ას-555-523-2010 2 ნოემბერი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე
სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე
კასატორი (მოსარჩელე) _ ა. დ-ძე, წარმომადგენელი ლ. დ-ძე
მოწინააღმდეგე მხარეები _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, წარმომადგენელი ნ. წ-ია; ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 23 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ა. დ-ძემ მოპასუხე ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) მიმართ და მოითხოვა: ბათუმის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 16 თებერვლის ¹742 ბრძანების ბათილად ცნობა მის ნაწილში, კერძოდ, საინკასო დავალებით სს “... ბანკის” ბათუმის ფილიალში შპს “ა.-ს” ანგარიშიდან სამეურვეო ქონების რეალიზაციით მიღებული თანხიდან მისი გაკოტრების მმართველის გასამრჯელოს _ 1 184,94 ლარის დაბრუნება.
მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით თანამოპასუხედ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დაასახელა და ბათუმის რეგიონალური ცენტრის ¹742 ბრძანების ბათილად ცნობა, ბათუმის რეგიონალური ცენტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ 1 184,94 ლარის სოლიდარულად დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელის მოთხოვნა დაეფუძნა შემდეგ მოტივებს:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით გაიხსნა შპს “ა.-ს” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა ა. დ-ძე. აღნიშნული განჩინებით განისაზღვრა მოსარჩელის, როგორც გაკოტრების მმართველის გასამრჯელო _ გაკოტრების მასის ღირებულების 3%, რაც გათვალისწინებულია “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით. 2009 წლის 20 იანვარს გაკოტრების საქმის მწარმოებელმა სასამართლომ მიიღო განჩინება შპს “ა.-ს” გაკოტრების საქმის დასრულებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, სამეურვეო ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა უნდა შეტანილიყო სასამართლოს საგირავნო სადეპოზიტო ანგარიშზე და განაწილებულიყო გაკოტრების პროცესის დასრულებიდან არა უადრეს 3 თვისა. მითითებულ თანხაში გათვალისწინებული იყო ა. დ-ძის, როგორც გაკოტრების მმართველის გასამრჯელო 1 184.94 ლარი, თუმცა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრმა 2009 წლის 20 თებერვლის ¹742 ბრძანებით კანონდარღვევით განახორციელა სამეურვეო ქონების რეალიზაციით მიღებული სრული თანხის (მათ შორის, მოსარჩელის გასამრჯელოს) ინკასოთი ჩამოჭრა და სახელმწიფო სახაზინო ანგარიშზე გადარიცხვა.
ზემოაღნიშნულის თაობაზე ა. დ-ძემ განცხადებით მიმართა ბათუმის რეგიონალურ ცენტრს და მოითხოვა უკანონოდ ჩამოჭრილი თანხის დაბრუნება. ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა განცხადება გადაუგზავნა ფინანსთა სამინისტროს. 2009 წლის 22 მაისის წერილით მოსარჩელეს თანხის დაბრუნებაზე უარი ეთქვა. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული ური ეწინააღმდეგება “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის იმპერატიულ მოთხოვნას, აგრეთვე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 იანვრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომლის აღსრულებაც ვერ ხერხდება (ტომი I, ს.ფ. 2-11, 64-73).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ ა. დ-ძის სარჩელი განხილულ იქნა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. 2009 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათუმის რეგიონალურ ცენტრსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ა. დ-ძის სასარგებლოდ დაეკისრათ 1 184,94 ლარის გადახდა, ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 16 თებერვლის ¹742 ბრძანება “საბანკო ანგარიშიდან გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხის ჩამოწერის შესახებ”.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 აპრილის განჩინებით გაიხსნა შპს “ა.-ს” გაკოტრების საქმის წარმოება. გაკოტრების მმართველად დაინიშნა ა. დ-ძე, რომელსაც განჩინებით გასამრჯელოდ განესაზღვრა გაკოტრების მასის 3%. გაკოტრების საქმის წარმოება გაიხსნა “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს 1996 წლის 25 ივნისის კანონის შესაბამისად. გაკოტრების მმართველის ანაზღაურება გათვალისწინებული იყო დასახელებული კანონის 33-ე მუხლით. ამ ნორმიდან გამომდინარე, გაკოტრების მმართველის გასამრჯელო უნდა გამოთვლილიყო გაკოტრების მასიდან. ანაზღაურების ოდენობა განსაზღვრა სასამართლომ.