ას-586-551-2010 11 ნოემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მ. სულხანიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. ვ-ინა-ბ-ძე (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
წარმომადგენელი – მ. კ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – სს “... ბანკი” (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში), ი. ფ-ავა, თ. ფ-ავა (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, უძრავი ქონების იძულებით რეალიზაცია (სარჩელში), იპოთეკის ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 14 იანვარს სს “... ბანკმა” ბათუმის საქალაქო სასამართლოს ი. და თ. ფ-ავების მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა.
მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლის 15 ივლისს სს “... ბანკსა” და ი. ფ-ავას შორის საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა სამომხმარებლო სესხი 20 000 აშშ დოლარი, 24 თვის ვადით, წლიური 24%-ის დარიცხვით. სესხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დროულად დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს ბანკსა და ნ. ბ-ძეს შორის იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ძალითაც იპოთეკით დაიტვირთა ნ. ბ-ძის კუთვნილი, ქ. ბათუმში, ... 57-ში მდებარე ¹45 ბინა. ასევე 2005 წლის 15 ივლისს, სესხის დაფარვის უზრუნველსაყოფად, თ. ფ-ავასთან სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა. მოპასუხე ი. ფ-ავა სესხსა და სარგებელს დადგენილი გრაფიკის შესაბამისად არ აბრუნებდა, რის შედეგადაც დაუგროვდა დავალიანება - 54 533,56 აშშ დოლარი.
ყოველვე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ი. ფ-ავას, თენგის ფ-ავასა და ნ. ბ-ძისათვის 54 533,56 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება, ნ. ბ-ძის კუთვნილი, ქ. ბათუმში, ... 57-ში მდებარე ¹45 ბინის იძულებით რეალიზაცია.
მოპასუხე ი. ფ-ავამ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ სესხის ნაწილი უკვე დააბრუნა, ხელშეკრულების დადებისას ჯარიმასთან დაკავშირებით არ შეთანხმებულან, ამდენად, გადასახდელი დარჩა მხოლოდ ძირითადი თანხის ნაწილი - 5000 აშშ დოლარი, შესაბამისი სარგებლით.
2008 წლის 30 აპრილს ნ. ვ-ინა-ბ-ძემ შეგებებული სარჩელი აღძრა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა. მისი მტკიცებით, იპოთეკის ხელშეკრულება მოტყუებით დაიდო. იგი ეროვნებით რუსია, განათლება რუსულ ენაზე აქვს მიღებული და არ ფლობს ქართულს. მისთვის არავის განუმარტავს იპოთეკის ხელშეკრულების არსი, იგი ენდო ი. ფ-ავას, რომელმაც ნოტარიუსთან მოწმის სახით გაყოლა სთხოვა. ნტარიუსთან ხელშეკრულების ტექსტი არ ეთარგმნა. ვინაიდან ქართული წერა-კითხვა არ იცოდა, იგი წინასწარ ავარჯიშეს ასოებს მოხაზვაში და ისე მოაწერინეს ხელი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს “... ბანკის” სარჩელი დაკმაყოფილდა, ი. ფ-ავას, თენგის ფ-ავას და ნ. ვ-ინა-ბ-ძეს სოლიდარულად დაეკისრათ 53 538,44 აშშ დოლარის გადახდა, ასევე სასამართლო ხარჯების - 1014 ლარის ანაზღაურება; ნ. ვ-ნა-ბ-ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თანხის დაბურნების მიზნით, დადგინდა ქ. ბათუმში, ... ¹57-ში მდებარე ¹45 ბინის აუქციონზე რეალიზაცია.
აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ვ-ინა-ბ-ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ვ-ინა-ბ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სს “... ბანკს” უარი ეთქვა ნ.-ვ-ინა ბ-ძის სოლიდარულ მოვალედ ცნობაზე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. 2005 წლის 15 ივლისს სს “... ბანკსა” და ი. ფ-ავას შორის საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სამომხმარებლო სესხი 20 000 აშშ დოლარი, 24 თვის ვადით, წლიური 24%-ის დარიცხვით;
2. სესხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დროულად დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს ბანკსა და ნ. ბ-ძეს შორის იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ძალითაც იპოთეკით დაიტვირთა ნ. ბ-ძის კუთვნილი, ქ. ბათუმში, ... 57-ში მდებარე ¹45 ბინა;
3. იპოთეკა საჯარო რეესტრში სათანადო წესით დარეგისტრირდა;
4. იმავე 2005 წლის 15 ივლისს, იგივე სესხის დაფარვის უზრუნველსაყოფად თ. ფ-ავასთან სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ძალითაც თ. ფ-ავამ კრედიტორის წინაშე სესხის თანხის, სასამართლო ხარჯების, ვადის გადაცილებით მიყენებული ზიანისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება იკისრა;
5. იპოთეკის ხელშეკრულების მხარეები სს “... ბანკი” და ნ. ვ-ინა-ბ-ძე არიან. ხელშეკრულებას შეგებებული სარჩელის ავტორი ხელს ქართულად აწერს;
6. ნ. ბ-ძეს საუბარი შეეძლო როგორც რუსულად, ისე ქართულად;
7. იპოთეკის ხელშეკრულება 2005 წლის 15 ივლისს დაიდო, ხოლო ნ. ბ-ძემ იგი საცილოდ სარჩელის აღძვრის შემდეგ გახადა;
8. შეტყობინებებზე, რომლებიც ნ. ბ-ძეს ბარდებოდა, იგი ხელს ქართულად აწერდა;
9. საქმეში წარმოდგენილ საფოსტო გზავნილზე ნ. ბ-ძე ხელს ქართულად აწერს.
10. ნ. ბ-ძე სს “... ბანკის” სოლიდარული მოვალე არ არის.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ნ. ვ-ინა-ბ-ძის მტკიცება ქართული ენის არცოდნის შესახებ, ასევე განმარტა, რომ იპოთეკის ხელშეკრულება 2005 წლის 15 ივლისს დაიდო, ხოლო ბ-ძემ იგი საცილოდ 1-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ გახადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ვ-ინა-ბ-ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა საჩივრის დასასაბუთებლად შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრვი წანამძღვრებზე მიუთითა:
1. სასამართლომ დაადგინა, რომ ნ. ვ-ინა-ბ-ძეს საუბარი შეეძლო ქართულადაც და რუსულადაც, აღნიშნული კი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ან მოწმეთა ჩვენებებიდან არ გამომდინარეობს;
2. სადავო ხელშეკრულების დადებისას სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესი დაირღვა. მისი გაფორმებისას თარჯიმანი არ მონაწილეობდა და ხელშეკრულების ტექსტი რუსულად არც ნოტარიუსს უთარგმნია;
3. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ი. ფ-ავამ მისი ნდობით ბოროტად ისარგებლა და ხელშეკრულებაზე ხელი მოტყუებით მოაწერინა;
4. სასამართლომ 1-წლიანი ხანდაზმულობის ვადა ხელშეკრულების დადების მომენტიდან აითვალა, მაშინ როდესაც მოტყუების შესახებ ცნობილი 2008 წლის იანვარში გახდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა, განიხილა საკასაციო საჩივარი და მიიჩნია, რომ ნ. ვ-ინა-ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. 2005 წლის 15 ივლისს სს “... ბანკსა” და ი. ფ-ავას შორის საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სამომხმარებლო სესხი 20 000 აშშ დოლარი, 24 თვის ვადით, წლიური 24%-ის დარიცხვით;
2. სესხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დროულად დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს ბანკსა და ნ. ბ-ძეს შორის იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ძალითაც იპოთეკით დაიტვირთა ნ. ბ-ძის კუთვნილი, ქ. ბათუმში, ... 57-ში მდებარე ¹45 ბინა;
