¹ას-585-553-2011 30 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვ. რ-შვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – დ. ნ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ დ. ნ-შვილი
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობების ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ნ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ნ-შვილის მიმართ და მოითხოვა ნოტარიუს მ. ჩ-შვილის მიერ 2006 წლის 31 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობისა და ნოტარიუს ე. ც-ძის მიერ 2008 წლის 28 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მამკვიდრებელ შ. ნ-შვილის პირველი რიგის მემკვიდრედ აღიარება და მისი სამკვიდრო ქონების 1/3 წილის მესაკუთრედ ცნობა შემდეგი საფუძვლებით:
სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს 2005 წლის 28 ნოემბერს გარდაიცვალა პაპა _ შ. ნ-შვილი. მამა ი. ნ-შვილი გარდაიცვალა 2000 წლის 25 დეკემბერს, შესაბამისად, იგი წარმოადგენს შ. ნ-შვილის მემკვიდრეს წარმომდგენლობის უფლებით. სამკვიდრო ქონების მასაში შედის ქ.თბილისში, ... ქ.¹103-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა ¹17.
მოსარჩელის განმარტებით, მან მემკვიდრეობა მიიღო ფაქტობრივი ფლობით, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად მოპასუხემ სამკვიდრო ქონება მთლიანად თავის სახელზე გაიფორმა საკუთრების უფლებით.
მოპასუხე დ. ნ-შვილმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე დ. ნ-შვილს სამკვიდროს მიღების ვადა გაშვებული აქვს უსაფუძვლოდ და მას სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით დ. ნ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ანალიზიდან გამომდინარე და იმის გათვალისიწნებით, რომ მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დამტკიცდებოდა მის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი, მიიჩნია, რომ დ. ნ-შვილს პაპის _ შაქრო ნათელაშვილის სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიღებული არ ჰქონდა, რის გამოც სარჩელი არ დააკმაყოფილა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ნ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. ნ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. ნ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, შეტანილ იქნა ცვლილება დ. ნ-შვილზე ნოტარიუს მ. ჩ-შვილის მიერ გაცემულ 31.05.2006წ. სანოტარო აქტში _ სამკვიდრო მოწმობაში (რეესტრში რეგისტრაციის @-) და ნოტარიუს ე. ც-ძის მიერ 28.10.2008წ. გაცემულ სანოტარო აქტში _ სამკვიდრო მოწმობაში (რეესტრში რეგისტრაციის @-) და დ. ნ-შვილი ცნობილ იქნა შ.ნ-შვილის მემკვიდრედ სამკვიდრო ქონების 1/3 ნაწილზე.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
შ. ნ-შვილი გარდაიცვალა 2005 წლის 28 ნოემბერს (ტ.I, ს.ფ. 12), შესაბამისად, ამავე დღიდან გაიხსნა სამკვიდრო.
ი. ნ-შვილი (შ. ნ-შვილის შვილი) გარდაიცვალა 2000 წლის 25 დეკემბერს (ტI, ს.ფ. 18);
შ. ნ-შვილის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ: მეუღლე თ. ნ-შვილი, რომელიც გარდაიცვალა 2008 წლის 07 ივლისს, შვილი დ. ნ-შვილი, შვილიშვილი დ. ნ-შვილი - მამის ი. ნ-შვილის სამკვიდროს წარმომადგენლობის უფლებით (ტ.I, ს.ფ. 15, 19). შ. ნ-შვილის სამკვიდრო ქონებას შეადგენს ქ.თბილისში, ... ქ.¹103/17-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა და მისი მიუღებელი პენსია (ტ.I,ს.ფ. 120-122, 27).
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივ გარემოება იმის შესახებ, რომ დი. ნ-შვილს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში ფაქტობრივი დაუფლებით არ მიუღია სამკვიდრო სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, მასზე, რომ დ. ნ-შვილი კანონით დადგენილ ვადაში არ დაუფლებია სამკვიდროს, ემყარებოდა მოწმეთა ჩვენებების არასწორად შეფასებას.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმეების: გ. მ-ძის, ლ. დ-ვას და მ. ბ-ლის ჩვენებებით, დგინდებოდა, რომ მოსარჩელე მამკვიდრებელ შ. ნ-შვილის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა სადავო ბინაში და ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო ქონებას. ამასთან, მოწმეების მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ დ. ნ-შვილის დედას – ე.Yყ-ულს თავის არასრულწოვან შვილთან ერთად მამკვიდრებელ შ. ნ-შვილის სახლში გამოყოფილი ჰქონდა ოთახი, დასტურდებოდა თბილისის საბურთალოს რაიონის სახალხო სასამართლოს 11.12.1985წ. გადაწყვეტილებით, რომლითაც ე. ყ-ულის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ე. ყ-ული შესახლებულ იქნა თავის არასრულწლოვან შვილთან ერთად ქ. თბილისში – ... ¹103/17-ში მდებარე შ. ნ-შვილის სახელზე რიცხულ ბინაში ფართზე და დამხმარე სათავსოებზე საერთო სარგებლობის უფლებით (ტ.I, ს.ფ.86,87). ასევე, საქმეში წარმოდგენილია დოკუმენტი აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ, კერძოდ ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სახალხო სასამართლოს აღმასრულებელ მ. ვ-შვილის აქტით დასტურდება, რომ 13.05.1987წ. ე. ყ-ული თავის მცირეწლოვან ბავშვთან ერთად შესახლდა მისამართზე, ქ. თბილისში – ... 103/17 ნომერში მდებარე შაქრო ივანეს ძე ნათელაშვილის სახელზე რიცხულ ბინაში ფართზე და დამხმარე სათავსოებზე საერთო სარგებლობის უფლებით (ტ.I, ს.ფ.88).
