ას-579-545-2010 19 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, ვ. როინიშვილი
სხდომის მდივანი _ ლ.სანიკიძე
კასატორი _ სს “ა. ბანკი” (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ გ.ყ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ბ. ბანკი” (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ კ.ა-შვილი, ა.ფ-შვილი, ნ.გ-უა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს “ა. ბანკმა” სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “ბ. ბანკის” მიმართ მოპასუხისათვის ზიანის _ 613 367,74 ლარისა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით წლიური 14%-ის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2003 წლის 3 დეკემბერს სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედმა არბიტრაჟმა განიხილა სს „ა. ბანკის“ საარბიტრაჟო პრეტენზია შპს „ნ.-ს“, გ. კ-ძის, კ. ხ-უასა და ბ. ხ-უას მიმართ. სს „ა. ბანკის“ საარბიტრაჟო პრეტენზია დაკმაყოფილდა და შპს „ნ.-ს“, გ. კ-ძეს, კ. ხ-უასა და ბ. ხ-უას პრეტენდენტ სს „ა. ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისრათ 400000 ლარის, ხოლო დამატებით 472561,54 ლარისა და 2008 წლის 7 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად 3490,25 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე 2008 წლის 5 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი და სააღსრულებო ბიუროში დაიწყო სააღსრულებო წარმოება. 2008 წლის 8 დეკემბერს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ს. ე-იამ წერილობით მიმართა სს „ბ. ბანკს“ და მოსთხოვა სს „ბ. ბანკში“ შპს „ნ.-ს“ ანგარიშის დაყადაღება, რაზეც სს „ბ. ბანკმა“ უარი განაცხადა. სს „ბ. ბანკი“ თავადაც წარმოადგენდა შპს „ნ.-ს“ კრედიტორს, რის გამოც სადავო ანგარიშზე ჩარიცხული თანხით მოთხოვნა თვითონ დაიკმაყოფილა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „ბ. ბანკმა“ თავისი განზრახი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით სს „ა. ბანკს“ მიაყენა ზიანი და მოსარჩელის მისაღები თანხის მისაკუთრებით უსაფუძვლოდ გამდიდრდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი მოტივებით: 2008 წლის 8 დეკემბერს აღმასრულებელ ს. ე-იას არ მიუღია გადაწყვეტილება ანგარიშის დაყადაღების შესახებ, მან სს „ბ. ბანკს“ მიმართა ანგარიშისთვის ყადაღის დადების მოთხოვნით, რისი უფლებაც არ ჰქონდა. საქართველოს კანონმდებლობით კომერციულ ბანკს არ აქვს სააღსრულებო მოქმედებების შესრულების უფლება. მას შეუძლია მხოლოდ თავის მონაცემთა ბაზაში აღრიცხოს აღმასრულებლის მიერ დადებული ყადაღა. სადავო ანგარიში არ იყო მოვალე შპს „ნ.-ს“ საკუთრება და ანგარიში ეკუთვნოდა სს „ბ. ბანკს“, შესაბამისად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლიდან გამომდინარე, აღმასრულებელს არ ჰქონდა ამ ანგარიშისთვის ყადაღის დადების უფლება. ამასთან, ყადაღის დადება არ განაპირობებს ანგარიშზე არსებული თანხის გადაცემას კრედიტორისათვის და იმ შემთხვევაშიც კი, თუ შპს „ნ.-ს“ ანგარიშს ყადაღა დაედებოდა, აღნიშნული ავტომატურად არ გამოიწვევდა სს „ა. ბანკის“ უპირატესად დაკმაყოფილებას და სხვა კრედიტორებსაც, მათ შორის, სს „ბ. ბანკს“ საშუალება ექნებოდათ იმავე გზით _ ანგარიშზე ყადაღის დადებით განეცხადებინათ თავისი უფლებები ანგარიშზე რიცხულ თანხასთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს ,,ა. ბანკის’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სს “ა. ბანკმა” გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 მარტის განჩინებით სს ,,ა. ბანკის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სამოქალაქო დავის განმხილველი მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2008 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს ,,ა. ბანკის’’ საარბიტრაჟო პრეტენზია დაკმაყოფილდა, შპს ,,ნ.-ს’’, გ. კ-ძეს, კ. ხ-უასა და ბ. ხ-უას დაეკისრათ სს ,,ა. ბანკის” სასარგებლოდ 400000 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით შპს ,,ნ.-ს’’ სს “ა. ბანკის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 472561,54 ლარისა და პირგასამხეტლოს სახით 3490,25 ლარის გადახდა ყოველდღიურად 2008 წლის 7 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაზედაც 2008 წლის 5 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. 2008 წლის 8 დეკემბერს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ს. ე-იამ წერილობით აცნობა სს ,,ბ. ბანკს’’, რათა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის და მე-5 პუნქტის ,,ა.ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად სს ,,ბ. ბანკს’’ ყადაღა დაედო შპს ,,ნ.-ს’’ ¹... ანგარიშზე აღმასრულებლის განკარგულებამდე.