3. იპოთეკა საჯარო რეესტრში სათანადო წესით დარეგისტრირდა;
4. იმავე 2005 წლის 15 ივლისს, იგივე სესხის დაფარვის უზრუნველსაყოფად თ. ფ-ავასთან სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ძალითაც თ. ფ-ავამ კრედიტორის წინაშე სესხის თანხის, სასამართლო ხარჯების, ვადის გადაცილებით მიყენებული ზიანისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება იკისრა;
5. იპოთეკის ხელშეკრულების მხარეები სს “... ბანკი” და ნ. ვ-ინა-ბ-ძე არიან. ხელშეკრულებას შეგებებული სარჩელის ავტორი ხელს ქართულად აწერს;
6. ნ. ბ-ძეს საუბარი შეეძლო როგორც რუსულად, ისე ქართულად;
7. იპოთეკის ხელშეკრულება 2005 წლის 15 ივლისს დაიდო, ხოლო ნ. ბ-ძემ იგი საცილოდ სარჩელის აღძვრის შემდეგ გახადა;
8. შეტყობინებებზე, რომლებიც ნ. ბ-ძეს ბარდებოდა, იგი ხელს ქართულად აწერდა;
9. საქმეში წარმოდგენილ საფოსტო გზავნილზე ნ. ბ-ძე ხელს ქართულად აწერს.
10. ნ. ბ-ძე სს “... ბანკის” სოლიდარული მოვალე არ არის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია წარმოადგენს მხარის მითითებას პროცესუალურ-სამართლებრივ დარღვევებზე, რომლებმაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენა განაპირობეს. კასატორს ამგვარი პრეტენზია არ წარმოუდგენია, შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო პალატისათვის.
განსახილველ შემთხვევაში შეგებებული სარჩელის ავტორი იპოთეკის ხელშეკურლების ბათილად ცნობას ორი სამართლებრივი საფუძვლით ითხოვდა: როგორც მოტყუებით დადებული გარიგების და როგორც გარიგების, რომელიც კანონის სავალდებულო მოთხოვნათა დარღვევით გაფორმდა. მხარის მითითებით, მან არ იცოდა ქართული ენა, გარიგების დადებას არ ესწრებოდა თარჯიმანი, ხელშეკრულების ტექსტი მისთვის არავის უთარგმნია, ამასთან ეგონა, რომ ხელს როგორც მოწმე ისე აწერდა.
სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაცვით დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისათვის საჭიროა ნებართვა.
“სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სანოტარო აქტი (საჯარო აქტი) უნდა შედგეს სახელმწიფო ენაზე. ამასთანავე, სანოტარო მოქმედების მონაწილის (მონაწილეების) მიერ სახელმწიფო ენის ან მისი დამწერლობის არცოდნისას, ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს თარჯიმნის მონაწილეობით. ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა სანოტარო აქტი შედგეს კლიენტისათვის გასაგებ ენაზეც. თარჯიმნის მონაცემები შეიტანება სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის რეესტრში და სანოტარო აქტში. თუ ნოტარიუსმა იცის შესაბამისი ენა, დოკუმენტს თარგმნის თვითონ და ამის შესახებ მიუთითებს აქტში, თუკი ამის წინააღმდეგი არ არის სანოტარო მოქმედების მონაწილე.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ თუ ნ. ბ-ძემ სანოტარო მოქმედების შესრულების ენა არ იცოდა, მას აღნიშნულის თაობაზე უნდა განეცხადებინა გარიგების დადების მომენტში, რაც არ გაუკეთებია.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ ნ. ბ-ძის მიერ ქართული ენის ცოდნის ფაქტი მტკიცებულებათა გამოკვლევის გარეშე დაადგინა. როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია ყველა მტკიცებულება, მაგრამ მიიჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებები გაზიარებული ვერ იქნებოდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმით დამკვიდრებული მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო, მტკიცებულებების გამოკვლევისა შემდეგ, თავად წყვეტს რომელი მათგანი უნდა მიიჩნიოს სარწმუნოდ და გაიზიაროს.
რაც შეეხება შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ მითითებულ გარიგების ბათილობის მეორე სამართლებრივ საფუძველს (მოტყუებით დადებული გარიგება) საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას, რომ მხარის მიერ მითითებული გარემოებები მოტყუებად ვერ ჩაითვლებოდა. ნ. ბ-ძე მიუთითებდა, რომ არ იცოდა, რა ხელშეკურლებაზე აწერდა ხელს, აღნიშნული კი მოტყუებად ვერ ჩაითვლება, რადგანაც დოკუმენტის ხელმოწერა ადასტურებს მისი შინაარსის ცოდნას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში, ნ. ბ-ძეს ი. ფ-ავას მხრიდან მოტყუების ფაქტის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ნ. ბ-ძემ იპოთეკის ხელშეკრულება საცილოდ 1-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ გახადა, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო კოდექსის 84-ე მუხლი ადგენს სპეციალურ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადას მოტყუებით დადებული გარიგებებისათვის, რომელიც ერთ წელს შეადგენს. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა, ამასთან, ხანდაზმულობის ვადის გასვლა კი არ აქარწყლებს მოთხოვნას, არამედ მას მოთხოვნას განუხორციელებლად აქცევს. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, სასამართლოს ხანდაზმულობის საკიტხის გამოკველევა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას სადავოდ მხარე ხდის. გარდა ამისა, სასარჩელო ხანდაზმულობის შედეგი პროცესუალური ხასიათის უფროა, ვიდრე მატერიალური, რადგან ხანდაზმულობა არის სარჩელისაგან თავის დაცვის ერთ-ერთი ფორმა და თავისთავად მოთხოვნის გაქარწყლებას არ იწვევს. სასარჩელო ხანდაზმულობის შესახებ კანონმდებლობა ადგენს საშუალებას და არა უფლებას, ამასთან ხანდაზმულობას არ აქვს ეფექტი, მხარის მითითების გარეშე. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ხანდაზმულობა განიხილება, როგორც საქმის ფქტობრივი გარემოება. მხარე კი, საპროცესო კანონმდებლობით შეზღუდულია მიუთითოს ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების შესახებ ზემდგომ ინსტანციებში, ამდენად მიჩნეულია, რომ ხანდაზმულობის საკითხის დაყენება შესაძლებელია მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში. მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ მითითება პირველად სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციაში ისევე დაუშვებელია, როგორც ახალ ფაქტებსა და გარემოებებზე მითითება.
განსახილველ შემთხვევაში ნ. ბ-ძის მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი სს “... ბანკის” წარმომადგენელმა დ. კ-ძემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებისას დააყენა. პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში იგი ამ გარემოებაზე არ უთითებდა, რაც შეეხება სასამართლოს მთავარ სხდომას, გაუგებარია, ჰქონდა თუ არა მას ამგვარი პოზიცია, რადგანაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 ნოემბრის სხდომის ოქმი, მოსარჩელის ახსნა-განმარტებას ფაქტიურად არ ასახავს.
ამ გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ნ. ბ-ძის სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე ემსჯელა, მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მიუხედავად იმისა, ცაითველობდა თუ არა შეგებებული სარჩელი ხანდაზმულად, მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი მაინც არ არსებობდა, შესაბამისად, ზემოაღნიშნულ დარღვევას საქმის განხილვის შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის “ა” და “Gგ” ქვეპუნქტების მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითიტებულ დარღვევას არ აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებიტად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შეგებებული სარჩელის ხანდაზმულად არასწორად მიჩნევის მიუხედავად, არსებითად სწორია, ხოლო კასატორის მიერ მითითებულ კანონის დანარჩენ დარღვევბს ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, ნ. ვ-ინა-ბ-ძის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ვ-ინა-ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.