Facebook Twitter

ას-558-526-2010 7 დეკემბერი, 2010წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თ. თოდრია, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ი. ხ-ია (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ა. ქ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. კ-ინი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 ოქტომბერს სარჩელით მიმართა ი. ხ-იამ მოპასუხეების _ ი. კ-ინისა და ნ. (ტ.) ბ-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:

ა. ნ. ბ-ძესა და ი. კ-ინს მის სასარგებლოდ სოლიდარულად დაკისრებოდათ 15 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, გადახდის დღეს არსებული კურსის შესაბამისად;

ბ. ნ. ბ-ძესა და ი. კ-ინს მის სასარგებლოდ სოლიდარულად დაკისრებოდათ მიყენებული ზიანის სახით 2009 წლის 24 ივლისიდან 2009 წლის 15 ოქტომბრამდე 1 125 აშშ დოლარი;

გ. ნ. ბ-ძესა და ი. კ-ინს მის სასარგებლოდ დაკისრებოდათ მიყენებული ზიანის სახით ვალდებულებათა სრულ შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 15 000 აშშ დოლარის 3%, რაც შეადგენს ყოველთვიურად 450 აშშ დოლარს;

დ. ნ. ბ-ძესა და ი. კ-ინს მის სასარგებლოდ დაკისრებოდათ მოსარჩელის მიერ გაწეული პროცესის ხარჯების ანაზაურება;

ე. მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუქციონის წესით სარეალიზაციოდ მიქცეულიყო ი. კ-ინის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება _ ბათუმში, ... ქ. ¹6-ში მდებარე ბინა ¹52 (საკადასტრო კოდი 05/24/08/029/01/052).

მოსარჩელის მტკიცებით 2008 წლის 24 ივლისს მასსა და ნ. ბ-ძეს შორის დაიდო სესხის ზეპირი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ. ბ-ძემ მიიღო 15 000 აშშ დოლარი 1 წლის ვადით. ხელშეკრულება ითვალისწინებდა ყოველთვიურად 3%-ის დარიცხვას სარგებლის სახით. მთელი წლის პროცენტი – 5400 აშშ დოლარი ნ. ბ-ძემ გადაიხადა წინასწარ. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ. ბ-ძის სიმამრის – ი. კ-ინის კუთვნილი ბინა. ნ. ბ-ძემ ვალდებულება დათქმულ ვადაში ვერ შეასრულა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ხ-იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხე ი. კ-ინს ი. ხ-იას სასარგებლოდ დაეკისრა 15 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად; აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დადგინდა ი. კ-ინის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების _ ბათუმში, ... ქ. ¹6-ში მდებარე ¹52 ბინის რეალიზაცია; ი. ხ-იას დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ი. კ-ინმა გაასაჩივრა. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მისთვის 15 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით აღნიშნული თანხის 9 600 აშშ დოლარით განსაზღვრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით ი. კ-ინის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა, ი. ხ-იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი. კ-ინს ი. ხ-იას სასარგებლოდ დაეკისრა 9 600 აშშ დოლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

1. 2008 წლის 24 ივლისს ი. ხ-იასა და ი. კ-ინს შორის გაფორმდა უძრავი ქონების იპოთეკის, სესხისა და ბინის სარგებლობის ხელშეკრულება. სესხის ხელშეკურლბა დაიდო 1 წლის ვადით, უპროცენტოდ;

2. ხელშეკრულების თანახმად, სესხის თანხა 15 000 აშშ დოლარია. მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ი. კ-ინის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, ბათუმში, ... ქ. ¹6-ში მდებარე ¹52 ბინა. ხელშეკრულება სათანადო წესით დარეგისტრირდა;

3. ხელშეკრულების დადებისთანავე ი. კ-ინმა ი. ხ-იას 5400 აშშ დოლარი გადაუხადა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგანაც მხარეთა შორის შეთანხმება წერილობითი ფორმით იყო გაფორმებული, ხელშეკრულების პირობები უნდა განმარტებულიყო იმგვარად, როგორც მისი შინაარსიდან ირკვეოდა. ხელშეკრულებაში კი მითითებული იყო, რომ სესხი იყო უპროცენტო, შესაბამისად, ი. ხ-იას მითითება, რომ 5400 აშშ დოლარი 1 წლის პროცენტს წარმოადგენდა, უსაფუძვლო იყო.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ი. ხ-იამ საკასაციო წესით გაასაჩივრა. მან გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლო გასცდა მოთხვნის ფარგლებს, რადგანაც ი. კ-ინი სააპელაციო საჩივრით პირველი ინსტანციის სასამართლოს გაადწყვეტილების მხოლოდ ნაწილობრივ (15 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში) გაუქმებას მოთხოვდა. რაც შეეხება იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაციას, ამ ნაწილში ი. კ-ინი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებდა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ სესხი უპროცენტო იყო და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2008 წლის 24 ივნისს მასსა და ნ. ბ-ძეს შორის სესხის ხელშეკრულება ზეპირად დაიდო. სააპელაციო სასამართლომ, ასევე, არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლი და არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ აღიარა 5400 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი, რადგანაც ი. ხ-იამ მხოლოდ საპროცენტო სარგებლის მიღება აღიარა და არა სესხის ძირითადი თანხის ნაწილის გადახდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ი. ხ-იას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მტკიცებს, რომ სააპელაციო სასამართლომ აპელანტს იმაზე მეტი მიაკუთვნა, ვიდრე იგი მოითხოვდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 384-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.

