¹ას-579-547-11 16 ივნისი, 2011 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – მ. სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა დ. ე-უას, თ. ჩ-შვილის უფლებამონაცვლე მ. მ-შვილის წარმომადგენლის ე. თ-რის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ ნ. ტ-ვას სარჩელის გამო მოპასუხე დ. ე-უას და თ. ჩ-შვილის მიმართ სამკვიდრო ქონების ნაწილის მესაკუთრედ ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ დ. ე-უას, თ. ჩ-შვილის უფლებამონაცვლე მ. მ-შვილის წარმომადგენლის ე. თ-რის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინებით კასატორებს დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში, სარწმუნოდ დაადასტურონ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება, წარმოადგინონ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედანი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით შედგენილი საკასაციო საჩივრის ასლი და ე. თ-რის ადვოკატის მოწმობის ასლი.
2011 წლის 20 მაისს კასატორების წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.
2011 წლის 30 მაისის განჩინებით კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორების წარმომადგენელს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2011 წლის 1 ივნისს (ს.ფ. 130). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა ამა წლის 6 ივნისს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორების მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
2011 წლის 7 ივნისს კასატორების წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას, რასაც დაურთო აუდიტის დასკვა, საკასაციო საჩივარი და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი. კასატორების წარმომადეგენელმა განცხადებაში აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ელ.ფოსტის მეშვეობით ინფო@სუპრემეცოურტ.გე ამა წლის 6 ივნისს გამოაგზავნა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო საჩივართან ერთად და განმარტა, რომ ქაღალდის ვერსიას წარმოადგენდა 2011 წლის 7 ივნისს. საკასაციო პალატა გაეცნო კასატორების წარმომადგენლის განცხადებას და მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მის მიერ ზემოაღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კასატორებს ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადა ამოეწურათ 2011 წლის 6 ივნისს, ხოლო მათ მიერ ხარვეზი გამოსწორებულ იქნა მიმდინარე წლის 7 ივნისს, ანუ სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ. ე-უას, თ. ჩ-შვილის უფლებამონაცვლე მ. მ-შვილის წარმომადგენლის ე. თ-რის მიერ საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტი განუხილველი უნდა დარჩეს.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 285-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ე-უას, თ. ჩ-შვილის უფლებამონაცვლე მ. მ-შვილის წარმომადგენლის ე. თ-რის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.