Facebook Twitter

ას-56-47-2011 7 აპრილი, 2011 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მ. სულხანიშვილი, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი. ბ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ხონის ¹... საჯარო სკოლა, ხონის ¹... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 9 ივლისს ი. ბ-ძემ ხონის რაიონულ სასამართლოში ხონის ¹... საჯარო სკოლისა და იმავე სკოლის სამეურვეო საბჭოს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, მითითებული სკოლის დირექტორის 2009 წლის 3 სექტემბრის ¹6, იმავე წლის 23 სექტემბრის ¹11, 25 სექტემბრის ¹13, 2009 წლის 7 ოქტომბრის ¹16 ბრძანებების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, ასევე იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოსარჩელის განმარტებით, 2009 წლის 7 ოქტომბრამდე ქ. ხონის ¹...საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ისტორიის მასწავლებელი იყო. სკოლის დირექტორმა 2009 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით უკანონოდ გაათავისუფლა სამსახურიდან, რითაც დაარღვია როგორც სკოლის წესდება, ისე «ზოგადი განათლების შესახებ კანინის» 43-ე მუხლის მოთხოვნები. გათავისუფლებას წინ უსწრებდა დისციპლინური სასჯელების დადების შესახებ ბრძანებების გამოცემა, რომლებიც სკოლის შინაგანაწესის მოთხოვნების დარღვევით, სამივე ერთდროულად ჩაბარდა 30 სექტემბერს, მაშინ, როდესაც 3-დღით ადრე უნდა ყოფილიყო გაფრთხილებული და ახსნა-განმარტების მიცემის საშუალება უნდა ჰქონოდა.

მოპასუხემ სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ ი. ბ-ძის გათავისუფლების საფუძველი მის მიერ გაკვეთილების სისტემატურად გაცდენა, ასევე სკოლაში კონფლიქტური სიტუაციის შექმნა გახდა.

ხონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. ბ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხონის ¹... საჯარო სკოლის დირექტორის 2009 წლის 3 სექტემბრის ¹6, იმავე წლის 23 სექტემბრის ¹11, 25 სექტემბრის ¹13 ბრძანებები, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ი. ბ-ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ნოემბრის განჩინებით ი. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ხონის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ბ-ძე იყო ხონის ¹... საჯარო სკოლის მასწავლებელი, ხოლო მ. ჯ-ძე იმავე სკოლკის დირექტორი. 2009 წლის 3 სექტემბერის ბრძანების მიხედვით, იმავე წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 2 სექტემბერს, სამუშაო დღეების გაცდენისა და კონფლიქტური სიტუაციის შექმნის გამო, ი. ბ-ძეს გაფრთხილება მიეცა. ¹4 ბრძანების მიხედვით, ი. ბ-ძის მიერ აგვისტოში გაცდენილი დღეების რაოდენობა იყო 5, ხოლო სექტემბრის თვეში - 3. 2009 წლის 18 სექტემბერს ი. ბ-ძეს განმეორებით მიეცა გაფრთხილება გაკვეთილების ჩაშლისათვის. 2009 წლის 23 სექტემბერს მოსარჩელეს საყვედური გამოეცხადა, ხოლო 2009 წლის 15 სექტემბერს – სასტიკი საყვედური. ხონის ¹... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის ¹2 ოქმის მიხედვით, გადაწყდა სკოლაში კონფლიქტური სიტუაციის დარეგულირების მიზნით, დირექტორისათვის მიმართა კანონით დადგენილი უფლებამოსილების გამოყენების შესახებ. სამეურვეო საბჭომ სკოლის დირექტორს წერილობით მიმართა ი. ბ-ძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მოთხოვნით. 2009 წლის 16 სექტემბრის ბრძანებით ი. ბ-ძე სამსახურიდან გათავისუფლდა. სასამართლომ არ გაიზიარა ი. ბ-ძის მტკიცება, რომ მან ნებაყოფლობით განაცხადა უარი ქართული ენის გაკვეთილების მისთვის განაწილებაზე, რადგან ამგვარი პედსაბჭოს სხდომის 2009 წლის 3 სექტემბრის ოქმში დაფიქსირებული არ არის.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. ბ-ძე კანონმდებლობით და სკოლის წესდებით დადგენილი პროცედურის დაცვით გათავისუფლდა სამსახურიდან, რის გამოც ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ იგი 2009 წლის 7 ოქტომბერს გაათვისუფლეს სამუშაოდან იმავე წლის 2 ოქტომბრიდან და აღნიშნა, რომ ბრძანების ამონაწერში დაშვებული იყო ტექნიკური უზუსტობა, რომელიც მის ბათილად ცნობას ვერ გამოიწვევდა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება ი. ბ-ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ გაითვალისწინა მისი ახსნა-განმარტება. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ საქმეში წარმოდგენილია ორი სხვადასხვა თარიღით გამოცემული ბრძანება, ამგვარი წინააღმდეგობა კი ტექნიკური უზუსტობით ვერ აიხსნება. სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მისი მტკიცება, რომ საათობრივი დატვირთვის უკანონიდ შემცირების გამო, პედსაბჭოს სხდომაზევე განაცხადა უარი ქართული ენის საათების მისთვის განაწილებაზე. შესაბამის ოქმში დაფიქსირებულია მისი უარყოფითი პოზიცია საათობრივი დატვირთვის შემცირებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სამეურვეო საბჭოს 2009 წლის 2 ოქტომბრის სხდომის ოქმს, ამგვარი სხდომა ვერ ჩატარდებოდა, რადგანაც კასატორი დაბარებული არ ყოფილა, ამასთან ეს ოქმი მოპასუხის შესაგებელთან ერთად არ ყოფილა წარდგენილი. სასამართლომ გაიზიარა, რომ ი. ბ-ძეს შეფარდებული ჰქონდა დისციპლინური სახდელები, მაშინ როდესაც შესაბამისი ბრძანებები ბათილად იყო ცნობილი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ და სააპელაციო სასამართლოს იურიდიული ძალის არ მქონე აქტებით არ უნდა ეხელმძღვანელა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 იანვრის განჩინებით ი. ბ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ი. ბ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. ბ-ძის (პირადი ¹...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.