ას-561-529-2011 19 აპრილი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ვ. დ-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. დ-შვილი, მ. თ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. დ-შვილმა და მ. თ-ძემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში ვ. დ-შვილის მიმართ და მოითხოვეს 2008 წლის 7 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და სამკვიდრო ქონების განაწილება, კერძოდ, მოსარჩელე მ. თ-ძე ცნობილ იქნას სამკვიდრო ქონებიდან ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების 1/2-ის თანამესაკუთრედ, ხოლო დარჩენილ 1/2 ნაწილზე გაიხსნას კანონით მემკვიდრეობა მ. თ-ძის, ი. და ვ. დ-შვილების სახელზე, როგორც პირველი რიგის მემკვირეებზე, შემდეგი გარემოებების გამო: ვ. დ-შვილმა მამის გარდაცვალების შემდეგ სადავო ქონება 2008 წლის 7 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულებით იჩუქა მამის – მ. დ-შვილის სახელით ქონების განკარგვის მინდობილობის საფუძველზე და საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ქონების მესაკუთრედ. აღნიშნული ქმედებით მოპასუხემ უგულებელყო გარდაცვლილი მამის მეუღლისა და თავისი დის – ი. დ-შვილის, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეთა უფლებები.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: ქონების განკარგვის მინდობილობა შეიცავს დათქმას, რომ ვ. დ-შვილს უფლება ჰქონდა, გაესხვისებინა, გაეჩუქებინა და თვითონვე მიეღო საჩუქრად სადავო ქონება. მინდობილობაში დაკონკრეტებულია, რომ ის არის მინდობილი მესაკუთრე და მითითებული ქონების განკარგვის ხელშეკრულებაც წარმოადგენდა გარიგებას საკუთრების მინდობის შესახებ და არა ჩვეულებრივ მინდობილობას, რომელიც მარწმუნებლის გარდაცვალების შემთხვევაში წყდება. ამდენად, მას სრული უფლება ჰქონდა, დაედო ჩუქების ხელშეკრულება სამოქალაქო კოდექსის-ის 729-ე და 721-ე მუხლების საფუძველზე. მოპასუხემ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელეთა მოთხოვნა სადავო მიწის ნაკვეთზე მ. თ-ძის 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობისა და 1/2 ნაწილზე სამ მემკვიდრეზე გადანაწილების თაობაზე, რადგანაც მამის სიცოცხლეში დედამისს არავითარი პრეტენზია არ ჰქონია სადავო მიწაზე, არ არის აღრიცხული მიწის თანამესაკუთრედ კანონით დადგენილი წესით, მამამ კი აღნიშნული ქონება სიცოცხლეშივე განკარგა ქონების განკარგვის მინდობილობის გაცემის გზით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. თ-ძისა და ი. დ-შვილების სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2008 წლის 7 აგვისტოს დადებული ჩუქების ხელშეკრულება გაჩუქებული ქონების მდებარე, თბილისში, მ/რ ... IV, კვარტალი 1 (... ...ის ქუჩა), (ნაკვ. 31/17): ზონა 01, სექტორი: ისანი 17, კვარტალი: 07, ნაკვეთი 31/17, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1890.00 კვ/მ., ნაკვეთის წინა ნომერი 31/17), 5/6 ნაწილში, მ. თ-ძე ცნობილ იქნეს უძრავი ქონების მდებარე, თბილისში, მ/რ ... IV, კვარტალი 1; (... ...ის ქუჩა), (ნაკვ. 31/17): ზონა 01, სექტორი: ისანი 17, კვარტალი: 07, ნაკვეთი 31/17, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1890.00 კვ/მ., ნაკვეთის წინა ნომერი 31/17), 4/6 ნაწილის მესაკუთრედ. ი. დ-შვილი ცნობილ იქნა ქონების მდებარე, თბილისში, მ/რ ... IV, კვარტალი 1; (... ...ის ქუჩა), (ნაკვ. 31/17): ზონა 01, სექტორი: ისანი 17, კვარტალი: 07, ნაკვეთი 31/17, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1890.00 კვ/მ., ნაკვეთის წინა ნომერი 31/17), 1/6 ნაწილის მესაკუთრედ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ვ. დ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოცემულ საქმეზე უცვლელად იქნა დატოვებული გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
კასატორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდისაგან გათავისუფლებს თაობაზე მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. დ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ამავე კოდექსის 397-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამდენად, მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, კანონმდებელი სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრებისათვის იმპერატიულად ადგენს ერთთვიან ვადას. აღნიშნული ვადის დენა იწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების (განჩინების) მოდავე მხარეთათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გადაცემის დღიდან და მისი გაგრძელების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განჩინება ვ. დ-შვილს გაეგზავნა 2011 წლის 11 იანვარს. სასამართლოში დაბრუნებული ფოსტის კურიერის მიერ შედგენილი აქტის თანახმად, ადრესატის მიერ მითითებულ მისამართზე დატოვებულ შეტყობინებას არავინ მიაკითხა.
აპელანტ ვ. დ-შვილს სასამართლო შეტყობინება განმეორებით გაეგზავნა 2011 წლის 21 თებერვალს, რომელიც კვლავ დაუბრუნდა სასამართლოს მითითებით, რომ აღნიშნულ მისამართზე სასამართლო შეტყობინება არ ჩაიბარა ვ. დ-შვილის ნათესავმა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით კიდევ ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო თავად წყვეტს უწყება რომელ მისამართზე გააგზავნოს და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა (მათ შორისაა ოჯახის რომელიმე ქმედუნარიანი წევრი), გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სასამართლო შეტყობინება მხარეს კანონით დადგენილი წესით გაუგზავნა და მხარის მიერ მითითებულ მისამართზე განმეორებით გაგზავნილი სასამართლო შეტყობინების მიღებაზე ადრესატის ოჯახის ქმედუნარიანი წევრის მიერ უარის თქმა სწორედ სასამართლო შეტყობინების ჩაბარებად უნდა იქნას მიჩნეული.
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო სასამართლო შეტყობინების ჩაბარებაზე უარის თქმის დღიდან _ 2011 წლის 22 თებერვლიდან და ამოიწურა ამა წლის 22 მარტს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ სათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქმეში წარმოდგენილი საფოსტო კონვერტის თანახმად, ვ. დ-შვილმა შპს «საქართველოს ფოსტას» საკასაციო საჩივრით მიმართა 2011 წლის 4 აპრილს, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევით, რაც მოცემული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. დ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.