Facebook Twitter

ას-574-540-2010 5 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძე

სხდომის მდივანი _ ლ.სანიკიძე

კასატორი _ ნ. დ-იანი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ გ.კ-შვილი, გ.გ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ბ-ია (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ ალ.თ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. დ-იანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ბ-იას მიმართ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების _ სესხის ძირითადი თანხის _ 3000 აშშ დოლარისა და სამი წლის საპროცენტო სარგებლის, სულ _ 10500 აშშ დოლარის გადახდის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2006 წლის დასაწყისში მოსარჩელემ თავის ნაცნობ ნ. ბ-იას 3 წლის ვადით ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ასესხა 5000 აშშ დოლარი თვეში 7%-ის დარიცხვით. მოპასუხეს სარგებელი უნდა გადაეხადა მოსარჩელისათვის თანხის გადაცემიდან მომდევნო თვეში, მაგრამ, არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, მას ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია. ნ. ბ-იამ 2009 წლის 3 ივლისს განცხადებით მიმართა ქუთაისის შს სამმართველოს ¹1 განყოფილებას, სადაც მოპასუხემ აღიარა ვალის არსებობა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნ. დ-იანისაგან 2006 წლის დასაწყისში მართლაც ისესხა 3000 აშშ დოლარი, რომელიც მას უკვე დაუბრუნა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. დ-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ.დ-იანმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 აპრილის განჩინებით ნ. დ-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სასარჩელო განცხადებით, მხარეთა განმარტებებითა და მოწმეების – მ. ნ-შვილისა და დ. ბ-იას ჩვენებებით, 2006 წლის იანვრის დასაწყისში, სავარაუდოდ 5-14 იანვარს მხარეთა შორის ზეპირი ფორმით დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც ნ. დ-იანმა ნ. ბ-იას ასესხა თანხა. მოწმეების _ მ. ნ-შვილისა და დ. ბ-იას განმარტებით, მოსარჩელე ნერვიულობდა იმის გამო, რომ მოპასუხე თანხას არ უხდიდა. ნ.დ-იანმა მოვალეს თანხის გადახდა მოსთხოვა ფულის გადაცემიდან მომდევნო თვეში.

ნ. ბ-იას მიერ ქუთაისის შინაგან საქმეთა სამმართველოს ¹1 განყოფილებაში 2009 წლის 3 ივლისს შეტანილი განცხადების მიხედვით, მოპასუხემ დაადასტურა, რომ ნ. დ-იანისაგან ისესხა 3000 აშშ დოლარი თვეში 7% სარგებლით და კრედიტორი მას თანხის დაბრუნებას რეგულარულად სთხოვდა.

სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 624-ე და 625-ე მუხლების საფუძველზე სასამართლომ მიუთითა, რომ, როგორც სესხის გადაცემა, ასევე მისი დაბრუნება, არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მოწმეთა ჩვენებებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვთ. ისინი მხედველობაში მიიღება, მაგრამ მხოლოდ ასეთ მტკიცებულებებზე დაყრდნობით არ შეიძლება არა მარტო მსესხებლის მიერ სესხის მიუღებლობის, არამედ გამსესხებლის მიერ ამა თუ იმ პირისათვის სესხის გადაცემის ნამდვილობის განსაზღვრა. მოწმეთა ჩვენებებთან ერთად წერილობითი მტკიცებულებები წარმოადგენენ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის საფუძველს.

სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის, 129-ე მუხლის პირველი ნაწილის, 130-ე, 131-ე მუხლების თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან, ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნული. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით, 341-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით, მე-4, 103-ე მუხლებით და მიუთითა, რომ მხარე ვალდებულია, სათანადოდ დაადასტუროს იმ მტკიცებულებაში ასახული ფაქტების ნამდვილობა, რომელსაც იგი თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად იყენებს.

სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა, რომ სესხის ხელშეკრულების ვადა, რომელიც მოპასუხემ სადავო გახადა, უნდა დადგინდეს მოწმეთა ჩვენებით და განისაზღვროს სამი წლით, ვინაიდან სესხის ხელშეკრულების ძირითადი პირობების განსასაზღვრად მხოლოდ მოწმეთა ჩვენება საკმარისი არ არის.

პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება (თვეში 7% სარგებელით) ზეპირი ფორმით დაიდო 2006 წლის იანვრის დასაწყისში, ძველით ახალ წლამდე და მოპასუხე ნ. ბ-იას მისი გადახდა უნდა დაეწყო მომდევნო თვიდან, ე.ი. 2006 წლის თებერვლიდან. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმეების _ მ. ნ-შვილისა და დ. ბ-იას ჩვენებებით, მომდევნო თვიდან, ე.ი. 2006 წლის თებერვლიდან ნ. დ-იანი ნ. ბ-იას სთხოვდა სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების შესრულებას, რასაც ეს უკანასკნელი არ ასრულებდა და ამის გამო მოსარჩელე ძალიან ნერვიულობდა. ამდენად, აღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ სესხის ხელშეკრულება დადებული იყო განუსაზღვრელი ვადით და მოვალის _ ნ. ბ-იას მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისა და თავისი უფლების დარღვევის შესახებ ნ. დ-იანმა შეიტყო (ან უნდა შეეტყო) 2006 წლის თებერვალში, შესაბამისად, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად უნდა ჩაითვალოს 2006 წლის თებერვალი და ხანდაზმულობის ვადის ათვლაც ამ დროიდან უნდა დაიწყოს.

პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლითა და სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით გათვალისწინებული სათანადო მტკიცებულება ვალის დაბრუნების თაობაზე საქმეში არ მოიპოვება, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სესხი – 3000 აშშ დოლარი და სარგებელი ნ. ბ-იას ნ. დ-იანისათვის დაბრუნებული აქვს, მაგრამ, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებაზე ვრცელდება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რაც ნ. დ-იანის შემთხვევაში 2009 წლის თებერვალში ამოიწურა, ამდენად, მის მიერ 2009 წლის ოქტომბერში წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმულია, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ნ. ბ-იას მიერ 2009 წლის 3 ივლისს ქუთაისის შს სამმართველოს ¹1 განყოფილებაში შეტანილი განცხადება ვალის აღიარებად ვერ მიიჩნევა, რადგან აღნიშნულ განცხადებაში საუბარია მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ ნ. ბ-იამ 3 წლის წინ, ოჯახური საჭიროებისათვის, ნ. დ-იანისაგან ისესხა 3000 აშშ დოლარი თვეში 7%-ის სარგებლით და განცხადებაში არსად არ არის აღნიშნული, რომ მოპასუხეს აქვს ნ. დ-იანის ვალი და ის აპირებს მის დაბრუნებას. ვალის აღიარებად კი მხოლოდ მოვალის მიერ ერთმნიშვნელოვნად და ნათლად გამოვლენილი ნება უნდა ჩაითვალოს.

მოცემულ შემთხვევაში არც მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტიდან და არც მოპასუხე მხარის მოქმედებებიდან არ ირკვევა, რომ მოვალე ვალის არსებობას აღიარებს, რაც გამორიცხავს აღნიშნული საფუძვლით სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. დ-იანმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა და სრულყოფილად, მხარეთა და მოწმეთა განმარტებებთან ერთობლიობაში არ შეუფასებია ნ. ბ-იას განცხადება ქუთაისის შინაგან საქმეთა სამმართველოს ¹1 განყოფილების უფროსისადმი, რომლითაც მოპასუხე (მსესხებელი) ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე ვერ დაფარა პროცენტი და თანხა ნაწილ-ნაწილ გადაიხადა მოგვიანებით. სასამართლოს არ გამოურკვევია, რას გულისხმობდა მოპასუხე თავის განცხადებაში მითითებული თანხის დაგვიანებით გადახდაში, კონკრეტულად როდის გადაიხადა პროცენტი და ძირითადი თანხა და რით ადასტურებდა აღნიშნულის გადახდას მოპასუხე მხარე.

დაუსაბუთებელია სასამართლოს მოსაზრება, რომ, სამოქალაქო კოდექსის 624-ე-625-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხემ სადავო გახადა რა სესხის ხელშეკრულების ვადა, იგი მხოლოდ მოწმეთა ჩვენების საფუძველზე ვერ დადგინდება, ვინაიდან მხარე ითხოვდა, მოწმეთა ჩვენებები შეფასებულიყო მოპასუხის წერილობით განცხადებასთან ერთად.

სააპელაციო პალატა არასწორად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს, სარჩელი არ დააკმაყოფილა ხანდაზმულობის გამო და მიიჩნია, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2006 წლის თებერვლიდან, იმ დროიდან, როცა ნ. დ-იანმა მოსთხოვა, ხოლო ნ. ბ-იამ არ გადაიხადა სესხის ძირითადი თანხა და პროცენტი. პალატამ არ გაითვალისწინა, რომ 2009 წლის 3 ივლისს მოპასუხემ აღიარა ვალის არსებობა, შესაბამისად, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი და ნ.ბ-თვის სადავო ვალდებულების შესრულება დაეკისრებინა.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:

1. ნ. ბ-ია თანახმაა, ნ. დ-იანს გადაუხადოს წინამდებარე მორიგების დამტკიცებიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში 2500 (ორი ათას ხუთასი) აშშ დოლარი;

2. ნ. დ-იანი თანახმაა, მიიღოს აღნიშნული თანხა, რის შემდეგ მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ ექნებათ;

3. შეთანხმებული თანხის გადაცემამდე ნ. დ-იანის მოთხოვნით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებანი ნ. ბ-იას კუთვნილ უძრავ ნივთებზე დარჩება უცვლელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დამტკიცდეს მორიგება ნ. დ-იანსა და ნ. ბ-იას შორის შემდეგი პირობებით:

1. ნ. ბ-ია თანახმაა, ნ. დ-იანს გადაუხადოს წინამდებარე მორიგების დამტკიცებიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში 2500 (ორი ათას ხუთასი) აშშ დოლარი;

2. ნ. დ-იანი თანახმაა, მიიღოს აღნიშნული თანხა, რის შემდეგ მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ ექნებათ;

3. შეთანხმებული თანხის გადაცემამდე ნ. დ-იანის მოთხოვნით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებანი ნ. ბ-იას კუთვნილ უძრავ ნივთებზე დარჩება უცვლელად.

შეწყდეს საქმის წარმოება ნ. დ-იანის სარჩელის გამო ნ. ბ-იას მიმართ.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.

განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.