Facebook Twitter

ას-575-541—10 4 ნოემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

კასატორები–ლ. ც-ძე (მოსარჩელე), ... ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მ. ც-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ლ. ც-ძე, ... ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მ. ფ-ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება–ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი –სამუშაოზე აღდგენა

1. კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება ინფორმაციული ტექნოლოგიების გაკვეთილების ჩამორთმევის ნაწილში.

2. კასატორის მოთხოვნა-- გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება ლ. ც-ძის ... ¹1 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლად სამუშაოზე აღდგენის და საპროცესო ხარჯების დაკისრების ნაწილში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ლ. ც-ძის სარჩელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ... @¹1 საჯარო სკოლის მიმართ სამუშაოზე აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ც-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

... ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ მ. ც-ძესა და ფიზიკის მასწავლებელ ლ. ც-ძეს შორის 2008 წლის 15 სექტემბერს გაფორმებულ იქნა შრომის ხელშეკრულება სამი წლის ვადით, რომლის მე-7 მუხლის 7.1.5 პუნქტის თანახმად ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებული იქნა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული შემთხვევები.

... @¹1 საჯარო სკოლის შინაგანაწესის მე-7 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად მასწავლებელი ვალდებულია შეასრულოს სასწავლებლის წესდებით, შინაგანაწესითა და შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები. ამავე მუხლის 33-ე პუნქტის თანახმად, მასწავლებელი შეიძლება სამუშაოდან განთავისუფლდეს პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის უხეში დარღვევისათვის.

... @¹1 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2009 წლის 15 მაისის ¹27 ოქმით ირკვევა, რომ სამეურვეო საბჭომ ხმათა უმრავლესობით მოსთხოვა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ მ. ფ-ძეს, ფიზიკის მასწავლებელ ლ. ც-ძისათვის შეეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება და გამოეცა შესაბამისი ბრძანება.

დადგენილია, რომ ... @¹1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ მ. ფ-ძის 2009 წლის 16 მაისის ¹150 ბრძანებით შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა ფიზიკის მასწავლებელს ლ. ც-ძეს და გათავისუფლდა სამსახურიდან 2009 წლის 16 მაისიდან მასვე დამატებით მიეცა ერთი თვის შრომის ანაზღაურება და გაუსწორდა საბოლოო ანგარიში.

ბრძანებას საფუძვლად დაედო საქართველოს შრომის კოდექსის მუხლი 37-ე მუხლის, „დ“პუნქტი, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტი; საქართველოს კანონის „ზოგადი განათლების შესახებ“ _38-ე მუხლის, „კ“პუნქტი 43-ე მუხლის, 1 პუნქტი, პარაგრაფი „ზ“,43-ე მუხლის მე-2 პუნქტი მ, პუნქტი 2; სკოლის შინაგანაწესის თავი მე-7 მუხლის 33-ე პარაგრაფი, „ბ“ პუნქტი შრომითი ხელშეკრულების მე-3 თავი, 32 პუნქტი, სამეურვეო საბჭოს 2009 წლის 15 მაისის სხდომის ¹27 ოქმი.

პალატამ დამატებით დადგინა, რომ ... @¹1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ მ. ფ-ძის 2007 წლის 8 ნოემბრის ¹30 ბრძანებით, სკოლაში კომპიუტერული ტექნიკის შემოტანასთან დაკავშირებით, ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის სწავლება მე-7-11 კლასებში (6 კვ.სთ.) ფაკულტატური კურსის ხარჯზე დროებით გადაეცა ფიზიკის მასწავლებელს ლ. ც-ძეს 2010 წლის 1 ნოემბრიდან.

დადგენილია, რომ ... @¹ 1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ მ. ფ-ძის 2008 წლის 1 მაისის ¹91 ბრძანებით, ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის სწავლება მე-7-11 კლასებში (6 კვ.სთ.) დროებით გადაეცა ფიზიკის მასწავლებელ ლ. ც-ძეს ნება დაერთო დროებით 2007-2008 სასწავლო წლის ბოლომდე ჩაეტარებინა გაკვეთილები ზემოაღნიშნულ კლასებში. ბრძანებას საფუძვლად დაედო საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, კარი 37-ე მუხლის, „ბ“ და „ე“პუნქტები.

