Facebook Twitter

ას-569-537-2011 23 მაისი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ.კვანტალიანი, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ საქართველოს ... ... ... სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «... ... ...»

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა საქართველოს ... ... ... სამინისტრომ მოპასუხე შპს «... ... ...ს» მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 2006 წლის 29 ივნისს დადებული ¹... ... ხელშეკრულებით შპს «... ... ...ს» მიერ ნაკისრი ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს, 157062.73 ლარის ამ უკანასკნელისათვის დაკისრება (ტომი 1, ს.ფ. 243-252).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს ... ... ... სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს «... ...ს» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 6980 ლარის გადახდა, მას ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 209.4 ლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2006 წლის 29 ივნისს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამა «იაკობ-გოგებაშვილის – საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის” პროგრამის დაფინანსების ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოების რეაბილიტაციის ჩატარების მიზნით, შემსყიდველს, საქართველოს ... ... ... სამინისტროსა და შპს «... ...ს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქ.მცხეთის საჯარო სკოლის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, შემდეგ თანხაზე: 1259458.00 ლარი;

ხელშეკრულების მე-3 მუხლით განისაზღვრა სამუშაოების შესრულების პირობები და ვადები, 3.3 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია სარემონტო სამუშაოები განახორციელოს შეთანხმებული გრაფიკით, 2006 წლის 15 სექტემბრამდე, პირველ თვეში შესრულებული უნდა იქნას მთელი სამუშაოს მოცულობის 40%, მეორე თვეს - 35%, მესამე თვეს - 25%;

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-3 მუხლის 3.4 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების დამდებ არც ერთ მხარეს არ ჰქონდა უფლება შეეტანა გრაფიკში ცვლილებები მეორე მხარესთან წერილობითი შეთანხმების გარეშე;

ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-5 მუხლით განისაზღვრა შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების წესი, რომლის მიხედვით (5.2 პუნქტი), საბოლოო სამუშაოს შესრულებამდე მიმწოდებელი ვალდებული იყო შემსყიდველისათვის მე-3 მუხლის 3.3 პუნქტში მითითებული მოცულობის შესაბამისად, ეტაპობრივად წარედგინა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში, რომლის საფუძველზე გაფორმდებოდა სამუშაოს შესრულების აქტი (ფორმა ¹2, ფორმა ¹3);

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-10 მუხლის 10.2 პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში დაეკისრებინა მიმწოდებლისათვის საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 1%-ის ოდენობით;

ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-10 მუხლის 10.5 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის ათ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველი არ უბრუნებდა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიას და მიმართავდა გარანტიის გამცემს საგარანტიო ვალდებულების შესრულების მოთხოვნით;

2006 წლის 7 აგვისტოს შეთანხმებაში ¹... ... შევიდა ცვლილება ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-3 მუხლის 3.2 პუნქტში და მე-8 მუხლის 8.2 პუნქტში, რომელიც არ უკავშირდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ვადას;