აღნიშნული წერილის საპასუხოდ 2008 წლის 9 დეკემბერს სს ,,ბ. ბანკმა’’ აღმასრულებელს აცნობა, რომ ¹... იყო ესქროუ ანგარიში, რომელიც, შპს ,,ნ.-სა’’ და სს ,,ბ. ბანკს’’ შორის დადებული ესქროუ ხელშეკრულების მიხედვით, ეკუთვნოდა სს ,,ბ. ბანკს’’ და არა შპს ,,ნ.-ს’’, რის გამოც ბანკმა მიიჩნია, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონი აღმასრულებელს არ აძლევდა უფლებას, ყადაღა დაედო სს ,,ბ. ბანკის’’ კუთვნილ ესქროუ ანგარიშზე, რის გამოც სააღსრულებო ფურცელი აღმასრულებელს უკან დაუბრუნა.
შპს ,,ნ.-ს’’ ანგარიში ჰქონდა გახსნილი სს ,,ბ. ბანკში’’ და ეს უკანასკნელი ასევე იყო შპს ,,ნ.-ს’’ კრედიტორი. სს ,,ბ. ბანკის’’ ¹... ანგარიშიდან ამონაწერის მიხედვით, 2008 წლის 8 დეკემბერს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აღნიშნულ ანგარიშზე ჩარიცხა 613367,74 ლარი. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოება დადგინდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოთხოვილი 2008 წლის 5 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნებით. სს ,,ბ. ბანკსა’’ და შპს ,,ნ.-ს’’ შორის ესქროუ ანგარიშით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება გაფორმებულია 2008 წლის 27 ნოემბერს, ანუ იმ დღეს, რომლითაც დათარიღებულია ხელშეკრულება. ანგარიში გახსნილია 2008 წლის 27 ნოემბერს, ამავე რიცხვით დათარიღებული ხელშეკრულების საფუძველზე.
სს ,,ბ. ბანკსა’’ და შპს ,,ნ.-ს’’ შორის 2008 წლის 27 ნოემბერს გაფორმდა ესქროუ ანგარიშით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, 2007-2008 წლებში ბანკთან დადებული საბანკო კრედიტის 15 ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ნ.-ს’’ დავალიანება სს ,,ბ. ბანკის’’ მიმართ შეადგენდა 9706476 აშშ დოლარს და აღნიშნული დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფისა და ბანკის მიერ შპს ,,ნ.-სათვის’’ მომავალში მიცემული კრედიტებისა და საბანკო გარანტიების მომსახურების მიზნით სს ,,ბ. ბანკი’’ გახსნიდა ესქროუ ანგარიშს ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან ორ დღეში, რომელიც არ იქნებოდა მსესხებლის ანგარიში. ესქროუ ანგარიშზე ჩარიცხული თანხები არ ჩაითვლებოდა შპს ,,ნ.-ს’’ საკუთრებად და ბანკის მიერ გამოყენებული იქნებოდა შპს ,,ნ.-ს’’ დავალიანების დასაფარად, ხოლო ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სანაცვლოდ შპს ,,ნ.’’ სს ,,ბ. ბანკს’’ გადაუხდიდა თვეში 1 000 ლარს.
ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 4.2.1 პუნქტის მიხედვით, შპს ,,ნ.-მ’’ ვალდებულება იკისრა, ხელშეკრულების ხელმოწერიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა წერილობით დაევალდებულებინა მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი პირები, რომ მათ შპს ,,ნ.-სათვის’’ გადასახდელი თანხები ჩაერიცხათ ამ ხელშეკრულების საფუძველზე გახსნილ ესქროუ ანგარიშზე.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ იმ ფაქტობრივი გარემოების არასწორად დადგენის შესახებ, რომ სს ,,ბ. ბანკსა’’ და შპს ,,ნ.-ს’’ შორის 2008 წლის 27 ნოემბერს დადებული ესქროუ ანგარიშით მომსახურების ხელშეკრულება გაფორმებულია 2008 წლის 27 ნოემბერს.
პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შესძლო თავისი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ წარადგინა. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ სს ,,ბ. ბანკსა” და შპს ,,ნ.-ს’’ შორის ესქროუ ანგარიშით მომსახურების ხელშეკრულება გაფორმებულია 2008 წლის 27 ნოემბერს. აღნიშნულის გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.
პალატამ ასევე დაუსაბუთებელად ჩათვალა აპელანტის პოზიცია, რომ ¹... ანგარიში არ არის 2008 წლის 27 ნოემბერს გახსნილი და იგი არ წარმოადგენს სს ,,ბ. ბანკის’’ შიდა საბანკო ანგარიშს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დგინდება აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებასთან _ ¹10487 და ¹10486 საგადახდო მოთხოვნებთან მიმართებით. აპელანტის განმარტებით, აღნიშნული მტკიცებულებით დასტურდება, რომ ¹... ანგარიში წარმოადგენდა შპს “ნ.-ს” და არა სს ,,ბ. ბანკის’’ შიდა საბანკო ანგარიშს.
საქმეში წარმოდგენილი 2008 წლის 27 ნოემბრის ესქროუ ანგარიშით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 2.1, 4.2.1. პუნქტების შესაბამისად და ხელშეკრულების აღნიშნული პირობების შეფასების შედეგად პალატამ მიიჩნია, რომ შპს ,,ნ.-მ’’ შეასრულა 4.2.1. პუნქტით ნაკისრი ვალდებულება და მუნიციპალური განვითარების ფონდს აცნობა ზემოაღნიშნული ანგარიშის თაობაზე. შესაბამისად, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ამ ანგარიშზე თანხის ჩამორიცხვა და საგადახდო მოთხოვნაში შპს ,,ნ.-ს’’ მითითება, სასამართლოს მოსაზრებით, თავისთავად არ Nადასტურებს, რომ სადავო ანგარიში შპს ,,ნ.-ს’’ ეკუთვნოდა.
რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა მხარეთა შორის გაფორმებული ესქროუ ხელშეკრულება, პალატამ დაასკვნა, რომ სამოქალაქო სამართლით განმტკიცებულია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი და ნების ავტონომია. მოცემულ შემთხვევაში, შპს “ნ.-ს” მიერ აღნიშნული ხელშეკრულებით აღიარებულ იქნა სს “ბ. ბანკის” წინაშე არსებული დავალიანება და მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნული დავალიანების დაფარვის წესზე. აღნიშნული ხელშეკრულება არ არის კანონსაწინააღმდეგო. სადავო გარიგების ესქროუ ხელშეკრულების კლასიკური მოთხოვნებისადმი შეუსაბამობა მისი ბათილობის საფუძვლად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან ხელშეკრულება დადებულია მხარეების ურთიერთთანმხვედრი, საერთო მიზნისაკენ მიმართული ნების გამოხატვის შედეგად. პალატამ აქვე აღნიშნა, რომ მოსარჩელეს აღნიშნული ხელშეკრულების ბათილობა არ მოუთხოვია, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული ხელშეკრულება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დამდგენ ერთ-ერთ მტკიცებულებად სწორად შეაფასა.
