Facebook Twitter

¹ას-569-536-2010 17 იანვარი, 2011 წელი ,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. კვანტალიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ უ. ჯ-ია (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ დ. ფ-ია, თ. ღ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარეები _ მ. ბ-შვილი, ლ. დ-ელი, მ. კ-ძე, ნ. ბ-ძე, დ. კ-ძე (მოპასუხეები)

წარმომადგენელი _ ა. კ-ური, მ. თ-ია, გ. მ-ძე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 თებერვლის განჩინება

დავის საგანი _ საარბიტრაჟო შეთანხმების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 2 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა უ. ჯ-იამ (წარმომადგენელი დ. ფ-ია) მოპასუხეების: მ. კ-ძის, ნ. ბ-ძის, ლ. დ-ელის, მ. ბ-შვილისა და დ. კ-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 2003 წლის 16 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების მე-14 პუნქტით გათვალისწინებული საარბიტრაჟო შეთანხმების ბათილად ცნობა (ტომი I, ს.ფ. 1-12).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით უ. ჯ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2002 წლის 10 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით უ. ჯ-იამ ა. მ-ოვისაგან ისესხა 2 400 აშშ დოლარი, ხოლო გ. ხ-ოვისაგან _ 4 920 აშშ დოლარი 2 თვის ვადით. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა თბილისში, ... ქ. ¹3-ში მდებარე ¹7 ბინა;

სესხის ვადის გასვლის შემდეგ, გ. ხ-ოვმა უ. ჯ-იასაგან მოითხოვა 4 920 აშშ დოლარის დაბრუნება, რაც უ. ჯ-იამ ვერ შესძლო. 2002 წლის 12 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება 2002 წლის 10 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობების შეცვლის შესახებ, რომლის მიხედვითაც იპოთეკარ გ. ხ-ოვს ხელშეკრულებაში ჩაენაცვლნენ დ. კ-ძე და ნ. ბ-ძე. ხელშეკრულებით გ-ზღვრა სესხის თანხის ოდენობა, კერძოდ, უ. ჯ-იას ნ. ბ-ძემ ასესხა 5 800 აშშ დოლარი, ა. მ-ოვმა _ 2 500 აშშ დოლარი, დ. კ-ძემ _ 1 240 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით თვეში 2% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულება დამოწმდა ნოტარიუს მ. კ-ძის მიერ;

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შემდეგ, ხელშეკრულების მხარეებად დარჩნენ უ. ჯ-ია (მსესხებელი), ერთის მხრივ, ა. მ-ოვი, დ. კ-ძე და ნ. ბ-ძე (იპოთეკარები), მეორეს მხრივ;

2003 წლის 16 ივნისს მხარეებმა გააუქმეს 2002 წლის 12 დეკემბერს დადებული შეთანხმება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობების შეცვლის შესახებ;

2003 წლის 16 ივნისს, ერთი მხრივ, უ. ჯ-იას (გამყიდველი) და, მეორე მხრივ, ნ. ბ-ძეს, ლ. დ-ელსა და მ. ბ-შვილს (მყიდველები) შორის, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ნ. ბ-ძემ, ლ. დ-ელმა და მ. ბ-შვილმა იყიდეს თბილისში, ... ქ. ¹3-ში მდებარე ბინა ¹7 12 840 აშშ დოლარად. ხელშეკრულება დამოწმდა ნოტარიუს მ. კ-ძის მიერ;

ნასყიდობის ხელშეკრულების მე-14 პუნქტით გ-ზღვრა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავა უნდა განეხილა შპს «საქართველოს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს» (მდებარე თბილისი, ... ქ. ¹7-ში, მე-5 სართულზე) ერთი არბიტრის შემადგენლობით, რომელსაც ნიშნავდა არბიტრაჟი, ამდენად, საარბიტრაჟო შეთანხმება (დათქმა) იყო ნასყიდობის ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი;

ხელშეკრულების მე-18 პუნქტის თანახმად, მხარეებმა წაიკითხეს ხელშეკრულება, რის შემდეგაც მოაწერეს მას ხელი, ხოლო ხელშეკრულების თითო ეგზემპლარი გადაეცათ მხარეებს;

შპს «საქართველოს მუდმივმოქმედმა არბიტრაჟმა» 2003 წლის 10 სექტემბერს განიხილა მხარეთა შორის დავა და მიიღო გადაწყვეტილება უ. ჯ-იას ბინიდან გამოსახლების შესახებ, რაზეც იმავე დღეს გაიცა სააღსრულებო ფურცელი;

ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე, უ. ჯ-იას მეუღლე დ. ხ-ავამ 2004 წლის იანვარში აღძრა სარჩელი ნ. ბ-ძის, ლ. დ-ელის, მ. ბ-შვილისა და თავისი მეუღლე უ. ჯ-იას წინააღმდეგ _ მათ შორის 2003 წლის 16 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით დ. ხ-ავა ცნობილ იქნა ბინის ნაწილის მესაკუთრედ;

ნ. ბ-ძის, ლ. დ-ელისა და მ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 9 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დ. ხ-ავას სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე და მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დ. ხ-ავამ შეიტანა საჩივარი, რაც არ დაკმაყოფილდა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით. ამაზე დ. ხ-ავამ წარადგინა საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სადაც საქმის განხილვის დროს _ 2005 წლის 4 თებერვალს მხარეები მორიგდნენ. მორიგების პირობების თანახმად, უ. ჯ-იასა და დ. ხ-ავას 2 თვის ვადაში უნდა გადაეხადათ 20 000 აშშ დოლარი ნ. ბ-ძის, ლ. დ-ელისა და მ. ბ-შვილისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაიცემოდა სააღსრულებო ფურცელი ბინიდან მათი გამოსახლების შესახებ;

ამდენად, მხარეთა მორიგების პერიოდისთვის ჯერ კიდევ არ იყო აღსრულებული არბიტრაჟის 2003 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება;

2005 წლის 18 აპრილს უ. ჯ-იამ განცხადებით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს, რათა შეჩერებულიყო შპს «საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის» 2003 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულება ბინიდან მისი გამოსახლების შესახებ, რაც 25 აპრილს დაკმაყოფილდა იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარეობდა გამოძიება ლ. ჭ-ძის (შპს «საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის» თავმჯდომარე), ნ. ბ-ძისა და დ. კ-ძის მიმართ;

ამდენად, ერთი მხრივ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგების საფუძველზე უ. ჯ-იამ და მისმა მეუღლე დ. ხ-ავამ იკისრეს ვალდებულება 2005 წლის 4 აპრილამდე ნ. ბ-ძის, ლ. დ-ელისა და მ. ბ-შვილისათვის 20 000 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, 2005 წლის 18 აპრილს (მორიგებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ) უ. ჯ-იამ პარალელურად მიმართა სასამართლოს არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოთხოვნით.

2005 წლს 25 აპრილს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი ... ქ. ¹3-ში მდებარე ¹7 ბინიდან დ. ხ-ავასა და უ. ჯ-იას გამოსახლების თაობაზე, ვინაიდან მათ დაარღვიეს მორიგების პირობები და არ გადაიხადეს 20 000 აშშ დოლარი ნ. ბ-ძის, ლ. დ-ელისა და მ. ბ-შვილის სასარგებლოდ;

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა და არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდა ერთსა და იმავე დღეს _ 2005 წლის 25 აპრილს.

