ას-566-533-2010 21 დეკემბერი, 2010 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ რ. რ-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ კავშირი “საქართველოს ტრანსპორტის ფედერაცია”; ლ. ბ-ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 მარტის განჩინებით, რ. რ-შვილის სარჩელზე მოპასუხე თბილისის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ მიწის ნაკვეთის გეგმის ბათილად ცნობის ნაწილში, შეწყდა წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო. რ. რ-შვილის სარჩელი მოპასუხე ლ. ბ-ძის, კავშირი “საქართველოს ტრანსპორტის ფედერაციისა” და საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების და ამ ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
2009 წლის 28 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნით მიმართა რ. რ-შვილმა მოპასუხე ლ. ბ-ძის, კავშირ “საქართველოს ტრანსპორტის ფედერაციისა” და საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: “საქართველოს ტრანსპორტის ფედერაციასა” და ლ. ბ-ძეს შორის 2005 წლის 29 დეკემბერს თბილისში, ... მე-4 მ/რ-ში, ტაქსოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა 0,1 ჰა მიწის ნაკვეთის ნაწილში, ასევე საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანა.
მოსარჩელის მტკიცებით, სადავო მიწის ნაკვეთი 2003 წლის 4 დეკემბერს, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, ლ. მ-შვილს გადაეცა. 2005 წლის 26 ნოემბერს, აღნიშნული ნაკვეთი საჯარო რეესტრის მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურში ლ. მ-შვილის საკუთრებად აღირიცხა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2005 წლის 25 ოქტომბრის ¹1 ოქმის საფუძველზე. თავად მოსარჩელემ ნაკვეთი ლ. მ-შვილისაგან 2006 წლის 21 ივნისს შეიძინა და იმავე წლის 22 ივნისს საჯარო რეესტრის მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურში თავის სახელზე აღრიცხა. 2007 წელს მცხეთის რაიონის ნაწილი, მათ შორის სადავო ნაკვეთიც, თბილისს მიეკუთვნა, რის შემდეგაც მოსარჩელემ საჯარო რეესტრის თბილისის სარეგიტრაციო სამსახურს მიმართა, საიდანაც ნაკვეთის რეგისტრაციაზე უარი მიიღო, რადგანაც მითითებული უძრავი ქონება დარეგისტრირებული იყო “საქართველოს ტრანსპორტის ფედერაციის სახელზე”, ამ უკანასკნელმა კი, იგი ლ. ბ-ძეზე გაასხვისა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. რ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
2006 წლის 21 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ლ. მ-შვილმა მისი კუთვნილი უძრავი ქონება, კერძოდ, მცხეთის რაიონის სოფელ ... ტერიტორიაზე მდებარე 0,1 ჰა ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ¹365 მიწის ნაკვეთი რ. რ-შვილს მიჰყიდა;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შეძენილი უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე რ. რ-შვილს უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი ექცევა საჯარო რეესტრში ლ. ბ-ძის სახელზე საკუთრების უფლებით უკვე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის შემადგენლობაში;
მიწის ნაკვეთზე ლ. ბ-ძის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს 2005 წლის 29 დეკემბერს კავშირ “საქართველოს ტრანსპორტის ფედერაციასა” და ლ. ბ-ძის სახელით გიორგი ყაჭიაშვილს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება;
კავშირ “საქართველოს ტრანსპორტის ფედერაციის” საკუთრების უფლების რეგისტრაცია 0,1 ჰა მიწის ნაკვეთზე გაუქმებული არ არის.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება “საქართველოს ტრანსპორტის ფედერაციის” საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე და აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, რომელიც არ არის შესული კანონიერ ძალაში, ბათილად იქნა ცნობილი კავშირ “საქართველოს ტრანსპორტის ფედერაციის” საკუთრებად სადავო მიწის ნაკვეთის 2005 წლის 3 ნოემბრის რეგისტრაციის თაობაზე თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც კავშირი “საქართველოს ტრანსპორტის ფედერაციის” სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა რ. რ-შვილის საკუთრებაში არსებული ქონება, რომლის მისამართია: ... ნაკვეთის ¹365, 0,1 ჰა-ს ნაწილში და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა სადავო საკითხზე არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. ამასთან, ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება, რ. რ-შვილისათვის სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 