¹ას-582-550-2011 20 ივნისი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს «მ. ჯ-ა» (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ჯ. ე-ა» (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ გადაზიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს «ჯ. ე-ამ» სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «მ. ჯ-ის» მიმართ ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო _ ავტომანქანებისა და კონტეინერების მოცდენისათვის პირგასამტეხლოს _ 1443.66 აშშ დოლარის გადახდის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
2010 წლის 22 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება გადაზიდვებისა და ტვირთებთან დაკავშირებული სხვა მომსახურების ორგანიზებაზე. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ შპს «მ. ჯ-ის» დაკვეთით განახორციელა მოპასუხის 5 ერთეული 20-ფუტიანი კონტეინერის ტრანსპორტირება ფოთი-ბაქოს მიმართულებით და ტვირთი დანიშნულების ადგილზე მიიტანა 20 თებერვალს. ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე ვალდებული იყო, ტვირთის ადგილზე მიტანიდან 48 საათში დაეცალა კონტეინერები უკან ტრანსპორტირებისათვის. შპს «მ. ჯ-მა» კონტეინერები გაათავისუფლა 2010 წლის 4 მარტს, რის გამოც მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 11-დღიანი მოცდენის გამო 5962 აშშ დოლარი, მოპასუხემ ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, თუმცა გადასახდელი დარჩა 1140.85 აშშ დოლარი, რასაც არ აღიარებს იმ მოტივით, რომ 20 და 21 თებერვალი არასამუშაო დღეები იყო საბაჟოსათვის და ტვირთის გადმოტვირთვა ვერ განხორციელდებოდა, რის გამოც ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 24 თებერვლიდან.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების დაცლა არ არის დამოკიდებული სამუშაო ან არასამუშაო დღეებზე, საზღვაო ხაზებისა და ავტომანქანების მფლობელის მიერ მოცდენის ღირებულება დაირიცხება იმის მიუხედავად მოცდენა სამუშაო თუ არასამუშაო დღეს მოხდა, ამასთან, კონტეინერის ტრანსპორტირება დაიწყო მოპასუხესთან შეთანხმებით და მისთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ ტვირთის ადგილზე მიტანა დაემთხვეოდა არასამუშაო დღეებს _ შაბათ-კვირას.
მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 2.5 პუნქტის თანახმად, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზვრება 0.07%-ით, რის გამოც მოპასუხის დავალიანება 2010 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 308.81 აშშ დოლარია.
მოსარჩელემ მისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361-ე და 417-ე მუხლებზე, ასევე 2010 წლის 22 იანვრის ხელშეკრულებაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულების 3.1.1 პუნქტის დანაწესი ავალდებულებდა მოსარჩელეს ტვირთის გადაზიდვის საორგანიზაციო საკითხების მოგვარებასაც და გადამზიდავი ვალდებული იყო, გაეთვალისწინებინა ტვირთის ადგილზე მიტანის დრო. მოპასუხის მითითებით, როგორც საერთაშორისო კანონმდებლობა, ისე საქართველოს კანონმდებლობა არასამუშაო დღეებად მიიჩნევს შაბათსა და კვირას და, 2010 წლის 30 სექტემბრის ხელშეკრულების 4.3 პუნქტის თანახმად, განუბაჟებელი ტვირთის დაცლის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო ოთხშაბათიდან, რადგანაც ორშაბათი და სამშაბათი თავისუფალი დღეებია. მოპასუხის მითითებით, დასვენების დღეებში საბაჟო პროცედურები არც ერთ ტერმინალზე, მათ შორის არც ქ.ბაქოს საბაჟო ტერმინალზე ხორციელდება, რაც გამორიცხავდა ტვირთის გადმოტვირთვის შესაძლებლობას, ამასთან, მოპასუხეს მოცდენის პერიოდისათვის გადახდილი აქვს 11371.15 აშშ დოლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს «ჯ. ე-ას” სარჩელი მოპასუხე შპს «მ. ჯ-ის» მიმართ თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს «ჯ. ე-ას» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს «ჯ. ე-ას» სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს «მ. ჯ-ს» შპს «ჯ. ე-ას» სასარგებლოდ დაეკისრა 1443,66 აშშ დოლარის გადახდა შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 22 იანვარს შპს «ჯ. ე-სა» და შპს «მ. ჯ-ს» შორის დაიდო გადაზიდვისა და ტვირთებთან დაკავშირებული სხვა მომსახურების ორგანიზების შესახებ ხელშეკრულება, რომლის 1.1 პუნქტის თანახმად, შპს «ჯ. ე-ამ» იკისრა ვალდებულება მოპასუხისათვის, დაკვეთის შესაბამისად, გაეწია