ას-559-527-2010 23 სექტემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს ,,ს-ა” (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – კორპორაცია ,,ფ-ი” (მოპასუხე)
დავის საგანი – ვაგონის მოცდენის გამო დარიცხული საფასურის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს ,,ს-ამ” კორპორაცია ,,ფ-ის” მიმართ ვაგონის მოცდენის გამო დარიცხული საფასურის ანაზღაურების თაობაზე.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით ,,ს-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს ,,ს-ამ”.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 აპრილის განჩინებით შპს ,,ს-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შპს ,,ს-ის” მიერ 2008 წლის 14 მარტს კორპორაცია ,,ფ-ის” კუთვნილი ტვირთი, ¹21145487 რკინიგზის ვაგონის საშუალებით გადაზიდულ იქნა ფოთის რკინიგზის სადგურში. ფოთის სადგურში გადაზიდული ტვირთი ჩაჰბარდა ტვირთმიმღებს კორპორაცია ,,ფ-ს” 2008 წლის 30 აპრილს. შპს “ს-ას” ფოთის რკინიგზის სადგურში ტვირთის მიტანის შესახებ ტვირთის მიმღებისათვის _ კორპორაცია “ფ-ისათვის” არ უცნობებია. შპს ,,ს-ის” ¹21145487 ვაგონის დაყოვნება არ მომხდარა კორპორაცია ,,ფოთის საზღვაო ნავსადგურის” ბრალით.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტის მიერ მოხდა სარკინიგზო კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა, კერძოდ, არ მოხდა შეტყობინება მოპასუხე ორგანიზაციაზე ტვირთის მიტანის თაობაზე კანონით დადგენილი წესით.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს ,,ს-ამ” და მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სარკინიგზო კოდექსის 25-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რასაც შედეგად მოჰყვა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, სარკინიგზო კოდექსის 25-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, რკინიგზა ვალდებულია დანიშნულების სადგურში ტვირთის მიტანის შესახებ შეატყობინოს ტვირთმიმღებს. კანონმდებლობა არ ადგენს ტვირთმიმღების შეტყობინების ფორმას. სარკინიგზო კოდექსის არც ერთი მუხლი არ უთითებს ტვირთის მიტანაზე, ტვირთმიმღების შეტყობინებას სავალდებულო წერილობით ფორმაზე, ამიტომ რკინიგზა დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ტვირთმიმღების შეტყობინებას ახდენს ან ტელეფონით, ან კურიერის მეშვეობით. კონკრეტულ შემთხვევაში ფოთის საზღვაო ნავსადგურს, დანიშნულების სადგურში ტვირთის მიტანის შესახებ ეცნობა კურიერის მეშვეობით 2008 წლის 14 აპრილს ზეპირსიტყვიერად, მაგრამ, ვინაიდან ტვირთმიმღებმა არ მიიღო ტვირთი 2008 წლის 15 აპრილს, რკინიგზამ იმავე ფორმით, კურიერის მეშვეობით აცნობა ნავსადგურს კუთვნილი ტვირთის ჩამოსვლის შესახებ. ამ ფორმით შეტყობინების ფაქტს საზღვაო ნავსადგური არ უარყოფს, რაც მათი განცხადებით სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ს-ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას შპს “ს-ის” საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ს-ის” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
შპს “ს-ას” დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (300 ლარის) 70% - 210 ლარი;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.