26 სექტემბრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, რ. რ-შვილის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. ბ-ძე კეთილსინდისიერი შემძენი იყო, რის გამოც არ არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. რ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 აპრილის განჩინებით რ. რ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას. სასამართლომ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა სადავო მიწის ნაკვეთის შემძენ ლ. ბ-ძის კეთილსინდისიერების შესახებ, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეს არ მიუთითებია და, შესაბამისად, არც რაიმე მტკიცებულებით დაუდასტურებია ის გარემოება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე ლ. ბ-ძემ იცოდა (ან უნდა სცოდნოდა) სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის უფლების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება რ. რ-შვილმა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორმა მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ არასწორად გამოიყენა და განმარტა კანონი, მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რის გამოც მითითებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ლ. ბ-ძე არ წარმოადგენდა კეთილსინდისიერ შემძენს, რადგანაც, რეალურად, გამყიდველს ნასყიდობის საგანი მისთვის არ გადაუცია. გარდა ამისა, სადავო მიწის ნაკვეთი უფრო ადრე დარეგისტრირდა მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურში სახელმწიფოს საკუთრებად. სასამართლომ, აგრეთვე, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ უპირატესობა ენიჭება იმ მყიდველს, რომელთანაც პირველად გაფორმდა ხელშეკრულება ან ვინც პირველად დაეუფლა ნივთს. მოცემულ შემთხვევაში კი, “საქართველოს ტრანსპორტის ფედერაცია” რეალურად, მიწის ნაკვეთს არ დაეუფლებია, შესაბამისად, არც საკუთრების უფლება წარმოშობია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ლ. ბ-ძესთან ნასყიდობის ხელშეკრულება არაუფლებამოსილმა პირმა გააფორმა, რის გამოც აღნიშნული გარიგება ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა, განიხილა საკასაციო საჩივარი და მიიჩნია, რომ რ. რ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე პირველი ისნტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა, შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. 2006 წლის 21 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ლ. მ-შვილმა მისი კუთვნილი უძრავი ქონება, კერძოდ, მცხეთის რაიონის სოფელ ... ტერიტორიაზე მდებარე 0,1 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ¹365 მიწის ნაკვეთი მიჰყიდა რ. რ-შვილს;
2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შეძენილი უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე რ. რ-შვილს უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი ექცევა საჯარო რეესტრში ლ. ბ-ძის სახელზე საკუთრების უფლებით უკვე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის შემადგენლობაში;
3. მიწის ნაკვეთზე ლ. ბ-ძის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს 2005 წლის 29 დეკემბერს კავშირ “საქართველოს ტრანსპორტის ფედერაციასა” და ლ. ბ-ძის სახელით გიორგი ყაჭიაშვილს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება;
4. კავშირ “საქართველოს ტრანსპორტის ფედერაციის” საკუთრების უფლების რეგისტრაცია 0,1 ჰა მიწის ნაკვეთზე გაუქმებული არ არის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია წარმოადგენს მხარის მითითებას პროცესუალურ-სამართლებრივ დარღვევებზე, რომლებმაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენა განაპირობეს. კასატორს ამგვარი პრეტენზია არ წარმოუდგენია, შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო პალატისათვის.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოება უნდა შეეჩერებინა კავშირ “საქართველოს ტრანსპორტის ფედერაციის” სახელზე სადავო ნაკვეთის რეგისტრაციის ბათილად ცნობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული დავის გადაწყვეტამდე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით, ამდენად, აღნიშნული ნორმის საფუძველზე, სხვა საქმის განხილვის დასრულებამდე სამოქალაქო საქმის წარმოება ჩერდება იმ შემთხვევაში, თუ სხვა ადმინისტრაციულ ან სამოქალაქო საქმეზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა გავლენა მოახდენოს შესაჩერებლი საქმის განხილვის შედეგზე.
მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საქმის დავის საგანს კავშირ “საქართველოს ტრანსპორტის ფედერაციასა” და ლ. ბ-ძეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა წარმოადგენს. ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის, უძრავი ნივთის მესაკუთრედ “საქართველოს ტრანსპორტის ფედერაცია” იყო რეგისტრირებული.
სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.
იმავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.
აღნიშნული ნორმების საფუძველზე, შემძენის სასარგებლოდ საჯარო რეესტრის მონაცემების სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია არ მოქმედებს მხოლოდ ორ შემთხვევაში: ა) გარიგების დადების დროისათვის რეესტრის ჩანაწერების მიმართ შეტანილია საჩივარი, ბ) შემძენი არაკეთილსინდისიერი მხარეა და მისთვის ცნობილია რეესტრის ჩანაწერების უზუსტობის თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, რეესტრის ჩანაწერების სისწორე გარიგების დადებიდან სამი წლის შემდეგ გახდა სადავო, ამდენად, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგით დასრულდებოდა აღნიშნულთან დაკავშირებული ადმინისტრაციული დავა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას არ გამოიწვევდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი არ არსებობდა.
ერთადერთი გარემოება, რომელიც სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო, არის შემძენის არაკეთილსინდისიერება. “კეთილსინდისიერება” გულისხმობს შემძენის სუბიექტურ დამოკიდებულებას ნამდვილი მესაკუთრის ვინაობისადმი. სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის საფუძველზე ნათელია, რომ კანონმდებელი, მესაკუთრის უფლებებთან კონფლიქტისას, უძრავი ნივთის კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებს ანიჭებს უპირატესობას. აღნიშნული, უძრავი ნივთზე უფლების შეძენის განსხვავებული რეჟიმის არსებობის შედეგია. მოძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემისაგან განსხვავებით, უძრავი ნივთის შემძენს რისკისაგან საჯარო რეესტრის არსებობა ათავისუფლებს, შესაბამისად, აუცილებელი წინდახედულობის ფარგლებიც უფრო ვიწროა და საჯარო რეესტრის მონაცემების გადამოწმებით შემოიფარგლება. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს გამსხვისებელი საჯარო რეესტრში მესაკუთრედ როგორ აღირიცხა (დაშვებულია თუ არა შეცდომა თავად საჯარო რეესტრის სამსახურის მხრიდან, წარდგენილი იყო თუ არა საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ ყალბი დოკუმენტი და ა.შ.). ამდენად, კასატორის მიერ მოხმობილი არგუმენტი, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, თბილისში რეგისტრაციის პარალელურად, საჯარო რეესტრის მცხეთის სარეგიტრაციო სამსახურში ჯერ ლ. მ-შვილისა და შემდეგ რ. რ-შვილის სახელზე იყო აღრიცხული, ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი ვერ გახდება. საქმის მიხედვით არ დასტურდება, რომ ლ. ბ-ძისათვის აღნიშნმული გარემოებების თაობაზე ცნობილი იყო. აქვე ის გარემოებაცაა გასათვალისწინებელი, რომ სადავო ხელშეკრულება 2005 წლის 29 დეკემბერსაა დადებული, ხოლო რ. რ-შვილმა ნაკვეთი ლ. მ-შვილისაგან 2006 წლის 21 ივნისს შეიძინა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, ერთადერთი არგუმენტი, რომელიც კასატორმა შემძენის კეთილსინდისიერების საპირისპიროდ წარმოადგინა, იყო მითითება იმის შესახებ, რომ სადავო ნაკვეთი ლ. ბ-ძის მფლობელობაში არ გადასულა, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, ამასთან, როგორც თავად მხარის წარმომადგენელმა განმარტა საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას (იხ. 2010 წლის 7 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 54, ტ II), ნაკვეთის არგადაცემაში ლ. ბ-ძის საკუთრების უფლების მცხეთის ნაცვლად თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში აღრიცხვას გულისხმობდნენ, რაც მხარის არაკეთილსინდისიერებას არ ადასტურებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
საკასაციო პალტა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. რ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 აპრილის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.