როგორც სააპელაციო საჩივრითა და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ირკვევა, მოპასუხე ი. კ-ინი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ მისთვის 15 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში გაუქმებას ითხოვდა, ხოლო იპოთეკით დატვირთული ქონების სარეალიზაციოდ მიქცევას სადავოდ არ ხდიდა. სააპელაციო სასამართლომ კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება სრულად გააუქმა. მართალია, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის მსჯელობა იპოთეკასთან დაკავშირებით და არც სარეზოლუციო ნაწილი შეიცავს გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად გაუქმების გზით, სააპელაციო სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, რაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მტკიცებულებათა დამატებით გამოკლვლევის აუცილებლობა, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თავად მიიღოს გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს, კერძოდ კი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების ი. კ-ინის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების _ ბათუმში, ... ქ. ¹6-ში მდებარე ¹52 ბინის აუქციონზე რეალიზაციის დადგენის გაუქმების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება ი. ხ-იას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.

რაც შეეხება თანხის დაკისრების ნაწილს, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპლაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

1. 2008 წლის 24 ივლისს ი. ხ-იასა და ი. კ-ინს შორის გაფორმდა უძრავი ქონების იპოთეკის, სესხისა და ბინის სარგებლობის ხელშეკრულება. სესხის ხელშეკურლბა დაიდო 1 წლის ვადით, უპროცენტოდ;

2. ხელშეკრულების თანახმად, სესხის თანხა 15 000 აშშ დოლარია. მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ი. კ-ინის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, ბათუმში, ... ქ. ¹6-ში მდებარე ¹52 ბინა. ხელშეკრულება სათანადო წესით დარეგისტრირდა;

3. ხელშეკრულების დადებისთანავე ი. კ-ინმა ი. ხ-იას 5400 აშშ დოლარი გადაუხადა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული “დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზია” გულისხმობს მხარის მითითებას საპროცესო ნორმების დარღვევაზე, რის შედეგადაც საქმის ფაქტობრივი გარემოებები არასწორად დადგინდა. კასატორს ამგვარი პრეტენზია არ წარმოუდგენია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ სადავო სესხის ხელშეკრულება იყო უპროცენტო. იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილია წერილობით დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მხარეები ყველა არსებით პირობაზე არიან შეთანხმებულნი, სადავო არ არის მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობა, სხვაგვარი პირობის არსებობა ახსნა-განმარტებით შეიძლება დადგინდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად ხელშეკრულების შინაარსია ბუნდოვანი. განსახილველ შემთხვევაში კი, ხელშეკრულებიდან ნათლად ირკვევა, რომ სესხი უპროცენტო იყო.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მოწმის ჩვენება, რომელიც ადასტურებდა პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

აღნიშნული ნორმით დადგენილი მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, შეფასების შემდეგ ნებისმიერი მტკიცებულება მიიჩნიოს არასარწმუნოდ და არ გაიზიაროს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უპირატესობა წერილობითი დოკუმენტისათვის უნდა მიენიჭებინა.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ი. ხ-იას მითითებას, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია მისი ახსნა-განმარტება აღიარებად, რადგანაც მან სესხის ძირითადი თანხის ნაწილის გადახდა კი არ აღიარა, არამედ მიუთითა, რომ მოპასუხისაგან მიღებული 4500 აშშ დოლარი 1 წლის პროცენტი იყო.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი იყო მხარის მიერ 4500 აშშ დოლარის მიღების ფაქტის დადასტურება და არა ამ გარემოების მისეული ინტერპრეტაცია. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. ხ-იამ თანხის მიღება აღიარა, ხოლო აღნიშნული თანხის სამართლებრივი ბუნება (სესხის ძირითადი თანხის ნაწილი) თავად დაადგინა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ი. კ-ინისათვის 9600 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში კანონიერი, დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება აღნიშნულ და სასამართლო ხარჯების განაწილების ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ი. ხ-იას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების ი. კ-ინის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების _ ბათუმში, ... ქ. ¹6-ში მდებარე ¹52 ბინის რეალიზაციის დადგენის ნაწილში გაუქმების შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:

3. ი. ხ-იას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;

4. დადგინდეს ი. კ-ინის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების – ქ. ბათუმში, ... ქ. ¹6-ში მდებარე ¹52 ბინის (სარეგისტრაციო კოდი 05/24/08/029/01/052) აუქციონზე იძულებით რეალიზაცია;

5. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.