ოვას მიერ, რაც მიუთითებს, რომ აპელანტს გაცნობიერებული ჰქონდა ამ დოკუმენტის შინაარსი და ნების გამოვლენა გამოხატა სანოტარო აქტზე ხელმოწერით.

ანდერძი მოსარჩელის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ უკვე იყო შედგენილი 2008 წლის 4 იანვარს რუსულ და ქართულ ენებზე, ხოლო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება შედგენილ იქნა 2008 წლის 18 იანვარს, ანდერძის ხელშეკრულების შედგენის შემდეგ. გარდა ამისა, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად წარდგენილ იქნა მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, რაც ადასტურებს, რომ შემოწმებულ იქნა ნების გამომვლენი პირის ქმედუნარიანობა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ზ. ს-ოვამ და მიუთითა, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. მისი თქმით, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რომელიც მხარეებს შორის დაიდო, არის მოტყუებით დადებული, რასაც ადასტურებს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ფაქტობრივი გარემოებები და სასამართლოში მიცემული ახსნა-განმარტებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ს-ოვას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ზ. ს-ოვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზ. ს-ოვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.