Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-1172-747 (კ-05) 3 აგვისტო, 2006წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

აღწერილობითი ნაწილი:

ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა რ. ჯ-ემ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ოზურგეთის რაიონული ფილიალის უფროსის 27.01.05წ. ¹6 ბრძანებით განთავისუფლდა ამავე ფილიალის ზონის .... თანამდებობიდან, რომელზეც 1973 წლიდან განთავისუფლებამდე მუშაობდა.

რ. ჯ-ის განმარტებით, განთავისუფლების ბრძანებაში არ იყო მითითებული დათხოვნის მიზეზები, ადმინისტრაციამ არ გაითვალისწინა, რომ იგი იყო მარტოხელა, ცხოვრობდა ძმის ოჯახში და ხელფასის გარდა სხვა რაიმე შემოსავალი არ გააჩნდა. მოსარჩელის აზრით, 27.01.05წ. ¹6 ბრძანება უკანონოა, რადგან მისი მიღებისას ადმინისტრაციას არ გამოუყენებია შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი, მისი სამსახურიდან განთავისუფლება არ იყო შეთანხმებული პროფკავშირთან. მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ აცნობეს 17.12.04წ., განთავისუფლება კი მოხდა 27.01.05წ., რითაც დაირღვა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მესამე პუნქტისა და 108-ე მუხლის I-ლი პუნქტის მოთხოვნები, გასაჩივრებულ ბრძანებაში მითითებული არ იყო გათავისუფლების საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ გასაჩივრებული ბრძანების გაუქმება და წინანდელ სამსახურში აღდგენა მოითხოვა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ ფონდის თანამშრომელთა განთავისუფლება მოხდა ფონდის გენერალური დირექტორის 03.12.04წ. ¹01/63 ბრძანების საფუძველზე. იმავე ბრძანებით დამტკიცდა ახალი საშტატო განრიგი, რომლითაც ზონის ინსპექტორის შტატი გათვალისწინებული აღარ იყო. მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ ფონდის ყველა თანამშრომელი, მათ შორის რ. ჯ-ე გაფრთხილებული იყო შკკ-ის 422 მუხლის მოთხოვნათა დაცვით. 26.01.05წ. შედგა პროფკავშირის სხდომა. აღნიშნულ სხდომაზე პროფკავშირმა თანხმობა განაცხადა რ. ჯ-ის სამუშაოდან განთავისუფლებაზე. რ. ჯ-ე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ორი თვის მანძილზე ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, მიღებული აქვს შესაბამისი ანაზღაურება და მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონოდ ცნობის საფუძველი არ არსებობს.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 15.04.05წ. გადაწყვეტილებით რ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ჯ-ემ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნით დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის საოლქო სასამრათლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 28.06.05წ. განჩინებით რ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 15.04.05წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ოზურგეთის ფილიალში ადგილი ჰქონდა რეორგანიზაციას, რაც გამოიხატა სტრუქტურულ ცვლილებებში. რეორგანიზაცია (სტრუქტურული ცვლილებები) ადმინისტორაციას უფლებას აძლევს შეწყვიტოს მუშაკთან შრომის ხელშეკრულება შკკ-ის 34-ე მუხლის I-ლი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა აგრეთვე, რომ მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ რ. ჯ-ეს ეცნობა პერსონალურად 20.12.04წ., რაც დადასტურებულია მისი ხელმოწერით. რ. ჯ-ის განთავისუფლების შესახებ არსებობდა პროფკავშირის თანხმობა. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტი სამსახურიდან გაანთავისუფლეს შრომის კანონთა კოდექსით დადგენილი წესით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 28.06.05წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ჯ-ემ. კასატორმა აღნიშნა, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში განხორციელდა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით, რის გამოც ადმინისტრაციას უნდა ეხელმძღვანელა შკკ-ის 36-ე მუხლით. კასატორი არ ეთანხმება პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რეორგანიზაციის შემთხვევაში განთავისუფლებულ თანამშრომელს არ გააჩნია არანაირი შრომითი გარანტიები. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ რ. ჯ-ის სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანებაში განთავისუფლების ერთ-ერთ საფუძვლად შკკ-ის 36-ე მუხლია მითითებული და აღნიშნა, რომ ეს მუხლი რეორგანიზაციისას არ გამოიყენება. კასატორი თვლის, რომ სადავო ბრძანება გამოცემულია ზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის «ლ» ქვეპუნქტის, მე-6 და მე-7 მუხლების მე-2 ნაწილის დარღვევით. კასატორის განმარტებით, სადავო ბრძანებაში მითითებულია, რომ ბრძანების გამომცემმა ისარგებლა შკკ-ის 36-ე მუხლით, რომლის გამოყენება თავისთავად გულისხმობს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებას მოპასუხის მხრიდან. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება დასაშვებია კანონით დადგენილ ფარგლებში, დაუშვებელია აღნიშნული პირის კანონიერი უფლებემოსილებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. კასატორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანება გამოცემულია უფლებამოსილების გადამეტებით, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ბრძანებაში მითითებულია შკკ-ის 36-ე მუხლი, მის გამომცემს რეალურად ხსენებული მუხლით არ უხელმძღვანელია, თუმცა აღნიშნული მუხლის დებულებები ფილიალის უფროსს გამოყენებული აქვს რეორგანიზაცია-შტატების შემცირების დროს სხვა თანამშრომლის სამსახურში დატოვების დასაბუთებისათვის. გასაჩივრებული ბრძანების გამოცემისას ფილიალის უფროსმა არ იხელმძღვანელა სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 14.12. ¹01/168-ო ბრძანებით და ამავე ბრძანების ¹4 დანართით.

