ას-55-47-2011 10 მარტი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ზ. ა-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ჯ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ჯ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ა-ძის მიმართ ქ.ქუთაისში, ... გამზირის ¹75-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის 1/3-ის შესაბამისი კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1935 წლის 30 მაისს მოსარჩელის მშობლებმა შინაურული ხელწერილის საფუძველზე შ. ლ-ძისაგან 1000 მანეთად შეიძინეს სადავო სახლთმფლობელობის ნაწილი. მოსარჩელემ უძრავ ნივთს ჩაუტარა რეკონსტრუქცია და რემონტი, თუმცა მის მესაკუთრედ ირიცხება შ.ლ-ძის მემკვიდრე ზ.ა-ძე. გ.ჯ-ძე მზადაა, «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, გადაუხადოს მესაკუთრეს სათანადო კომპენსცია უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის სანაცვლოდ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მოსარჩელის მიერ მითითებული შინაურული ხელწერილი მხარეთა მიერ ხელმოწერილი არ არის და იურიდიული მნიშვნელობა ვერ მიენიჭება. ამასთან, გ.ჯ-ძე სადავო მისამართზე არ ცხოვრობს, არამედ მისი მისამართია .... ქ.¹1.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ჯ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. ჯ-ძე ცნობილ იქნა ქ.ქუთაისში, ... გამზირის ¹75-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის _ 21.60 კვ.მ ოთახის, 16.87 კვ.მ, 14.08 კვ.მ ორი დამხმარე ოთახისა და 1.30 კვ.მ დამხმარე სათავსის მესაკუთრედ ზ.ა-ძისათვის 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის სანაცვლოდ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ზ.ა-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ზ.ა-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ» საქართველოს კანონის 11 მუხლის «ა» პუნქტით, მე-2 მუხლით და მიიჩნია, რომ მხარეთა შორის საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების არსებობა უნდა დადასტურდეს სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციით, კომუნალური გადასახადების გადახდით ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ გ. ჯ-ძე დაბადებიდან ცხოვრობს სადავო სადგომში და მისი ოჯახი იხდიდა კომუნალურ გადასახადებს. მოსარჩელის მამა ა. ჯ-ძემ შ. ლ-ძეს გადაუხადა 10000 მანეთი უძრავი ქონების ყიდვის სანაცვლოდ. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დაიდო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება, შესაბამისად, გ. ჯ-ძე მიჩნეულ უნდა იქნეს სადავო ქონების მართლზომიერ მფლობელად.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მესაკუთრეს არ უცდია მისი კანონიერი უფლებების რეალიზაცია, მოსარჩელე კი თანახმაა და ითხოვს დაკავებული ფართის მესაკუთრედ ცნობისათვის გადაიხადოს კომპენსაცია. პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა კანონიერია და მას უნდა დაეკისროს სადავო ქონების 10%-ის მესაკუთრისათვის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ზ. ა-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ» საქართველოს კანონი და მოსარჩელე ამ კანონის სამართალსუბიექტად უკანონოდ მიიჩნია. ფაქტობრივად, გ.ჯ-ძე სადავო ფართში დარეგისტრირდა 2006 წლიდან, თუმცა იქ არასდროს უცხოვრია.
სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომ 1930 წელს ჯ-ძეებმა შეიძინეს სადავო უძრავი ნივთი, ჩაუტარეს მას რეკონსტრუქცია და რემონტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 თებერვლის განჩინებით ზ. ა-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ზ. ა-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის გარიგების საფუძველზე სადგომის კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობის მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ» საქართველოს კანონის 11, მე-2 მუხლებს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ზ. ა-ძეს უნდა დაუბრუნდეს 2011 წლის 11 იანვარს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 100 ლარის 70% _ 70 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. ა-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ ზ. ა-ძეს (პირადი ¹53001022496) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 70 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.