¹ას-569-877-09 11 მარტი, 2010 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლ. ლაზარაშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ა. ს-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ამხანაგობა “მ.” წევრები (მოსარჩელე)
წარმომადგენელი---ხ. გ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი _ ამხანაგობა “მეგობრობის” სადამფუძნებლო ხელშეკრულების ბათილობა, ამხანაგობის 2003 წლის 06 აგვისტოს კრების ¹4 ოქმის და გადაწყვეტილების ბათილობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში არსებული ჩანაწერის ბათილად ცნობა; საკუთრების უფლების აღდგენა, საცხოვრებელი კორპუსის დემონტაჟი, ზიანის ანაზღაურება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 29 სექტემბერს ალ. ს-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების – ნ. გ-შვილის, თ. გ-შვილის, ნ. გ-იას, შ. შ-შვილის, კ. ძ-შვილის, მ. გ-ავას, თ. ც-ძის, მ. წ-იას, ლ. კ-შვილის, ლ. ს-ძის, ზ. ბ-იძის, ა. ე-აიას, თ. ტ-ძის, გ. მ-შვილის, ნ. კ-შვილის, ვ. ს-შვილის მიმართ ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის მიერ უკანონოდ დარღვეული საკუთრების უფლების აღდგენის თაობაზე და აღნიშნა, რომ 1959 წლიდან ჩაწერილი იყო და ცხოვრობდა თბილისში, ... ქ.¹5-ში მდებარე სახლში. 1993 წლის 22 იანვარს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მას სახელმწიფომ საკუთრებაში გადასცა ზემოაღნიშნულ საცხოვრებელ სახლში მის მიერ დაკავებული ოროთახიანი ბინა საერთო ფართით (53 კვ.მ). აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებელ ბინაზე მისი საკუთრების უფლებას ადასტურებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 22.04.2005 წლის წერილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით, ალ. ს-შვილის უფლებამონაცვლედ დადგენილი იქნა ა. ს-შვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 09 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად მოსარჩელის მოთხოვნა საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ დარჩა განუხილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ალ. ს-შვილის უფლებამონაცვლის-ა. ს-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ალ. ს-შვილის უფლებამონაცვლემ ა. ს-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
თბილისის მუნიციპალიტეტის 1995 წლის 10 აგვისტოს ¹1814.763 დადგენილებით ქ.თბილისში, ... ქ.¹5-ში მცხოვრები ოჯახების თხოვნის შესაბამისად, მიღებული იქნა თბილისის მიწათსარგებლობის კომისიის წინადადება ... ქ.¹5-ში მცხოვრები ოჯახების ავარიული სახლის დანგრევის შედეგად გამოთავისუფლებული ტერიტორიის, ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობის საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად, მათზე დამაგრების შესახებ.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის 1994 წლის 20 ნოემბრის ¹1082 განკარგულებითა და 1995 წლის 10 აგვისტოს ¹18.14.763 დადგენილებით, ... ქ.¹5-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის დანგრევის სანაცვლოდ ავარიულ სახლში მცხოვრებ პირებს მიეცათ ახალი სახლის მშენებლობის უფლება.
ამ მიზნის განსახორციელებლად ამავე მისამართზე მცხოვრები მობინადრეების განცხადების საფუძველზე, თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 1996 წლის 21 აგვისტოს ¹70 გადაწყვეტილებით, დამტკიცდა საინიციატივო ჯგუფი ნ.გ-შვილის (თავმჯდომარე), ვ. ს-შვილის, ა.ს-შვილის, ს.ც-ძის შემადგენლობით.\ თბილისში, ... ქ.¹5-ში კვარტალი ¹4, ნაკვეთი ¹7\11, ფართობი 1097 კვ.მ, საჯარო რეესტრში პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა ამხანაგობა „მეგობრობის“ სახელზე. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის 2003 წლის 26 აგვისტოს ¹212 §14 დადგენილების მიხედვით დამტკიცდა სახელმწიფო მიმღები კომისიის 2003 წლის 24 ივლისის ¹177 აქტი ... ქ¹5-ში ამხანაგობა „მეგობრობის“ მიერ აშენებული მრავალფუნქციური შენობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე.
ალ. ს-შვილს 1993 წლის 22 იანვრის პრივატიზაციის ხელშეკრულებით საკუთრებაში გადაეცა მხოლოდ 32 კვ.მ საცხოვრებელი და 53 კვ.მ საერთო ფართობი, სულ 85 კვ.მ ფართობი.
ალ. ს-შვილი წარმოადგენდა ამხანაგობისათვის შემდგომში გადაცემული მიწის ნაკვეთის მოსარგებლეს, ხოლო მის მესაკუთრეს, იმ პერიოდში მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 93-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენდა სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა თავისი არსით წარმოადგენდა ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებას.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე თავისი სარჩელის დაკმაყოფილებას, კერძოდ ამხანაგობის კრების ოქმის, გადაწყვეტილების და სადამფუძნებლო ხელშეკრულების ბათილად ცნობას, 648.000 ლარის ოდენობით ზიანის ა.ზღაურებას და ნაგებობის დემონტაჟს მოითხოვდა იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მას არ გამოუვლენია ნება ამხანაგობიდან გასვლის თაობაზე. შესაბამისად, იგი რჩებოდა ამხანაგობის წევრად და ამხანაგობას მის მიმართ ნაკისრი ვალდებულება 216 კვ.მ ფართობის სრულყოფილად გარემონტებული ბინის გადაცემის თაობაზე არ შეუსრულებია.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მითითებული მე-3 მუხლის პირველი ნაწილის და მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, სარჩელის მიხედვით მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ამხანაგობის 2003 წლის 6 აგვისტოს კრებას არ ესწრებოდა და არ გამოუვლენია ნება ამხანაგობიდან გასვლის თაობაზე. ამ გარემოების დადასტურების შემდეგ, მხარემ ასევე უნდა დაამტკიცოს რჩებოდა რა ამხანაგობის წევრად, მის მიმართ ამხანაგობას გააჩნდა კონკრეტული ვალდებულებები, რომელიც მოპასუხემ არ შეასრულა და შესაბამისად, მხარემ უნდა დაადასტუროს კონკრეტული ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ოდენობა.
მხარემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ ალ. ს-შვილს არ შეეძლო გადაადგილება, შესაბამისად ვერ შეძლებდა ამხანაგობა „მ.“ 2003 წლის 6 აგვისტოს კრებაზე მონაწილეობის მიღებას და ამდენად მას არ გამოუვლენია ამ კრებაზე ნება ამხანაგობიდან გასვლის თაობაზე.
პალატამ ასევე მიიჩნია, რომ მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა სარჩელში მითითებული გარემოების თაობაზე მტკიცებულება-ხელშეკრულება დადებული მოსარჩელეს და ამხანაგობას შორის, რომელიც დაადასტურებდა მხარეთა უფლება-მოვალეობებს, კერძოდ, რის სანაცვლოდ რა ფართობის ბინა უნდა გადასცემოდა მოსარჩელეს და როგორ მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო იგი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 დეკემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. ს-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
ა. ს-შვილმა თავის საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო იმ მოსაზრებას, რომ სავარაუდოდ ალ. ს-შვილი (I ჯგუფის ინვალიდი) შეძლებდა კრებაზე მისვლას და ზეპირად განაცხადებდა თანხმობას ამხანაგობიდან გასვლაზე, მაგრამ არაფერია ნათქვამი თუ რა სახით ან როდის დაიბრუნა ალ. ს-შვილმა თავისი შენატანი ამხანაგობაში თუნდაც იგივე 53 კვ.მ ფართი რომელსაც იგი ფლობდა არსებული შენობის დანგრევამდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა. ს-შვილმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 19 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში არაფერი არ არის ნათქვამი სარჩელის მთავარ მოთხოვნაზე – თუ რა სახით ან როდის დაიბრუნა ალ.ს-შვილმა თავისი შენატანი ამხანაგობაში, თუნდაც იგივე 53 მ2 ფართის სახით, რომელსაც იგი ფლობდა არსებული შენობის დანგრევამდე.
სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ალ. ს-შვილს 1993 წლის 22 იანვრის ხელშეკრულებით საკუთრებაში გადაეცა 32 კვ.მ. საცხოვრებელი და 53 კვ.მ. საერთო ფართობი, სულ 85 კვ.მ. ფართობი. სააპელაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ალ. ს-შვილი წარმოადგენდა ამხანაგობის საკუთრებში შემდგომში გადაცემული მიწის ნაკვეთის მოსარგებლეს, ხოლო მის მესაკუთრეს იმ პერიოდში მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 93-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენდა სახელმწიფო. ავარიული საცხოვრებელი სახლების დანგრევის და ახლის აშენების მიზნით თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 1996 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა საინიციატივო ჯგუფი, ხოლო მიწის ნაკვეთი, რომელზეც მდებარეობდა ალ.ს-შვილის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2003 წლის 18 ივნისის ამონაწერის თანახმად აღირიცხა ამხანაგობა „მეგობრობის“ სახელზე.
სამოქალაქო კოდექსის 932-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს შენატანი წარმოადგენს მონაწილეთა საერთო საკუთრებას. მონაწილეთა საერთო საკუთრებას შეადგენს ისიც, რაც შეძენილია საერთო საკუთრებაში არსებული უფლების საფუძველზე, ანდა მიღებულია ანაზღაურების სახით საერთო ქონების განადგურების, დაზიანების ან ამოღების გამო. ალ. ს-შვილს, როგორც ამხანაგობის წევრს, სხვა ამხანაგობის წევრებთან ერთად გააჩნდა საკუთრების უფლება ამხანაგობის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, მათ შორის მიწის ნაკვეთზეც. ერთობლივ საქმიანობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 938-ე მუხლის საფუძველზე მას შეეძლო მოეთხოვა წილის კომპენსაცია. ნებისმიერი უფლების რეალაზაცია კი დამოკიდებულია თვით მხარის ნებაზე. სწორედ მხარე განსაზღვრავს დავის საგანს და იღებს გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის თაობაზე. აღნიშნული დებულება გამომდინარეობს სამოქალაქო პროცესის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპიდან-დისპოზიციურობის პრინციპი. მხარეს კი წილის კომპენსაციის საკითხი სადავოდ არ გაუხდია. ამ მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი წარდგენილი არ ყოფილა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად სასამართლოს არ შეუძლია მხარეს მიაკუთვნოს ის, რაც მას არ მოუთხოვია. ამდენად, პალატის მოსაზრებით, შეუძლებელია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძველზე შეუძლებელია მიღებული იქნეს სხვა, სააპელაციო სასამართლოსგან განსხვავებული გადაწყვეტილება, რის გამოც იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
მოცემულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, ა. ს-შვილს სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა საქმის საბოლოო განხილვამდე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შემციროს მათი ოდენობა, თუ მხარე წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე საკასაციო პალატა ითვალისწინებს კასატორის ქონებრივ მდგომარეობას და მიაჩნია, რომ ა. ს-შვილს სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა შეუმცირდეს 300 ლარამდე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ს-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2009 წლის 19 დეკემბრის განჩინება.
ა. ს-შვილს დაევალოს სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.