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდა 2007 წლის 15 აგვისტოდან, გაკოტრების საქმეთა დარეგულირების მიზნით ამოქმედდა საქართველოს კანონი “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ”. იმ გადახდისუუნარობის საქმეების მიმართ, რომლებზეც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება შეტანილი იყო “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს 1996 წლის 25 ივნისის კანონის შესაბამისად, გაკოტრების პროცესი უნდა დასრულებულიყო ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონმა ძალა დაკარგა და ამოქმედდა “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” კანონი, ამ კანონის ამოქმედებამდე შესრულებულ პროცესუალურ მოქმედებებს ძალა არ დაუკარგავთ და განვლილი მოქმედებების ხელახლა გავლა არ იყო საჭირო, ანუ ძალაში იყო ყველა ის მოქმედება, რაც შესრულდა “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. მოცემულ საქმეზე გაკოტრების საქმის წარმოება ახალი კანონის მოთხოვნათა დაცვით გაგრძელდა იმ სტადიიდან, სადაც შეჩერდა “გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მოქმედების პერიოდი.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, გაკოტრების საქმის დასრულების შემდეგ სამეურვეო ქონების რეალიზაციით მიღებული ფულადი თანხები შენახული უნდა ყოფილიყო სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე და გაკოტრების მმართველის მიერ ექვემდებარებოდა განაწილებას გაკოტრების პროცესის დასრულებიდან სამი თვის შემდეგ. ბათუმის რეგიონალური ცენტრი არ დაელოდა ქონების რეალიზაციიდან სამი თვის გასვლას და 2009 წლის 16 თებერვალს მიიღო ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხის ჩამოწერის შესახებ, რომლითაც ბანკიდან მიიღო “ა.-ს” სამეურვეო ქონების რეალიზაციის გზით მიღებული შემოსავალი და ჩარიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში. დასახელებულ თანხაში სხვა თანხებთან ერთად ინახებოდა გაკოტრების მმართველის გასამრჯელოც, რაც უკანონოდ ჩამოწერა ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა და ჩარიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში.
საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19, 33-ე მუხლებით, “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტით, 42-ე მუხლით, 56-ე მუხლის მე-2, მე-3 პუნქტებით, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით და მივიდა დასკვნამდე, რომ ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა დაარღვია კანონი. აღნიშნული გამოიხატა იმაში, რომ, როდესაც “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21.2 მუხლით შეჩერებული იყო იძულებითი აღსრულება და იკრძალებოდა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე აღებული ვალდებულებების უზრუნველყოფა, მან ბანკში წარადგინა საინკასო დავალება და უზრუნველყო შპს “ა.-ს” ვალდებულებები. ეს თანხა რომ განაწილებულიყო “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” კანონის შესაბამისად, ა. დ-ძე მიიღებდა კუთვნილ ხელფასს (ტომი I, ს.ფ. 118-128).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა,Aრომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტებმა მიუთითეს, რომ ა. დ-ძეს “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებიდან ხელშეკრულება კრედიტორთან არ დაუდია და მას ხელფასის სახით მოთხოვნილი თანხა არ ეკუთვნოდა. ბათილად ცნობილი ¹742 ბრძანება ხელფასის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნასთან კავშირში არ არის, მით უმეტეს, რომ შპს “ა.-ს” საბანკო ანგარიშზე წარდგენილი საინკასო დავალებები გამოთხოვილ იქნა, ხოლო თანხის დაბრუნების მექანიზმი არ არსებობდა (ტომი I, ს.ფ. 133-139, 142-153).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 3 თებერვლის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. დ-ძე შპს “ა.-ს” გაკოტრების მმართველად დაინიშნა და მისი საქმიანობა ამ თანამდებობაზე წარიმართა “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” და “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად. სწორედ ამ კანონების საფუძველზე წარმართული საქმიანობისათვის მოითხოვდა იგი გასამრჯელოს და სწორედ ეს იყო მისი დავის მიზანი, ანუ დავის შედეგის მიმართ მას გააჩნდა კონკრეტული ინტერესი _ მიეღო გაწეული საქმიანობისათვის მისი კუთვნილი ხელფასი 1 184.94 ლარი.