ტვირთის გადაზიდვასთან, დასაწყობებასთან ან/და საბაჟო ორგანიზებასთან დაკავშირებული პერიოდული მომსახურება, თავის მხრივ შემკვეთი (მოპასუხე) ვალდებული იყო, გადაეხადა შემსრულებლისათვის შესაბამისი საზღაური, ჩაებარებინა ტვირთი დანიშნულების ადგილას. ხელშეკრულების 4.3 პუნქტის მიხედვით მოპასუხე ასევე ვალდებული იყო ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა შეესრულებინა განბაჟებული ტვირთის შემთხვევაში _ 24 საათის, ხოლო განუბაჟებელი ტვირთის შემთხვევაში _ 48 საათის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემკვეთი ვალდებული იყო გადაეხადა შემსრულებლისათვის მოცდენის ხარჯი 100 (ასი) აშშ დოლარის ოდენობით ყოველ შემდგომ 24 საათზე. ყოველი არასრული დღე იანგარიშებოდა, როგორც სრული დღე, ხელშეკრულების 3.1 პუნქტის მიხედვით, შემსრულებელი ვალდებული იყო უზრუნველყო მომსახურების გაწევა, ასეთი მომსახურებისათვის საჭირო გონივრულ ვადაში, თუ მხარეთა შორის სხვა ვადა არ იქნებოდა შეთანხმებული, ხოლო, 2.2 პუნქტის თანახმად, შემკვეთი ვალდებული იყო, მომსახურების ღირებულება გადაეხადა შემსრულებლისათვის, მის მიერ შესაბამისი ინვოისის წარდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
ხელშეკრულების 2.5 პუნქტის თანახმად, 2.2 პუნქტით განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის შემსრულებელი უფლებამოსილი იყო შემკვეთისათვის დაეკისრებინა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოსარჩელემ განახორციელა ხუთი ერთეული 20-ფუთიანი კონტეინერის ტრანსპორტირება ფოთი-ბაქოს მიმართულებით. კონტეინერები დანიშნულების ადგილზე მიტანილ იქნა 2010 წლის 20 თებერვალს და ტვირთი იყო განუბაჟებელი. მოპასუხემ ტვირთი გადმოტვირთა 2010 წლის 4 მარტს, ე.ი ტვირთის მიტანიდან მე-13 დღეს და აანაზღაურა 9 დღის მოცდენის ხარჯი, თუმცა, ვინაიდან, ტვირთის ჩატანა მოხდა 2010 წლის 20 თებერვალს _ შაბათს, ანუ არასამუშაო დღეს, მან უარი განაცხადა 2 დღის მოცდენის ხარჯის ანაზღაურებაზე.
სააპელაციო პალატამ მიუთია სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლზე და განმარტა, რომ მხარეთა მიერ დადგენილ იქნა ურთიერთობის ზოგადი პირობები, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების გათავისუფლების ვადა, რომელიც განსაზღვრულ იქნა საათებით: განბაჟებული ტვირთის შემთხვევაში – 24, ხოლო, განუბაჟებელი ტვირთის შემთხვევაში _ 48 საათის ვადით. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის მიხედვით, შემსრულებელი ვალდებული იყო, უზრუნველეყო მომსახურების გაწევა, ასეთი მომსახურებისათვის საჭირო გონივრულ ვადაში, თუ მხარეთა შორის სხვა ვადა არ იქნებოდა შეთანხმებული. პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მხარეთა შორის მომსახურების გაწევის სხვა ვადაზე შეთანხმება, ხოლო მოსარჩელემ განახორციელა ხუთი ერთეული 20-ფუთიანი კონტეინერის ტრანსპორტირება ფოთი-ბაქოს მიმართულებით. კონტეინერები დანიშნულების ადგილზე მიიტანა 2010 წლის 20 თებერვალს და ტვირთი იყო განუბაჟებელი.
სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 121-ე და 127-ე მუხლების თანახმად, მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ, ვინაიდან ტვირთის ჩატანა მოხდა 2010 წლის 20 თებერვალს _ შაბათს, ანუ არასამუშაო დღეს, სამოქალაქო კოდექსის 127-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს ტვირთის გადმოტვირთვის ანუ ქმედების განხორციელების ვალდებულება წარმოეშვა მომდევნო სამუშაო დღეს _ 2010 წლის 22 თებერვალს.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მოქმედების შესრულების ადგილზე შაბათი და კვირა დღე ითვლებოდა არასამუშაო დღედ, ხოლო, სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 316-ე და 417-ე მუხლების თანახმად, მოპახუხე შპს «მ. ჯ-ი» ვალდებული იყო, მოსარჩელე შპს «ჯ. ე-თვის” აენაზღაურებინა მოცდენის ხარჯი და პირგასამტეხლო სულ _ 1443,66 აშშ დოლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «მმ მილიცერ და მიუნხ ჯორჯიენმა», მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მულხით, ვინაიდან მოწინაარმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ შაბათი და კვირა დასვენების დღეებია ვალდებულების შესრულების ადგილზე, ამასთან ამ ნორმის გამოყენება დაიშვება მაშინ, როდესაც მხარე სადავოდ ხდის ამა თუ იმ გარემოებას და კანონი ამ გარემოების დასამტკიცებლად ითვალისწინებს სპეციალურ მტკიცებულებას.