2005 წლის 21 და 31 დეკემბერს, 2006 წლის 9 თებერვალს ნ. ბ-ძის, დ. კ-ძისა და მ. კ-ძის მიმართ დამტკიცდა საპროცესო შეთანხმებები, გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენები, რომელთა მიხედვითაც მათ მსჯავრი დაედოთ უ. ჯ-იას საცხოვრებელი ბინის თაღლითურად დაუფლებაში. განაჩენებით მიჩნეულ იქნა, რომ 2002 წლის 12 დეკემბერს ნ. ბ-ძემ და დ. კ-ძემ გადაუხადეს 4 920 აშშ დოლარი გ. ხ-ოვს, ჩაენაცვლნენ მას იპოთეკის ხელშეკრულებაში, რა დროსაც ახალ ხელშეკრულებაში მოტყუებით დააფიქსირეს, რომ 1 240 აშშ დოლარი უ. ჯ-იას ასესხა დ. კ-ძემ, ხოლო 5 800 აშშ დოლარი _ ნ. ბ-ძემ 3 თვის ვადით 2% სარგებლის დარიცხვით. 2003 წლის ივნისში ნ. ბ-ძემ და დ. კ-ძემ უ. ჯ-იას ვალის გასტუმრება მოსთხოვეს, რის შემდეგაც შესთავაზეს თითქოსდა ახალი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება 12 840 აშშ დოლარზე, მაგრამ ნაცვლად სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებისა, 2003 წლის 16 ივნისს ნოტარიუს მ. კ-ძესთან მოტყუებით, თვალთმაქცურად, რათა არ დარღვეულიყო სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, ჯერ გააფორმეს შეთანხმება 2002 წლის 12 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, ხოლო იმავე დღეს, იმავე ნოტარიუსის მეშვეობით მოტყუებით გააფორმეს ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც უ. ჯ-იას ბინა იყიდეს ნ. ბ-ძემ, ლ. დ-ელმა და მ. ბ-შვილმა 12 840 აშშ დოლარად. შპს «საქართველოს მუდმივმოქმედმა არბიტრაჟმა» განიხილა და დააკმაყოფილა იპოთეკარების მოთხოვნა უ. ჯ-იას ბინიდან გამოსახლების შესახებ, რითაც ისინი მოტყუებით დაეუფლნენ უ. ჯ-იას 50 000 ლარად ღირებულ ბინას.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება იყო ჩვეულებრივი ხელშეკრულება (გარიგება), რომელზეც ვრცელდებოდა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნორმები გარიგების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სარბიტრაჟო შეთანხმება (დათქმა) იყო ნასყიდობის ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი, იგი განხილული უნდა ყოფილიყო არა ნასყიდობის ხელშეკრულებასთან ერთად, არამედ, როგორც დამოუკიდებელი გარიგება (ხელშეკრულება), რის გამოც არ შეიძლებოდა, მასზე ე.წ თანამდევ შედეგად გავრცელებულიყო სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი ფაქტები და გარემოებები ნასყიდობის ხელშეკრულების მიმართ.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენებით დადგინდა მ. კ-ძის, ნ. ბ-ძისა და დ. კ-ძის მიერ უ. ჯ-იას 50 000 ლარად ღირებული საცხოვრებელი ბინის თაღლითურად დაუფლების გარემოება (საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული), ხოლო უშუალოდ სარბიტრაჟოOშეთანხმების, როგორც ცალკე აღებული გარიგების მოტყუებით დადების ფაქტობრივი გარემოება ამ განაჩენით დადგენილი არ იყო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიუხედავად მ. კ-ძის, ნ. ბ-ძის და დ. კ-ძის მიერ უ. ჯ-იას ბინის თაღლითურად დაუფლებისა, უ. ჯ-იას გამოხატული ჰქონდა ნება _ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის კერძო არბიტრაჟის მიერ განხილვის თაობაზე, საწინააღმდეგო გარემოება კი, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უ. ჯ-იამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 თებერვლის განჩინებით უ. ჯ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, აგრეთვე, მათი სამართლებრივი შეფასება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტი სადავო საარბიტრაჟო შეთანხმების ბათილობას ითხოვდა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება კანონსაწინააღმდეგო დაიდო მისი ბინის მისაკუთრების განზრახვით. შესაბამისად, რომ არა აღნიშნული ვითარების დაფარვა, უ. ჯ-ია არ დადებდა საარბიტრაჟო შეთანხმებას. ამასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, მართალია, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მოწინააღმდეგე მხარეები მოქმედებდნენ კანონსაწინააღმდეგო გზით აპელანტის ბინის ხელში ჩადების მიზნით, მაგრამ აღნიშნული გარემოება ვერ გახდებოდა საარბიტრაჟო შეთანხმების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან საარბიტრაჟო შეთანხმების ერთადერთი ფუნქციია, რომ განსაზღვროს დავის განხილვაზე უფლებამოსილი სუბიექტი საარბიტრაჟო სასამართლოს სახით. ის არ მოიცავს დავის განხილვის შესაძლო შედეგებს და, შესაბამისად, ვერ გახდებოდა მოწინააღმდეგე მხარეთა კანონსაწინააღმდეგო მიზნის მიღწევის საშუალება.

