ას-576-542-2010 26 ივლისი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ შპს “ს-ა”
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ შპს “ი-ი”
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინება
დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 5 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს “ს-ამ” მოპასუხე შპს “ი-ის” მიმართ ¹შს/08-198 ნასყიდობის ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის პირგასამტეხლოს სახით 54 142.40 ლარისა და ¹შს/08-358 ნასყიდობის ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის 7 192 ლარის დაკისრების მოთხოვნით (ტომი I, ს.ფ. 1-12).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით შპს “ს-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს “ი-ს” შპს “ს-ის” სასარგებლოდ 2008 წლის 2 მაისის ¹შს/08-198 ნასყიდობის ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს სახით გადასახდელად დაეკისრა 3 771.20 ლარი, ხოლო 2008 წლის 11 ივნისის ¹შს08-358 ნასყიდობის ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის _ 496 ლარი.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2008 წლის 2 მაისს შპს “საქრთველოს რკინიგზასა” და შპს “ი-ს” შორის გაფორმდა ¹შს/08-198 ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს “ი-მა” აიღო ვალდებულება 2008 წლის 2 ნოემბრამდე შპს “ს-ისათვის” მიეწოდებინა 932 800 ლარის ღირებულების 16 ავტომობილი;
შპს “ი-მა” შპს “ს-ას” არ მიაწოდა ¹შს/08-198 ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 16 ავტომანქანა;
2008 წლის 11 ივლისს შპს “ს-ასა” და შპს “ი-ს” შორის გაფორმდა ¹შს/08-358 ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს “ი-მა” აიღო ვალდებულება შპს “ს-ისათვის” 2008 წლის 2 ნოემბრამდე მიეწოდებინა 124 000 ლარის ღირებულების 2 ავტობუსი;
შპს “ი-მა” შპს “ს-ას” არ მიაწოდა ¹შს/08-358 ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2 ავტობუსი;
შპს “ს-ამ” პირგასამტეხლოს ამოღების მიზნით ¹შს/08-198 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოახდინა 46 600 ლარის დაკავება;
შპს “ს-ამ” პირგასამტეხლოს ამოღების მიზნით ¹შს/08-358 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოახდინა 6 200 ლარის დაკავება.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე შპს “ი-ის” მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ადგილი ჰქონდა ფორსმაჟორულ მდგომარეობას, რის გამოც მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საერთო პირობების 22-ე მუხლის საფუძველზე არ არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. ამასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქმეზე წარდგენილ შპს “ი-ის” 2008 წლის 12 და 18 სექტემბრის წერილებზე, სადაც მოპასუხე შპს “ს-ა” ითხოვს ხელშეკრულებების 22-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის საგნების მიწოდების ვადა გაუგრძელოს 30 ოქტომბრის ჩათვლით. შესაბამისად, შპს “ი-მა” ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უკიდურეს ვადად მიიჩნია 2008 წლის 3 ოქტომბერი. იმავე წერილებით ირკვევა, რომ მოპასუხეს უკვე გამონახული ჰქონდა ავტომანქანების ტრანსპორტირების ალტერნატიული გზა. სასამართლოს მოსაზრებით, ყოველივე ეს ადასტურებდა, რომ შპს “ი-ისათვის” არ არსებობდა ვალდებულებების შეუსრულებლობის ფორსმაჟორული მდგომარეობა.
საქალაქო სასამართლომ სადავო საკითხის გადასაწყვეტად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 317-ე, 477-ე მუხლები, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებზე და განმარტა, რომ პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის; ხელშეკრულებით მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტელო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს; სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულებების სპეციფიკური პირობების მე-8 მუხლის 8.1 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში ყოველი დაგვიანებული დღისათვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. საქალაქო სასამართლომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და იგი შეამცირა 0.05%-მდე. აღნიშნულის გათვალისწინებით პირგასამტეხლომ შეადგინა 50 371.20 ლარი.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, შპს “ს-ამ” პირგასამტეხლოს სახით შპს “ი-ს” დაუკავა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული 46 600 ლარი, რომელიც უნდა გამოკლებოდა 50 371.20 ლარს და შპს “ი-ს” შპს “ს-ის” სასარგებლოდ ¹შს-08-198 ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისათვის პირგასამტეხლოს სახით გადასახდელად უნდა დაკისრებოდა 3 771.20 ლარი. ანალოგიურად, შპს “ს-ამ” შპს “ი-ს” დაუკავა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული 6 200 ლარი, რომელიც უნდა გამოკლებოდა 6 696 ლარს და შპს “ი-ს” შპს “ს-ის” სასარგებლოდ ¹შს/08-358 ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს სახით გადასახდელად უნდა დაკისრებოდა 496 ლარი (ტომი I, ს.ფ. 127-132).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ს-ამ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს “ი-ისათვის” პირგასამტეხლოს სახით დამატებით 57 067.2 ლარის დაკისრება.
სააპელაციო საჩივრის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს თავისუფლად შეეძლოთ განესაზღვრათ პირგასამტეხლო, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენდა 0.1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაზედაც ხელშეკრულების მეორე მხარეს პრეტენზია არ გამუთქვამს. ასევე, შეთანხმებული პირგასამტეხლო არ აჭარბებდა შეუსრულებელი ხელშეკრულების ფასს და გარდა ამისა, იგი წარმოადგენდა ხელშეკრულების არსებით პირობას. მოპასუხეს პირგასამტეხლოს საკითხი სადავოდ არ გაუხდია არც ხელშეკრულების დარღვევის შემდგომ, რაც დასტურდება 2009 წლის 11 ავისტოს წერილით. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და უსაფუძვლოდ შეამცირა იგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენებით (ტომი I, ს.ფ.137-146).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინებით შპს “ს-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, განსახილველ შემთხვევაში, შეუსაბამოდ მაღალი იყო და ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას (ტომი II, ს.ფ. 29-36).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ს-ამ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორმა მიუთითა, რომ განჩინება გამოტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის დარღვევით, რადგან სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი, 319-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 418-ე მუხლი, რაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს. კასატორის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს თავისუფლად შეეძლოთ განესაზღვრათ პირგასამტეხლო, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენდა 0.1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაზედაც ხელშეკრულების მეორე მხარეს პრეტენზია არ გამოუთქვამს. ასევე, შეთანხმებული პირგასამტეხლო არ აჭარბებდა შეუსრულებელი ხელშეკრულების ფასს. გარდა ამისა, პირგასამტეხლო წარმოადგენდა ხელშეკრულების არსებით პირობას. მოპასუხეს პირგასამტეხლოს საკითხი სადაოდ არ გაუხდია არც ხელშეკრულების დარღვევის შემდგომ, რაც დასტურდება 2009 წლის 11 აგვისტოს წერილით. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენებით პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და, შესაბამისად, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა (ტომი II, ს.ფ. 41-48).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ს-ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ. გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, შპს “ს-ის” საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შპს “ს-ას” უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2 853.36 ლარი) 70% _ 1 997.352 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს “ს-ის” საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. შპს “ს-ას” დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2 853.36 ლარი) 70% _ 1 997.352 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.