Facebook Twitter

ას-551-519-2010 3 აგვისტო, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ქ.თბილისის ¹202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ა-ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ც. ვ-ძემ, ც. ფ-შვილმა და თ. ა-იამ სარჩელი აღძრეს სასამართლოში სსიპ “თბილისის 202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის” მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელეები მუშაობდნენ სადავო სკოლაში პედაგოგების თანამდებობაზე. ც.ფ-შვილი იყო ე.წ სპეციალური კლასის პედაგოგი. დირექციის 2008 წლის 22 სექტემბრის ¹79 ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ აღნიშნული სპეციალური კლასის გაუქმების გამო, რაც სკოლის დირექტორმა თ.მ-შვილმა მოსარჩელის დათხოვნის საკმარის საფუძვლად ჩათვალა და იგი სხვა თანამდებობაზე არ გადაიყვანა.

ც.ვ-ძე ასევე წლების განმავლობაში მუშაობდა სსიპ “თბილისის 202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის” პედაგოგად და სამეთვალყურეო საბჭოს წევრად. სკოლის დირექტორის მიერ სისტემატურად შევიწროვებისა და უსინათლო მასწავლებელთა მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის გამო ც.ვ-ძე იძულებული გახდა, საკუთარი განცხადებით დაეტოვებინა სამუშაო. მისი განცხადება დაკმაყოფილდა მოპასუხის 2008 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებით.

თ.ა-ია წარმოადგენდა მოპასუხე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს. დირექტორის გაღიზიანება მის მიმართ გამოიწვია მოსარჩელეთა მიერ ც.ფ-შვილის უკანონო გათავისუფლების ფაქტის გამო უსინათლო პედაგოგთა მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის გაპროტესტების მიზნით სკოლის სამეთვალყურეო საბჭოსა და განათლების სამინისტროსათვის განცხადებით მიმართვამ. მოპასუხეს სათანადოდ არ დაუსაბუთებია მითითებულ მასწავლებელთა სამუშაოდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ ც.ვ-ძე სამუშაოდან გათავისუფლდა საკუთარი გაცხადების, ხოლო დანარჩენი მოსარჩელეები დათხოვნილ იქნენ საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მოთხოვნათ დაცვით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ც. ვ-ძის, ც. ფ-შვილისა და თ. ა-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ც. ვ-ძისა და ც. ფ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თ. ა-იას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც თ. ა-იას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და მისი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ “თბილისის ¹202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის” დირექტორის 2008 წლის 29 დეკემბრის ¹113 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც თ. ა-ია გათავისუფლდა სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლობიდან და მოეხსნა საათობრივი დატვირთვა, თ. ა-ია აღდგენილ იქნა სსიპ “თბილისის ¹202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის” ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თანამდებობაზე მხარეთა შორის 2008 წლის 3 დეკემბრის ¹72 შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, თ. ა-იას აუანაზღაურდა იძულებით განაცდური ხელფასი სამსახურიდან გათავისუფლებიდან _ 2008 წლის 29 დეკემბრიდან თანამდებობაზე აღდგენამდე, მხარეთა შორის 2008 წლის 3 დეკემბერს გაფორმებული ¹72 შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის გათვალისწინებით, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ა-იას სკოლის მასწავლებლის თანამდებობიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო სკოლის პედაგოგიური საბჭოსა და სკოლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებები, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მეორე პუნქტი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის ¹448 ბრძანებით დამტკიცებული სკოლის წესდების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი.

სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას სკოლის დირექტორის მიერ თ.ა-იასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულ იქნა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი. პალატამ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის განმარტებაზე, რომ იურიდიული განათლების არქონის გამო „დ“ პუნქტი ითვალისწინებდა რა შრომითი ხელშეკრულების მოშლას, გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძვლად მიზანშეწონილად მიიჩნია ხსენებული ნორმის „დ“ ქვეპუნქტის მითითებაც.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ, მართალია, სსიპ „თბილისის 202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის“ დირექტორის 2008 წლის 29 დეკემბრის ¹113 ბრძანების მე-2 პუნქტით თ.ა-იას სამსახურიდან გათავისუფლებასთან ერთად განესაზღვრა ერთი თვის შრომის ანაზღაურების მიღების უფლება, თუმცა 2009 წლის 2 თებერვლის იმავე სკოლის დირექტორის ბრძანებით ცვლილება შევიდა 2008 წლის 29 დეკემბრის ბრძანებაში და ამ ბრძანებიდან ამოღებულ იქნა სწორედ მე-2 პუნქტი, რომელიც თ.ა-იასათვის ერთი თვის ხელფასის გაცემას ითვალისწინებდა. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ.ა-ია სამსახურიდან გათავისუფლდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „გ“ პუნქტის საფუძველზე. შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ თ.ა-იას სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხი უნდა შემოწმდეს მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მასწავლებლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლების შესაბამისად. 2008 წლის 3 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევა. ამავე ხელშეკრულების 3.2-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სკოლას უფლება აქვს, მოსთხოვოს მასწავლებელს წინამდებარე ხელშეკრულების, სკოლის შინაგანაწესისა და ეთიკის ნორმების დაცვა. ამავე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელს საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლებით, შრომითი ხელშეკრულების პირობებისა და სკოლის შინაგანეწესის დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში.

