ას-552-520-2010 5 ივლისი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ა-ა 42ა” (წარმომადგენელი შ. ჯ-ძე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ გ. მ-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ამხანაგობის წევრად აღიარება, ამხანაგობის სადამფუძნებლო დოკუმენტებში ცვლილების შეტანა, ცვლილებების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 17 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. მ-ძემ მოპასუხე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ა-ა 42ა-ს”, აგრეთვე ამხანაგობის წევრების მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ა-ა 42ა-ში” გაწევრიანება, ამხანაგობის საწესდებო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა და აღნიშნული ცვლილებების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია (ტომი IV, ს.ფ. 1-11, 162-167).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოცემულ საქმეზე გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 6 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ა-ა 42ა-ს” სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას _ 3 779.2კვ.მ მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობას, მათ შორის, პირველ სართულზე არსებულ 241.7კვ.მ ფართს (უძრავი ქონების მახასიათებლები: ბათუმი, ... 8, კოდი 05, სექტორი 25, კოდი 25, კვარტალი 11, ნაკვეთის ¹005).
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე:
ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა 1985 წლის 29 მაისის ¹329 გადაწყვეტილებით ბათუმში, ... დასახლებაში გამოყო თავისუფალი მიწის ნაკვეთი 9 სართულიანი 54-ბინიანი ¹42 კოოპერატიული ბინათმშენებლობისათვის;
ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა 1989 წლის 29 ივნისის ¹410 გადაწყვეტილებით დაამტკიცა ¹42 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებად მოქალაქეები თანდართული სიის მიხედვით. ამ დანართის სიაში რიგით მე-12 მითითებულია მოსარჩელე გ. მ-ძე ოჯახის წევრებთან ერთად. აღმასკომის ამავე გადაწყვეტილების ბოლო აბზაცში, მე-2 ნაწილში აღნიშნულია, რომ დაევალოს აღმასკომის განყოფილების გამგეებს, კოოპერატივის მთლიანად დაკომპლექტების მიზნით ერთი კვირის ვადაში წარმოადგინონ საბინაო განყოფილებაში გასაწევრიანებელი რეალური კანდიდატურები;
ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა 1989 წლის 18 ოქტომბერს განიხილა პედაგოგთა და აღმასკომის სპეცსამსხურების საუწყებო 42ა საბინაო სამშენებლო კოოპერატივის საბოლოო დაკომპლექტებისა და კოოპერატივის წევრთა საერთო კრების 1989 წლის 19 სექტემბრის სხდომის ¹4 ოქმის განხილვის საკითხი, აღმასკომის ამავე თარიღის ¹724 გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ კოოპერატივის საერთო კრებაზე ამხანაგობის თავმჯდომარე გ. თ-ძეს განეხილა ეს გადაწყვეტილება და ერთი თვის ვადაში ეცნობებინა შედეგები აღმასკომისათვის. აღმასკომის დასახელებულ გადაწყვეტილებას ახლავს დანართი ¹1, ანუ სია აღმასკომის იმ თანამშრომლებისა, რომლებიც გაწევრიანებული უნდა ყოფილიყვნენ 42ა საბინაო საამშენებლო კოოპერატივში, მითითებულ სიაში მოსარჩელე გ. მ-ძე აღნიშნული არ არის;
აჭარის ა/რ-ის თვითმმართველი ქალაქის _ ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 28 დეკემბრის ¹162 განკარგულებით გადაწყდა, რომ სხვა სახლებთან ერთად, არსებული სახით ექსპლოატაციაში მიღებას დაქვემდებარებოდა ბათუმში, ... ქ. ¹8-ში მდებარე ¹42ა კოოპერატიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი;
ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2008 წლის 1 ივლისის ¹01-01/21 ბრძანებით დადგინდა ბათუმში, ... ქ. ¹8-ში მდებარე ¹42ა კოოპერატიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (საერთო ფართი _ 3 779/2კვ.მ, შენობის საერთო ფართი _ 3 248.41კვ.მ, აივნების ფართი _ 530.79კვ.მ) ექსპლოატაციაში მიღება.
საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ბათუმში, ... ქ. ¹8-ში მდებარე უძრავი ქონების (3 779.2კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები) მესაკუთრეა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ა-ა 42ა” (ყოფილი ¹42ა კოოპერატიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი). ამონაწერში უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია: 1995 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება ¹329, 2008 წლის 3 ივლისის ¹1-01/21 ბრძანება საცხოვრებელი სახლის ექსპლოატაციაში მიღების შესახებ და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ა-ა 42ა-ს” დამფუძნებელთა კრების 2008 წლის 13 მაისის ¹1 ოქმი. ამონაწერში უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად ასევე მითითებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ა-ა 42ა-ს” დამფუძნებელთა საერთო კრების 2008 წლის 3 ოქტომბრის ¹5 ოქმი;
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ა-ა 42ა-ს” 2008 წლის 3 ოქტომბრის კრების ¹5 ოქმით დადგინდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ა-ა 42ა-ს” საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში ბინების ამხანაგობის წევრების სახელზე ერთეულებად რეგისტრაცია _ განაწილების სიის მიხედვით.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა სარჩელის მოთხოვნის ძირითადი საფუძველი და მოსარჩელის მტკიცება იმის შესახებ, რომ კოოპერატივის ამხანაგობად გარდაქმნის შემდეგ გ. მ-ძე ავტომატურად ითვლებოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრად. ამ კუთხით სამოქალაქო კოდექსის 1512-ე მუხლზე მითითება სასამართლომ მიიჩნია სამართლებრივ არგუმენტაციას მოკლებულად. კანონის დასახელებული ნორმით განისაზღვრა მხოლოდ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების, როგორც იურიდიული პირების უფლებამონაცვლეობის საკითხი და ასეთად დადგინდა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობები. კანონის ეს ნორმა არ აწესრიგებს არც საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების და არც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობის საკითხს. აღნიშნული გარემოება უნდა დადგინდეს საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სადავოდ გახადა მოსარჩელის, როგორც ყოფილი კოოპერატივის წევრობის საკითხი, შენატანების გადაუხდელობის გამო. ის გარემოება, რომ მოსარჩელე ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა 1989 წლის 29 ივნისის ¹410 გადაწყვეტილებით დაამტკიცა ¹42 საბინაო სამშენებლო კოოპერატივის წევრად, დგინდებოდა თანდართული სიის მიხედვით, მაგრამ შემდგომ ამავე აღმასკომის 1989 წლის 18 ოქტომბრის ¹724 გადაწყვეტილებაზე თანდართულ კოოპერატივის წევრების სიაში მოსარჩელე მითითებული არ იყო. მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებში ასევე არ მოიპოვებოდა მის მიერ შენატანის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითრები ან სხვა საბუთი).
საქალაქო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ გ. მ-ძეს სადავოდ არ გაუხდია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ა-ა 42ა-ს” 2008 წლის 3 ოქტომბრის კრების ¹5 ოქმი, რომლითაც დადგინდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ა-ა 42ა-ს” საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში ბინების ამხანაგობის წევრების სახელზე სიის მიხედვით განაწილებისა და ერთეულებად რეგისტრაციის საკითხი. მოსარჩელეს, ასევე, არ მოუთხოვია ამხანაგობის ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა, რაც დაკმაყოფილების შემთხვევაში შეიძლებოდა გამხდარიყო მისი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაში გაწევრიანების საფუძველი. მითითებული გარემოებები სასამართლოში დავის საგანი არ ყოფილა. გ. მ-ძეს დაყენებული ჰქონდა მხოლოდ აღიარებითი მოთხოვნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაში გაწევრიანებაზე, რასაც საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, არსებულ ვითარებაში კანონიერი საფუძველი არ გააჩნდა.