სასამართლომ არ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლით და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტად არ მიიჩნია, რომ შაბათი და კვირა მსოფლიოს მასშტაბით წარმოადგენს დასვენების დღეებს საბაჟო ტერმინალებზე. ქ.ბაქოს საბაჟო ტერმინალი სახელმწიფო დაწესებულებაა და აქვს შესაბამისი სამუშაო რეჟიმი.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის დებულების დარღვევით, პალატამ სათანადოდ არ უზრუნველყო კერძო სამართლის სუბიექტთა დარღვეული უფლების სათანადოდ დაცვა.
სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, რადგანაც დავა შეეხებოდა იმ ფაქტს, იყო თუ არა შაბათი და კვირა დასვენების დღეები ქ.ბაქოს საბაჟო ტერმინალზე, მოწინააღმდეგე მხარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, ფაქტობრივად აღიარებდა აღნიშნულს, თუმცა სასამართლომ მტკიცების ტვირთი არასწორად დააკისრა აპელანტს. სადავო გარემოების სწორად დადგენის შემთხვევაში, შპს «მ. ჯ-ი» წარადგენდა მისი მოთხოვნის დამადასტურებელ მტკიცებულებას ან სასამართლო წესით გამოითხოვდა მას. ის ფაქტი, რომ შაბათი და კვირა ნამდვილად დასვენების დღეებია ქ.ბაქოს საბაჟო ტერმინალზე ცნობილია მოწინააღმდეგე მხარისთვისაც, რაც დასტურდება საქმის მასა;ლებით, ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად სწორედ ზემოაღნიშნულ გარემოებას მიუთითებდა, ის თავადვე იყო ვალდებული დაედასტურებინა მითითებული გარემოება, ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი.
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამეოყენებინა, ამასთან არასწორად განმარტა კანონი, რადგანაც მხარეები თავადვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები, ამდენად, მოწინააღმდეგე მხარის მიერ შაბათისა და კვირის დასვენებად არმიჩნევის საკითხის სადავოდ გახდომის შემთხვევაში, ის აუცილებლად წარუდგენდა სასამართლოს მისი მოთხოვნის დამადასტურებელ მტკიცებულებას. კასატორის განმარტებით, სასამართლომ დაარღვია სამართლის ნორმები, რაც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის ხელშეწყობას არ ემსახურება. სასამართლო ვალდებული იყო ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 339-ე მუხლის დებულებით, რომელიც ადგენს დამკვიდრებული სავაჭრო ჩვეულებებისა და ტრადიციების გამოყენებას ხელშეკრულების მხარეთა შორის.
დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, არასამუშაო დღეებში იძულებითი მოცდენის ანაზღაურება არ ხდება, ამასთან, შპს «მ. ჯ-ს» ასეთი მოცდენისას არასოდეს გადაუხდია თანხა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში საფუძველი გახდა მიოწინააღმდეგე მხარის მიერ მოთხოვნილი მოცდენის 11 დღის საზღაურიდან 2 დღის საზღაურის გადაუხდელობისა.
კასატორმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 121-ე და 127-ე მუხლებზე და განმარტა, რომ, ვინაიდან ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანა მოხდა შაბათს, _ არასამუშაო დღეს, ვალდებულების შესრულების ვადის დენა დაიწყო პირველ სამუშაო დღეს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულებით დადგენილია გადმოტვირთვისათვის 48 საათი, მოცდენის დღეების ათვლა უნდა დაწყებულიყო 24 თებერვლიდან.
კასატორმა ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლის დებულებაზე და განმარტა, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულოა მისი სუბიექტებისათვის, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შემთხვევაში დაირღვევა საერთაშორისო გადაზიდვის პრაქტიკაში არსებული წესები და მოხდება ამ წესებისაგან განსხვავებული არასწორი პრაქტიკის დანერგვა.
სააპელაციო სასამართლოს არ უნდა ემსჯელა აპელანტის იმ პრეტენზიაზე, რომლითაც იგი სადავოდ ხდიდა შაბათისა და კვირის არასამუშაო დღეებად მიჩნევას, რადგანაც სარჩელით აღნიშნული სადავო არ გამხდარა, სააპელაციო სასამართლოც ვალდებული იყო ახალ ფაქტზე მითითება არ გაეზიარებინა.
სასამართლოს დასკვნა ხელშეკრულბაში მითითებული შესრულების ვადების თაობაზე არასწორია, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რადგანაც ხელშეკრულება არ აკონკრეტებს სამუშაო თუ კალენდარულ დღეებზეა გაწერილი ვალდებულების შესრულება, ივარაუდება, რომ ხელშეკრულებაში მოიაზრება სამუშაო დღეები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მაისის განჩინებით შპს «მ. ჯ-ის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს «მ. ჯ-ის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს «მ. ჯ-ის» საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს «მ. ჯ-ს» უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «მ. ჯ-ის» საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ «მ. ჯ-ს» (საიდენტიფიკაციო ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹..., სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹..., საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹..., დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან _ 210 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.