ას-570-537-2010 6 სექტემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
მ. სულხანიშვილი, ვ. როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ ე. კ-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ე.”
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ აქციათა სავალდებულო მიყიდვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “ე.-მ” განცხადებით მიმართა სასამართლოს სს “ს.-ს” მიმართ და მოითხოვა დაინტერესებული პირების (მოპასუხე საზოგადოების აქციათა მფლობელებისაგან) აქციების სამართლიან ფასად მიყიდვა შემდეგი გარემოებების გამო: შპს “ე.” არის სს “ს.-ს” აქციონერი. განმცხადებლის კუთვნილი აქციების საერთო რაოდენობა შეადგენს 99.155441%-ს. აქციათა დანარჩენ რაოდენობას ფლობს 86 აქციონერი, რომელთაგან 84 ფიზიკური პირია, ხოლო 2 _ იურიდიული, რის გამოც, “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, განმცხადებელმა მოითხოვა აქციათა სავალდებულო მიყიდვა (გამოსყიდვა). განმცხადებლის მითითებით, კანონით დადგენილი წესის დაცვით, შპს “ე.-მ” აქციათა გამოსყიდვის თაობაზე განცხადება გამოაქვეყნა გაზეთ “ .........-ში” 2008 წლის 30 დეკემბერს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით შპს “ე.-ს” განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ დაკმაყოფილდა, სს “ს.-ს” კაპიტალის 99.155441%-ის აქციების მფლობელ შპს “ე.-ს” (მყიდველს), ნება დაერთო დაინტერესებულ პირთაგან შესაბამისი აქციების გამოსყიდვის, გამოსყიდვის სამართლიან ფასად განისაზღვრა 1 აქციის ფასი _ 10 ლარისა და 989 თეთრის ოდენობით. აქციათა გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად განისაზღვრა 2009 წლის 20 მაისი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. კ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2010 წლის 18 თებერვლის განჩინებით ე. კ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით: პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ, აქციონერთა რეესტრის მონაცემების თანახმად, სს “ს.-ს” აქციები განაწილებული იყო 86 აქციონერზე. სს “ს.-ს” ბრუნვაში არსებული აქციების საერთო რაოდენობა იყო 689 946 აქცია. ერთი აქციის ნომინალური ღირებულება იყო 1 (ერთი) აშშ დოლარი. 2008 წლის სექტემბერში შპს “ე.-მ” საზოგადოების აქციების 99.155442% შეისყიდა. შპს “ე.-ს” (ბენეფიციარი მესაკუთრე) საკუთრებაში არსებული აქციების რაოდენობა იყო 684.119 ცალი. შპს “ს.-ს” განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბეჭვდით ორგანოში (გაზეთ “ .............-ში”) გამოქვეყნდა 2008 წლის 30 დეკემბერს, ხოლო ამ უკანასკნელმა აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე სასამართლოს განცხადებით მიმართა 2009 წლის 6 თებერვალს, ანუ ერთთვიანი ვადის დაცვით. საბროკერო კომპანია შპს “ს.-ის” მიერ მომზადებული აქციათა გამოსყიდვის ანგარიშის შესაბამისად, სს “ს.-ს” ერთი ჩვეულებრივი აქციის სამართლიანი ფასი განისაზღვრა 10 ლარისა და 989 თეთრის ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30914 მუხლის შესაბამისად, დადგენილად მიიჩნია შპს “ე.-ს” (მყიდველის) მიერ აქციათა სავალდებულო მიყიდვის პროცედურების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. აქციათა გამოსყიდვის ფასის დადგენისას სასამართლომ გაითვალისწინა, რომ სს “ს.-ს” ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა იყო სააქციო საზოგადოება, მისი საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 689 946 აშშ დოლარს. სს “ს.-ს” ძირითადი საქმიანობა იყო მომარაგების სფერო. წლების განმავლობაში საზოგადოება ამარაგებდა წარმოება-დაწესებულებებს სამშენებლო და ელექტრომასალებით. 1995 წლიდან შეწყდა სამშენებლო და ელექტრომასალების შემოტანა, შემცირდა მასშტაბები მშენებლობისა და მრეწველობის მომარაგების ტემპის ვარდნასთან დაკავშირებით. 2007 წელს, წინა წლებთან შედარებით, საზოგადოებამ გაისტუმრა ყოველგვარი დავალიანება და სამეურნეო წელი დაამთავრა მოგებით _ 24 824 ლარით, რომელიც მიმართული იყო გასული წლების ზარალის დასაფარავად, თუმცა წინა წლების ზარალმა მნიშვნელოვნად გადაფარა მოცემული წლის შემოსავალი. წლების განმავლობაში სს “ს.” იყო ზარალიანი, კომერციულმა საქმიანობამ ვერ გაამართლა, ქალაქში მოზღვავებულმა ბაზრობებმა სს “ს.-ს” საქმიანობა გახადა არაკონკურენტუნარინი, ამასთან, სს “ს.-ს” გააჩნდა დიდი ოდენობის გრძელვადიანი აქტივები, რომელთა შენახვა დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. სს “ს.-ს” საკუთრებაში იყო არასაცხოვრებელი ფართი 14 653 კვ.მ და მიწის ნაკვეთი 92 680 კვ.მ. სულ არასაცხოვრებელი ფართი და მიწის ნაკვეთი შეადგენდა 107 333 კვ. მეტრს. საზოგადოების ძირითადი საშუალებების ღირებულება შეადგენდა 1354327.79 აშშ დოლარის ეკვივალენტ ეროვნულ ლარს (107333X12.618). 