რაც შეეხებოდა აპელანტის მითითებას საარბიტრაჟო სასამართლოს დანაშაულებრივ კავშირზე მოწინააღმდეგე მხარეებთან, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული შეიძლებოდა გამხდარიყო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების და არა შეთანხმების ბათილად ცნობის საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა უ. ჯ-იამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

კასატორმა საჩივრის დასასაბუთებლად შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ წანამძღვრებზე მიუთითა:

1. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა არა იმაზე, ბათილად უნდა იქნეს თუ არა ცნობილი ნასყიდობის ხელშეკრულების მე-14 პუნქტი საარბიტრაჟო შეთანხმების შესახებ, რაც სინამდვილეში წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, არამედ თავად ამ ხელშეკრულების კანონიერებაზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ხელშეკრულება არ წარმოადგენდა მოტყუებით დადებულ გარიგებას. მითითებული ფაქტობრივი გარემოების დასადგენად უ. ჯ-იამ დროულად მიმართა ფინანსურ პოლიციას, რომელმაც დაადგინა, რომ იგი ნამდვილად მოატყუეს. სასამართლო განაჩენით ნოტარიუს მ. კ-ძესა და იპოთეკარებს მის სასარგებლოდ დაეკისრათ თაღლითურად დაუფლებული ბინის მთლიანი ღირებულების _ 50 000 აშშ დოლარის გადახდა;

2. მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ნოტარიუს მ. კ-ძის აღიარება იმის თაობაზე, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას იგი ყოველთვის ავტომატურად უთითებდა შესაძლო დავის განმხილველ ორგანოდ საქართველოს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს;

3. სასამართლომ უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის მოთხოვნა;

4. 2003 წლის 16 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების მე-14 პუნქტი არ არის დამოუკიდებელი გარიგება, არამედ წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთ პირობას იმის თაობაზე, თუ ვის უნდა მიმართონ მხარეებმა დავის წამოჭრის შემთხვევაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ უ. ჯ-იას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

2002 წლის 10 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით უ. ჯ-იამ ა. მ-ოვისაგან ისესხა 2 400 აშშ დოლარი, ხოლო გ. ხ-ოვისაგან _ 4 920 აშშ დოლარი 2 თვის ვადით. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა თბილისში, ... ქ. ¹3-ში მდებარე ¹7 ბინა;

სესხის ვადის გასვლის შემდეგ, გ. ხ-ოვმა უ. ჯ-იასაგან მოითხოვა 4 920 აშშ დოლარის დაბრუნება, რაც უ. ჯ-იამ ვერ შესძლო. 2002 წლის 12 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება 2002 წლის 10 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობების შეცვლის შესახებ, რომლის მიხედვითაც იპოთეკარ გ. ხ-ოვს ხელშეკრულებაში ჩაენაცვლნენ დ. კ-ძე და ნ. ბ-ძე. ხელშეკრულებით გ-ზღვრა სესხის თანხის ოდენობა, კერძოდ, უ. ჯ-იას ნ. ბ-ძემ ასესხა 5 800 აშშ დოლარი, ა. მ-ოვმა _ 2 500 აშშ დოლარი, დ. კ-ძემ _ 1 240 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით თვეში 2% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულება დამოწმდა ნოტარიუს მ. კ-ძის მიერ;

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შემდეგ, ხელშეკრულების მხარეებად დარჩნენ უ. ჯ-ია (მსესხებელი), ერთის მხრივ, ა. მ-ოვი, დ. კ-ძე და ნ. ბ-ძე (იპოთეკარები), მეორეს მხრივ;

2003 წლის 16 ივნისს მხარეებმა გააუქმეს 2002 წლის 12 დეკემბერს დადებული შეთანხმება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობების შეცვლის შესახებ;

2003 წლის 16 ივნისს, ერთი მხრივ, უ. ჯ-იას (გამყიდველი) და, მეორე მხრივ, ნ. ბ-ძეს, ლ. დ-ელსა და მ. ბ-შვილს (მყიდველები) შორის, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ნ. ბ-ძემ, ლ. დ-ელმა და მ. ბ-შვილმა იყიდეს თბილისში, ... ქ. ¹3-ში მდებარე ბინა ¹7 12 840 აშშ დოლარად. ხელშეკრულება დამოწმდა ნოტარიუს მ. კ-ძის მიერ;

ნასყიდობის ხელშეკრულების მე-14 პუნქტით გ-ზღვრა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავა უნდა განეხილა შპს «საქართველოს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს» (მდებარე თბილისი, ჟ. შარტავას ქ. ¹7-ში, მე-5 სართულზე) ერთი არბიტრის შემადგენლობით, რომელსაც ნიშნავდა არბიტრაჟი, ამდენად, საარბიტრაჟო შეთანხმება (დათქმა) იყო ნასყიდობის ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი;