2006 წლის 24 ნოემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შპს «... ...ს” შორის გაფორმდა შეთანხმება ¹... ..., რომლის თანახმად, განხორციელდა ცვლილება 2006 წლის 29 ივნისს გაფორმებული ¹... ... ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.1 პუნქტში, ეს პუნქტი ეხებოდა შემსყიდველის ვალდებულებას შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების თაობაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნით, ხელშეკრულების ვადა მხარეთა შეთანხმებით არ გაგრძელებულა. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, იმის თაობაზე, რომ მისი წერილობითი შეტყობინება ვადის გაგრძელების შესახებ მიიღო საქართველოს ... ... ... სამინისტრომ, რაზეც დუმილით თანხმობა განაცხადა. სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტული შეთანხმების დასადებად გადამწყვეტი იყო მხარეთა კონსესუსი, რაც უნდა განხორციელებულიყო დადგენილი ფორმით.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ასეთად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზეც ერთ-ერთი მხარის თხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.4 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდებოდა მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით, მხარეთა წერილობითი შეთანხმებით ცვლილება არ განხორციელებულა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ 601591.3 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდა 10 დღის ვადის გადაცილებით, ე.ი. 2006 წლის 20 სექტემბერს, ხოლო 230722.85 ლარის ღირებულების სამუშაოები _ 41 დღის გადაცილებით ანუ 2006 წლის 31 ოქტომბერს. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომელიც სარემონტო სამუშაოების შესრულების ვადად მიიჩნევდა მენარდის მიერ მისთვის წერილით მიმართვის თარიღს. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-5 მუხლის 5.2 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების წესი. მენარდეს ეტაპობრივად უნდა წარედგინა შემკვეთისათვის გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში, რომლის საფუძველზეც ფორმდებოდა ფორმა ¹2 და ¹3. მხარეთა განმარტებებით დგინდებოდა, რომ შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია აისახებოდა ფორმა ¹2 და ¹3-ში, სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა მენარდის მიერ გარკვეული მოცულობის სამუშაოს შესრულებას, არ დგებოდა. გარდა ამისა, სასამართლომ მიუთითა ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-7 მუხლის 7.1 პუნქტზე, რომლის მიხედვით, ანგარიშსწორების ვადა უკავშირდებოდა სამუშაოს შესრულების აქტის გაფორმებას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სამუშაოს შესრულების თარიღი უნდა განსაზღვრულიყო ფორმა ¹2 და ¹3-ის მიხედვით და მიუთითა, რომ მეოთხე ეტაპზე მოპასუხის მიერ 37... ...68.45 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდა 2006 წლის 20 სექტემბერს, ხოლო 230722,85 ლარის ღირებულების სამუშაო შესრულდა 2006 წლის 31 ოქტომბერს.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ნარდობის ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე, რომლის შესაბამისად, მენარდემ შპს «... ...მა” იკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება, ხოლო შემკვეთმა ­_ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, იკისრა ვალდებულება მენარდისათვის გადაეხადა შეთანხმებული საზღაური.

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის «ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს «... ... ...ს” მიერ ვალდებულება არაჯეროვნად შესრულდა.

სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით სათანადო ფორმით და წესით იყო განსაზღვრული პირგასამტეხლო. დადგინდა, რომ შპს «... ...მა” ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, კერძოდ, მის მიერ ვადის გადაცილებით შესრულდა გარკვეული სახის სამუშაოები. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა ყველა პირობა, პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ, სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ე.ი. სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 157062.73 ლარი შეუსაბამოდ მაღალი იყო. სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ გარკვეული სახის სამუშაოები შესრულდა ვადაგადაცილებით, ვადაგადაცილების პერიოდისა და ვადაგადაცილებული სამუშაოების მოცულობის გათვალისწინებით, სასამართლომ სამართლიანად მიიჩნია პირგასამტეხლოს შემცირება 6980 ლარამდე.

ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მოპასუხე შპს «... ...ს” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასარგებლოდ, უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა სასამართლოს მიერ შემცირებული _ 6980 ლარის ოდენობით (ტომი 1, ს.ფ 243-252).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ... ... ... სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი 1, ს.ფ. 257-265).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს ... ... ... სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს «... ...ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 15000 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ეთანხმებოდა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის იმ გარემოებებს, რომ:

შპს «... ... ...ს” მიერ 601591.3 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდა 10 დღის ვადის გადაცილებით, ხოლო 230722.85 ლარის ღირებულების სამუშაოები _ 41 დღის გადაცილებით;