პალატა არ დაეთანხმა აპელანტის მითითებას, რომ სს “ბ. ბანკის” მიერ ხელშეკრულება შექმნილია ვალდებულების _ აღმასრულებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გასამართლებლად, რადგან 2008 წლის 27 ნოემბრის ესქროუ ანგარიშით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით შპს “ნ.-მ” აღიარა სს “ბ. ბანკის” წინაშე არსებული დავალიანება, მხარეები შეთანხმდნენ მისი დაფარვის წესზე, აღნიშნული ხელშეკრულება კი ბათილად ცნობილი არ არის და იგი წინ უსწრებს სს ,,ა. ბანკის’’ სასარგებლოდ შპს “ნ.-ს” წინააღმდეგ 2008 წლის 5 დეკემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელს.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით და განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების მოვალეობა წარმოიშობა ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობების არსებობისას, კერძოდ, თუ დგინდება ზიანის ფაქტი, იგი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას და თუნდაც ერთ-ერთი მათგანის არარსებობა გამორიცხავს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს “ა. ბანკის” წარმომადგენელმა გ. ყ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სათანადოდ არ შეაფასა კასატორის განმარტება სადავო ესქროუ ხელშეკრულების დადების მიზანთან დაკავშირებით. სასამართლოს სადავო ხელშეკრულება უნდა განეხილა სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში. იგი აღმასრულებლის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გზით უკანონოდ სხვისი მისაღები თანხების დაუფლებას ემსახურებოდა.
სააპელაციო პალატას საერთოდ არ უმსჯელია და არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, მიიღო თუ არა სს „ბ. ბანკმა“ აღმასრულებლის მიწერილობა შპს „ნ.-ს“ ანგარიშზე ყადაღის დადების თაობაზე, შეასრულა და უნდა შეესრულებინა თუ არა „თიბისმა ბანკმა“ აღმასრულებლის სავალდებულო მოთხოვნა.
სწორედ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება და მისი სწორი სამართლებრივი შეფასება წარმოადგენდა სარჩელის ერთ-ერთ ძირითად საფუძველს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით ცალსახად დასტურდება როგორც აღმასრულებლის სავალდებულო მოთხოვნის სს „ბ. ბანკისთვის“ წარდგენის ფაქტი, ასევე სს „ბ. ბანკის“ მიერ სრულიად არაარგუმენტირებული და უკანონო წერილობითი უარი კანონით სავალდებულო მოთხოვნის შესრულებაზე. სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა როგორც სს “ბ. ბანკის” უსაფუძვლო გამდიდრების, ასევე ზიანის სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად ანაზღაურების საკითხები, როდესაც მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დგინდება ზიანის ანაზღაურებისთვის სავალდებულო და აუცილებელი იურიდიული შემადგენლობა. სადავო ურთიერთობა უკავშირდება არასახელშეკრულებო ზიანს, რომელიც წარმოიქნება უშუალოდ სამართალდარღვევით.
სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ არსებობს ზიანი – საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა, რომელიც განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენს შპს „ნ.-ს“ – მოვალის ანგარიშზე ჩარიცხულ მიუღებელ თანხას – 613 367,74 ლარს. ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, კერძოდ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მიხედვით, სს „ბ. ბანკი“ ვალდებული იყო, შეესრულებინა აღმასრულებლის ნებისმიერი მოთხოვნა, რაც მან განზრახ არ განახორციელა. მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. აღმასრულების კანონიერი მოთხოვნა სს „ბ. ბანკმა“ არ შეასრულა ერთადერთი მიზნით _ როგორც კრედიტორს თავად მიეღო აღნიშნული თანხა მოვალე შპს „ნ.-საგან“, რაც განახორციელა კიდეც. ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი – სს „ბ. ბანკის“ ქმედება გახლდათ ბრალეული, რადგან მხარემ იცოდა, რომ აღმასრულების მოთხოვნა სავალდებულო იყო შესასრულებლად.