ხელშეკრულების მე-18 პუნქტის თანახმად, მხარეებმა წაიკითხეს ხელშეკრულება, რის შემდეგაც მოაწერეს მას ხელი, ხოლო ხელშეკრულების თითო ეგზემპლარი გადაეცათ მხარეებს;

შპს «საქართველოს მუდმივმოქმედმა არბიტრაჟმა» 2003 წლის 10 სექტემბერს განიხილა მხარეთა შორის დავა და მიიღო გადაწყვეტილება უ. ჯ-იას ბინიდან გამოსახლების შესახებ, რაზეც იმავე დღეს გაიცა სააღსრულებო ფურცელი;

ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე, უ. ჯ-იას მეუღლე დ. ხ-ავამ 2004 წლის იანვარში აღძრა სარჩელი ნ. ბ-ძის, ლ. დ-ელის, მ. ბ-შვილისა და თავისი მეუღლე უ. ჯ-იას წინააღმდეგ _ მათ შორის 2003 წლის 16 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით დ. ხ-ავა ცნობილ იქნა ბინის ნაწილის მესაკუთრედ;

ნ. ბ-ძის, ლ. დ-ელისა და მ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 9 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დ. ხ-ავას სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე და მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დ. ხ-ავამ შეიტანა საჩივარი, რაც არ დაკმაყოფილდა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით. ამაზე დ. ხ-ავამ წარადგინა საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სადაც საქმის განხილვის დროს _ 2005 წლის 4 თებერვალს მხარეები მორიგდნენ. მორიგების პირობების თანახმად, უ. ჯ-იასა და დ. ხ-ავას 2 თვის ვადაში უნდა გადაეხადათ 20 000 აშშ დოლარი ნ. ბ-ძის, ლ. დ-ელისა და მ. ბ-შვილისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაიცემოდა სააღსრულებო ფურცელი ბინიდან მათი გამოსახლების შესახებ;

ამდენად, მხარეთა მორიგების პერიოდისთვის ჯერ კიდევ არ იყო აღსრულებული არბიტრაჟის 2003 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება;

2005 წლის 18 აპრილს უ. ჯ-იამ განცხადებით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს, რათა შეჩერებულიყო შპს «საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის» 2003 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულება ბინიდან მისი გამოსახლების შესახებ, რაც 25 აპრილს დაკმაყოფილდა იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარეობდა გამოძიება ლ. ჭ-ძის (შპს «საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის» თავმჯდომარე), ნ. ბ-ძისა და დ. კ-ძის მიმართ;

ამდენად, ერთი მხრივ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგების საფუძველზე უ. ჯ-იამ და მისმა მეუღლე დ. ხ-ავამ იკისრეს ვალდებულება 2005 წლის 4 აპრილამდე ნ. ბ-ძის, ლ. დ-ელისა და მ. ბ-შვილისათვის 20 000 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, 2005 წლის 18 აპრილს (მორიგებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ) უ. ჯ-იამ პარალელურად მიმართა სასამართლოს არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოთხოვნით.

2005 წლს 25 აპრილს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი ... ქ. ¹3-ში მდებარე ¹7 ბინიდან დ. ხ-ავასა და უ. ჯ-იას გამოსახლების თაობაზე, ვინაიდან მათ დაარღვიეს მორიგების პირობები და არ გადაიხადეს 20 000 აშშ დოლარი ნ. ბ-ძის, ლ. დ-ელისა და მ. ბ-შვილის სასარგებლოდ;

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა და არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდა ერთსა და იმავე დღეს _ 2005 წლის 25 აპრილს.

