Facebook Twitter

ას-556-524-10 30 სექტემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს “...” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. თ-ძე (მოპასუხე)

დავის საგანი – თანხის დაკისრება და ქმედების დავალდებულება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

2010 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხელვაჩაურის რაონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ,,...” დირექტორმა ლ. გ-შვილმა თ. თ-ძის მიმართ თანხის დაკისრებისა და ქმედების დავალდებულების შესახებ.

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 2009 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,...” სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. თ. თ-ძეს დაეკისრა 10774 ლარის გადახდა შპს ,,...” სასარგებლოდ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...”

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,...” სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. თ. თ-ძეს შპს ,,...” სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა 2518 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2005 წლის 9 დეკემბერს სს ,,... ბანკსა” და თ. თ-ძეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, 9000 ლარის კრედიტის სახით თ. თ-ძეზე გადაცემის შესახებ. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 12 თვით, 17,5% წლიური საპროცენტო სარგებლით და 0,5% პირგასამტეხლოთი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

ამავე ხელშეკრულებით შპს ,,...” აღნიშნული კრედიტის უზრუნველსაყოფად დააგირავა სადეპოზიტო თანხა 12500 ლარის ოდენობით სს ,,... ბანკში”. თ. თ-ძემ არ შეასრულა სს ,,... ბანკის” მიმართ არსებული ვალდებულება თანხის გასტუმრების შესახებ. სს ,,... ბანკმა” თავისი მოთხოვნა თ. თ-ძის მიმართ დაიკმაყოფილა გირავნობის საგნით, სახელდობრ, შპს ,,...” სადეპოზიტო ანგარიშზე რიცხული თანხით.

გარდა დავალიანების ძირითადი თანხისა, სს ,,... ბანკმა” აპელანტს ჩამოაჭრა 1181 ლარი ზედმეტად გადახდილი პროცენტის სახით, დეპოზიტის ვადამდე შეწყვეტის გამო. აპელანტმა, ასევე ვერ მიიღო სარგებელი, 1337 ლარის ოდენობით, რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს ,,...”. კასატორმა განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი და აღნიშნული ნორმის განმარტებით მოახდინა უძრავი ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლების განმარტება. კასატორს მიაჩნია, რომ მის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული ნორმა არ უნდა გამოეყენებინა, რადგანაც თ. თ-ძეს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება წარმოეშვა კომლის გაყოფის შედეგად და მიწის ნაკვეთი გამოეყო სოფლის საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც რეგისტრირებულ იქნა საკომლო წიგნში. სამოქალაქო კოდექსის 1513-ე თანახმად, ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები. საჯარო რეესტრის ჩამოყალიბებამდე მის ფუნქციებს ახორციელებდა ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები საადგილმამულო წიგნის მეშვეობით, ამდენად საკომლო წიგში ჩანაწერი ითვლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულად. მხოლოდ ფორმალურ მხარეს წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. საკომლო წიგნის ჩანაწერით კი დგინდება, რომ თ. თ-ძეს მართლაც გააჩნია საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და აღნიშნული მას სასამართლო სხდომაზეც დაადასტურა.

კასატორს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, თ. თ-ძის მიერ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია უნდა მოხდეს პირადად მისი განცხადების საფუძველზე ან სასამართლომ უნდა დაავალდებულოს ის აღრიცხოს საკუთრება საჯარო რეესტრში. წინააღმდეგ შემთხვევაში, კასატორის აზრით აზრი ეკარგება მოგებულ პროცესს ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “...” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე ... უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას შპს “...” საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ... სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “...” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

ლ. გ-შვილს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (300 ლარის) 70% - 210 ლარი;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.