Facebook Twitter

ას-560-528-2010 20 სექტემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ მ. მ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შ. პ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შ. პ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. მ-ძის მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ ¹1-957 სანოტარო აქტის ბათილად ცნობის, სესხის ძირითადი თანხის _ 5500 აშშ დოლარის, მიუღებელი სარგებლის _ 1500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და მხარის მიერ გაწეული ხარჯების _ 651 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო: 2008 წლის 10 სექტემბერს შ. პ-ძესა და მ. მ-ძეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება 5 თვის ვადით, უპროცენტოდ. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქ.ზესტაფონში, ... ქ¹10-ში მდებარე მ.მ-ძის კუთვნილი უძრავი ნივთი _ საცხოვრებელი სახლი. მ.მ-ძემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და ნასესხები თანხა დროულად არ დააბრუნა. მხარეთა შეთანხმებით, მოპასუხე შ.პ-ძეს უნდა მიეყიდა მისი კუთვნილი იპოთეკით დატვირთული ქონება, რომლის ღირებულებაც განისაზღვრა 10000 აშშ დოლარით, მოსარჩელეს კი დამატებით უნდა გადაეხადა 4500 აშშ დოლარი. 2009 წლის 27 აპრილს ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მხარეებმა მოშალეს იპოთეკის ხელშეკრულება სანოტარო აქტის რეგისტრაციის ¹1-957, რის შემდეგაც მ.მ-ძე მიიმალა და მას სესხი არ დაუბრუნებია. 2009 წლის 10 თებერვლიდან მ.მ-ძისათვის სესხად გადაცემული თანხის დაუბრუნებლობის გამო შ.პ-ძემ ვერ მიიღო შემოსავალი, რის გამოც ზიანის ოდენობამ შეადგინა 1500 აშშ დოლარი, ხოლო მხარის მიერ საქმის წარმოებისა და საჯარო რეესტრის მომსახურებისათვის გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა სულ 651 ლარი.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე მ. მ-ძეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ასევე მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის, სულ _ 974 ლარის ანაზღაურება.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მ.მ-ძემ შეიტანა საჩივარი.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 3 თებერვლის განჩინებით მ.მ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა, რაც მ.მ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 მაისის განჩინებით მ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მ. მ-ძე თავის მისამართად უთითებს ზესტაფონს, ... ქ.¹46-ს. საქმეში წარმოდგენილი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ სანოტარო აქტით, მ. მ-ძის მისამართად ასევე მითითებულია ზესტაფონი, ... ქ.¹46. კურიერ ს. რ-ძის მიერ შედგენილ აქტში აღნიშნულია, რომ იგი გამოცხადდა ... ქ.¹46-ში, სადაც არავინ დახვდა, ხოლო ტელეფონით ესაუბრა მ. მ-ძის მშობლებს, რომლებმაც განუცხადეს, რომ მ. მ-ძე მათთან დიდი ხანია აღარ ცხოვრობს, საცხოვრებლად გადასულია ქ.თბილისში და მისამართი მათთვის უცნობია. აღნიშნული აქტი შედგენილია 2009 წლის 22 მაისს და ხელითაა მიწერილი, რომ 2009 წლის 1 ივნისს კურიერი კვლავ გამოცხადდა მ. მ-ძის მისამართზე, ... ქ.¹46-ში, სადაც მ. მ-ძე არ დახვედრია. ადრესატის დედა ნ. მ-ძემ აღნიშნა, რომ არ იცის შვილის ამჟამინდელი მისამართი, თავად კი უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე, იმ მოტივით, რომ ვერ გადასცემდა შვილს ამ გზავნილს. კურიერ ს. რ-ძის აქტით ირკვევა, რომ 2009 წლის 10 ივნისს იგი კვლავ გამოცხადდა ... ქ.¹46-ში მ. მ-ძისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩასაბარებლად, მაგრამ სახლში არავინ დახვდა.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. მ-ძე მისამართად უთითებს ზესტაფონს, ... ქ.¹46-ს, ხოლო მ.მ-ძეს შესაგებელში მისამართად მითითებულია ქ.თბილისი, ... ქ.¹10. აღნიშნულ მისამართზე სასამართლოს მიერ გაგზავნილ შეტყობინებაზე მითითებულია, რომ ადრესატს ამ მისამართზე ნაქირავები ჰქონდა ბინა, რომელიც დამქირავებლებმა მესაკუთრის გაუფრთხილებლად დატოვა. მ. მ-ძე სააპელაციო საჩივარში მისამართად უთითებს ქ.თბილისს, ... ქ.¹59-ს, მითითებული მისამართიდან დაბრუნებულ გზავნილზე აღნიშნულია, რომ ... ქუჩაზე ასეთი ნომერი არ არსებობს. საქმეში ასევე არსებობს მტკიცებულება, სადაც მ. მ-ძის მშობლები აცხადებენ, რომ მათი შვილი საცხოვრებლად გადასულია ქ.თბილისში, თუმცა არ აზუსტებენ მისამართს. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატამ დაადგინა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მ. მ-ძის თბილისის ზუსტი მისამართი.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ადგილობრივი თთვითმმართველობის ორგანოსათვის მ.მ-ძის კუთვნილი გზავნილი ჩაბარების დავალებას სასურველი შედეგი ვერ მოჰყვებოდა, რადგან ქ.თბილისში მისი ზუსტი მისამართი საქმის მასალებით არ დგინდება. ამდენად, ვინაიდან მ. მ-ძის ოჯახის წევრებმა არ ჩაიბარეს მისთვის გაგზავნილი სასამართლო გზავნილი, ხოლო ქ. თბილისში მისი მისამართი უცნობი იყო სასამართლოსთვის, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო შეტყობინება ყველაზე მისაღები საშუალებაა მოპასუხისათვის სარჩელის და თანდართული მასალების ჩასაბარებლად.