კასატორი მიიჩნევს, რომ ფილიალის ხელმძღვანელმა საკვალიფიკაციო კომისია დააკომპლექტა რა პროფკომიტეტის ორი წევრით, გადაწყვეტილების უუნარო გახადა პროფკომიტეტი. პროფკომიტეტის სხდომას არ ესწრებოდა ასევე რ. ჯ-ე, სხდომის ოქმში არ არის ასახული გამოთქვა თუ არა აზრი განთავისუფლების კანდიდატმა. კასატორის განცხადებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ წარმოდგენილი საბუთების მიხედვით თანამშრომელთა უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 14.12.04წ. ¹01/168-ო ბრძანებით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. კასატორის აზრით, არც პირველი და არც მეორე ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია მის მთავარ მოთხოვნაზე _ რ. ჯ-ის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ 27.01.05წ. ¹6 ბრძანების ბათილად ცნობაზე, ფონდის ფილიალის ხელმძღვანელის მიერ უფლებამოსილების გადაჭარბებით აქტის გამოცემის გამო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, რ. ჯ-ის სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ოზურგეთის რაიონული ფილიალის 27.01.05წ. ¹6 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხე ორგანიზაციაში რ. ჯ-ის იმ თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა, რომელიც შეესაბამება მის კვალიფიკაციას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების საკასაციო საჩივრის ფარგლებში კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ რ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 28.06.05წ. განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 03.12.04წ. ¹01/163-ო ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ფონდის რაიონული და საქალაქო ფილიალების სტრუქტურული რეორგანიზაცია, გაუქმდა ძველი და დამტკიცდა ახალი საშტატო განრიგი, რომლითაც განისაზღვრა ფილიალში დასაქმებულ მუშაკთა რიცხოვნობა და თანამდებობრივი კატეგორიები. მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ რ. ჯ-ეს ეცნობა პერსონალურად 20.12.04წ., რაც დადასტურებულია მისი ხელმოწერით. რ.ჯ-ის განთავისუფლებაზე მოპასუხე ორგანიზაციას, სსკ-ის 37-ე მუხლის შესაბამისად, მიღებული ჰქონდა პროფკავშირის თანხმობა.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ორგანიზაცია უფლებამოსილი იყო დაწესებულების რეორგანიზაციის (სტრუქტურული ცვლილებების) საფუძველზე შეეწყვიტა რ. ჯ-ესთან შრომის ხელშეკრულება. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ოზურგეთის რაიონული ფილიალის უფროსის 27.01.05წ. ¹6 ბრძანებით რ. ჯ-ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი შკკ-ის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ა» ქვეპუნქტზე. აღნიშნული ნორმის თანახმად, საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციას შეუძლია ვადამდე მოითხოვოს შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტა საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის (სტრუქტურული ცვლილებები და სხვ.), ან მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირების გამო. ამდენად, საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია (სტრუქტურული ცვლილებები და სხვ.) ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტის დამოუკიდებელ საფუძველს ქმნის. შკკ-ის 422-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 36-ე მუხლის შესაბამისად განისაზღვრება სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება მხოლოდ მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირების დროს. საკასაციო პალატა თვლის, რომ ბრძანებაში მითითებული კასატორის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველი, _ შკკ-ის 34-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინენული დაწესებულების რეორგანიზაცია, ადმინისტრაციას უფლებამოსილს ხდიდა პროფკავშირის თანხმობით მოეშალა შრომის ხელშეკრულება ყველა კატეგორიის მუშაკთან, მათ შორის ზონის ინსპექტორ რ. ჯ-ესთან.

საკასაციო პალატა არ იზიარება კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო ბრძანება გამოცემულია ზაკ-ის მე-6 და მე-7 მუხლების მოთხოვნათა დარღვევით. განსახილველ შემთხვევაში ფილიალის რეორგანიზაციის მიზნით მოპასუხე ორგანიზაცია, შკკ-ის 34-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე, მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. სასამართლო კონტროლი საჯარო დაწესებულებათა გადაწყვეტილებების შემოწმებისას ვრცელდება ამ გადაწყვეტილებების კანონიერება-დასაბუთებულობაზე და არა მიზანშეწონილობის ასპექტებზე. ზაკ-ის მე-6 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში (რაც მოცემულ შემთხვევაში დაცული იქნა მოპასუხე ორგანიზაციის ადმინისტრაციის მიერ) და მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. კვალიფიკაციის დონისა და სპეციალობის გათვალისწინებით ცალკეულ მუშაკთა სამუშაოზე დატოვების და დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნებოდა ფონდის ადმინისტრაციის დისკრეციის სფეროს, სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას შრომითი კოლექტივის დანარჩენი წევრების კვალიფიკაციის საკითხებზე, ამ საკითხების დაყენება რ. ჯ-ეს შეეძლო ადმინისტრაციული საჩივრის წესით, ერთიანი სახელმწფო ფონდის გენერალური დირექტორის 03.12.04წ. ¹01/163-ო ბრძანების მე-5 პუნქტის თანახმად კვალიფიკაციის თვალსაზრისით თანაბარი პირობების არსებობისას დავების განსახილველად გათვალისწინებული იყო შრომის დავების განმხილველი კომისია, რომელსაც მხედველობაში უნდა მიეღო შკკ-ის 36-ე მუხლის მოთხოვნები, აგრეთვე ფონდის ცენტრალური აპარატის საპრეტენზიო კომისია.

უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის შესახე, რომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.3 მუხლი. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელიმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 03.12.04წ. ¹01/163-ო ბრძანებით დამტკიცებული «სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის აჭარის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკებისა და რაიონული ფილიალების» დებულების მე-19 პუნქტის თანახმად, ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად თანამდებობაზე ინიშნებიან და თანამდებობიდან თავისუფლდებიან ფილიალის უფროსის მოადგილეები და ფილიალის თანამშრომლები. «სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესის შესახებ» სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 03.11.04წ. ¹01/143-ო ბრძანების მე-6 პუნქტის თანახმად, ფონდის რაიონული, საქალაქო ფილიალების თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონული ფილიალის უფროსი. ამდენად არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უფლებამოსილების გადამეტებით სადავო აქტის გამოცემა.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორის სამსახურიდან გათავისუფლების უფლებამოსილების მქონე პირმა _ ფონდის ოზურგეთის რაიონული ფილიალის უფროსმა მიმართა ფილიალის პროფკომიტეტის თავმჯდომარეს ზონის ინსპექტორ რ. ჯ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ თანხმობის მისაღებად. 26.01.05წ. ¹5 წერილით ფილიალის პროფკომიტეტის თავმჯდომარემ აცნობა ფილიალის უფროსს, რომ პროფკომიტეტი თანახმაა‚ გათავისუფლდეს რ. ჯ-ე ზონის .... დაკავებული თანამდებობიდან. 26.01.05წ. პროფკომიტეტის სხდომის ჩატარება, სხდომის ჩატარების შესახებ რ. ჯ-ის შეტყობინება დასტურდება მოწმეების დ. ბ-ის, მ. კ-ის, ლ. ს-ის ჩვენებებით. პროფკომიტეტი უფლებამოსილი იყო «პროფესიული კავშირების შესახებ» კანონის 24-ე მუხლის თანახმად უპირატესობა მიენიჭებინა პროფკომიტეტის წევრისათვის, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის გარდა საზოგადოებრივ მოვალეობასაც ასრულებდა. მხედველობაშია მისაღები‚ აგრეთვე‚ ის გარემოებაც, რომ პროფკომიტეტი იხილავდა სამსახურიდან გათავისუფლებაზე თანხმობის საკითხს და არა საჩივარს საკვალიფიკაციო კომისიის გადაწყვეტილებაზე, ამდენად ის გარემოება, რომ პროფკომიტეტის 2 წევრი მონაწილეობას იღებდა კომისიის სხდომაზე არ გამორიცხავდა მათი მონაწილეობის შესაძლებლობას კოლექტიური ორგანოს _ პროფკომიტეტის მიერ თანხმობის გაცემაში. ამასთანავე, რ. ჯ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თანხმობას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ორგანიზაციის ადმინისტრაციასა და კასატორს შორის, რ. ჯ-ის სამსახურიდან გათავისუფლების დღეს, 27.01.05წ. გაფორმდა შრომის ხელშეკრულება. აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციის მხრიდან რ. ჯ-ის მიმართ დაცული იქნა აგრეთვე შკკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 421 მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის მოთხოვნა. რ. ჯ-ე დაეთანხმა ადმინისტრაციას ახალ შრომით პირობებზე, რითაც ფაქტიურად აღიარა უვადო შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერება. ამასთანავე, ახალი სტრუქტურული ერთეულების ახალი ფუნქციური დატვირთვის და თანამდებობის შემოღების პირობებში ადმინისტრაცია უფლებამოსილი იყო მიეღო შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ახალი მუშაკები, რომლებიც ადრე ვადიანი ხელშეკრულებით იყვნენ დასაქმებულნი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, სააპელაციო პალატის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმღძვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 28.06.05წ. განჩინება;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.