ამასთან, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, კერძოდ, 2006 წლის 21 მარტს დიანა ნათელაშვილმა მიმართა სასამართლოს შ. ნ-შვილის გარდაცვალების შესახებ იურიდიული ფაქტის დადგენის მოთხოვნით, იმ მიზნით, რომ აპირებდა ბაბუის დანაშთი ქონების მემკვიდრეობით მიღებას. (ტ.I, ს.ფ. 98).
ამდენად, მოწმეთა ჩვენებებისა და საქმის მასალების ერთობლიობაში, შინაგანი რწმენით შეფასების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ნ-შვილის გარდაცვალების დღიდან, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში დიანა ნათელაშვილმა გამოავლინა სამკვიდროს მიღების ნება _ დაეუფლა სამკვიდრო ქონების ნაწილს.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დ. ნ-შვილისა და ე. ყ-ლის საჩივარი სრს საბურთალოს სამსხურის მიერ 19.04.2004წ. განხორცილებულ ქ. თბილისი, .... ¹103/17 მისამართიდან რეგისტრაციის მოხსნის ბათილად ცნობის შესახებ, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოებით დადგენილ გარემოებებს მნიშვნელობა არა ჰქონდა მოცემული დავის გადასაწყვეტად, ვინაიდან იგი შეეხებოდა 19.04.2004 წლამდე, ანუ რეგისტრაციის გაუქმებამდე პერიოდში დიანა ნათელაშვილისა და ეკატერინე ყამარაულის ქ. თბილისი, ... ¹103/17-ში არ ცხოვრების ფაქტს და არა სამკვიდროს გახსნის შემდგომ 6 თვიან პერიოდს, რომელიც გადამწყვეტია ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღების საკითხის გადასაწყვეტად.
ზემოაღნიშნულიდან გამომიდნარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსკ-ის 1336-ე მუხლის დანაწესით, დიანა ნათელაშვილს დანარჩენ ორ მემკვიდრესთან ერთად გააჩნდა თანასწორი წილის უფლება შ. ნ-შვილის სამკვიდრო ქონებაზე, ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო და დ. ნ-შვილი ცნობილიყო შ. ნ-შვილის მემკვიდრედ სამკვიდრო ქონების 1/3 ნაწილზე. ამასთან, შესაბამისი ცვლილება უნდა განხორციელებულიყო ნოტარიუს მ. ჩ-შვილის მიერ 31.05.2006წ. სანოტარო აქტში _ სამკვიდრო მოწმობაში და ნოტარიუს ე. ც-ძის მიერ 28.10.2008წ. გაცემულ სანოტარო აქტში _ სამკვიდრო მოწმობაში.
სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1319-ე, 1336-ე და 1421-ე, 1424-ე, 1433-ე მუხლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ნ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებითY სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმეებად დაკითხული პირების: გ. მ-ძის, ლ. დ-ვას და მ. ბ-ულის ჩვენებები, რომ თითქოსდა მოსარჩელე მამკვიდრებელ შ. ნ-შვილის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა სადავო ბინაში და ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო ქონებას, სააპელაციო სასამართლომ შეაფასა მხოლოდ დ. ნ-შვილის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებული სხდომის ოქმების მიხედვით, აღნიშნული მოწმეები უტყუარად ვერ ადასტურებენ დ. ნ-შვილის ცხოვრების ფაქტს სადავო ბინაში, შ. ნ-შვილის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგ.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივ გარემოებას მასზე, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, კერძოდ, 2006 წლის 21 მარტს დ. ნ-შვილის მიმართვა სასამართლოსადმი შ. ნ-შვილის გარდაცვალების შესახებ იურიდიული ფაქტის დადგენის მოთხოვნით, იმ მიზნით, რომ აპირებდა ბაბუის დანაშთი ქონების მემკვიდრეობით მიღებას, გამოხატავდა მის სურვილს მიეღო სამკვიდრო, არაობიექტური შეფასება მისცა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი პირდაპირ მიუთითებს, რომ მემკვიდრემ სამკვიდროს მისაღებად უნდა მიმართოს ნოტარიუსს და არა სხვა ორგანოს, რაც დ. ნ-შვილს არ განუხორციელებია.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება მასზე, რომ თითქოს დ. ნ-შვილს ბებიის გარდაცვალების შემდეგ მოპასუხის მიერ შეეზღუდა მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართით სარგებლობა, ვინაიდან კასატორის აზრით, თუ ასეთ შეზღუდვას ჰქონდა ადგილი, მას უნდა მიემართა სათანადო ორგანოებისათვის და სათანადო დოკუმენტები წარედგინა სასამართლოსათვის;
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად გაიზიარა სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება მასზე, რომ საქმეში არსებული ადმინისტრაციული საჩივრის შესახებ გადაწყვეტილებებს არ ჰქონდა მნიშვნელობა აღნიშნული დავის გადაწყვეტისათვის, ვინაიდან ადმინისტრაციულ საჩივარზე არსებული მასალები წარმოადგენდნენ იმის საფუძველს, რომ სხვა მტკიცებულებებთან ერთად სააპელაციო სასამართლოს არ დაეკმაყოფილებინა სააპელაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აპრილის განჩინებით დ. პ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ნ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას დალი ნათელაშვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი დალი ნათელაშვილი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ნ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.