საქმეში განთავსებული წერილობითი მტკიცებულებით, ... @¹1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ მ. ფ-ძისადმი ლ. ც-ძის განცხადებებით ირკვევა, რომ ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის მასწავლებლად იგი დანიშნული იყო დროებით და გამოთქვამდა სურვილს მონაწილეობა მიეღო აღნიშნულ სამუშაოზე დასაქმების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში.

საქმეში არსებული სამეურვეო საბჭოს ¹27 ოქმით, საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და საქმეში არსებული ... ¹1 საჯარო სკოლის თანამშრომელთა წერილობითი განცხადებებით ირკვევა, რომ მოსარჩელე ლ. ც-ძემ, სამეურვეო საბჭოს მდივნის ნაცვლად, ამ უკანასკნელის სახელით თავად მოაწერა ხელი სამეურვეო საბჭოს ოქმებს.

პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოშობილია შრომითი ხელშეკრულებიდან. მართალია 2009 წლის 16 მაისის ¹150 ბრძანებაში ლ. ც-ძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ“ პუნქტითა და 38-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი – ხელშეკრულების მოშლა ადმინისტრაციის ინიციატივით, მაგრამ საქმის მასალებზე დაყრდნობით პალატამ დაადგინა, რომ ლ. ც-ძესთან შრომით ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს ფაქტობრივად წარმოადგენდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევა, რაც გამოიხატა კოლეგიურობისა და თანამშრომლობის ეთიკის ნორმების დარღვევაში პედაგოგებისა და სკოლის დირექტორის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში, სკოლის მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის კონფლიქტის გაღვივებაში.

პალატამ განმარტა, ვინაიდან საქართველოს შრომის კოდექსის არც ერთი ნორმა არ ადგენს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესს იმ შემთხვევაში, როდესაც ერთ-ერთი მხარე დაარღვევს შრომით ხელშეკრულების პირობებს, ასეთ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის ¹959 ბრძანება, რომელიც ადგენს შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის წესს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნებს.

იმის გათვალისწინებით, რომ ლ. ც-ძესთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტამდე სკოლის დირექტორს არ განუხორციელებია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის ¹959 ბრძანების მე-10 მუხლის მე-4, მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მოქმედებები, კერძოდ, სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებისა და დირექტორის პრეტენზიის თაობაზე წერილობით არ უცნობებია ლ. ც-ძისათვის, პრეტენზიასთან დაკავშირებით არ მოუთხოვია მისთვის წერილობითი განმარტება, არ შეხვედრია მას და ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ოქმი შედგენილი არ ყოფილა, ასევე შრომით ურთიერთობის შეწყვეტამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე არ უცნობებია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე. პალატა მიიჩნევს, რომ 2009 წლის 16 მაისს, ლ. ც-ძესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას სკოლის ადმინისტრაციამ დაარღვია კანონის მოთხოვნები.

პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მას შრომითი ხელშეკრულების პირობები, ასევე პედაგოგიური და კოლეგიური ეთიკა არ დაურღვევია და რომ მისი გამონათქვამი „სამეურვეო საბჭოს წევრები არიან დირექტორის ყურმოჭრილი მონები“,- არ წარმოადგენდა ცალკეული წევრის შეურაცხმყოფელ გამონათქვამს.

პალატის აზრით ის გარემოება, რომ ლ. ც-ძემ თავად მოაწერა მდივნის ნაცვლად ამ უკანასკნელის სახელით სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმებს ხელი, ასევე სკოლის პედაგოგთან (ლაბორანტთან) ნ. ფ-ძესთან და სკოლის ადმინისტრაციასთან ჰქონდა კონფლიქტური ურთიერთობა, რამაც გამოიწვია რამოდენიმე პედაგოგთან მისი დაპირისპირება. ასევე სკოლის მმართველობასთან დაკავშირებით პედაგოგების თანდასწრებით გამოთქვა პირადი მოსაზრებები „დირექტორი არის თანამდებობისთვის შეუფერებელი, პედაგოგები არიან სიბნელეში, სამეურვეო საბჭოს წევრები არიან დირექტორის ყურმოჭრილი მონები“. ყოველივე აღნიშნული, წარმოადგენს, როგორც დირექტორის, ისე სამეთვალყურეო საბჭოს ცალკეული წევრისა და მასწავლებლის ნ. ფ-ძის შეურაცხყოფას, რაც გათვალისწინებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით. შესაბამისად პალატამ არ გაიზიარა ლ. ც-ძის მოსაზრება, რომ მას პედაგოგიური საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედება არ ჩაუდენია.

პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან 2009 წლის 16 მაისს ლ. ც-ძესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ¹150 ბრძანების გამოცემით სკოლის დირექტორმა დაარღვია კანონის მოთხოვნები.

საქმეში განთავსებული წერილობითი მტკიცებულებით, ... ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ მ.ც-ძისადმი ლ. ც-ძის განცხადებებით ირკვევა, ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის მასწავლებლად ლ. ც-ძე დანიშნული იყო დროებით და გამოთქვამდა სურვილს, მონაწილეობა მიეღო აღნიშნულ სამუშაოზე დასაქმების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში.

პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება გაგრძელებული იქნა უვადოდ, დაუსაბუთებელია, ვინაიდან მისივე განცხადებით დასტურდება, რომ ხელშეკრულება ვადიანი იყო და ამ ვადის გასვლის შემდეგ ითხოვდა კიდეც ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილედ დაშვებას. აღნიშნულიდან გამომდინარე პალტამ მიიჩნია, რომ ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის მასწავლებლად ლ. ც-ძის დანიშვნა და, ვადის გასვლის გამო მასთან ხელშეკრულება შეწყტა კანონის მოთხოვნათა დაცვით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ლ. ც-ძემ და ... ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მ.ი ფ-ძემ.

კასატორმა ლ. ც-ძემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება ინფორმაციული ტექნოლოგიების გაკვეთილების ჩამორთმევის ნაწილში.

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლო იურიდიულად საერთოდ ვერ ასაბუთებს ... ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის მ.ფ-ძის 2007 წლის 8 ნოემბრის ¹30 ბრძანების შრომის კოდექსთან შესაბამისობას, რომელ ბრძანებაშიც საერთოდ არ არის მითითებული დანიშვნის საფუძველი შრომის კოდექსიდან და საერთოდ არ ამახვილებს ყურადღებას ... ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის მ\შ-ის 2008 წლის 25 ივნისის ¹116 ბრძანებაში დაფიქსირებულ სიყალბეზე თითქოს იგი თანახმა იყო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის.

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა მის დირექტორისადმი მიწერილ განცხადებას, საიდანაც ნამდვილად არ ირკვევა ის, თითქოს იგი იყო დროებით დანიშნული, არამედ აღნიშნული განცხადებიდან ირკვევა -შემდეგი „მიუხედავად იმისა, რომ თქვენდამი რწმუნებულ სკოლაში ვმუშაობდი კომპიუტერული ტექნიკის მასწავლებლად გამოსაცდელი ვადით, თქვენ მიერ კანონის აშკარა დარღვევით დაიწერა სრულიად უსაფუძვლო ბრძანებები ჯერ გამოსაცდელი ვადის გაგრძელების, ხოლო შემდეგ ჩემი გათავისუფლების თაობაზე. მიიუხედავად ყოველივე ზემოთ ხსენებულისა მაქვს სურვილი მივიღო კომპიუტერული ტექნიკის მასწავლებლისა და ოპერატორის ვაკანსიებზე მონაწილეობა კონკურსში, მისი არსებობის შემთხვევაში.” კასატორის აზრით, აღნიშნულ წერილში იგი საუბრობდა თავისი პროფესიულ შესაძლებლობებზე და არა დირექტორის უკანონო გადაწყვეტილებებზე.

კასატორმა ... ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მ. ფ-ძემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება ლ. ც-ძის ... ¹1 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლად სამუშაოზე აღდგენისა და საპროცესო ხარჯების დაკისრების ნაწილში.

კასატორის აზრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების დროს სასამართლომ დაარღვია შრომის კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი, ამავე კანონის 37-ე და 38-ე მუხლები ასევე ნოტარიალური აქტების შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლის მოთხოვნები.

საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მულის პირველი პუნქტის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომის და მის თანმდევ ურთიერთობებს. თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

შრომის კოდექსის მე-3 მუხლი განსაზღვრას შრომითი ურთიერთობის სუბიექტებს. ამავე მუხლის IO პუნქტის თანახმად შრომითი ურთიერთობის სუბიექტები შეიძლება იყვნენ დამსაქმებელი და დასაქმებული. არსებულ დავაში ... ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის მ/შემსრულებელი წარმოადგენდა დამსაქმებელს, ხოლო დასაქმებულს მოპასუხე ლ. ც-ძე.