პალატამ მიიჩნია, რომ ა.ა-იასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა მითითებული შრომითი ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, მეორე პუნქტის, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ სამეურვეო საბჭოს 2008 წლის 26 დეკემბრის სხდომას ესწრებოდა ექვსი წევრი, აქედან ორმა ხმა დაუჭირა თ. ა-იას პედაგოგად მუშაობას, ერთმა თავი შეიკავა, ხოლო სამმა წევრმა მიზანშეუწონლად მიიჩნია თ.ა-იას სკოლაში პედაგოგად მუშაობა. საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ეთხოვათ სკოლის დირექტორისათვის თ. ა-იასთან ვადამდე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატამ მიიჩნია, რომ თ.ა-იას გათავისუფლებისას დაირღვა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის პროცედურები, რადგან სამეურვეო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით, გადაწყვეტილება მიღებულ არ იქნა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

ამდენად, სკოლის ადმინისტრაციამ დაარღვია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები, პალატამ არსებითად აღარ იმსჯელა, ჩაიდინა თუ არა თ.ა-იამ სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედება.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ც.ფ-შვილთან ხელშეკრულების მოშლა განხორციელდა არა სკოლის დირექტორის პრეტენზიის საფუძველზე, არამედ V (დამხმარე) კლასის გაუქმებისა და შეთავაზებულ საათებზე ც. ფ-შვილის მხრიდან უარის თქმის გამო. შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის ¹595 ბრძანებით გათვალისწინებული დებულებების განხორციელება სკოლის დირექტორის მხრიდან ვერ მოხდებოდა. სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ ც. ფ-შვილთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, შესაბამისად, პალატა ვერ დაადგენს, თუ რომელ ნორმატიულ აქტთან მიმართებაში უნდა იმსჯელოს შრომითი ხელშეკრულების მოშლის პროცედურების დაცვისას.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ც. ვ-ძესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა სსიპ “თბილისის 202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის” დირექტორის 2008 წლის 20 ოქტომბრის ¹90 ბრძანების საფუძველზე, რომელსაც წინ უსწრებდა 2008 წლის 18 ოქტომბრის ც. ვ-ძის პირადი განცხადება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილება თ.ა-იას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სსიპ “ქ.თბილისის ¹202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლამ” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და თ.ა-იას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლად უკანონოდ მიიჩნია სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილების არასწორად მიღება, ვინაიდან ასეთ შემთხვევაშიც აღნიშნული ბრძანების კანონიერებაზე ვერ იმოქმედებდა. “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დირექტორს გააჩნია პედაგოგისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილება და ამისათვის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება აუცილებელი არ იყო. ამავე კანონით სამეურვეო საბჭო უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა დირექტორისათვის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტა, მაგრამ კანონის მითითებული დანაწესი არ გულისხმობს, რომ დირექტორს ყოველთვის ესაჭიროებოდა სამეურვეო საბჭოს მითითება.

რაც შეეხება სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების კანონიერებას, აღსანიშნავია, რომ მითითებული საკითხი სარჩელით სადავოდ არ გამხდარა და, ამდენად, სასამართლოს მსჯელობის საგანი არ უნდა ყოფილიყო. სააპელაციო სასამართლო გასცდა მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს და უგულებელყო დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები, რამაც გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების მიღება თ.ა-იას სააპელაციო საჩივრისა და შემდეგ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.

სასამართლოს უნდა გამოეყენებინა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი და ემსჯელა, რამდენად კანონიერი იყო სადავო ბრძანება და დაარღვია თუ არა თ.ა-იამ შრომითი ხელშეკრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ივნისის განჩინებით სსიპ “ქ.თბილისის ¹202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლის” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ “ქ.თბილისის ¹202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სსიპ “ქ.თბილისის ¹202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლის” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.