2009 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით კი 2259017.43 ლარს (1354327.79X1.668). სს “ს.-ს” აქციებით ვაჭრობა ხორციელდებოდა საჯარო წესით საქართველოს საფონდო ბირჟაზე 2000 წლის პირველი აგვისტოდან. აქციის ნომინალური ღირებულება იყო 1 აშშ დოლარი. სააქციო საზოგადოების აქცია არ სარგებლობდა რაიმე განსაკუთრებული ინტერესით ინვესტორთა მხრიდან. მასზე პირველი გარიგება 2004 წლის თებერვალში განხორციელდა. 2004 წლის განმავლობაში აქციის ფასი 0.10 ლარს შეადგენდა. 2004 წლის გარიგება განხორციელდა სულ 147,559 აქციაზე (ანუ საწარმოს 21.387%-ზე). ყველა გარიგება განხორციელდა 0.10 ლარში თითო აქციაზე. 2005 წელს აქციაზე გარიგება საერთოდ არ განხორციელებულა, ხოლო 2006 წელს აქციაზე აქტივობა აღდგა და ფასმაც იმატა. 2006 წლის განმავლობაში აქციის ფასი 2.50 ლარს შეადგენდა. 2008 წლის ივლისში მიმდინარეობდა აქციის უმნიშვნელო რაოდენობის გასხვისება – ფასი იყო იგივე – 2.50 ლარი თითო აქციაში. 2008 წლის პირველი იანვრიდან 2008 წლის 28 ივლისამდე გარიგება სულ 2 641 ცალ აქციაზე განხორციელდა და ყველა აქცია გასხვისდა 2.50 ლარად. 2008 წლის 5 სექტემბრის ფიქსაციით გასხვისდა 683 917 აქცია (ანუ საწარმოს 99.126%) თითო აქცია გასხვისდა 10.989 ლარად – ანუ საწარმო შეძენილ იქნა შპს “ე.-ს” მიერ. შესაბამისად, 2008 წლის განმავლობაში ფასი მერყეობდა 2.50 ლარიდან 10.989 ლარამდე. საზოგადოების მიერ მომავალში მისაღებ სავარაუდო შემოსავლებთან მიმართებით, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სს “ს.-ს” კუთვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ქ.თბილისში, ... ქ¹18-ში. აღნიშნული ადგილი ახლოს იყო “თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან” და იმ დროისათვის მოიცავდა ასევე რამდენიმე შენობა-ნაგებობას. ჯამური ფართით _ 92 680 კვ.მ, რომლის ძირითადი დანიშნულება სასაწყობო მიმართულება იქნებოდა, რაც ობიექტის აეროპორტთან სიახლოვით იყო განპირობებული. ობიექტის ამუშავება დაგეგმილი იყო 2012 წლიდან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ერთი აქციის საბაზრო ღირებულება დანახარჯების მიდგომის (წმინდა აქტივების მეთოდის) გამოყენებით განისაზღვრა 3.52 ლარის ოდენობით. ხოლო შპს “ე.-ს” 1 აქციაში გადაიხადა 10.989 ლარი. ამდენად, სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია 1 აქციის სამართლიან ფასად 10.989 ლარის ოდენობით განსაზღვრა. შესაბამისად, შპს “ე.-ს” მოთხოვნა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 534–ე მუხლის მოთხოვნებთან მიმართებით მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად და დასაბუთებულად და იგი დაკმაყოფილდა.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ აქციათა სავალდებულო მიყიდვის ინსტიტუტი არსებითად ეწინააღმდეგება სამართლის ზოგად პრინციპებს. პალატის განმარტებით, ეს ინსტიტუტი ევროპის მრავალ ქვეყანაში არის აღიარებული ეროვნული კანონმდებლობით, ასევე, 2004 წლის 20 მაისის ევროპის კავშირის მიერ მიღებული დირექტივით. ამრიგად, აქციათა სავალდებულო მიყიდვის ინსტიტუტი, ზოგადად, არ ეწინააღმდეგება სამართლის ზოგად პრინციპებს, იგი არ ლახავს მცირე აქციონერების უფლებას, ცხადია, თუკი პროცედურული საკითხები სწორადაა გაწერილი კანონმდებლობაში. ასევე არ იქნა გაზიარებული ე.კ-შვილის მითითება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლი, რადგანაც იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ¹1 ოქმის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკუთრებით შეუფერხებელ სარგებლობის უფლებას, რადგანაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 534-ე მუხლი შესაბამისობაში მოდის კონსტიტუციასთან იმდენად, რამდენადაც ამავე კანონის 533-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გათვალისწინებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ და იგი საფუძვლად დაედო 534-ე მუხლის ახალ რედაქციას. ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის ანალოგს. აღნიშნულ მუხლში გათვალისწინებულია მცირე აქციონერთა უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმებიც. დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული ასევე აპელანტის მოსაზრება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილით და საქმის განხილვა შეეჩერებინა სადავო ნორმის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოში იმ დროისათვის ნორმის არაკონსტიტუციურობის შესახებ დავის მიმდინარეობის ფაქტი აპელანტის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, ხოლო სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია, რომ “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 534-ე მუხლი წინააღმდეგობაშია მასთან და, შესაბამისად, მისი მხრიდან საკონსტიტუციო წარდგინების ინიცირება ვერ მოხდებოდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. კ-შვილმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო პალატამ საქმის განხილვისას დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 42.3 მუხლით დადგენილი დაცვის უფლება, რადგანაც მხარეს არ მისცა შესაძლებლობა მისი ინტერესები დაეცვა აპელანტის შვილს, იმ საფუძვლით, რომ არ იყო ადვოკატი. ადვოკატის დაქირავების მატერიალური შესაძლებლობა ე.