გარდა ამისა, საქალაქო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოების აღნიშვნა:
აჭარის ა/რ-ის თვითმმართველი ქალაქის _ ბათუმის საკრებულომ თავისი 2007 წლის 28 დეკემბრის ¹162 განკარგულებით, იმ პრობლემის გადასაჭრელად, რაც დაკავშირებული იყო ბათუმის ტერიტორიაზე რამდენიმე კოოპერატიული სახლის დაუსრულებელ მშენებლობასთან, დაადგინა ასეთი სახლების არსებული სახით ექსპლოატაციაში მიღება, რის საფუძველზეც ბინები დაექვემდებარებოდნენ საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. ამავე განკარგულების თანახმად, შემდგომ კონკრეტული ბინის კონკრეტულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირზე კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებული იქნება კოოპერატივის წევრთა უფლებამოსილებაზე. მოსარჩელეს ამ საფუძვლებით და შესაბამისი მოთხოვნებით სარჩელი არ აღუძრავს. იგი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაში გაწევრიანებას მოითხოვდა ავტომატურ რეჟიმში. ამასთან, ამხანაგობა თანახმა იყო მორიგებოდა მოსარჩელეს გარკვეული პირობებით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, რაც ამხანაგობის საერთო კრებაზე ამხანაგობის წევრების შეთანხმებით, კანონის შესაბამისად უნდა გადაწყვეტილიყო (ტომი IV, ს.ფ. 222-230).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი IV, ს.ფ. 254-259).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით გ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. მ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, იგი ცნობილ იქნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ა-ა 42ა-ს” წევრად და შესაბამისი ცვლილება შევიდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ა-ა 42ა-ს” საწესდებო დოკუმენტაციაში.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა 1989 წლის 29 ივნისის ¹410 გადაწყვეტილებით განსაზღვრა, რომ ¹42 კოოპერატიული სახლი დაკომპლექტებული იქნებოდა 60% აღმასკომის რიგითობის სიაში მყოფი პედაგოგებითა და 40% აღმასკომის თანამშრომლებით, საიდანაც პედაგოგების სიიდან გაწევრიანდა 30 მოქალაქე თანდართული სიის მიხედვით, მათ შორის, გ. მ-ძე ოჯახის წევრებთან ერთად. იმ მიზეზით, რომ აღმასკომის განყოფილების გამგეებმა დროულად ვერ უზრუნველყვეს შესაბამისი კანდიდატურების წარდგენა, მათი თანამშრომლების გაწევრიანების საკითხი გადაიდო დამატებით.
ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 18 ოქტომბრის ¹724 გადაწყვეტილების თანახმად, აღმასკომმა განიხილა პედაგოგთა და აღმასკომის სპეცსამსახურების საუწყებო 42ა საბინაო სამშენებლო კოოპერატივის საბოლოო დაკომპლექტების საკითხი და გადაწყვიტა შემდეგი:
ა. 1989 წლის 29 ივნისის ¹410 გადაწყვეტილებით გაწევრიანებული 30 პედაგოგიდან კოოპერატიული წევრობიდან გაყვანილ იქნა 4 მოქალაქე: ს. თ-ძე, ვ. გ-ძე, ჯ. ჩ-ძე და ვ. ტ-უში. მათი წევრობიდან გასვლის გამო გამოთავისუფლებულ ბინებში რეკომენდაცია მიეცათ რიგითობის სიაში მყოფ სხვა პედაგოგებს. რაც შეეხებოდა აღმასკომის სპეცსამსახურების თანამშრომლებს, წარდგენილ იქნა 53 პირადი საქმე, საიდანაც კოოპერატიულ ბინათმშენებლობაში გასაწევრიანებლად შეირჩა 20 თანამშრომელი, რომელთა ვინაობა და ოჯახის შემადგენლობა აისახა ¹1 დანართში. დასახელებულ პირებს მიეცათ რეკომენდაცია კოოპერატივის საერთო კრების წინაშე, კოოპერატივის თავმჯდომარე გ. თ-ძეს დაევალა აღნიშნული გადაწყვეტილება განეხილა კოოპერატივის წევრთა საერთო კრებაზე და 1 კვირის ვადაში აღმასკომისათვის ეცნობებინა შედეგები;
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1512-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივები, როგორც იურიდიული პირები, ჩაითვალენ გაუქმებულად 1997 წლის 25 ნოემბრიდან, მათ უფლებამონაცვლეებად მიჩნეულ იქნენ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობები ამ კოდექსის 208-232-ე მუხლების მიხედვით. ამასთან, სახელმწიფოს ვალდებულებები ადრე შექმნილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წინაშე ძალაში დარჩა. 2007 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” კანონი, რის გამოც სამოქალაქო კოდექსის 208-232-ე მუხლებიდან ამოღებულ იქნა 210-232-ე მუხლები და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეებს შორის ურთიერთობა დარეგულირდა “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონით.
რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 1512-ე მუხლის, “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” კანონით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ა-ა 42ა-ს” დამფუძნებელთა 2008 წლის 13 მაისის საერთო კრების ¹1 ოქმით, 2008 წლის 15 მაისის ¹2 კრების ოქმით, 2008 წლის 3 ოქტომბრის 5 კრების ოქმით, ამხანაგობის წესდებითა და სასამართლო სხდომაზე მხარეთა განმარტებებით დგინდებოდა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ა-ა 42ა-ს” არის 1987 წელს ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით შექმნილი კოოპერატივი 42ა-ს უფლებამონაცვლე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. მ-ძე, რომელიც ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა 1989 წლის 29 ივნისის ¹410 გადაწყვეტილებით დაამტკიცა პედაგოგთა საუწყებო ¹42 საბინაო საამშენებლო კოოპერატივის წევრად და გადაწყვეტილებაზე თანდართულ სიაში მითითებულია რიგით მე-12, იმავდროულად წარმოადგენდა უფლებამონაცვლე “ა-ა 42ა-ს” წევრს (ტომი IV, ს.ფ. 420-435).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ა-ა 42ა-მ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
კასატორის მოთხოვნის საფუძვლები შემდეგში მდგომარეობს:
სააპელაციო სასამართლომ გ. მ-ძე ისე ცნო ამხანაგობის წევრად, რომ ვერ მიუთითა კანონის ნორმა, რომელიც სამართლებრივად დაასაბუთებდა, თუ რატომ უნდა გამხდარიყო გ. მ-ძე, როგორც ყოფილი კოოპერატივის წევრი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი. სასამართლოს მსჯელობით, ვინაიდან გ. მ-ძე ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 29 ივნისის ¹410 გადაწყვეტილებით დაამტკიცეს კოოპერატივის წევრად, იმავდროულად იგი წარმოადგენს კოოპერატივის უფლებამონაცვლე “ა-ა 42ა-ს” წევრს. სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას იმ დასკვნამდე მივყავართ, თითქოს ავტომატურ რეჟიმში უნდა მომხდარიყო გ. მ-ძის, როგორც კოოპერატივის ყოფილი წევრის, ამხანაგობის წევრად მიღება.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ვერ განმარტა, თუ რა უფლებას იძენს გ. მ-ძე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრად ცნობის შემთხვევაში. მას არ ჰქონია მოთხოვნა საკუთრებაზე, იგი არ ასაჩივრებს საჯარო რეესტრის ჩანაწერებს. მოპასუხე სადავოდ არ ხდიდა გ. მ-ძის კოოპერატივის წევრობას, არამედ იგი იმას აღნიშნავდა, რომ მოსარჩელეს, როგორც კოოპერატივის წევრს არ შეუსრულებია ისეთი უმთავრესი ვალდებულება, როგორიცაა წევრობის ფულადი შენატანის განხორციელება.
სააპელაციო სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა საქალაქო სასამართლოს მითითება სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, აგრეთვე არ იმსჯელა იმის შესახებ, რომ საცხოვრებელი სახლი რეგისტრირებულია ამხანაგობის საკუთრებად. გარდა ამისა, შესაბამისი წესით რეგისტრირებულია ამხანაგობის ¹5 ოქმი, რომლითაც მოხდა ამხანაგობის წევრებზე ბინების განაწილება. ამდენად, სადავო ქონების რეგისტრაციის საფუძველი ძალაშია და იგი სადავოდ არავის გაუხდია (ტომი IV, ს.ფ. 440-448).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ა-ა 42ა-ს” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ა-ა 42ა-ს” საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ა-ა 42ა-ს” უნდა დაუბრუნდეს ი. ბ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ა-ა 42ა-ს” საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ა-ა 42ა-ს” დაუბრუნდეს ი. ბ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.