ასევე დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ კასატორს სადავო ესქროუ ხელშეკრულების ბათილობა არ მოუთხოვია. სასამართლოს არ დაუსაბუთებია, თუ რა დაბრკოლებას წარმოადგენდა ამ ხელშეკრულების არსებობა იმ გარემოებათა სრულყოფილ გამოკვლევასა და გაზიარებაში, რომელიც სააპელაციო საჩივარში იყო მითითებული.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 166-ე ბრძანების თანახმად, საგადახდო საბუთებში სხვა რეკვიზიტებთან ერთად მიეთითება თანხის მიმღების დასახელება, ანგარიში და გადახდის დანიშნულება. ამდენად, მოპასუხის მოსაზრების გაზიარებისას სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ შპს „ნ.-სთვის“ განკუთვნილ თანხებს რიცხავდა მისთვის უცნობი პირის ანგარიშზე ან საგადახდო დავალებებში, რომლითაც ის ანგარიშსწორებას ახდენდა შპს „ნ.-სთან“, თანხის მიმღებად მითითებული უნდა ყოფილიყო სს „ბ. ბანკი“ და არა შპს „ნ.“, რისთვისაც უნდა არსებობდეს სულ ცოტა სამმხრივი ხელშეკრულება სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდს“, შპს „ნ.-სა“ და სს „ბ. ბანკს“ შორის.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებამდე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:
1. სს „ა. ბანკი“ აცხადებს უპირობო და გამოუთხოვად უარს მის ყველა სასარჩელო მოთხოვნაზე სს „ბ. ბანკის“ მიმართ და სამუდამოდ ათავისუფლებს სს „ბ. ბანკს“ განსახილველ დავასთან დაკავშირებული ნებისმიერი და ყველა პრეტენზიისა და მოთხოვნისაგან;
2. სს „ა. ბანკი“ დებს პირობას, რომ არასოდეს მიმართავს სასამართლოს ან რომელიმე ორგანოს ამ აქტის პირველ პუნქტში მითითებულ დავასთან ან მის რომელიმე გარემოებასთან დაკავშირებული განცხადებით, საჩივრით ან სხვა ნებისმიერი სახის დოკუმენტით;
3. ამ მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებიდან არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა სს „ბ. ბანკი“ სს „ა. ბანკს“ გადაუხდის 100 000 (ასი ათასი) ლარს, რითაც დაადასტურებს დავის ერთხელ და სამუდამოდ მშვიდობიანად დასრულების ნებას კოლეგიალობის პრინციპებიდან გამომდინარე;
4. ამ აქტის მე-2 პუნქტით დადებული პირობის დარღვევის შემთხვევაში სს „ა. ბანკი“ ვალდებული იქნება, სს „ბ. ბანკის“ მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა სრულად დაუბრუნოს სს “ბ. ბანკს” ამ უკანასკნელის მიერ ამ აქტის მე-3 პუნქტის საფუძველზე გადახდილი თანხა და დამატებით გადაუხადოს პირგასამტეხლო 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით;
5. ამ მორიგების აქტის ხელმოწერით სს „ა. ბანკი“ ადასტურებს, რომ ის წარმოადგენს ერთადერთ და კანონიერ მესაკუთრეს ყველა იმ პრეტენზიისა და მოთხოვნისა, რომელიც გამომდინარეობს სარჩელიდან და სარჩელში აღწერილი გარემოებებიდან და, რომ მისი მოთხოვნების არც ერთი ნაწილი არ არის რაიმე ფორმით გადაცემული და არასოდეს გადაეცემა რომელიმე მესამე პირს, მათ შორის, უფლებამონაცვლეობის შედეგად ან კანონის ძალით და, რომ არ არსებობს არავითარი მესამე პირი, რომელმაც შეიძლება წარადგინოს რაიმე სახის პირდაპირ ან არაპირდაპირ წარმოშობილი მოთხოვნა ან პრეტენზია სს „ა. ბანკის“ სარჩელში, სააპელაციო საჩივარში ან\და საკასაციო საჩივარში მითითებულ რომელიმე, რამდენიმე ან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით;
6. იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტში მოცემული განცხადებები აღმოჩნდება არასწორი ან\და სს „ა. ბანკი“ დაარღვევს ამ მორიგების რომელიმე პირობას, სს „ა. ბანკი“ ვალდებული იქნება, აუნაზღაუროს სს „ბ. ბანკს“ ამით გამოწვეული ზიანი.