2005 წლის 21 და 31 დეკემბერს, 2006 წლის 9 თებერვალს ნ. ბ-ძის, დ. კ-ძისა და მ. კ-ძის მიმართ დამტკიცდა საპროცესო შეთანხმებები, გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენები, რომელთა მიხედვითაც მათ მსჯავრი დაედოთ უ. ჯ-იას საცხოვრებელი ბინის თაღლითურად დაუფლებაში. განაჩენებით მიჩნეულ იქნა, რომ 2002 წლის 12 დეკემბერს ნ. ბ-ძემ და დ. კ-ძემ გადაუხადეს 4 920 აშშ დოლარი გ. ხ-ოვს, ჩაენაცვლნენ მას იპოთეკის ხელშეკრულებაში, რა დროსაც ახალ ხელშეკრულებაში მოტყუებით დააფიქსირეს, რომ 1 240 აშშ დოლარი უ. ჯ-იას ასესხა დ. კ-ძემ, ხოლო 5 800 აშშ დოლარი _ ნ. ბ-ძემ 3 თვის ვადით 2% სარგებლის დარიცხვით. 2003 წლის ივნისში ნ. ბ-ძემ და დ. კ-ძემ უ. ჯ-იას ვალის გასტუმრება მოსთხოვეს, რის შემდეგაც შესთავაზეს თითქოსდა ახალი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება 12 840 აშშ დოლარზე, მაგრამ ნაცვლად სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებისა, 2003 წლის 16 ივნისს ნოტარიუს მ. კ-ძესთან მოტყუებით, თვალთმაქცურად, რათა არ დარღვეულიყო სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, ჯერ გააფორმეს შეთანხმება 2002 წლის 12 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, ხოლო იმავე დღეს, იმავე ნოტარიუსის მეშვეობით მოტყუებით გააფორმეს ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც უ. ჯ-იას ბინა იყიდეს ნ. ბ-ძემ, ლ. დ-ელმა და მ. ბ-შვილმა 12 840 აშშ დოლარად. შპს «საქართველოს მუდმივმოქმედმა არბიტრაჟმა» განიხილა და დააკმაყოფილა იპოთეკარების მოთხოვნა უ. ჯ-იას ბინიდან გამოსახლების შესახებ, რითაც ისინი მოტყუებით დაეუფლნენ უ. ჯ-იას 50 000 ლარად ღირებულ ბინას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია წარმოადგენს მხარის მითითებას პროცესუალურ-სამართლებრივ დარღვევებზე, რომლებმაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენა განაპირობეს. კასატორს ამგვარი პრეტენზია არ წარმოუდგენია, შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო პალატისათვის.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება ასევეა გარიგება და მის მიმართ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნები, რომლის დაუცველობამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი ბათილობა.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე საარბიტრაჟო შეთანხმების ბათილად ცნობას ითხოვდა როგორც მოტყუებით დადებული გარიგებისა და აღნიშნულის დასადასტურებლად სისხლის სასამართლის საქმეზე მიღებულ განაჩენებზე უთითებდა, რომელთა საფუძველზეც დადგინდა, რომ უ. ჯ-იასა და მოპასუხეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება მოტყუებით დაიდო.

საკასაციო პალატა ვერ გაიზარებს კასატორის მტკიცებას, სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენით დასტურდება საარბიტრაჟო შეთანხმების მოტყუებით დადების ფაქტი.

კერძო სამართალი იცნობს კომპლექსურ ხელშეკრულებებს, რომლებიც თავის თავში რამდენიმე გარიგებას აერთიანებს. ასეთ ვითარებაში ერთ-ერთი გარიგების მიმართ ბათილობის საფუძვლის არსებობა არ ნიშნავს დანარჩენი გარიგებების ბათილობასაც, თუ ამგვარი კანონით არაა დადგენილი.

მართალია, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენებიდან შეიძლება ირკვეოდეს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლის არსებობა, მაგრამ აღნიშნული ვერ გავრცელდება საარიტრაჟო შეთანხმებაზე, რომელიც მხოლოდ დავის გადაწყვეტის განსჯად ორგანოს ადგენს და თავად ნასყიდობის პირობება არ ეხება. საქმიდან არ ირკვევა უშუალოდ აღნიშნული პირობის მიმართ მოტყუების ან ბათილად ცნობის სხვა საფუძვლის არსებობა.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

სამოქალაქო კოდექსის მეოთხე თავი (საცილო გარიგებანი) ითვალისწინებს ხანდაზმულობის სპეციალურ ვადებს (ერთი თვე შეცდომით დადებული გარიგებისათვის, დანარჩენ შემთხვევებში - ერთი წელი). თუნდაც ჩაითვალოს, რომ მხარემ მოტყუების შესახებ განაჩენების მიღების შემდეგ შეიტყო - 2005 წლის 21 და 31 დეკემბერს ან 2006 წლის 9 თებერვალს (რაც ნაკლებად სავარაუდოა), უ. ჯ-იას სასარჩელო განცხადება ხანდაზმულია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

საკასაციო პალტა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უ. ჯ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 თებერვლის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.