პალატამ დაადგინა, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის ცნობილ მისამართზე სამჯერ გაიგზავნა სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხისათვის გადასაცემად, მაგრამ ადრესატს არ ჩაბარდა, რადგან მ. მ-ძე თვითონ კურიერს არასდროს ხვდებოდა სახლში, ხოლო მისი მშობლები უარს აცხადებდნენ დოკუმენტების ჩაბარებაზე და თბილისში მის მისამართს არ აზუსტებდნენ. ამდენად, სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით, 73-ე მუხლის 11 პუნქტით, 75-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ მ. მ-ძის მისამართი იყო ქ.ზესტაფონი, ... ქ.¹46, სადაც სამჯერ გაეგზავნა სასამართლოს დოკუმენტი, მაგრამ არ მოხერხდა მისთვის ჩაბარება, მშობლები ჩაბარებაზე უარს აცხადებდნენ, ხოლო ქ.თბილისში მოპასუხის მისამართს არ აზუსტებდნენ. აღნიშნული დატურდება იმითაც, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გაგზავნილი სასამართლო უწყება ქ.თბილისში, ... ქ.¹59-ში დაბრუნდა კურიერის წარწერით, რომ „... ქუჩას 59 ნომერი არ აქვს“. ამდენად, სასამართლომ სავსებით კანონიერად მიმართა საჯარო შეტყობინების ინსტიტუტს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილის თანახმად, განჩინება გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა 2009 წლის 15 ივნისის, რომლითაც ცნობილი გახდა მოპასუხისათვის მთავარი სხდომის დღისა და დროის თაობაზე, სარჩელის და თანდართული დოკუმენტების მხარისთვის ჩაბარების თაობაზე, შესაბამისად, 7 დღის შემდეგ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვალა, მოპასუხისათვის ამავე ვადაში გახდა ცნობილი მთავარი სხდომის თაობაზე. შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სასამართლოს მხრიდან კანონის სრული დაცვით. პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მითითება, რომ გაზეთი „რეზონანსი“ ზესტაფონში არ არის გავრცელებული, ხოლო რაიონული მნიშვნელობის გაზეთში საჯარო შეტყობინების გამოქვეყნება არ შეიძლება. პალატის მითითებით, სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მისღებისას არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც, ამავე კოდექსის 241-ე მუხლის „ბ“ პუნქტისა და 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმებას არ ექვემდებარება. რაც შეეხება საჩივარს, პალატამ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა 2009 წლის 9 ივლისს, გამოქვეყნდა გაზეთ „რ-ში“ საჯარო შეტყობინების წესით და კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 24 ივლისს ანუ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. საჩივარი კი, მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილია 2009 წლის 4 აგვისტოს ანუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების 10-დღიანი ვადის დარღვევით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. მ-ძემ საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი დასაბუთებით: სასამართლომ ისე მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომ მოპასუხის მისამართი არ დაუდგენია, სადაც ჩაბარდებოდა მ.მ-ძეს სარჩელი და შესძლებდა შესაგებლის წარმოდგენას, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით კასატორი ჩაწერილია ქ.ზესტაფონში, ... ქუჩაზე, თუმცა სარჩელის შეტანის დროისათვის იმყოფებოდა ქ.თბილისში, ... ქ¹10-ში. მ.მ-ძემ მოგვიანებით შეიცვალა მისამართი, თუმცა, რადგანაც მოპასუხისათვის უცნობი იყო სასამართლოში დავის არსებობის თაობაზე, იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას სასამართლოსათვის ეცნობებინა მისამართის შეცვლის შესახებ. პალატა არასწორად უთითებს, რომ ქ. თბილისში, ... ¹59-ში გაგზავნილი სააპელაციო სასამართლოს შეტყობინების მხარისათვის ჩაუბარებლობა ადასტურებს 2009 წლის ივლისში არსებულ ვითარებას, რომ მ. მ-ძემ არასწორი მისამართი აცნობა სასამართლოს. პირველი ინსტანციის სასამართლო უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლზე, მაშინ, როდესაც მხარეს სარჩელი არ ჩაბარებია, ხოლო საჯარო შეტყობინება გამოქვეყნდა სასამართლო სხდომის დანიშვნის თაობაზე, სადაც სხდომის თარიღად მითითებულია 8 ივლისი, გადაწყვეტილება კი მიღებულია 9 ივლისს ისე, რომ სხდომა არც 8 და არც 9 ივლისს არ ჩატარებულა, ამასთან, საქმეში არ არის სასამართლო სხდომის ოქმი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასრულად შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება, რა დროსაც მხედველობაში არ მიიღო შემდეგი გარემოება:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “თ” ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ საქმეში არ არის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი.

მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სასამართლო სხდომების და მხარეთა მონაწილეობით მიმდინარე საპროცესო მოქმედებების (ადგილზე დათვალიერება და სხვა) შესრულებისას სასამართლო სხდომის ოქმის შედგენის აუცილებლობას, მის წესსა და პირობებს. სასამართლო სხდომის ოქმი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საპროცესო დოკუმენტია, რომელიც სრულად ასახავს საქმის წარმოების მიმდინარეობას, მხარეთა, მოწმეთა და პროცესის სხვა მონაწილეთა განმარტებებსა და რიგ საპროცესო მოქმედებებს. ამდენად, სასამართლო სხდომის ოქმი არის მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, თუ რა საპროცესო მოქმედება შეასრულა სასამართლომ და რა შედეგები მოჰყვა ამ მოქმედებებს. სასამართლო სხდომის ოქმის არსებითი მტკიცებულებითი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ოქმის საქმეში არ არსებობა გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი, 394-ე მუხლის “თ” ქვეპუნქტი).

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში არ მოიპოვება 2009 წლის 9 ივლისის სასამართლოს სხდომის ოქმი, რომელშიც აისახებოდა ამავე თარიღით გამოტანილი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები. კანონით მკაცრად რეგლამენტირებულ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობათა შემოწმების გარეშე ამ გადაწყვეტილების კანონიერებაზე მსჯელობა კი სრულიად დაუსაბუთებელია.

ამავდროულად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მითითებას, რომ სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას სათანადოდ არ გამორკვეულა, ეცნობა თუ არა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებელ მხარეს საქმის განხილვის დრო და ადგილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით. დასახელებული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.

მითითებული ნორმა გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, მხარეს მიაწოდოს სწორი და ამომწურავი ინფორმაცია საქმის განხილვის თარიღისა და ადგილის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში მ. მ-ძეს სასამართლო უწყება რამდენჯერმე უშედეგოდ გაეგზავნა სასამართლოსათვის ცნობილ მისამართებზე და საბოლოოდ სასამართლო პუბლიკაციის მეშვეობით მხარეს ეცნობა, რომ მთავარი სხდომა ჩატარდებოდა 2009 წლის 8 ივლისს. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თარიღად მითითებულია 2009 წლის 9 ივლისი. მხარე კი 2009 წლის 9 ივლისის სხდომის თაობაზე არ გაფრთხილებულა.

საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო პალატამ ყურადღება უნდა გაამახვილოს ზემოხსენებულ გარემოებებზე და მხოლოდ მათი შეფასების შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. მ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 მაისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.