Facebook Twitter

¹ას-584-552-2011 2 ივნისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს «ს. რ-ა» (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ბ. გ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატი 2011 წლის 8 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. გ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ს. რ-ის» მიმართ და მოითხოვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელის განმარტებით, 1987 წლის ოქტომბერში მან მიიღო საწარმოო ტრავმა და მიენიჭა მე-2 ჯგუფის ინვალიდის სტატუსი. 1990 წლიდან მისთვის ზიანის ანაზღაურება წარმოებდა 100%-ით, შემდეგ 80%-ით და შპს «ს. რ-ა» ანაზღაურების სახით ყოველთვიურად უხდიდა 174 ლარს.

2010 წლის აპრილში მოსარჩელემ გაიარა სამედიცინო ექსპერტიზა და დაუდგინდა შრომის უუნარობა 100%-ით, შესაბამისად, ასანაზღაურებელი თანხის ხელახალი გადაანგარიშების შედეგად სხვაობამ შეადგინა 43,60 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა 2010 წლის 1 აპრილიდან სარჩოს სახით გადაანგარიშებული თანხის _ ყოველთვიურად 217,60 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო და განმარტა, რომ მოსარჩელეს წარმოდგენილი არ აქვს მტკიცებულებები 1987 წელს მიღებული საწარმოო ტრავმის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის 100%-ით გაუარესების თაობაზე, ასევე არ დაუდასტურებია, რომ სარჩოს სხვაობა 43 ლარია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს «ს. რ-ას» მოსარჩელე ბ. გ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა გასული პერიოდის (2010 წლის 1 აპრილიდან) სარჩო, ერთჯერადად _ 348,8 ლარის ოდენობით, ხოლო ამ პერიოდიდან ყოველთვიური სარჩოს სახით _ 217,60 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 თებერვლის განჩინებით შპს «ს. რ-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ბ. გ-ძე მუშაობდა შპს «ს. რ-ის” ფილიალ «ს. რ-ის ... ფილიალის” რუსთავის სადგურში და 1987 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო საწარმოო ტრავმა.

მხარეთა შორის სადავო არაა, რომ 2010 წლის აპრილამდე ბ. გ-ძის შრომის უნარის დაკარგვის ხარისხი განისაზღვრებოდა 80%-ით. შპს «ს. რ-ა” მოსარჩელე ბ. გ-ძეს ჯანმრთელობის დაზიანებისათვის უხდის ყოველთვიურ სარჩოს 174 ლარის ოდენობით. ქ.რუსთავის სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, 2010 წლის 1 აპრილიდან ბ. გ-ძის პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი განისაზღვრა 100%-ით, უვადოდ. ცნობაში შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზად მითითებულია შრომითი დასახიჩრება.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი, რომ შრომის უნარის დაკარგვის ხარისხის გათვალისწინებით ზიანის ანაზღაურების სხვაობა თვეში შეადგენს 43,60 ლარს.

შპს «ს. რ-ის” ფილიალ «ს. რ-ის ... ფილიალის” ... დეპარტამენტის სადგურების საშტატო განრიგის თანახმად, მატარებლის შემდგენლის თანაშემწის ხელფასი შეადგენს 477 ლარს.

შპს „ს. რ-ა“ სადავოდ ხდის მხოლოდ მიზეზობრივი კავშირის არსებობას 1987 წელს მიღებულ საწარმოო ტრავმასა და 2010 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ბ. გ-ძის პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის 100%-ით განსაზღვრას შორის.

სს ქ.რუსთავის ¹2 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ¹125 თანახმად, ავადმყოფის კლინიკურ-შრომითი ანამნეზია: „მიიღო ტრავმა 1987 წელს, როცა ჩაუვარდა მატარებელს ვაგონის ბორბლებში“. ბ. გ-ძის ძირითადი დიაგნოზია მარცხენა ქვედა კიდურის ამპუტაცია, წვივის ქვედა მესამედის დონეზე. მარჯვენა ტერფის ამპუტაცია შოპარის სახსრის დონეზე ტერფის ფუნქციის მკვეთრი მოშლით. შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზია შრომითი დასახიჩრება. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი წარმოიშვა 1987 წელს. პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი განსაზღვრულია 100%-ით. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დადგენილია უვადოდ. მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასების შედეგად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბ. გ-ძის მიერ პროფესიული შრომისუნარიანობის 100%-ით დაკარგვა წარმოადგენს მოსარჩელის მიერ 1987 წელს მიღებული საწარმოო ტრავმის შედეგს.

შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკისრა მოპასუხეს სარჩოს სხვაობა (100%-სა და 80%-ს შორის) ერთიანად 2010 წლის აპრილიდან პერიოდზე და გაზრდილი სარჩო გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ პერიოდზე.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის .¹53 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოადგენს ზიანის მიყენების (დელიქტის) საფუძველზე წარმოშობილ ვალდებულებას, ვინაიდან ვალდებულება წარმოიშობა დაზარალებულის აბსოლუტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის შედეგად, ატარებს არასახელშეკრულებო ხასიათს და მიზნად ისახავს არაქონებრივი სიკეთისათვის (ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლისათვის) მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მეორე ნაწილით, 411-ე მუხლით და ჩათვალა, რომ 2010 წლის 1 აპრილიდან 80%-ის ნაცვლად ბ. გ-ძის მიერ პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი განისაზღვრება 100%-ით. ბ. გ-ძის პროფესიული შრომისუნარიანობის 100%-ით დაკარგვა წარმოადგენს 1987 წელს მიღებული საწარმოო ტრავმის შედეგს, ამდენად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა სარჩოს გადაანგარიშებისა (სხვაობის ანაზღურების) და გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ გაზრდილი ოდენობით დაკისრების თაობაზე. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს «ს. რ-ამ» გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: ბ.გ-ძემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ შრომის უნარის 100% მან 1987 წელს მიღებული საწარმოო ტრავმის შედეგად დაკარგა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 997-ე მუხლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინებით შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურების გადაანგარიშების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება ¹ას-169-497-09), რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მეორე ნაწილსა და 411-ე მუხლს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს «ს. რ-ას» უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2011 წლის 4 აპრილს გადახდილი 409,12 ლარის 70% _ 286,38 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს «ს. რ-ას» საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ შპს «ს. რ-ას» (საიდენტიფიკაციო კოდი ¹... ) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 286,38 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.