სარემონტო სამუშაოების შესრულების ვადად მენარდის მიერ მოსარჩელისათვის წერილით მიმართვის თარიღი ვერ მიიჩნეოდა. შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია აისახებოდა ფორმა ¹2 და ¹3-ში. სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა მენარდის მიერ გარკვეული მოცულობის სამუშაოს არ დგებოდა. გარდა ამისა, ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-7 მუხლის 7.1 პუნქტის მიხედვით, ანგარიშსწორების ვადა უკავშირდებოდა სამუშაოს შესრულების აქტის გაფორმებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სამუშაოს შესრულების თარიღი უნდა განსაზღვრულიყო ფორმა ¹2 და ¹3-ის მიხედვით ანუ მეოთხე ეტაპზე _ მოპასუხის მიერ 37... ...68.45 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდა 2006 წლის 20 სექტემბერს, ხოლო 230722.85 ლარის ღირებულების სამუშაო შესრულდა 2006 წლის 31 ოქტომბერს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება იმის თაობაზე, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მოპასუხე შპს «... ...ს” მოსარჩელე საქართველოს ... ... ... სამინისტროს სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო 6980 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს 6980 ლარის ოდენობით დაკისრებით, ფაქტობრივად შეამცირა მისი ერთიანი მოცულობა არაგონივრულ ოდენობამდე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული თანხის ოდენობის ნაწილში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418.1 და 420-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო; სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. დასახელებული მუხლების შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეამციროს არაგონივრული, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე პირგასამტეხლოს დაკისრებას ითხოვდა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებიდან გამომდინარე, 157062.73 ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ შეუსაბამოდ მიიჩნია აღნიშნული ოდენობით პირგასამტეხლოს მოპასუხეზე დაკისრება და მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით უნდა იქნეს შეფასებული. განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის დარღვევით შესრულება და ასევე მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების პირობა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, კერძოდ, შეუსრულებელი სამუშაოს მოცულობის, ასევე სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილების ხანგრძლოვობის (დღეების ოდენობის), გათვალისწინებით, მოპასუხეს პირგასამტეხლო მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 15000 ლარის ოდენობით (ტომი 2, ს.ფ. 43-53).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ... ... ... სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არასაკმარისადაა დასაბუთებული, პირგასამტეხლოს შემცირების დროს სასამართლომ ზოგადად მიუთითა, რომ შეუსრულებელი სამუშაოს მოცულობის, ასევე სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილების ხანგრძლივობის გათვალისწინებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო 15000 ლარის ოდენობით. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული 1%-იანი პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, რის შემდგომაც უნდა მომხდარიყო პირგასამტეხლოს დაანგარიშება. სასამართლომ შეამცირა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა არ მიუთითა კონკრეტულად რამდენი პროცენტით განსაზღვრა იგი, რაც მიანიშნებს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაზე.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, საქმე შეეხება შემთხვევას, როდესაც სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია სამუშაოს შესრულების ეტაპებთან დაკავშირებით. მეოთხე ეტაპზე _ 2006 წლის 25 სექტემბერს, ათი დღის ვადაგადაცილებით შესრულებულია 37... ...68.45 ლარის სამუშაო, შესრულების თარიღად მიჩნეულია შპს «... ... ...ს” მიერ წერილის წარდგენის თარიღი. მოცემულ ეტაპზე შესრულებელი სამუშაოს ოდენობა განისაზღვრა 601591.3 ლარით, რომლის 1% ათ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 60159.13 ლარს. სასამართლომ კი მიიჩნია, რომ მეოთხე ეტაპის სამუშაოები შესრულდა 2006 წლის 20 სექტემბერს. მეხუთე ეტაპზე _ 2006 წლის 6 ნოემბერს, 42 დღის ვადაგადაცილებით შესრულებულია 230722.85 ლარის სამუშაო, შესრულების თარიღად მიჩნეულია შპს «... ... ...ს” მიერ წერილის წარდგენის თარიღი. მოცემულ ეტაპზე შესრულებული სამუშაოს ოდენობის 1% 42 ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 96903.59 ლარს, სოლო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამუშაოები შესრულდა 31 ოქტომბერს. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 5.2 პუნქტის თანახმად, საბოლოო სამუშაოს შესრულებამდე მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს ეტაპობრივად წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში, რომლის საფუძველზე გაფორმდება სამუშაოს შესრულების აქტი (ფორმა ¹2 და ფორმა ¹3). აქედან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ სამშენებლო კომპანიის მიერ სამუშაოს შესრულების შესახებ ანგარიშის სამინისტროში წარდგენამდე შეუძლებელია შესრულებულად მივიჩნიოთ კონკრეტული სამუშაო (ტომი 2, ს.ფ. 58-64).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 აპრილის განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ... ... ... სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ... ... ... სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.