Facebook Twitter

ას-554-522-2010 20 ივლისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ლ. ლ-შვილი (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ ა. თ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. დ-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი _ ალიმენტისა და დამატებითი ხარჯების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. დ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ლ-შვილის მიმართ არასრულწლოვანი შვილის _ ა. ლ-შვილის სასარგებლოდ ალიმენტის _ ყოველთვიურად 200 ლარისა და დამატებითი ხარჯების _ სწავლის საფასურის ნახევრის _ 1050 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით ი. დ-შვილის სარჩელი ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დამატებითი ხარჯების დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ლ. ლ-შვილს 2004 წლის 16 ნოემბერს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის _ ა. ლ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა 2009 წლის 29 სექტემბრიდან შვილის სრულწლოვანებამდე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. დ-შვილმა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ასევე ლ. ლ-შვილმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ი. დ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ლ. ლ-შვილის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი, რომლითაც ი. დ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ლ. ლ-შვილს 2004 წლის 16 ნოემბერს დაბადებული შვილის _ ა. ლ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის _ 200 ლარის გადახდა ყოველთვიურად 2009 წლის 29 სექტემბრიდან მის სრულწლოვანებამდე, ასევე დაეკისრა 1050 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ.ლ-შვილის წარმომადგენელმა ა. თ-შვილმა, რომელმაც სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა კასატორისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე მისი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ამასთან, შუამდგომლობის დასაბუთების მიზნით, ა.თ-შვილმა წარმოადგინა ინტერვენციული დიაგნოსტიკური ცენტრის მიერ გაცემული დიაგნოზის ასლი, ასევე რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს სექციის მიერ გაცემული ცნობის ასლი, რომლის თანახმადაც ლ.ლ-შვილს 2009 წლის თებერვალში ჩაუტარდა მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაცია მალათა შორის დისკის თიაქრის ინტერლამინოექტომია და იმყოფება ამბულატორიულ მკურნალობაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იგი არალეგალურად იმყოფება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და ოფიციალური სამსახური არ გააჩნია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ივნისის განჩინებით ლ.ლ-შვილის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო, ხოლო საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების დამადასტურებელი მტკიცებულების ან სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. დადგენილ ვადაში ლ.ლ-შვილის წარმომადგენელმა ა.თ-შვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს, მოითხოვა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის 5 (ხუთი) დღით გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ მისი მარწმუნებელი იმყოფება რუსეთის ფედერაციაში, აღნიშნული ფაქტი დასტურდება საქმის მასალებით, ა.თ-შვილმა ვერ შეძლო კასატორთან დაკავშირება, ხოლო თავად არ არის უფლებამოსილი, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის განჩინებით ლ.ლ-შვილის წარმომადგენელ ა.თ-შვილის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 3 (სამი) დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების თაობაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით ეცნობა კასატორის წარმომადგენელ ა.თ-შვილს 2010 წლის 8 ივლისს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ლ-შვილის წარმომადგენელ ა. თ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა ლ. ლ-შვილის წარმომადგენელ ა. თ-შვილის შუამდგომლობა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, კასატორს გაუგრძელდა ვადა 3 (სამი) დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი უთითებს, რომ საქმეში იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს, ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორის წარმომადგენელ ა.თ-შვილს საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი 2010 წლის წლის 8 ივლისს ეცნობა საქმეში მის მიერ მითითებულ ნომერზე სატლეფონო შეტყობინებით (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი ტ.II, ს.ფ.130).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. დასახელებული ნორმა სასამართლოს უდგენს ალტერნატიულ ვალდებულებას სასამართლოს შეტყობინება საპროცესო მოქმედების შესრულების დროის შესახებ (საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ) აცნობოს ნორმაში მითითებულ სუბიექტთაგან ერთ-ერთს _ მხარეს ან მის წარმომადგენელს და მითითებულთაგან ერთ-ერთისათვის ჩაბარება საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 9 ივლისს და, ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე ემთხვეოდა დასვენების დღეს _ კვირას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს _ ორშაბათს, 12 ივლისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ლ-შვილის წარმომადგენელ ა. თ-შვილს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. ლ-შვილის წარმომადგენელ ა. თ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.