Facebook Twitter

საქმე # 190100119002822011

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №741აპ-19 ქ. თბილისი

თ. მ. 741აპ-19 24 მარტი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 მაისის განაჩენით მ. თ. - დაბადებული 1.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დ. ფ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 64-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ბ. ფ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 64-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, მ. თ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 64-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 3 მაისიდან.

გაუქმდა მ. თ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 იანვრის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის უზრუნველყოფის მიზნით, მ. თ-ს ( პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე ხ-ს რ. ბ. (საკადასტრო კოდი N...დაზუსტებული ფართობი 76.00 კვ.მ შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი 57.88) დადებული ყადაღა.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. თ-მ, რომელიც ავტომობილებით ვაჭრობდა და ანაზღაურების სანაცვლოდ, მსურველთათვის, სადილერო კომპანიების მეშვეობით, საზღვარგარეთ ყიდულობდა ავტომობილებს და საქართველოში ჩამოჰყავდა, განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, დაუფლებოდა მისი ნაცნობის - დ. ფ-ს კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2018 წლის 24 მაისს, მ. თ. ტელეფონით დაუკავშირდა დ. ფ-ს, რომელსაც სურდა ავტომობილის შეძენა და შესთავაზა ა--ში, ერთ-ერთ ავტოსალონში, სადილერო კომპანია ,,ლ. ტ-ს“ საშუალებით 2015 წელს გამოშვებული ,,ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილის შეძენა; ამასთან უთხრა, რომ ავტომობილის შესაძენად მისთვის სასწრაფოდ გადაერიცხა 9600 აშშ დოლარი, საიდანაც 9500 აშშ დოლარი იქნებოდა ავტომობილის საფასური, ხოლო 100 აშშ დოლარი მისი მომსახურეობის თანხა. დ. ფ. დათანხმდა მ. თ-ს შეთავაზებას და იმავე დღეს, თ. ბ-ს საშუალებით, გადაურიცხა 9600 აშშ დოლარი. მ. თ-ს აღნიშნული თანხით დ. ფ-სთვის ავტომობილი არ შეუძენია, თუმცა მას ატყუებდა, რომ ავტოსალონს, საიდანაც თითქოსდა შეიძინა ავტომობილი, საბუთებთან დაკავშირებით შეექმნა პრობლემები, რომლის მოგვარების შემდგომ მოხდებოდა ავტომობილის ტრანსპორტირება. 2018 წლის ივნისის შუა რიცხვებში დ. ფ-მ მ. თ-ს მოსთხოვა თანხის უკან დაბრუნება, რის შემდეგაც მ. თ-მ მას შესთავაზა, რომ მისთვის გადახდილი თანხით აუქციონზე იაფად შეუძენდა 2016 წელს გამოშვებულ ,,ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილს, რასაც იგი დათანხმდა. აღნიშნულის შემდეგ, მ. თ-მ დ. ფ-ს შეატყობინა, რომ 2018 წლის 27 ივნისს, ა-ში, ერთ-ერთ აუქციონზე, მთლიანობაში 9200 აშშ დოლარად შეუძინა 2016 წელს გამოშვებული ავტომობილი ,,ტოიოტა ქამრი“, რომელიც ს-ში იქნებოდა ორ თვეში. 2018 წლის 28 ივნისს, მ. თ-მ დ. ფ-ს მეტი დამაჯერებლობისთვის დაუბრუნა ავტომობილის ვითომდა შეძენის შემდეგ დარჩენილი თანხა 400 აშშ დოლარი. რეალურად მ. თ-მ დ. ფ-ს ავტომობილი არ შეუძინა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დ. ფ-ს კუთვნილ დიდი ოდენობით (9200 აშშ დოლარის ექვივალენტი) ფულად თანხას 22 531 ლარს.