რაც შეეხებოდა ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2009 წლის 16 თებერვლის ¹742 ბრძანებას, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მითითებით, მხარე მის ბათილად ცნობას ითხოვდა “გაკოტრების საქმეთა წარმოების” შესახებ და “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონების საფუძველზე.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სახეზე იყო გარემოება, როდესაც მოსარჩელე დავის საგანს აყალიბებდა იმგვარად, რომ დავის მიზნობრივი შედეგი და საფუძვლები გამომდინარეობდნენ სამოქალაქო სამართალურთიერთობიდან, რასაც საქმის განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნდა (ტომი I, ს.ფ. 201-208).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ა. დ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით შპს “ა.-ს” მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება, გაკოტრების მმართველად დაინიშნა ა. დ-ძე, რომელსაც განჩინებით გასამრჯელოს სახით განესაზღვრა გაკოტრების მასის ღირებულების 3%;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 იანვრის განჩინებით დასრულდა შპს “ა.-ს” გაკოტრების საქმის წარმოება. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტით დადგინდა, რომ სამეურვეო ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა შეტანილიყო სასამართლოს საგირავნო სადეპოზიტო ანგარიშზე, სამეურვეო რეალიზაციიდან მიღებული თანხა გაკოტრების პროცესის დასრულებიდან არაუადრეს 3 თვისა უნდა განაწილებულიყო სასამართლოს მიერ დამტკიცებული გაკოტრების ცხრილის შესაბამისად;
ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა 2009 წლის 20 თებერვალს მიიღო ¹742 ბრძანება “საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხის ჩამოწერის შესახებ”, რომლითაც საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით საინკასო დავალება წარდგენილ იქნა სს “... ბანკის” ბათუმის ფილიალში, შპს “ა.-ს” ანგარიშიდან ჩამოიჭრა სასამეურვეო ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა და ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში;
2009 წლის 23 ივნისს ა. დ-ძემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მან მოითხოვა საგადასახადო ინსპექციის ბრძანების ბათილად ცნობა და თანხის დაკისრება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას კრედიტორთა დაკმაყოფილების რიგითობა დგინდება კრედიტორთა მოთხოვნის რეესტრით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეზე წარდგენილ შპს “ა.-ს” კრედიტორთა მოთხოვნის საბოლოო ცხრილზე, რომლითაც დადგინდა კრედიტორთა დაკმაყოფილების შემდეგი რიგითობა: პირველ რიგში ქონების მართვის, მათ შორის, ხელშეკრულების დადების ან შესრულების, ან ვალაუვალი მოვალის მოთხოვნებისა და უფლებების განხორციელების შედეგად წარმოქმნილი ხარჯები _ 394.98 ლარი; მეორე რიგში გაკოტრების მმართველის გასამრჯელო _ 1 184.4 ლარი; მესამე რიგში გაკოტრების საქმის წარმოების გახსნამდე ერთი თვის ხელფასის მოთხოვნები _ 1 579.92 ლარი; მეოთხე რიგში სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანება _ 179 753 ლარი, მეხუთე რიგში არაუზრუნველყოფილი მოთხოვნები _ 4 722 ლარი.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანება, გაკოტრების მმართველის წინაშე არსებულ დავალიანებასთან შედარებით, გაკოტრების ცხრილში წარმოადგენდა მომდევნო რიგის მოთხოვნას. ამიტომ, “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანება უნდა დაფარულიყო ა. დ-ძის წინაშე არსებული დავალიანების (1 184.4 ლარი) დაფარვის შემდგომ, ე.ი. საგადასახადო ინსპექციას არ ჰქონდა უფლება, სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაერიცხა სამეურვეო ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული მთელი თანხა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ა. დ-ძის კუთვნილი თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხა სადავო ბრძანების საფუძველზე, ხოლო მის დაბრუნებაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს უარი ეთქვა საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით. საგადასახადო კოდექსის 147-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ა. დ-ძეს საგადასახადო ორგანოს უარი მისთვის ზედმეტად ჩამოჭრილი თანხის დაბრუნებაზე უნდა გაესაჩივრებინა გადაწყვეტილების მიღებიდან 20 დღის ვადაში, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით _ ერთი თვის, ანუ 30 დღის ვადაში.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმეზე დგინდებოდა, რომ უარი სადავო თანხის დაბრუნებაზე, შემოსავლების სამსახურის ¹16-09/13088 წერილთან ერთად, ა. დ-ძემ მიიღო 2009 წლის 22 მაისს, ხოლო სარჩელით სასამართლოს მიმართა 2009 წლის 23 ივნისს, ანუ უარის მიღებიდან 31-ე დღეს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. დ-ძემ გაუშვა საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უარი მისთვის თანხის დაბრუნებაზე კანონიერი იყო, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა (ტომი II, ს.ფ. 53-60).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. დ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილი. სამოქალაქო წესით საქმის განმხილველ სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, გამოეყენებინა ადმინისტრაციული კანონმდებლობის ნორმები და ემსჯელა სარჩელის დასაშვებობაზე.
საკასაციო საჩივრის თანახმად, ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) წერილი, რომლითაც ა. დ-ძეს ეცნობა, რომ არ მოხდებოდა საინკასო დავალებით ჩამოჭრილი თანხების უკან დაბრუნება, ამ უკანასკნელს ჩაჰბარდა 2009 წლის 22 მაისს, რომელიც მან გაასაჩივრა 2009 წლის 19 ივნისს. ამას ადასტურებს სარჩელის დათარიღება, აგრეთვე, ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) შესაგებელი. აქედან გამომდინარე, კასატორი მცდარად მიიჩნევს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას ა. დ-ძის მიერ ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ვადის გასვლის თაობაზე (ტომი II, ს.ფ. 67-75).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა ახნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავა განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან (2.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტი), აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე (2.1 მუხლის “გ” ქვეპუნქტი).
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის “გ” ქვეპუნქტი ადმინისტრაციულ აქტს განმარტავს, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ სამართლებრივ აქტს.
განსახილველ საქმეზე ა. დ-ძის სარჩელის დავის საგანია: 1. ადმინისტრაციული ორგანოს _ ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2009 წლის 16 თებერვლის ¹742 ბრძანების ბათილად ცნობა; 2. ბათუმის რეგიონალური ცენტრისა (საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის ა. დ-ძის სასარგებლოდ 1 184,94 ლარის სოლიდარულად დაკისრება. საქმის მასალების თანახმად, ა. დ-ძეს სარჩელის მოთხოვნა არ შეუმცირებია.
ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2009 წლის 16 თებერვლის ¹742 ბრძანება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნული ბრძანების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს საგადასახადო კოდექსი, რომელიც განეკუთვნება ადმინისტრაციულ კანონმდებლობას. ამდენად, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნა დაცულია, კერძოდ, სახეზეა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელი, რა დროსაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშესაბამისობა.
სარჩელის მეორე მოთხოვნა, რომელიც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოების _ ბათუმის რეგიონალური ცენტრისა (საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის ა. დ-ძის სასარგებლოდ 1 184,94 ლარის სოლიდარულად დაკისრებას, ასევე ადმინისტრაციული წესით განსახილველია. ამ თანხების ანაზღაურებას მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოებისგან არა როგორც მათთან კერძოსამართლებრივ შრომით ურთიერთობაში მყოფი, არა როგორც ამ ურთიერთობიდან გამომდინარე სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას, არამედ ამ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს საბანკო ანგარიშიდან მისი კუთვნილი, არასწორად ჩამოჭრილი თანხის დაბრუნების დავალებას ადმინისტრაციული ორგანოებისთვის.
დავის სამოქალაქო წესით განხილვას არ განაპირობებს ის გარემოება, რომ სარჩელის მოთხოვნების კანონიერებაზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა გამოიყენოს “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” და “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” კანონები. საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვისას, არ არის აკრძალული, ადმინისტრაციულ კანონმდებლობასთან ერთად სასამართლომ გამოიყენოს სამოქალაქო კანონმდებლობის ნორმები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმე განხილულია საგნობრივი განსჯადობის წესების დარღვევით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საპროცესო საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.