კასატორის აზრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.19 ნაწილის თანახმად პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოშობილია შრომითი ხელშეკრულებიდან. მისი განმარტებით მართალია 2009 წლის 16 მაისის ¹150 ბრძანებაში ლ. ც-ძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტითა და 38-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი ხელშეკრულების მოშლა ადმინისტრაციის ინიციატივით, მაგრამ საქმის მასალებზე დაყრდნობით, პალატა ადგენს, რომ ლ. ც-ძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს ფაქტობრივად წარმოადგენდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევას, რაც გამოიხატა კოლეგიურობისა და თანამშრომლობის ეთიკის კოდექსის ნორმების დარღვევაში, პედაგოგებისა და სკოლის დირექტორის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში, სკოლის მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის კონფლიქტის გარღვევაში. ე.ი. მან დაარღვია შრომის შინაგანაწესის მე-7 მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტისა და 33-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები.

სააპელაციო სასამართლოს ეს განმარტება უკანონო და დაუსაბუთებელია. სასამართლო ვერ უთითებს კონკრეტულ მტკიცებულებას რომელზე დაყრდნობითაც უფლებამოსილი იყო შეეცვალა განთავისუფლების ბრძანებაში ¹150 აღნიშნული განთავისუფლების სამართლებრივი საფუძველი, მით უფრო მაშინ, როცა არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოპასუხე მხარეს არ უდავია განთავისუფლების ბრძანებაში მითითებული შრომის კანონის 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განთავისუფლების სამართლებრივ საფუძველზე. სააპელაციო სასამართლოს უფლება არ ჰქონდა ზემოაღნიშნულ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით შეეცვალა განთავისუფლების საფუძვლები, მით უფრო მაშინ როცა მხარეს ეს არ მოუთხოვია სასამართლოსთვის, რაც სსსკ-ის დარღვევას წარმოადგენს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდაოდ დადგენილად მიიჩნია და სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.4 ნაწილით გაზიარებულ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ ... ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის მ/შემსრულებელის მ. ფ-ძის 2009 წლის 16 მაისის ¹150 ბრძანებით შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა ფიზიკის მასწავლებელ ლ. ც-ძეს და განთავისუფლდა სამსახურიდან 2009 წლის 16 მაისიდან; მასვე დამატებით მიეცა 1 თვის შრომის ანაზღაურება და გაუსწორდა საბოლოო ანგარიში. ბრძანებას საფუძვლად დაედო საქართველოს შრომის კოდექსის მუხლი 37 პუნქტი “დ”,38-ე მუხლის მე-3 პუნქტი. საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ – 38-ე მუხლის „კ“ პუნქტი, 43-ე მუხლის I პუნქტი, „ზ“ პარაგრაფი, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტი. სკოლის შინაგანაწესი თავი 7 7-ე მუხლის 33-ე პარაგრაფი, „ბ“პუნქტი; შრომითი ხელშეკრულების თავი 3, პუნქტი 32, სამეურვეო საბჭოს 2009 წლის 15 მაისის სხდომის ¹27 ოქმი. აღნიშნულიდან გამომდინარე, განთავისუფლების ბრძანებაში მითითებული შრომის კოდექსის ზემოაღნიშნული პუნქტი იყო მოპასუხე მხარის სამუშაოდან განთავისუფლების კონკრეტული საფუძველი და არა ასევე ბრძანებაში მითითებული „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონისა და საჯარო სკოლის შინაგანაწესის შესაბამისი პუნქტები.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კასატორი განმარტავს, რომ შრომის კოდექსის ზემოაღნიშნული საფუძვლით განთავისუფლება, თავის მხრივ არ მოითხოვს რაიმე განსაკუთრებული პროცედურებისა და საფუძვლების არსებობას. თუმცა რა თქმა უნდა არც შრომითი ხელშეკრულების მოშლა არ შეიძლება იყოს თავისთავად მოკლებული რაიმე საფუძველს. მას თავის მხრივ შეიძლება საფუძვლად ედოს კონკრეტული მიზეზი. ასეთ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც ეს განთავისუფლების ბრძანებიდან და საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომლებიც დადგენილად ცნო პირველი ინსტანციის სასამართლომ და გაზიარებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ არის მოპასუხე მხარის მიერ განხორციელებული ქმედებები. კასატორის განმარტებით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებული შრომითი ხელშეკრულების მოშლას განსხვავებულად არ აწესრიგებს, რომელიმე სპეციალური კანონი ან რომელიმე საერთაშორისო ხელშეკრულება.