მხარეთათვის ცნობილია, რომ ამ მორიგების აქტის დამტკიცებას შედეგად მოჰყვება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საქმის წარმოების საბოლოო და შეუქცევადი შეწყვეტა შესაბამისი განჩინებით. მხარეები ასევე ადასტურებენ, რომ მათთვის ცნობილია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.
მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.
მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს “ა. ბანკს” სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2010 წლის 25 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 8000 ლარი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა მორიგების აქტი წარმოადგინეს საკასაციო სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყებამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს მორიგება სს “ა. ბანკსა” და სს “ბ. ბანკს” შორის შემდეგი პირობებით:
1. სს „ა. ბანკი“ აცხადებს უპირობო და გამოუთხოვად უარს მის ყველა სასარჩელო მოთხოვნაზე სს „ბ. ბანკის“ მიმართ და სამუდამოდ ათავისუფლებს სს „ბ. ბანკს“ განსახილველ დავასთან დაკავშირებული ნებისმიერი და ყველა პრეტენზიისა და მოთხოვნისაგან;
2. სს „ა. ბანკი“ დებს პირობას, რომ არასოდეს მიმართავს სასამართლოს ან რომელიმე ორგანოს ამ აქტის პირველ პუნქტში მითითებულ დავასთან ან მის რომელიმე გარემოებასთან დაკავშირებული განცხადებით, საჩივრით ან სხვა ნებისმიერი სახის დოკუმენტით;
3. ამ მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებიდან არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა სს „ბ. ბანკი“ სს „ა. ბანკს“ გადაუხდის 100 000 (ასი ათასი) ლარს, რითაც დაადასტურებს დავის ერთხელ და სამუდამოდ მშვიდობიანად დასრულების ნებას კოლეგიალობის პრინციპებიდან გამომდინარე;
4. ამ აქტის მე-2 პუნქტით დადებული პირობის დარღვევის შემთხვევაში სს „ა. ბანკი“ ვალდებული იქნება, სს „ბ. ბანკის“ მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა სრულად დაუბრუნოს სს “ბ. ბანკს” ამ უკანასკნელის მიერ ამ აქტის მე-3 პუნქტის საფუძველზე გადახდილი თანხა და დამატებით გადაუხადოს პირგასამტეხლო 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით;
5. ამ მორიგების აქტის ხელმოწერით სს „ა. ბანკი“ ადასტურებს, რომ ის წარმოადგენს ერთადერთ და კანონიერ მესაკუთრეს ყველა იმ პრეტენზიისა და მოთხოვნისა, რომელიც გამომდინარეობს სარჩელიდან და სარჩელში აღწერილი გარემოებებიდან და, რომ მისი მოთხოვნების არც ერთი ნაწილი არ არის რაიმე ფორმით გადაცემული და არასოდეს გადაეცემა რომელიმე მესამე პირს, მათ შორის, უფლებამონაცვლეობის შედეგად ან კანონის ძალით და, რომ არ არსებობს არავითარი მესამე პირი, რომელმაც შეიძლება წარადგინოს რაიმე სახის პირდაპირ ან არაპირდაპირ წარმოშობილი მოთხოვნა ან პრეტენზია სს „ა. ბანკის“ სარჩელში, სააპელაციო საჩივარში ან\და საკასაციო საჩივარში მითითებულ რომელიმე, რამდენიმე ან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით;
6. იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტში მოცემული განცხადებები აღმოჩნდება არასწორი ან\და სს „ა. ბანკი“ დაარღვევს ამ მორიგების რომელიმე პირობას, სს „ა. ბანკი“ ვალდებული იქნება, აუნაზღაუროს სს „ბ. ბანკს“ ამით გამოწვეული ზიანი.
შეწყდეს სამოქალაქო საქმის წარმოება სს “ა. ბანკის” სარჩელის გამო სს “ბ. ბანკის” მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.
სს “ა. ბანკს” დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 8000 ლარის ოდენობით.
განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.