კ-შვილს არ გააჩნდა, რის გამოც საქმის ზეპირ განხილვაზე ვერ შეძლო მისი უფლებების ჯეროვნად დაცვა. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-12 ოქმის პირველი მუხლით დაცული ქონებრივი ნიშნით დისკრიმინაციისაგან დაცვის უფლების დარღვევას. არასწორად იქნა დადგენილი აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასი იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარი საერთოდ არ არსებობს.
სააპელაციო პალატამ საქმის განხილვისას არ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 21-ე და 42-ე მუხლები, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6, მე-13, მე-14, პირველი ოქმის პირველი და მე-12 ოქმის პირველი მუხლები. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 309-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები. აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენისას სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ფასიანი ქაღალდების ბაზარზე არსებული ფასი, მომავალში მისაღები სავარაუდო შემოსავლები, საზოგადოების აქტივები და პასივები. საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს ფასიანი ქაღალდების ბაზარი, ხოლო საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაყრდნობით აქციათა სამართლიანი ფასის განსაზღვრა შეუძლებელია, რადგანაც აქ საკმაოდ უმნიშვნელო გარიგებები იდება, სადაც ფასის განსაზღვრისას გადამწყვეტ ფაქტორს შემძენის ინტერესები წარმოადგენს.
სასამართლომ არასწორად მიუთითა ევროკავშირის 2004 წლის 20 მაისის დირექტივაზე, რადგანაც აღნიშნულ დირექტივას სავალდებულო ძალა არ აქვს, ხოლო დირექტივით დადგენილი სამართლიანი ფასი აპელანტს შესთავაზა არა შემძენმა, არამედ განსაზღვრა და დაადგინა სასამართლომ 2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენებისას საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მაისის განჩინებით ე. კ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღბულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. კ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავის შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და გამოკლისებით. დასახელებული ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო, კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLVIII თავი არ შეიცავს ამა თუ იმ ურთიერთობის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმას, უფლებამოსილია გამოიყენოს ურთიერთობის მარეგულირებელი ის ნორმა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ქვემდგომი ინსტანციის მიერ საქმის გახილვა-გადაწყვეტისათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლო სარჩელს (საკასაციო საჩივარს) დატოვებს განუხილველად ან შეწყვეტს საქმის წარმოებას იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვისას გაირკვა, რომ არ არსებობს მისი წარმოებაში მიღების ესა თუ ის პირობა, ამასთან მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამრთლებრივი შედეგი _ საქმის წარმოების შეწყვეტა ან საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება გამომდინარეობს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძვლიდან.
მოცემული დავის საგანია აქციათა სავალდებულო მიყიდვა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30915-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სააპელაციო წესით. დასახელებული ნორმით დადგენილია, რომ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ დავის განხილვისას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო წესით. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს (სააპელაციო სასამართლოს) მიერ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს საბოლოოს და მისი საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობა იმპერატიულადაა აკრძალული.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დავის საგანს სწორედ აქციათა სავალდებულო მიყიდვა წარმოადგენს, საკასაციო სასამართლოს თვლის, რომ ე. კ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 18 თებერვლის განჩინებაზე უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 178-ე მუხლის მეორე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. კ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.