კასატორის განმარტებით საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ არ უნდა იქნეს მიჩნეული სხვა სპეციალურ კანონად, იმის გათვალისწინებით, რომ დასახელებული კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანამანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის რეორგანიზაციის ლიკვიდაციისა და აკრედიტაციის წესს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს. აღნიშნული კანონის მიზნებიდან გამომდინარე, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონი არ წარმოადგენს სპეციალურ კანონს შრომით და მის თანმდევ ურთიერთობების შესახებ და შესაბამისად, სადავო ურთიერთობის მიმართ დასახელებული ურთიერთობა შრომითი ხელშეკრულებაა, რომლის დადების შესრულებისა და შეწყვეტის საფუძვლებს განსაზღვრავს საქართველოს შრომის კოდექსი.

კასატორის განმარტებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად „სკოლის დირექტორი უფლებამოსილია, ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება, ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენისას ან არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში. რაც არ გამორიცხავს სკოლასა და მასწავლებელს შორის შრომითი ურთიერთობისას საქართველოს შრომის კოდექსის ნორმების გამოყენებას, გამომდინარე იქიდან რომ მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა შრომითი ხელშეკრულებაა, რომლის დადების შესრულებისა და შეწყვეტის საფუძვლებს განსაზღვრავს საქართველოს შრომის კოდექსი. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლი არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ სკოლის დირექტორი მასწავლებლის სამუშაოდან განთავისუფლებისას შეზღუდულია ამავე კანონის „ზ“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი საფუძვლით და მათ შორის შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში არ აქვს უფლება შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელთან. ნორმის ამგვარი განმარტება არ გამომდინარეობს კანონის მიზნებიდან.

ასევე სააპელაციო სასამართლოს არ უნდად ეხელმძღვანელა და გადაწყვეტილების გამოტანის დროს არ უნდა დაყრდნობოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის ¹959 ბრძანებას, ვინაიდან მიუხედავად იმისა, დასახელებული ბრძანებები არის თუ არა ხარვეზიანი და მისი ნორმები შეიცავენ თუ არა რომელიმე მხარის უფლებების დამცავ დებულებებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება არის კანონქვემდებარე აქტი, რომელიც იერარქიის მიხედვით დაბლა საფეხურზე დგას შრომის კანონმდებლობასთან შედარებით. ხოლო „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას უპირატესობა ეძლევა იერარქიით უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ ნორმატიულ აქტს. ანუ საქართველოს შრომის კოლექსს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ სამართლებრივი მნიშვნელობა არ გააჩნია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ¹959 ბრძანებაში მითითებული პუნქტების გამოყენების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განმარტება მოპასუხის განთავისუფლებისას განათლებისა და მეცენიერების მინისტრის ზემოაღნიშნული ბრძანებით გათვალისწინებული წესისა და პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრების საფუძვლები, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ლ. ც-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2009 წლის 16 მაისს სკოლის სამეურვეო საბჭოს რეკომენდაციით ... პირველი სკოლის ფიზიკის მასწავლებელს ლ. ც-ძეს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება. განთავისუფლებას საფუძვლად დაედო შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტი, 38-ე მუხლის ,,მე-3’’ქვეპუნქტი; ,,ზოგადი განათლების’’ შესახებ“ კანონის 38-ე მუხლის ,,კ’’ პუნქტი, 43-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, სკოლის შინაგანაწესის მე- 7 მუხლის 33-ე პარაგარაფის ,,ბ’’ პუნქტი, შრომითი ხელშეკრულების მე-3 თავის 32-ე პუნქტი, სამეურვეო საბჭოს 2009 წლის 15 მაისის სხდომის ოქმი( ¹ 27).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გამოეყენებული შრომის კოდექსი. ეს ნორმატიული აქტი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილი). მოცემულ შემთხვევაში დავა ეხება შრომით ურთიერთობას ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლი შეიცავს მასწავლებელთა სამსახურიდან განთავისუფლების შრომის კოდექსისაგან განსხვავებულ წესებს, რაც გულისხმობს მითითებული ნორმის უპირატესი გამოყენების აუცილებლობას ამ ურთერთობათა რეგულირების დროს.