მ. თ-მ ასევე განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებოდა მისი ნაცნობის - ბ. ფ-ს კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2018 წლის 26 ივნისს, მ. თ. ტელეფონით დაუკავშირდა ბ. ფ-ს, რომელსაც სურდა ავტომობილის შეძენა და შესთავაზა, რომ ა-ში აუქციონზე შეუძენდა და საქართველოში ჩამოუყვანდა ავტომობილს, რაზეც იგი დათანხმდა. 2018 წლის 3 ივლისს, მ. თ. ტელეფონით დაუკავშირდა ბ. ფ-ს და უთხრა, რომ მისთვის ა-ში ერთ-ერთ აუქციონზე, 4888 აშშ დოლარად შეძენილი ჰქონდა 2012 წელს გამოშვებული „ტოიოტა ქამრის“ მოდელის ავტომობილი და მეტი დამაჯერებლობისათვის სოციალურ ქსელში გადაუგზავნა აღნიშნული ავტომობილის აუქციონზე მოგების დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოსურათი, ამასთან, დაპირდა, რომ ავტომობილის პორტში მიყვანა და კონტეინერში ჩატვირთვა მოხდებოდა 10 დღის ვადაში. მ. თ-მ ბ. ფ-ს მოსთხოვა ავტომობილის შესაძენად გადასახდელი თანხიდან მისთვის გადაეხადა 2888 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილ 2000 აშშ დოლარს მ. თ. გაუქვითავდა თანხაში, რომელიც მას ბ. ფ-მ ასესხა 2018 წლის 26 ივნისს. 2018 წლის 4 ივლისს, ბ. ფ-მ მ. თ-ს ანგარიშზე ჩაურიცხა „ტოიოტა ქამრის“ მოდელის ავტომობილის შესაძენად და ს-ში ჩამოსაყვანად მოთხოვნილი თანხა - 2900 აშშ დოლარი. 2018 წლის 6 ივლისს, მ. თ. დ-ს რ-ში შეხვდა ბ. ფ-ს, რა დროსაც მას კვლავ შეთავაზა, რომ ა-ში აუქციონზე შეუძენდა და საქართველოში ჩამოუყვანდა მეორე ავტომობილსაც, რაზეც იგი დათანხმდა და მ. თ-ს ხელზე გადასცა მომსახურებისათვის წინასწარ მოთხოვნილი თანხა - 100 აშშ დოლარი. 2018 წლის 9 ივლისს მ. თ. ტელეფონით დაუკავშირდა ბ. ფ-ს და აცნობა, რომ მისთვის ა-ში ერთ-ერთ აუქციონზე 1418 აშშ დოლარად შეიძინა 2011 წელს გამოშვებული „ტოიოტა პრიუსის“ მოდელის ავტომობილი. მ. თ-მ მეტი დამაჯერებლობისათვის ბ. ფ-ს სოციალურ ქსელში გადაუგზავნა ავტომობილის აუქციონზე მოგების დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოსურათი. ამასთან, დაპირდა, რომ ავტომობილის პორტში მიყვანა და კონტეინერში ჩატვირთვა მოხდებოდა 10 დღის ვადაში და მოსთხოვა ჩაერიცხა ავტომობილის შესაძენი თანხა. 2018 წლის 10 ივლისს, ბ. ფ-მ მ. თ-ს ანგარიშზე ჩარიცხა „ტოიოტა პრიუსის“ მოდელის ავტომობილის შესაძენად და საქართველოში ჩამოსაყვანად მოთხოვნილი თანხა 1420 აშშ დოლარი. რეალურად მ. თ-მ ბ. ფ-ს ავტომობილები არ შეუძინა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა ბ. ფ-ს კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას - (4420აშშ დოლარი) 10 806 ლარს.

3. პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. მსჯავრდებულ მ. თ.ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. გ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მ. თ-სათვის ისეთი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების საფუძველზე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების (დანაშაულის აღიარება და მონანიება, დაზარალებულ დ. ფ-სთვის ზიანის ნაწილობრივ აუნაზღაურების ფაქტი, ასევე, დაზარალებულების პოზიცია, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, მიზანი) გათვალისწინებით, სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, მსჯავრდებულ მ. თ-ს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმი. შესაბამისად, სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქების შესაძლებლობა პალატას არ გააჩნია, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად ისეთი სასჯელის დანიშვნა, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან, მიზანშეუწონლად მიაჩნია. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №112აპ-17, №332აპ-17, 411აპ-19).

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009). „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვეობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ ( Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე