¹ას-586-554-2011 20 ივნისი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები _ მ. ა-იანი, მ. დ-ძე, თ. ლ-ძე, ნ. ჭ-ძე, გ. თ-ძე, თ. ა-ძე (წარმომადგენელი მ. ს-ძე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ჯ.ც-ი’’
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ დოკუმენტაციის გადაცემის დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ა-იანის, მ. დ-ძის, ლ. ლ-ძის, თ. ლ-ძის, ნ. ჭ-ძის, გ. თ-ძის და თ. ა-ძის სარჩელი მოპასუხე შპს “ჯ.ც-ს’’ მიმართ, რომლითაც მათ მოითხოვეს სალაროს გასავლის ორდერისა და მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ღირებულების დამდგენი დოკუმენტის გადაცემა, არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეთა შორის დავას არ იწვევს და ამასთან, საქმეში წარდგენილი ამონაწერით სამეწარმეო რეესტრიდან დადასტურებულია ის გარემოებები, რომ უკლებლივ ყველა მოსარჩელე წარმოადგენს შპს “ჯ.ც-ს’’ დამფუძნებელს (პარტნიორს);
მხარეთა შორის დავას არ იწვევს და ამასთან, საქმეში წარდგენილი ხელწერილების ასლებით დადასტურებულია ის გარემოებები, რომ მოსარჩელეებს მათი განცხადებების შესაბამისად ორჯერ გადაეცათ შპს “ჯ.ც-თან’’ დაკავშირებული დოკუმენტაცია, აღნიშნული პირველად განხორციელდა 2010 წლის 1 და 2 მარტს, ხოლო მეორედ მოსარჩელეებისათვის დოკუმენტების გადაცემა განხორციელდა 2010 წლის 10 მარტს;
მხარეთა შორის დავას არ იწვევს, ამასთან, საქმეში წარდგენილი განცხადების და მოპასუხე საზოგადოების დირექტორის წერილობითი პასუხის ასლებით დადასტურებულია ის გარემოებები, რომ მოსარჩელეებმა კვლავ (2010 წლის მაისის თვეში) მიმართეს შპს “ჯ.ც-ს’’ დირექტორს და ითხოვეს შვიდ პუნქტად ჩამოთვლილი დოკუმენტებისა და ინფორმაციის მიწოდება, თუმცა ამჯერად მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივებით, რომ მოთხოვნილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია მოსარჩელეებს არაერთხელ გადაეცათ;
მოცემული დავის წარმოების პროცესში მოსარჩელე მხარემ არაერთხელ დააზუსტა მისი სასარჩელო მოთხოვნები, ნაწილი მოთხოვნების ბუნდოვანი შინაარსის დაკონკრეტების მიზნით მოსარჩელე მხარეს განესაზღვრა ვადაც, თუმცა ის უშედეგოდ იქნა გაშვებული და შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნებიდან ნაწილი განუხილველად იქნა დატოვებული. ამასთან, დავის წარმოების პროცესში მოპასუხე მხარემ წარადგინა მთელი რიგი დოკუმენტებისა და სასარჩელო მოთხოვნათა უმრავლესობის მიმართ შეწყდა საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო. საბოლოოდ, მოსარჩელეთა მოთხოვნებად დარჩა მათთვის სალაროს გასავლის ორდერებისა და მოპასუხე შპს “ჯ.ც-ს’’ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ღირებულების დამდგენი დოკუმეტის გადაცემა.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა 2010 წლის 22 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ შპს “ჯ.ც-ს’’ გასავლის ორდერები და მიწის ნაკვეთის ღირებულების დამდგენი დოკუმენტი არ ჰქონდა. ამგვარი განმარტების საწინააღმდეგო მტკიცების შესაძლებლობა მოსარჩელე მხარეს არ გააჩნდა და ამდენად, იგი გათავისუფლებული იყო სადავო დოკუმენტთა არსებობის მტკიცების ტვირთისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დაეყრდნო რა მოპასუხე მხარის განმარტებას, დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს “ჯ.ც-ს’’ გასავლის ორდერები და მიწის ნაკვეთის ღირებულების დამდგენი დოკუმენტი არ ჰქონდა.
საქალაქო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტით, ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტით.
სასამართლომ განმარტა, რომ “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს პარტნიორთა უფლებების იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელთა შეზღუდვაც დაუშვებელია პარტნიორთა შეთანხმების შემთხვევაშიც კი. ასეთი სტანდარტის ფარგლებში მოიაზრება პარტნიორის უფლება მიიღოს წლიური ანგარიშის ასლი და საზოგადოების ყველა პუბლიკაცია. აღნიშნულის გარდა, პარტნიორი უფლებამოსილია შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე (“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი). პარტნიორის ამ უფლებათა განხორციელების მიზნით კანონი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში მისი დირექტორის ვალდებულებად მიიჩნევს პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებელ მიწოდებას. კანონი საზოგადოების დირექტორებს ავალდებულებს ხელი შეუწყონ საზოგადოების პარტნიორებს დაუბრკოლებლად გაეცნონ საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს (“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტი).
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ყოველივე ზემოაღნიშნული იმაზე მეტყველებდა, რომ მოსარჩელეებს უფლება ჰქონდათ მოეთხოვათ შპს “ჯ.ც-საგან’’ მის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების გაცნობა-გადაცემა, თუმცა ვერავის ვერ მოეთხოვებოდა არარსებული დოკუმენტის გადაცემა. სადავო დოკუმენტების არარსებობა შესაძლებელია განპირობებული ყოფილიყო კანონიერი საფუძვლით ან სულაც კანონით გათვალისწინებული ვალდებულება ყოფილიყო მათი ქონა. ამ საკითხის გარკვევა არ წარმოადგენდა მოცემული დავის საგანს და შესაბამისად, მასთან მიმართებით სასამართლომ აღარ იმსჯელა.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო დოკუმენტების არარსებობის გამო არ უნდა დაკმაყოფილებულიყო სარჩელი მათი მოსარჩელეთათვის გადაცემის თაობაზე (ტომი II, ს.ფ. 196-199).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ა-იანმა, მ. დ-ძემ, ლ. ლ-ძემ, თ. ლ-ძემ, ნ. ჭ-ძემ, გ. თ-ძემ და თ. ა-ძემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (ტომი II, ს.ფ. 205-216, ტომი III, ს.ფ. 24-35).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 თებერვლის განჩინებით მ. ა-იანის, მ. დ-ძის, ლ. ლ-ძის, თ. ლ-ძის, ნ. ჭ-ძის, გ. თ-ძისა და თ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 თებერვლის საოქმო განჩინებით მ. ა-იანის, მ. დ-ძის, ლ. ლ-ძის, თ. ლ-ძის, ნ. ჭ-ძის, გ. თ-ძისა და თ. ა-ძის სარჩელზე სალაროს გასავლის ორდერების გადაცემის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება ამ ნაწილში სარჩელზე უარის თქმის გამო. აღნიშნული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების პოზიცია, რომ მათ მოთხოვნას წარმოადგენდა მოწინააღმდეგე მხარის კუთვნილი მთლიანი უძრავი ქონების ღირებულების დამდგენი დოკუმენტის გადაცემა, რამდენადაც თავდაპირველად მოსარჩელე ითხოვდა ინფორმაციას, თუ რა ღირებულების იყო მიწის ნაკვეთი და რა ღირებულების დაუმთავრებელი მშენებლობა, ხოლო 2010 წლის 22 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა მიწის ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტი.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით. “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე აპელანტთა უფლებას წარმოადგენდა, მოეთხოვათ შპს “ჯ.ც-საგან’’ მის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების გაცნობა და გადაცემა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტები მოწინააღმდეგე მხარისაგან ითხოვდნენ ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ღირებულების დამდგენი დოკუმენტის გადაცემას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოება, რომელსაც მხარე ამყარებს თავის სარჩელსა თუ შესაგებელს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეთა (აპელანტების) მტკიცების ტვირთს შეადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მათ მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები ნამდვილად არ არსებობდა და იმყოფებოდა მოპასუხესთან. კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტებმა ვერ დაამტკიცეს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს გააჩნდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ღირებულების დამდგენი დოკუმენტი. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს “ჯ.ც-ს’’ ფიზიკურად არ გააჩნდა თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ღირებულების დამდგენი დოკუმენტი, ბუნებრივია არარსებული დოკუმენტის გადაცემა მას ვერ დაევალებოდა. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას სააპელაციო სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, 102-ე მუხლით, 105-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მტკიცება, რომ სასამართლოს უნდა გაერკვია მიზეზი, თუ რატომ არ გააჩნდა შპს “ჯ.ც-ს’’ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ღირებულების დამდგენი დოკუმენტი გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საკითხის კვლევა სცილდებოდა დავის საგანს. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, საწარმოს არ გააჩნია თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ღირებულების განსაზღვრის ვალდებულება (ტომი III, ს.ფ. 87-95).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ა-იანმა, მ. დ-ძემ, ლ. ლ-ძემ, თ. ლ-ძემ, ნ. ჭ-ძემ, გ. თ-ძემ, თ. ა-ძემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები შემდეგში მდგომარეობს:
სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ძირითადად იმას ემყარება, რომ თითქოსდა მოსარჩელეების ვალდებულებას წარმოადგენდა იმის დასაბუთება, რომ მათ მიერ მოპასუხისაგან მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მოპასუხეს ნამდვილად არ გააჩნია. ამ დასკვნის გაკეთებისას სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა იმ გარემოებით, რომ მისი შეფასებით, მოსარჩელეები მოითხოვდნენ რომელიღაც კონკრეტულ დოკუმენტს და არა ზოგადად ინფორმაციას თუ საბუღალტრო დოკუმენტაციას, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება;
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი. კასატორები მიიჩნევენ, რომ როდესაც საზოგადოების პარტნიორი მოითხოვს საზოგადოებისაგან ინფორმაციას და დოკუმენტაციას, რომლის მიღების უფლებამოსილება მას ცალსახად გააჩნია, იგი არ არის ვალდებული კონკრეტულად დაასახელოს ასეთი დოკუმენტაციის ჩამონათვალი. პარტნიორისათვის შესაძლოა არც იყოს ცნობილი დოკუმენტების კონკრეტული შემადგენლობა, თუმცა მიუხედავად ამისა, მას მათი მიღების უფლება მაინც გააჩნია. აღნიშნული უფლება მოითხოვს დაცვას. თუკი დავუშვებთ, რომ პარტნიორს შესაძლებელია არ ჰქონდეს შესაძლებლობა იცოდეს დოკუმენტაციის შემადგენლობა ზუსტად და ამის მიუხედავად მას გააჩნია უფლება მიიღოს საზოგადოების საქმიანობისა და ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სრული დოკუმენტაცია, ეს ნიშნავს, რომ ამ ინფორმაციის ქონის მიუხედავად პარტნიორის ეს უფლება ექვემდებარება დაცვას;
კასატორთა მოსაზრებით, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო გულისხმობდა ვითარებას, როდესაც დოკუმენტაცია მოპასუხეს არ გააჩნია, აღნიშნული მოითხოვდა გამოკვლევას და ფაქტიც უნდა მიჩნეულიყო ცალსახად დადგენილად. მოცემული დავის შედეგად საბუღალტრო დოკუმენტაციის შემადგენლობა ეჭვს აღარ უნდა იწვევდეს. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით პასუხი ამ შეკითხვაზე არ გაუცია. თუკი საზოგადოება აწარმოებს საბუღალტრო საქმეს, ცხადია ის იხდის ქონების გადასახადს. ქონების გადასახადის ოდენობის ანგარიშისას საზოგადოება აუცილებლად იხელმძღვანელებდა გარკვეული ინფორმაციით ქონების ღირებულების შესახებ. ეს ინფორმაცია იყო საინტერესო მოსარჩელეებისათვის, რისი მიღების უფლების არსებობა ეჭვს არ იწვევს (ტომი III, ს.ფ. 98-106).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 აპრილის განჩინებით მ. ა-იანის, მ. დ-ძის, თ. ლ-ძის, ნ. ჭ-ძის, გ. თ-ძის, თ. ა-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ამავე სასამართლოს 2011 წლის 3 ივნისის განჩინებით ლ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-იანის, მ. დ-ძის, თ. ლ-ძის, ნ. ჭ-ძის, გ. თ-ძის და თ. ა-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ნ. ჭ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ა-იანის, მ. დ-ძის, თ. ლ-ძის, ნ. ჭ-ძის, გ. თ-ძის და თ. ა-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. კასატორებს: მ. ა-იანს, მ. დ-ძეს, თ. ლ-ძეს, ნ. ჭ-ძეს, გ. თ-ძეს, თ. ა-ძეს დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ნ. ჭ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.