,,ზოგადი განათლების შესახებ’’ კანონის 43-ე მუხლის ,,ზ’’ პუნქტის თანახმად, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია, ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში. ამავე ნორმის ,,ზ1’’ პუნქტი ითვალისწინებს სამეურვეო საბჭოს წევრ მასწავლებელთა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესს, რაც გულისხმობს სამეურვეო საბჭოსაგან თანხმობის მიღების აუცილებელ პირობას.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ ლ. ც-ძემ სამეურვეო საბჭოს მდივნის ნაცვლად ამ უკანასაკნელის სახელით თვითონ მოაწერა ხელი სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმებს. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეს სკოლის ადმინისტრაციასა და თანამშრომელთან ჰქოდა კონფლიქტური ურთიერთობა, მათთან დაკავშირებით მოსაზრებებს გამოხატავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, არღვევდა პედაგოგიური და კოლეგიური ეთიკის ნორმებს. აღნიშნულ გარემოებებზე ლ. ც-ძემ საკასაციო საჩივარში არ მიუთითა, რის გამოც სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის შესაბამისად ეს გარემოებანი ითვლება დამტკიცებულად. (მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით სადავოდ გახადა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებები ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტეკნიკის მასწავლებლად დანიშვნაზე მისთვის უარის თქმასთან დაკაშირებით).

მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და უარყოფილი არ არის ის დარღვევები, რაც მითითებულია ლ. ც-ძის განთავისუფლების ბრძანებაში, სასამართლომ მაინც უკანონოდ ჩათვალა სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანება. ლ. ც-ძის სამუშაოზე აღდგენის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე სკოლის დირექტორს არ განუხორციელებია საქართველოს განათლების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის ¹959 ბრძანების მე-10 მუხლის მოთხოვნა, კერძოდ არ უცნობებია მისთვის პრეტენზიების არსებობის შესახებ, არ მოუთხოვია მისთვის ახსნა-განმარტებანი, არ შეხვედრია მას.

სააპელაციო პალატის მიერ გამოყენებული საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანების ზემოთ მითითებული ნორმა (რომელიც ამჟამად გაუქმებულია) ავალდებულებს სკოლას, დაუწესოს დამატებითი ვადა, როცა პედაგოგი არ ასრულებს გარკვეულ ვალდებულებას, ასევე ერთი კვირით ადრე წერილობით აცნობოს ხელშეკრულების მოშლის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო ადგენს, რომ მოსარჩელეს კონფლიქტური ურთიერთობა აქვს თანამშრომლებთან და სისტემატურად აყენებს მათ შეურაცხყოფას, გაყალბებული აქვს ოქმები და ამასთან, ც-ძის მიმართ არსებული პრეტენზიები განხილულია მისი თანდასწრებით საბჭოს სხდომაზე, შეუძლებელია გამოყენებულ იქნეს ზემოთ მითითებული ნორმა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად. უფრო მეტიც, აღნიშნული ნორმით არ შეიძლება შეიზღუდოს სკოლის დირექტორისათვის კანონით მინიჭებული უფლება- სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის შემთხვევაში გაათავისუფლოს მასწავლებელი დაკავებული თანამდებობიდან.

პალატა მიიჩნევს,რომ ამ თვალსაზრისით, გასაზიარებელია სკოლის საკასაციო საჩივრის საფუძვლები და იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ლ. ც-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

პალატა თვლის, რომ ლ. ც-ძე თანამდებობიდან განთავისუფლებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი სამსახურში აღდგენის საფუძველი. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია მისი დასაქმება ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის მასწავლებლის თანამდებობაზეც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეუძლებელია ლ. ც-ძის სარჩელის დაკმაყოფილება.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივი თვალსაზრისით, არასწორადაა დასაბუთებული, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება. ამასთან ვინაიდან, საჯარო სკოლას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 300 ლარი, ხოლო საადვოკატო მომსახურების 1400 ლარი, ამ თანხის გადახდა უნდა დაეკისროს ლ. ც-ძეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე

მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

ლ. ც-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ... ¹1 საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2010 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

ლ. ც-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

ლ. ც-ძეს დაეკისროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ... ¹1 სკოლის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი 1700 ლარი;

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.